პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო – ვადები და პროცედურა

დღეიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 22 მაისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
როგორც სამინისტრო განმარტავს, 2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.
“აღსანიშნავია, რომ ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა, უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას, პროფესიულ განათლებაში. ამასთან, ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2023 წელს, გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც, საბაზო განათლების მქონე პირებს, საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნავს, რომ რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში.
2023 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე – vet.emis.ge
ასევე იხილეთ:
-
„2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 13 000-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა“ by პროფესიული განათლების ამბები
-
რეგისტრაციისთვის 3 დღე გაქვთ – ვის შეუძლია დარჩენილ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია by პროფესიული განათლების ამბები
-
შრომის გაკვეთილები დაწყებითი კლასებიდანვე და სწორი პროფორიენტაცია – რა კითხვებითა და იდეებით მიმართა განათლების მინისტრს საჯარო სკოლის დირექტორმა by ARIS.GE-განათლება