GE

ქართული ფოლკლორი და რობოტოტექნიკა – „გვირილობა“ წერეთლის უნივერსიტეტში

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი  “გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნას 3 მაისს გამოფენებით შეუერთდა. ახალი, საბიბლიოთეკო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილებისა და მოდელების,  კალიგრაფიული ნამუშევრებისა და FabLab-ის სტარტაპების გამოფენა მოეწყო. გამოფენას ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან ერთად ქუთაისში სტუმრად მყოფი დაძმობილებული ქალაქების მერები, დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თექის ნაწარმი, ფეხსაცმელები ქართული წარწერებით, კაბები ტრადიციული ქართული სამოსის ელემენტებით – ეს იმ ნამუშევრების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტმა წარმოადგინა. ნამუშევრების შექმნაზე სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა იმუშავეს.

დამთვალიერებლების ყურადღება დოქტორანტ ლელა კიკნაველიძის ნამუშევრებმა მიიპყრო. მან ქართული ანბანი ფეხსაცმლის დიზაინს მოარგო. დეკორის სახით გამოყენებული  ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერები მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ფეხსაცმელებზე ძველ ქართულად ნაწერი ტექსტებიდან ნაწყვეტები ზუსტადაა გადატანილი. ერთ-ერთი წარწერა ავგაროზის ეპისტოლედანაა.

ლელამ საკუთარი ნამუშევრები პირველად 2017 წელს დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე წარადგინა. მაშინ ფეხსაცმელების არტ გამოფენაზე პირველი ადგილი სწორედ მისმა ნამუშევრებმა მიიღო.

“იუნესკომ ჩვენი დამწერლობა არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. ეს იყო ზუსტად ჩვენი კოლექციის შექმნის მოტივაცია. ასომთავრული, ნუსხური და მხერდული წარწერები ფეხსაცმელზე გადასატანად უნივერსიტეტის FabLab-ის დახმარებით გაკეთდა. გარდა ფეხსაცმლისა, ჩვენ წარწერები თექის მოსასხამებზეც გადავიტანეთ. მაგალითად, იოანე ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, – განაცხადა დიზაინერმა და დოქტორანტმა ლელა კიკნაველიძემ. ის ფიქრობს, რომ შესაძლებელია მცირე კოლექცია უფრო მასშტაბური გახდეს და ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენის ხელმძღვანელი ნანა თხელიძის თქმით, ამჟამად გამოყენებითი დიზაინის სპეციალობაზე 70-მდე სტუდენტი სწავლობს. ის მნიშვნელოვან სიახლეს აანონსებს, რომლის შემდეგაც ფაკულტეტზე სტუდენტთა რაოდენობის ზრდას ელოდება:

“ახლა ახალ პროგრამაზე ვმუშაობთ, რომელსაც მოდის დიზაინი და ტექნოლოგია დაერქმევა. ორი მიმართულება: გამოყენებითი  დადიზაინის გაერთიანებული იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენთან ამ მიმართულებით სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება”, – აღნიშნა ნანა თხელიძემ.

გამოფენაზე მისული დამთვალიერებლების ყურადღება კალიგრაფიულმა ნამუშევრებმაც მიიპყრო. გამოფენის უცხოელი სტუმრები ქართული დამწერლობით ისე მოიხიბლნენ, რომ  ახალგაზრდა კალიგრაფიის, ლეილა ბარბაქაძეს საკუთარი სახელების ქართულად დაწერა სთხოვეს.

ლეილა ბარბაქაძე 8 წელია კალიგრაფიულ ნამუშევრებს ქმნის:

“ქართული ანბანი, კალიგრაფია ყველა ქართველისთვის დასაფასებელია. დღეს აქ წარმოდგენილი ნამუშევრები ვფიქრობ, საინტერესო აღმოჩნდა დამთვალიერებლებისათვის. უცხოელ სტუმრებს საჩუქრად საკუთარი სახელები ქართულად დავუწერე და მგონია, რომ  ძალიან მოეწონათ. 8 წელია ამ საქმეში ჩართული ვარ და უკვე ჩემის ცხოვრების ნაწილი გახდა”,- აღნიშნა ლეილა ბარბაქაძემ, რომელიც აკაკი წერეთლის უნივერსიტეში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტია.

ლეილას ნამუშევრებთან ერთად, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ცნობილი კალიგრაფის, ფიქრია ჭაბუკიანის ნაშრომებიც დაეთვალიერებინა. 2016 წელს კაიროს წიგნების 47-ე  საერთაშორისო გამოფენაზე, არაბულად ნათარგმნი “ვეფხისტყაოსნის”პრეზენტაციაზე, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ფიქრია ჭაბუკიანის ნაშრომი ენახა, რადგან ქართული დამწერლობის წარმოჩენის მიზნით, წიგნის ყდაზე მისი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

რობოტოტექნიკა, სხვდასხვა ტიპის ჩაშენებული პროგრამირებადი სისტემები, 3D კალამი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab-ი გამოფენებზე დამთვალიერებლებს ყოველთვის აოცებს. გამონაკლისი არც “გვირილობის” წლევანდელი დღესასწაულის ფარგლებში მოწყობილი გამოფენა იყო. მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab-ის მენეჯერი გიორგი ჩაჩუა ამბობს, რომ მათი კარი ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისათვის ყოველთვის ღიაა.

“წარმოვადგინეთ ის ნივთები, რომლებიც ჩვენი სტარტაპების, სტუდენტების მიერაა შექმნილი. ძირითადად არის ხეზე ნამუშევრები, სხვადასხვა ტიპის სუვენირები. გარდა ამისა, ჩვენთან აქტიური ყურადღება ექცევა თანამედროვე ტექნოლოგიებისგამოყენებას. წარმოვადგინეთ რობოტოტექნიკა, სიახლეა 3D კალამი. ის სამგანზომილებიან ობიექტებს ქმნის. ჩვენმა სტუდენტებმადა გუნდა შექმნა სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელიც სასწავლო კურსებისათვის გამოიყენება”, – ამბობს გიორგი ჩაჩუა.

მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab-ით ადგილობრვ ახალგაზრდებთან ერთად უცხოელებიცინტერესდებიან. როგორც FabLab-ის მენეჯერი გიორგი ჩაჩუა ამბობს, კონკრეტულ შეთავაზებებსაც ღებულობენ.

“გვირილობის” ღონისძიებები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აწსუ ფოლკლორული ანსამბლების “ადილასა” და”კოლხას” კონცერტით დასრულდა.

სასწავლებლის რექტორის, გიორგი ღავთაძის თქმით, მსგავსი გამოფენებით საშუალებას აძლევთ მათ შესახებ რაც შეიძლება ბევრმა შეიტყოს. ამ შემთხვევაში მათ “გვირილობის” სადღესასწაულო პროგრამა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადეს და უცხოური დელეგაციებიდან საქმიანი შეთავაზებებიც მიიღეს.

“ჩვენთვის ეს გამოფენა საინტერესოა ორმაგად. პირველი იმით, რომ ქალაქის ხელმძღვანელობას ვუდგავართ გვერდით, რომ უფრო მარავალფეროვანი სადღესასწაულო პროგრამა ჰქონდეთ და მეორე – წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად. დღეს თანამშრომლობის რამდენიმე შემოთავაზება მივიღეთ. ერთი-ისრაელიდან, მეორე – ლატვიიდან. თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური პერსონალისთვის ისე სტუდენტებისათვის და განსაკუთრებით სტუდენტებისათვის”,- განაცხადა გიორგი ღავთაძემ.

მომავალ „გვირილობას“ კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი პროგრამით და განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.  მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ჰპირდებიან, ახალ სასწავლო წელს, უნივერსიტეტის 85 წლის იუბილეზე, ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის გახსნაა.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური