GE

ქულა თუ ცოდნა? – რა სურთ საქართველოში სტუდენტებს

„მთავარია, ამჯერადაც გავძვრე“, – ლექტორთა ნაწილის აზრით, ასეთი დამოკიდებულება აქვს სტუდენტების უმრავლესობას სწავლის მიმართ და მათი თვითმიზანი არა ცოდნის, არამედ დიპლომის მიღებაა. პროფესორ-მასწავლებლები ქულისადმი „მონურ“ მიდგომას საზოგადოების მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს მიაწერენ და ამბობენ, რომ სტუდენტთა უმრავლესობა ვიღაცის ან რაღაცის ხათრით აბარებს უნივერსიტეტში.

საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორ გიგა ჯოჯიშვილის თქმით, ქულის მომატების თხოვნით მისულ სტუდენტთა რიცხვიც დიდია და მოსამატებელი ქულის რაოდენობაც:

„თუ ნაშრომი მაძლევს საშუალებას სტუდენტის მხარე დავიცვა, ყოველთვის მის სასიკეთოდ ვიქცევი, თუმცა ხშირად მქონია შემთხვევა 10-15 ქულის მომატების სურვილით მოსულან, ყოფილან ისეთებიც, საერთოდ რომ არ ვიცნობ, ბოლო ლექციაზე მოდის თან ქულას მთხოვს. ძალიან ხშირად სამსახურის გამო ვერ ახერხებენ სიარულს. ასეთ შემთხვევაში საშუალებას ვაძლევ, მასალა სხვა ჯგუფთან ერთად ჩამაბაროს. ზოგადად, ქულის მომატების თხოვნით ხშირად მაკითხავენ“, – ამბობს ლექტორი.

მიიჩნევს, რომ სტუდენტებს არ აქვთ გააზრებული უნივერსიტეტის მისია და საკუთარი ვალდებულება. ჯოჯიშვილის თქმით, პრობლემის სათავე სკოლაა, სადაც არ არის კარიერის მრჩეველი, რომელიც მოსწავლეებს პროფესიის არჩევასა და პასუხიმგებლობის გააზრებაში დაეხმარებოდა:

„სტუდენტების დიდი ნაწილი  მინიმალური ზღვარის გადალახვაზეა ორიენტირებული. მათ არ აქვთ გააზრებული, რომ სამომავლოდ მათზე იქნება დამოკიდებული ვიღაცის ბედი, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და განვითარება. ამ პრობლების აღმოფხვრაზე ზრუნვა სკოლიდან უნდა დაიწყოს. სკოლაში არ არსებობს კარიერის მრჩეველი, რომელიც სტუდენტს მისცემს გეზს, როგორ განვითარდეს, დღევანდელი სტუდენტების 75%-მა არ იცის, სად დასაქმდება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. არ აქვთ კონკრეტული მიზანი, რომლის მისაღწევად უნდა იშრომონ. სკოლის ვალია, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს ვალდებულება საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს მენტალიტეტის ბრალია – ყველას სტუდენტობა უნდა, თუმცა არ იციან რა უნდა ისწავლონ და არც ის იციან, სწავლა რომ საჭიროა. ხშირად გამიგია, სტუდენტის მხრიდან,  რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა და უნივერსიტეტში ჩავაბარეო“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ლევან ნატროშვილიც მიიჩნევს, რომ საგნის ჩაბარებაზე ორიენტირებული სტუდენტების დიდი რაოდენობის არსებობა ქართული მენტალიტეტის ბრალია:

„შეფასების დროს მკაცრი არ ვარ, არც ქულის მომატების თხოვნით მაკითხავენ ხშირად. 1-2 შემთხვევა მახსენდება, როცა ნაშრომის გასაჩივრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეტს იმსახურებდა და მოვუმატე.

მე მირჩევნია, სტუდენტები სწავლობდნენ და მაღალ ქულებზე იყვნენ ორიენტირებულნი და არა უბრალოდ საგნის ჩაბარებაზე, თუმცა ასე არაა. ძირითადი ნაწილის მიზანი მინიმალური ქულის აღებაა. მათი ინტერესი სწავლა არაა, ვიღაცის ხათრით სწავლობენ ან უბრალოდ უნდათ, დიპლომი აიღონ. საქართველოში უდიპლომობა სირცხვილად ითვლება, ამ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. არიან სტუდენტებიც, რომლებიც GPA-ს უყურებენ და სტიპენდიისთვის იბრძვიან“, – აცხადებს ლევან ნატროშვილი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაატა შურღაია კი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სტუდენტების დაინტერესება სწავლის მიმართ მცირეა და მათი მხოლოდ 5% იჩენს გაუგებარი მასალის ახსნის მიზნით დამატებითი შეხვედრების ინიციატივას. ქულის მომატების თხოვნით მისულ სტუდენტებს კი იმედგაცრუებულს უშვებს და პირიქით – ქულას აკლებს. შურღაია იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც სტუდენტებს ქულისადმი მონური დამოკიდებულება ჩამოუყალიბა.

„შეთანხმებული თამაშის წესები, რომელსაც სტუდენტებს ვაცნობ, გულისხმობს სანქციას ქულის მომატების თხოვნაზე, რაც გამოიხატება ქულის შემცირებით, ნაცვლად მომატებისა. სალექციო თუ სასემინარო შეხვედრების გარდა, დამატებითი შეხვედრებით დაინტერესება ძალიან მცირეა, ალბათ, არ აჭარბებს სტუდენტების 5 პროცენტს.

„ქულასთან „მიჯაჭვულობა“ განაპირობა ბევრმა მიზეზმა. ყველაზე მთავარი არის ის კრიტერიუმები, რასაც ადგენს საზოგადოება, ბიზნესი და სახელმწიფო. კერძოდ, GPA-ის ოდენობა განაპირობებს სტუდენტის ხარისხობრივ მაჩვენებელს. GPA-ს მაჩვენებლებით იზომება დასაქმების, სწავლის გაგრძელების და ზოგადად კონკურენციის საკითხი, რაც ქმნის ქულის მიმართ მონურ დამოკიდებულას. ვფიქრობ, რომ არ უნდა ხდებოდეს სტუდენტების დაყოფა კლასობრივად (GPA ს მიხედვით). მსგავსი დამოკიდებულება და მიდგომები მეტად გააჯანსაღებს სწავლის პროცესის კულტურას და გარემოს“, – განმარტავს პაატა შურღაია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნელი სიდამონიძე მიიჩნევს, რომ ქულებით დაინტერესება გამართლებულია იმ სტუდენტების მხრიდან, რომლებსაც ცოდნაც აქვთ. ის EDU.ARIS.GE-სთან იმ შემთხვევებსაც იხსენებს, როცა მეგობრები ერთმანეთს ქულებში ეჯიბრებიან:

„ქულების მომატების მიზნით სტუდენტები ხშირად მაკითხავენ. რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, როდესაც აპელაციის დაწერის შემდეგ სტუდენტმა ჩემამდე აღარ გამოგზავნა ნაწერი, მოერიდათ. ე.ი იმდენად სამართლიანად მქონდა ქულა დაწერილი, რომ მომატება ვეღარ მთხოვეს. მაღალი ქულებით განსაკუთრებით ის სტუდენტები არიან დაინტერესებულნი, რომლებიც სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას გეგმავენ, მათ ცოდნაც აქვთ და ეს ჩვეულებრივი ამბავი მგონია. ბავშვები ერთმანეთის ქულებითაც ინტერესდებიან, ახლო მეგობრებს შორისაც კი ხშირად შემიმჩნევია დაპირისპირება და შეჯიბრი ქულების გამო“, – ამბობს სიდამონიძე.

სტუდენტებს შორის უსიამოვნების მიზეზი რომ ქულაც ხშირად გამხდარა, ამას თსუ-ის კურსდამთავრებული ნინი მამაცაშვილიც აღნიშნავს. მისი გამოცდილებით, არც მაღალი ქულები და არც დიდი GPA სამსახურის დაწყების გარანტია არ არის:

„ქულების გამო სტუდენტები ერთმანეთს ხშირად ეჯიბრებიან,  ეს ფარულად ხდება და არა თვალშისაცემად, ხელჩართულ ჩხუბს არავინ წამოიწყებს, თუმცა უსიამოვნება შეიძლება მოჰყვეს. მე ქულებს დიდ ყურადღებას არასდროს ვანიჭებდი, მაგრამ ბევრი სტუდენტი GPA-ის უფრთხილდება, თითქოს ეს სამსახურის დაწყების გარანტია იყოს, თუმცა საქართველოში ასე არაა.

„არასდროს ვსწავლობ მხოლოდ ქულისთვის, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ვთვლიდი, რომ ლექტორმა ქულა დამაკლო და მივსულვარ, რათა აეხსნა, რატომ ეწერა ის ქულა, მას კი ზოგჯერ მოუმატებია“, – ამბობს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

მაღალი GPA-სთვის იბრძვის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ტუმასიანი, რომელიც  ლექტორთან ნაშრომის გადახედვის და ქულის მომატების თხოვნით ხშირად მიდის, რადგან დარწმუნებულია, რომ მეტს იმსახურებდა. მისივე თქმით, სტუდენტების უმრავლესობა მხოლოდ ქულებზეა ორიენტირებული:

“ქულას დიდ ყურადღებას ვანიჭებ, შეფასება და აკადემიური ხარისხი რომ არ მაინტერესებდეს, ცოდნის მიღება სახლშიც შემიძლია. ქულის მომატებაც ბევრჯერ მითხოვია და მხოლოდ მაშინ, როცა ლექტორის არაობიექტურობაში დარწმუნებული ვარ, თუმცა მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც მხოლოდ ნიშნებზეა ორიენტირებული. სინამდვილეში კი, 20-დან 18 სტუდენტი სწორედ ასეთია. მთავარია, ამ ჯერზე „გაძვრნენ“. მათ არ აქვთ გააზრებული, რომ მხოლოდ მაღალი ქულა, GPA უზრუნველი ცხოვრების გარანტიას არ იძლევა. ქულების გამო სტუდენტები ეჯიბრებიან კიდეც ერთმანეთს და ეს სულაც არაა გასაკვირი“, –  ამბობს გიორგი.

ქართველი სტუდენტებისგან განსხვავებით, საფრანგეთის ლილის უნივერსიტეტის სტუდენტებს ქულები საერთოდ არ აინტერესებთ. ამის შესახებ თსუ-ის კურსდამთავრებული, მარიამ მაისურაძე გვიყება, რომელიც სწავლას სწორედ იქ განაგრძობს:

„განსხვავებით საქართველოსგან, აქ სტუდენტების თვითმიზანი მაღალი ქულების აღება არაა. იშვიათად შეხვდებით საკუთარი და მით უმეტეს, სხვისი ქულებით დაინტერესებულ სტუდენტებს. შეფასება აქ წლის ბოლოს ხდება, ლექტორების ჟიურის მიერ, რომელიც იკრიბება და განიხილავს ყველა საგნის შეფასებებს ერთდროულად“, – ამბობს მარიამი.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური