ცნობილია 2 მთავარი მიმართულება, რომელზეც პარლამენტის განათლების კომიტეტი 2025 წელს იმუშავებს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღეს, 10 თებერვალს, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ 2025 წელს კომიტეტის საქმიანობის ორ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა.
„მიმდინარე წელს გვსურს ორ ძირითად საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. პირველი ეს არის განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კონცეფციის დოკუმენტი და მეორე – უსაფრთხო სკოლის კონცეფციის შემუშავება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მან საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტი მის წინაშე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გარკვეული პერიოდებით მოიწვევს და მათ ანგარიშებს მოისმენს. მისივე თქმით, კომიტეტი, მიმდინარე წელს, კანონმდებლობის აღსრულებისა და კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ეფექტიან მონიტორინგს განახორციელებს.