„ახალგაზრდები გრძელ გზას რომ გაივლიან და წარმატებას ვერ მიაღწევენ, მერე მოდიან ჩვენთან, პირიქით დაიწყონ ეს გზა“
„პროფესიულშიც იზრდება სტუდენტთა რაოდენობა, შედარებით ნელა, მაგრამ იზრდება. ასევე, სკოლიდან პირდაპირ გადმოსვლაც, თუმცა ჯერ კიდევ მძლავრობს ის სტერეოტიპი, რომელიც მოსახლეობისთვის უმაღლესი განათლების პრიორიტეტულობას უკავშირდება, ეს [თქვენი კითხვის შინაარსი] ამაზე მიუთითებს ცალსახად“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა, კითხვაზე პასუხად, თუ რით შეიძლება აიხსნას 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულთა უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი, რომელთაც უმაღლესი განათლების მიღება სურთ და არა პროფესიულის.
პროფესიულ განათლებაში პირდაპირი გადასვლის მაჩვენებლებით, როგორც პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ მომზადებული ანგარიშიდან ირკვევა, პროფესიულ განათლებაში პირდაპირ საბაზო საფეხურიდან მოსწავლეების მხოლოდ 2% მიდის, საშუალო განათლების შემდეგ კი (სკოლის დამთავრება) 6%, რაც თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, ყველაზე კრიტიკული და საყურადღებო მონაცემია.
პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კვირეულზე, რომელიც აპრილის ბოლოს გაიმართა და ერთ-ერთი დღის სასაუბრო თემა „პროფესიული განათლება სკოლებში“ გახლდათ, თამარ ქიტიაშვილს ასევე ვკითხეთ, რა კონკრეტულ ღონისძიებებს ახორციელებს სააგენტო სკოლებში იმისთვის, რომ მოსწავლე სასკოლო ასაკიდანვე იყოს ინფორმირებული პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ.
„სააგენტო ახორციელებს პროგრამას სკოლის მოსწავლეებისათვის. კოლეჯებისა და საჯარო სკოლების თანამშრომლობით, სკოლების ბაზაზე იქმნება ლაბორატორიები და სახელოსნოები, სადაც მოკლევადიანი პროფესიული სწავლება მიმდინარეობს. არის ორთვიანი საორიენტაციო კურსები და ასევე, სასერტიფიკატო კურსებიც. მე-8, მე-9 კლასისთვის უფრო საორიენტაციო, ხოლო მეცხრე კლასის ზემოთ, სასერტიფიკატო კურსები გვაქვს. ეს არის დაახლოებით 500 სკოლაში ხელმისაწვდომი სერვისი, მაგრამ ყოველწლიურად ვზრდით სკოლების რაოდენობას“, – აგვიხსნა პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.
პროფესიული უნარების სააგენტოდან EDU.ARIS.GE-ს 8 მაისს სტატისტიკური ინფორმაციაც მიაწოდეს, რომლის თანახმად, 2022 წელს, სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეებს მიეწოდებოდათ საორიენტაციო სერვისი, რომელშიც 6 855 მოსწავლე იყო ჩართული და აღნიშნული სერვისის მიწოდების განახლება 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. რაც შეეხება სასერტიფიკატო კურსის სერვისს, უწყებაში განგვიმარტეს, რომ ეს სერვისი მოსწავლეებს 2023 წლიდან მიეწოდებათ და მასში მონაწილეობა უკვე 856-მა მოსწავლემ მიიღო.
„ამ კურსების ფარგლებში, მონაწილეობას იღებენ X, XI და XII კლასის მოსწავლეები. სასერტიფიკატო და საორიენტაციო კურსებს კი ხელმძღვანელობს პროფესიული მასწავლებელი. დამატებით, საორიენტაციო კურსზე პროფესიულ მასწავლებელს ასისტირებას უწევს საგნის რელევანტური მასწავლებელი“, – განგვიცხადეს პროფესიული უნარების სააგენტოში.
ჩვენს კითხვას, რატომ ირჩევს მოსწავლე უნივერსიტეტს და არა პროფესიულ სასწავლებელს, იმის გამო ხომ არა, რომ ის კარგად ვერ ხედავს პროფესიის არსსა და მნიშვნელობას, თამარ ქიტიაშვილმა ასე უპასუხა: „ჩვენს ქვეყანაში კარიერის მართვის სერვისები არის ძალიან სუსტი და მეტი განვითარება სჭირდება. ამ მიმართულებითაც ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. ახალგაზრდები სკოლიდან პირდაპირ ჩვენთან [პროფესიულ განათლებაში] არ მოდიან, მიდიან ჯერ უმაღლესში ან შრომის ბაზარზე და გრძელ გზას რომ გაივლიან და წარმატებას ვერ მიაღწევენ, მერე მოდიან ჩვენთან. ჩვენი გზავნილიც სწორედ ეს არის, პირიქით დაიწყოს ეს გზა, დაიწყოს ჯერ აქედან და მერე წავიდეს იქ. ამას არაფერი უდგას წინ. ეს სჯობს. ვიდრე ბევრი დროის დაკარგვა და მერე უკან მობრუნება მას შემდეგ, რაც აღმოაჩენენ, რომ გარკვეული კომპეტენციებით ვერ აღწევენ წარმატებას“.
EDU.ARIS.GE – მ თამარ ქიტიაშვილს სთხოვა, გაეზიარებინა თუ რა არის სააგენტოს და პირადად მისი, როგორც მშობლის გზავნილი იმ მშობლებისთვის, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ პროფესიულ განათლებას და უპირატესად თვლიან, რომ მათ შვილს უნივერსიტეტის დიპლომი ჰქონდეს. პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის თქმით, არც ერთ ახალგაზრდას არავინ უზღუდავს უნივერსიტეტის დამთავრებას და თქვა, რომ პირადად ის საკუთარ წარმატებას პროფესიულ განათლებას უმადლის. თამარ ქიტიაშვილის რჩევა ასეთია:
„დაიწყონ თავისი კარიერა პროფესიული განათლებით და მერე გააგრძელონ სადაც მოუნდებათ. ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით მშობლების მისამართით ასეთ გზავნილებს, რომ პროფესიული განათლება სჯობია უმაღლეს განათლებას, ან პროფესიული განათლება უმაღლესი განათლების ალტერნატივაა. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ სჯობს დაიწყოს კარიერა და სწავლა პროფესიული განათლებით და მერე ყოველთვის შეუძლია, უმაღლეს განათლებაში განაგრძოს“.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები