GE

ქართველი მეცნიერები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ კოლეგებს ისტორიის კვლევის საერთო პლატფორმას სთავაზობენ

ახალი წლიდან პანევროპული სამეცნიერო ორგანიზაციის „ეურაქსესის“ (EURAXESS) ფარგლებში, რომლის წევრიც საქართველო წელს გახდა, შეიქმნება სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმა, სადაც მონაწილეობის მიღება აფხაზ მეცნიერებს აფხაზურ ენაზეც შეეძლებათ.

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დიერქტორმა ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ რუსთაველის ფონდის ორ მიმდინარე სამეცნიერო პროექტზე მუშაობს, რომელიც საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა სოფლებში ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ არის მიმართული.

რუსთაველის ფონდის დირექტორის განმარტებით, დასახელებული პროექტები მიზნად ისახავს, პასუხი გასცეს მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ საქართველოს ისტორიის გაყალბებულ ვერსიას.

„გაზაფხულზე რუსეთის პრეზიდენტმა აბსოლუტურად აბსურდული ისტორია შექმნა და ამას სახელმწიფოსგან პასუხი სჭირდება. ეს პასუხი მეცნიერებისაგან უნდა მიიღოს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მიზნობრივი კვლევა დაგვეფინანსებინა. ერთია ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი კვლევითი პროექტი, მეორე – საზღვრისპირა რეგიონების. ვამზადებთ კიდევ მესამე პროექტს კავკასიოლოგიის კვლევის მიმართულებით. რუსთაველის ფონდს დღემდე არ ჰქონია მიზნობრივი კვლევითი პროექტის დაფინანსების მოდელი. შესაბამისად, ჩვენ პრაქტიკულად პირველი პრეცედენტი შევქმენით, რითაც გვსურს რეალური ისტორია შევქმნათ და ვებრძოლოთ გაყალბებულ ისტორიას“, – განმარტა ზვიად გაბისონიამ.

მისი ინფორმაციით, ახალი წლიდან პანევროპული სამეცნიერო ორგანიზაციის „ეურაქსესის“ ფარგლებში, რომლის 41-ე წვერიც საქართველო წელს გახდა, შეიქმნება პლატფორმა, სადაც მონაწილეობის მიღება აფხაზ კოლეგებსაც შეეძლებათ.

„დიდი სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი წლიდან, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზურ ენაზეც გვექნება შესაბამისი პლატფორმა და ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს მეგობრებს კვლევითი პროექტების ერთობლივი დაფინანსების მოდელში ვთავაზობთ შესვლას, მათ შორის აფხაზურ ენაზეც“, – განმარტა ზვიად გაბისონიამ.

თუმცა, რუსთაველის ფონდის დირექტორმა აღნიშნა, რომ არსებულ პლატფორმაზე მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოს ეგიდით არის შესაძლებელი.

„აფხაზეთი ევროკავშირის არც ერთი წევრის მიერ არ არის აღიარებული. მით უმეტეს, მეცნიერების მიერ. შესაბამისად, აფხაზი მეცნიერები საქართველოს შემადგენელ ნაწილად განიხილებიან. ჩვენ აქ ვსაუბრობთ აფხაზურ ენაზე მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ, იურისდიქციული პრინციპის მიხედვით. სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ ჩვენმა აფხაზმა კოლეგებმა ევროკავშირის საგრანტო პროექტებში მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური