ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო
2 მაისს „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო”. გამოფენა ეძღვნება მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს და შემეცნებითი ხასიათისაა.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ საქართველოში გამოცემული ბეჭდური პერიოდული გამოცემების ყველაზე სრულყოფილი კოლექცია 1819 წლიდან (პირველი ქართული გაზეთის გამოცემიდან) დღემდე. გამოფენაზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის ფოტომასალა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების (პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთი”, ცისფერყანწელთა გამოცემები, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი მენშევიკური პრესა და ა. შ.) დედნებიც. გამოფენაზე წარმოდგენილია მასალები იმ პუბლიცისტებსა და საზოგადო მოღვაწეებზე, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს და დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში.
გამოფენას წინ უძღვოდა შემეცნებითი პრეზენტაციები ქართული პრესის განვითარებაზე, ქართულ მედიაში რეკლამის განვითარების ისტორიაზე. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა წარმოადგინეს ქართული გაზეთების ელექტრონული კატალოგი და ქართული ჟურნალების ციფრული ბიბლიოთეკა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილი გამოფენა, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება, საინტერესო იქნება როგორც ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევრებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”
-
,,უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა: პრობლემები და მათი დაძლევის გზები” – კვლევის შედეგები
by ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"
-
1-3 სექტემბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში” გაიმართება
by ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"
-
სტუდენტები ჯანმრთელობის უფლებაზე
by ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"