GE

„განათლების სამინისტროს მიერ ყოველწლიურად გაწეული 2,492,000 ლარის ხარჯი არაეფექტიანია“ – აუდიტის ანგარიში

პროფესიული განათლების სისტემის აუდიტის ანგარიშში, რომელიც 2018-2020 წლების პერიოდს მოიცავს, ვკითხულობთ, რომ 2013 წლის შემდეგ პროფესიული განათლების პროგრამების თავსებადობის ნაკლოვანებები შრომის ბაზრის მოთხოვნებთან კვლავ პრობლემად რჩება – სპეციალობით მხოლოდ კურსდამთავრებულთა მესამედი ახერხებს მუშაობას, საგანმანათლებლო პროგრამები კი შრომის ბაზართან შეუსაბამოა.

„გამოწვევად რჩება პროფესიული განათლების მქონე პირების დასაქმების პრობლემა. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სპეციალობით მუშაობს მხოლოდ 35%. გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიღებული განათლებით დასაქმებული არ არის, რაც, სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, გამოწვეულია სასწავლო პროგრამების შრომის ბაზართან შესაბამისობის ნაკლოვანებებით“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მთავარი მიზეზი, რის გამოც შრომის ბაზრის მოთხოვნილება აცდენილია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან, არის ის, რომ კოლეჯები შრომის ბაზრის საჭიროებებთან დაკავშირებით საქართველოში განხორციელებულ სხვადასხვა კვლევას ეყრდნობიან, რომლებიც ზოგადია. მათში წარმოდგენილი არ არის დეტალური მოთხოვნები და საჭიროებები რეგიონების მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ კვლევების ხელმისაწვდომობა სამინისტროს სტრატეგიით გათვალისწინებული საკითხია.

„კოლეჯების წარმომადგენლები ინტერვიუებში ადასტურებენ, რომ კვლევები, სხვადასხვა პროფესიაზე მოთხოვნების შესახებ, რეგიონების მიხედვით ხელმისაწვდომი არ არის. კოლეჯების წარმომადგენლების განცხადებით, ზოგჯერ მათ უწევთ ადგილზე გამოკითხვის ჩატარება, თუმცა აქვე ადასტურებენ, რომ აღნიშნულით ვერ იქნება მიღწეული მაღალი სანდოობის შედეგი, რადგან მათ არ აქვთ გამოცდილება კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიურ საკითხებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანდო, დეტალური და რეგიონულ ჭრილში წარმოდგენილი უახლესი კვლევა რეგიონებში არსებულ მოთხოვნად პროფესიებზე არ არსებობს და პროფესიული სასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, მეორე მთავარი მიზეზი, რაც პროფესიული კოლეჯების სასწავლო პროგრამების დასაქმების ბაზართან აცდენას იწვევს, ისაა, რომ პროფესიული კოლეჯები დიდი რაოდენობით სტუდენტებს ისეთ სპეციალობებზე იღებენ, რომლებზე მოთხოვნაც პროფესიული განათლების მქონე პირების დამსაქმებლებს ნაკლებად გააჩნიათ. ასევე აღნიშნული მიმართულებებით დაუსაქმებელია უმაღლესი განათლების მქონე პირების მნიშვნელოვანი ნაწილიც (მაგალითად ბიზნესის ადმინისტრირება) შესაბამისად, ასეთი მიმართულებით კადრების დასაქმების მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალი, ხოლო სამინისტროს მიერ ყოველწლიურად გაწეული ხარჯი, დაახლოებით, 2,492,000 ლარი − არაეფექტიანია. პარალელურად კი, არსებობს მიმართულებები, რომლებიც მოთხოვნადია ბაზარზე, თუმცა პროფესიული სასწავლებლების მიერ ნაკლებად ხორციელდება პროგრამების შეთავაზება, მაგალითად მშენებლობის და ავტომომსახურების სექტორი.

„აუდიტის ჯგუფის მიერ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გამოკითხული კურსდამთავრებულებიდან, 73% არ არის დასაქმებული პროფესიულ სასწავლებელში მიღებული განათლებით. 2018 წლის ანალიზით, ბიზნესადმინისტრირების მიმართულების სპეციალისტის, ტექნიკოსის და დამხმარე სპეციალისტის კუთხით მოთხოვნა პროფესიული განათლების მქონე კადრებზე არ არსებობს, ხოლო 2019 წლის ანალიზის მიხედვით, მხოლოდ ტექნიკოსის და დამხმარე სპეციალისტის მიმართულება კონკურენციაშია უმაღლეს განათლებასთან“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2019 წელს, სამინისტროს მიერ დაახლოებით 2,492,500 ლარის ხარჯია გაწეული ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტების დასაფინანსებლად (გარდა ბუღალტერიისა და ლოგისტიკის სპეციალობისა, რომელსაც დასაქმების მაღალი მაჩვენებელი აქვს). შესაბამისად, შესაძლებელია ეფექტიანობის ზრდა და აღნიშნულ სპეციალობებზე სამინისტროს მიერ ყოველწლიურად გაწეული ზემოაღნიშნული ხარჯის სხვა მოთხოვნადი სპეციალობების დასაფინანსებლად მიმართვა.

რაც შეეხება მშენებლობის სექტორს, ამავე კვლევის მიხედვით, განათლების სამინისტროს მიერ სხვადასხვა კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად გატარებული ღონისძიებების, აგრეთვე სამშენებლო პროგრამების რაოდენობის ზრდის ტენდენციის მიუხედავად, მშენებლობის სექტორში კადრების დეფიციტი ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. 2017 წელს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ კადრების საჭიროების შესახებ აჩვენა, რომ შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტის განმაპირობებელი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არასათანადო კვალიფიკაციაა.

„პროფესიული განათლების განმახორციელებელი დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფს დარგს დეფიციტური, შემდეგი სპეციალიზაციის კადრებით: სამოქალაქო მშენებლობის ავტომატიზაციის სპეციალისტი; ენერგეტიკის სფეროს ბეტონის სამუშაოთა შემსრულებელი (ჰიდრონაგებობებზე სამუშაოდ), ხარატი; საზედამხედველო კომპანიების სფეროში − ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, ხიდების კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, გამწმენდი ნაგებობების ინჟინერი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ასეთია რეკომენდაციები, რომელსაც აუდიტის სამსახური განათლების სამინისტროს ანგარიშში განხილული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სთავაზობს:

სასწავლო პროგრამების შრომის ბაზართან თავსებადობის მიზნით, სამინისტრომ: – უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევების ჩატარების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება; დაადგინოს კრიტერიუმები, რა ტიპის და მასშტაბის კვლევა/მსჯელობა იქნება მისაღები პრიორიტეტული პროგრამის დასაბუთებულობის უზრუნველსაყოფად (აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული მოთხოვნის დასაბუთებისთვის).

 სხვადასხვა პროფესიაზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის აღმოფხვრისთვის, მნიშვნელოვანია სამინისტრომ გააუმჯობესოს სტუდენტთა ზღვრული ოდენობების განსაზღვრის წესები და გაითვალისწინოს შრომის ბაზრის მოთხოვნები, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონების მიხედვით.

კერძო და საჯარო სასწავლებლებს შორის კონკურენციისა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფისთვის, გააუმჯობესოს კერძო სასწავლებლებისთვის ვაუჩერული დაფინანსების არსებული სისტემა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უნიფიცირებული მექანიზმების დანერგვა და კერძო და საჯარო სასწავლებლებში სტუდენტის მიღების ერთიანი წესის დანერგვა.

აუდიტი: რეფორმების მიუხედავად, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რიცხვი და პროფესიით დასაქმების დონე მცირდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური