GE

აუდიტი: რეფორმების მიუხედავად, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რიცხვი და პროფესიით დასაქმების დონე მცირდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიული განათლების სისტემის აუდიტის ანგარიშის თანახმად, რომელიც 2013 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დღის წესრიგში დგას ჯერ კიდევ 2013 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესწავლა, რადგან გატარებული რეფორმების მიუხედავად, მცირდება პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, ისევ დაბალია პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა პროფესიით დასაქმების დონე და ამის მიუხედავად, მზარდია დაფინანსება პროფესიული განათლების მიმართულებით.

ახალი ანგარიში 2018-2020 წლების პერიოდს მოიცავს, სხვადასხვა საინტერესო მიმართულებას აერთიანებს და მათგან ერთ-ერთი პროფესიული განათლების სისტემაში არსებულ სასწავლო პროცესების მართვის ნაკლოვანებებს უკავშირდება.

რამდენად გამართული და ადეკვატურია სასწავლო პროცესების მართვასთან დაკავშირებით
გატარებული ღონისძიებები? – აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუდიტის ჯგუფმა
შეისწავლა სასწავლო პროცესების მართვის მექანიზმები, ხარისხის მართვის შიდა და გარე
მექანიზმები, გააანალიზა მათი თავსებადობა საერთაშორისო პრაქტიკასთან მიმართებით;
იმის დასადგენად, თუ სწავლების მართვის რომელი ასპექტები საჭიროებს გაუმჯობესებას,
ჩატარდა 330 კურსდამთავრებულის გამოკითხვა; ასევე სწავლის შეწყვეტის მიზეზების
დასადგენად გამოიკითხა 94 სტატუსშეწყვეტილი და სტატუსშეჩერებული სტუდენტი.

სასწავლებლების შიდა და გარე ხარისხის უზრუნველყოფის ნაკლოვანებები

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თვითშეფასების მექანიზმი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო ხასიათს ატარებს (ყოველ სამ წელში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წარმოადგინოს თვითშეფასების დოკუმენტი, რომლის შემდგომ ანალიზს 9 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი ახორციელებს), დადებითი პოტენციალის მიუხედავად, გაუმჯობესებას საჭიროებს. ასევე პროფესიული განათლების განვითარების დღის წესრიგი ითვალისწინებს სისტემის მოდერნიზაციას კოპენჰაგენის (კოპენჰაგენის დეკლარაცია − შემუშავდა ევროპის 33 ქვეყნის მონაწილეობით პროფესიული განათლების სისტემატიზაციის, განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის. აღნიშნულ დეკლარაციაში მოცემულია ხარისხის მართვის სისტემისა და პროფესიული განათლების მართვასთან დაკავშირებული სხვა ძირითადი საკითხები) პროცესის შესაბამისად.

„აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, პროცესებში ყველა დაინტერესებული მხარის (დამსაქმებლები, სტუდენტები, ხელისუფლება, საზოგადოება) ჩართულობაა, რაც ცენტრის მიერ არ არის განსაზღვრული, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა უფრო ეფექტიანი ღონისძიებების და სისტემის ჩამოყალიბებას”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

კერძო სექტორთან კოორდინაციის გაუმჯობესების შესაძლებლობა

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დადებითად უნდა შეფასდეს საჯარო და კერძო პარტნიორობის გაძლიერებისთვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიება – 2016 წლიდან პროფესიულ სწავლებაში დანერგილი დუალური სწავლება და 2019 წლიდან მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები, თუმცა კერძო სექტორსა და სამინისტროს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების პოტენციალი გაცილებით მეტია.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვით, გამოკითხული საწარმოების მხოლოდ 15%-ს (7,795 საწარმო) ჰყავს პროფესიული განათლების მქონე პირი დასაქმებული და საწარმოების მხოლოდ 2% (1,123 საწარმო) თანამშრომლობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. თანამშრომლობის თვალსაზრისით, შედარებით რთული მდგომარეობაა რეგიონების მიხედვით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2013 წელს გაცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა, თუმცა სამინისტროსა და ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებების სხვადასხვა მექანიზმის დანერგვა-განხორციელების საკითხები. კერძოდ, არ არის შემუშავებული პროფესიული სასწავლებლების გარე შეფასების მეთოდოლოგია და ინდიკატორები (მაგალითად, შეფასება დამსაქმებელთა, მასწავლებლების მხრიდან), შეფასების პროცესში არ არის ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, თუმცა პერიოდულად ხორციელდება დამსაქმებელთა კმაყოფილების კვლევა.

აღმოჩენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, აუდიტის სამსახური რეკომენდაციით მიმართავს სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

პროფესიული სასწავლებლების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა გარე მექანიზმი; დაინერგოს სასწავლებლის თვითშეფასების შედეგების ანალიზი, სისტემური ნაკლოვანებების გამოვლენის, გაუმჯობესების სტრატეგიისა და რეკომენდაციების გაწერის მეთოდები;  შემუშავდეს თვითშეფასების დოკუმენტის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის კრიტერიუმები.

დაინერგოს მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება კურსდამთავრებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების სრულფასოვანი და რეგულარული შეფასება. უკუკავშირის მიღება დაეხმარება სამინისტროს და სასწავლებლებს პროგრამების განვითარებისთვის საჭირო ინტერვენციების განსაზღვრაში.

სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდისთვის და საჯარო-კერძო პარტნიორობის გაუმჯობესებისთვის, მნიშვნელოვანია სამინისტრომ დაგეგმოს აქტიური ღონისძიებები მათი დაინტერესების, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით (ვიზიტების, შეხვედრების, კონფერენციების და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით). აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესებში რეგიონული დამსაქმებლების ჩართულობის ზრდა.

პროფესიული განათლების ეფექტიანობის აუდიტის პერიოდი მოიცავს 2018 წლიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს, თუმცა როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ტენდენციის ანალიზისთვის გამოყენებულ იქნა წინა და მომდევნო პერიოდის ინფორმაციაც.

აუდიტის პერიოდში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის სტატუსი მოპოვებული ჰქონდა 25 სახელმწიფო და 40 კერძო პროფესიულ დაწესებულებას (დღეის მდგომარეობით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვს 8 ზოგადსაგანმანათლებლო და 17 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას). აღნიშნულ სასწავლებლებში 2018 წლიდან 2020 წლის სექტემბრამდე, სულ 24,718 პროფესიული სტუდენტი ჩაირიცხა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური