ქართველოლოგია – უცხოელების მრავალწლიანი ინტერესის ობიექტი
საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ამერიკაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება.
სასწავლო პროგრამა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან. უწყების ცნობით, პირველ ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს, ხოლო სწავლებას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს.
ამერიკელი ისტორიკოსი უკვე 40 წელზე მეტია ქართველოლოგიის მიმართულებით მუშაობს. ის ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტური საზოგადოებების მკვლევარია. რეგულარულად უწევს კონსულტაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ს ელჩებს. აღსანიშნავია, რომ სტივენ ჯონსი 2011 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად აირჩიეს. ის გამომცემლობა “არტანუჯის” მიერ გამოქვეყნებული კრებულის “ქართლის ცხოვრების” ინგლისური თარგმანის რედაქტორია, საქართველოს ისტორიის შესახებ რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის ამოქმედების ფაქტი ისტორიულია და ეს ამერიკის ისტორიაში პირველად ხდება.
ქართველოლოგია, ერთ-ერთი უძველესი და მრავლისმომცველი დარგია, რომელიც ქართველებისა და საქართველოს შემსწავლელ ყველა ჰუმანიტარულ სფეროს მოიცავს.
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს. საქართველოს შესახებ აღწერითი ხასიათის ცნობები პირველად ბერძენი და რომაელი ისტორიკოსების ნაშრომებში გამოჩნდა. ქართული კულტურის საფუძვლიანი შესწავლა კი, ძირითადად შუა საუკუნეებში დაიწყო. უცხოელებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს ქართული ენა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ენა წარმოადგენდა.
დღესდღეობით, ქართველოლოგიური კვლევა კიდევ უფრო მასშტაბურია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქართველოლოგიური ცენტრები არსებობს, სადაც საქართველოს ისტორიას და ქართულ ენას სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ.
აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ინგლისელი სტუდენტები ქართულ ენას უკვე დიდი ხანია სწავლობენ. ინგლისში მეცნიერული ქართველოლოგიით ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში დაინტერესდნენ. პირველ ინგლისელ ქართველოლოგად ცნობილ მეცნიერსა და საეკლესიო ისტორიის მკვლევარს სოლომონ სოზარ მალანს მიიჩნევენ. დარგის შემდგომი განვითარება კი და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელს უკავშირდება. მათ ქართული ენა სრულყოფილად შეისწავლეს. თარგმნეს სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა”, ქართული ხალხური ზღაპრები, ილია ჭავჭავაძის “განდეგილი”, “წმ. ნინოს ცხოვრება” და ბევრი სხვა ქართული მწერლობის გამორჩეული ნაწარმოები. მარჯორი უორდროპმა თარგმნა “ვეფხისტყაოსანი” და სწორედ მისი დამსახურებით მკითხველი შოთა რუსთაველის პოემას პირველად გაეცნო.
მარჯორი უორდროპი 1909 წელს გარდაიცვალა. დის ხსოვნის პატივსაცემად მისმა ძმამ, ოლივერ უორდროპმა იმავე წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში დააარსა მარჯორი უორდროპის ფონდი, რომელიც დღემდე აფინანსებს, მხარში უდგას და ხელს უწყობს ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის შესწავლას, ქართული ლიტერატურის თარგმნის, მეცნიერული და ისტორიული ნაშრომების გამოცემას, ქართული ბიბლიოთეკის გაზრდას.
ლია ჩოკოშვილი უკვე 25 წელია ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული ენის პედაგოგი და ქართული ენის პროგრამის ხელმძღვანელია. ის ინგლისელ სტუდენტებს ქართულ ენას ასწავლის.
“მიზეზი, რამაც მუშაობის პროცესი საინტერესო გახადა, იყო თარგმნის პროექტი, რომელიც 2015 წლიდან დავიწყე. იდეა ლონდონის ეროვნული თეატრის ყოფილმა პროდიუსერმა სუზი გრეიამ-ადრიანიმ მომაწოდა: უორდროპებიც ხომ სწორედ თარგმნის საშუალებით სწავლობდნენ ენასო.
პროექტის დაწყებამდე პროფესორ დონალდ რეიფილდს დავუკავშირდი, რომელიც მარჯორი უორდროპის ფონდის თავმჯდომარე იყო წლების განმავლობაში. ის ერთადერთია, რომელიც უორდროპების შემდეგ ქართულ ლიტერატურას თარგმნის ბრიტანეთში. მან თარგმნა მიხეილ ჯავახიშვილის “კვაჭი კვაჭანტირაძე”, ცისფერყანწელები, ოთარ ჭილაძე და დღემდე აგრძელებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის თარგმნას. ბრიტანელებს ძალიან უყვართ დრამაო, მითხრა და მირჩია, დავკავშირებოდი აკა მორჩილაძეს. აკა ძალიან დაგვეხმარა, მან თავისი ორი გამოუქვეყნებელი პიესა გვაჩუქა და იდეაც მომაწოდა, გვეთარგმნა ლაშა თაბუკაშვილის “ათვინიერებენ მიმინოს“.
სტუდენტები მწერლებთან ერთად მუშაობდნენ, რამაც უფრო საინტერესო გახადა მუშაობის პროცესი. ასე დაიწყო „ქართული ლიტერატურის თარგმნის პროექტი ოქსფორდში: “უორდროპების მემკვიდრეობის გაგრძელება”.
აკა მორჩილაძე, ლაშა თაბუკაშვილი, გურამ რჩეულიშვილი, ერლომ ახვლედიანი ერთ წიგნში გაერთიანდა და 2017 წელს გამომცემლობა „სეზანმა“ გამოსცა „კარს მიღმა“, ჩემი სტუდენტების მიერ თარგმნილი ქართული ლიტერატურის პირველი კრებული. – ამბობს ლია ჩოკოშვილი.
ქართული ენის პედაგოგი სამუშაო პროცესზე ვრცლად გვიყვება და აღნიშნავს, რომ ინგლისელ სტუდენტებს თარგმანებზე მუშაობა ძალიან მოსწონთ. მისივე თქმით, კურსდამთავრებულები ხშირად ბრუნდებიან და თარგმნის პროექტს უერთდებიან. ლია ჩოკოშვილი აღნიშნავს, რომ ქართული ლიტერატურა სასურველია ინგლისელმა თარგმნოს, რომელიც ქართულ ენას კარგად ფლობს.
„სტუდენტი რომ თარგმნის პროექტში ჩაერთოს, ის 2 წლის განმავლობაში სწავლობს ქართულ ენას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თარგმნის ტექნიკას და შემდეგ უკვე იწყებს თარგმნას.
სათარგმნი ლიტერატურის შერჩევისას ყოველთვის ვითვალისწინებ სტუდენტის გემოვნებას და ინტერესს. ბუნებრივია, ქართული ენა რთულია, თუმცა თარგმანზე მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. სტუდენტი ცოცხალ ენას ეხება, პერსონაჟის ენით მეტყველებს.
სასურველია, ქართული ლიტერატურა ინგლისურად ინგლისელმა თარგმნოს, რომელიც კარგად ფლობს ქართულ ენას. ის კარგად არგებს ინგლისურ ლექსიკას თარგმანს.
2022-2023 წლისთვის სულხან-საბას „მოგზაურობა ევროპაში“- თარგმანი დასრულებული იქნება. წიგნის გამოცემა საჭიროებს დაფინანსებას. ამჟამად ლიმიტირებული 2 საათი თარგმნის გაკვეთილებისთვის, ძალიან ცოტაა მაქსიმუმის მისაღწევად.” – აღნიშნავს ლია ჩოკოშვილი.
მისივე თქმით, კურსის მიმართ დაინტერესება დიდია, თუმცა ფინანსური სიმცირის გამო ბევრი სტუდენტის მიღება ვერ ხერხდება.
“დაინტერესება დიდია. ამჟამად 33 სტუდენტია, რაც ძალიან ბევრია და ძალიან კარგია! აინტერესებთ ენა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია სხვა ენებისგან. კურსის შესახებ ინფორმაციას უკვე აღარ ვაქვეყნებთ, ისე როგორც წინა წლებში ვაქვეყნებდით ხოლმე, რადგან საკმარისი დაფინანსება არ გვაქვს, რომ მივიღოთ იმაზე მეტი სტუდენტი, ვიდრე ახლაა.
წელს დამწყებთა ჯგუფში მხოლოდ ის სტუდენტები არიან, რომლებიც სწავლობენ ლინგვისტიკას, ისტორიას, არქეოლოგიას, პოლიტოლოგიას, მუშაობენ პოსტსაბჭოთა და საბჭოთა პერიოდზე. ამ სტუდენტებს სჭირდებათ ენა , რადგან უმეტესობა მიდის საქართველოში სამუშაოდ ან სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად.
მარჯორი უორდროპის ფონდის რესურსი არაა დიდი. ენის შემსწავლელთა რიცხვი იზრდება, იზრდება სამომავლო პროექტების რაოდენობა და ამ ყველაფრის დაფინანსება უორდროპების ფონდს უკვე უჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ მხარში დგომის სურვილი გაუჩნდება ვინმეს. ” – ამბობს ქართული ენის პედაგოგი ოქსფორდში ლია ჩოკოშვილი.
იხილეთ ინფორმაცია ქართული ენის პროგრამის შესახებ
საქართველოს შესწავლით მსოფლიოს ქვეყნები დიდი ხანია დაინტერესებული არიან. ქართველოლოგიური ცენტრები და სკოლები ევროპის ბევრ ქვეყანაში ფუნქციონირებს. დარგის განვითარებაში წვლილი მიუძღვით, როგორც ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, ასევე ქართველ ემიგრანტებს.
საქართველოში ქართველოლოგია, როგორც მეცნიერება ბოლო საუკუნეებში მეტად განვითარდა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა აბაშიძე აღნიშნავს, რომ ქართველოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ვახტანგ მეექვსე შეიძლება მივიჩნიოთ.
“ქართველოლოგია მოიცავს ყველა ჰუმანიტარულ მეცნიერებას, რომელიც საქართველოს შეეხება. ეს არის ქართველთმოცდნეობა: საქართველოს ისტორია, ქართული მწერლობა, ლიტერატურა, არქეოლოგია… ქართველოლოგიის, როგორც დარგის წარმოშობის პერიოდად შეიძლება მეთვრამეტე საუკუნე დავასახელოთ. ვახტანგ მეექვსეს პერიოდი, როდესაც მან სწავლულ კაცთა კომისია შექმნა. დაიწყო საქართველოს ისტორიის კვლევა. თავად ვახტანგი პირველი რუსთველოლოგი და ქართველოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. ასევე მისი შვილი ვახუშტი, რომელიც საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლის სათავეებთან იდგა.
საბოლოოდ კი, ივანე ჯავახიშვილის დამსახურებით ქართველოლოგიის ბევრი დარგი მეტად განვითარდა. მან საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლაში ახალი ეპოქა დაიწყო. აქ უნდა დავასახელოთ კორნელი კეკელიძეც, რომელსაც ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ასევე ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად არქეოლოგიის სათავეებთან იდგა. პრაქტიკულად, მეცნიერული ქართველოლოგია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან განვითარდა.
მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ისტორიით უცხოელების დაინტერესება. უნდა ავღნიშნოთ, დიდი ფრანგი მეცნიერის მარი ბროსეს ღვაწლი და წვლილი, რომელიც ევროპული ქართველოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მის შემდეგ, საქართველოს ისტორიით ბევრი უცხოელი დაინტერესდა, მათ შორის დეივიდ ალენი, გარიკი. ისინი ქართულ ხელნაწერებს და ქართულ კოლექციებს აგროვებდნენ.
დღესაც მოღვაწეობენ ამ სფეროში ფრანგი ქართველოლოგი ბერნანდ უტიე, გერმანელი ენათმეცნიერი იოსტ გიპერტი, იაპონელი ჰიროტაკე მაედა, რომელიც საქართველოს ხშირად სტუმრობს და თანამედროვე ქართველოლოგიის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.” – ამბობს ზაზა აბაშიძე.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი უცხოელი ავტორების დაინტერესებაა.
“ძალიან ნაყოფიერია ხელნაწერთა ინსტიტუტში გამართული ქართველოლოგიური საზაფხულო სეზონური სკოლები, რომელიც ქართულ ხელნაწერებს ეძღვნება. ასევე ქართველოლოგიური სეზონური სკოლები არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც სათავეში ელგუჯა ხინთიბიძე უდგას. ეს არის უცხოელი ავტორების მოზიდვის საშუალება, რათა ქართული ისტორია, ხელოვნება, კულტურა შეისწავლონ.
დღეს საქართველოში არის რამდენიმე ჰუმანიტარული პროფილის ინსტიტუტი, მათ შორის, ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. არის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი, რომელიც ეროვნულ მუზეუმთან არსებობს. თავად ეროვნული მუზეუმი ეწევა საქართველოს სიძველეების შესწავლას და რასაკვირველია, უპირველესი ადგილი, ჰუმანიტარული პროფილის ინსტიტუტებიდან, უჭირავს ხელნაწერთა ინსტიტუტს, რომელსაც დღეს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ჰქვია. აქ არის თავმოყრილი, პრაქტიკულად მთელი მასალა, საქართველოს ისტორიაზე, ქართულ მწერლობაზე და კულტურაზე. არის ათასობით ქართული ხელნაწერი, ძველი ქართული მწერლობის ძეგლები. ასევე ისტორიული დოკუმენტები, უამრავი საარქივო მასალა, ჩვენი ცნობილი მეცნიერების, მათ შორის ჰუმანიტარული დარგის მეცნიერების.”
კითხვაზე, ინტერესდება თუ არა ახალი თაობა ქართველოლოგიით და მასთან დაკავშირებული დარგებით, ზაზა აბაშიძე პასუხობს, რომ ახალგაზრდების დაინტერესება შედარებით ნაკლებია:
“დღეს, საერთოდ ჰუმანიტარული მეცნიერებით დაინტერესება ნაკლებია ახალგაზრდებში, ვიდრე თავის დროზე იყო. ამ მეცნიერებაში მოდის მხოლოდ ის, ვისაც ნამდვილად აინტერესებს ეს დარგი. ამ შემთხვევაში, ფინანსური დაინტერესება მეორე პლანზეა, აქ საქართველოს ისტორიის კვლევით, ქართული ლიტერატურის კვლევით დაინტერესებაა მთავარია. ახალგაზრდა, რომელიც დღეს სამუშაოდ სამეცნიერო სფეროში მოდის, მომავალში ნამდვილად კარგი მეცნიერი იქნება.”
მოამზადა სალომე გაზდელიანმა
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება