GE

კერძო უნივერსიტეტების დუმილი, რომელიც ყვირის – უმაღლესი განათლების რეფორმა კერძო ბიზნესში ერევა?

უმაღლესი განათლების რეფორმა, მთავრობის მიღებული კონცეფციის შესაბამისად, სრული სვლით მიმდინარეობს. თითქოს ყველა და ყველაფერი დამშვიდდა, აღარც სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გვესმის საუნივერსიტეტო საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი და პრეტენზიები. აბიტურიენტები თუ მათი მშობლებიც, გასული წლების ინერციით, მხოლოდ 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარის დროულ გამოქვეყნებასა და რეგისტრაციის გამოცხადებაზე ჩივიან. საფიქრალი კი, თუ დარგის სპეციალისტებს დავეყრდნობით, არცთუ ცოტა აქვთ, მაგრამ ინფორმირებული არ არიან…

სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უკვე იციან რამდენი სტუდენტის მიღების უფლება ექნებათ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. იციან, რომ უცხოელ სტუდენტებს დადგენილი 5%-ის ზევით ვერ მიიღებენ. ჯერ უცნობია სტუდენტის „უფასოდ სწავლის“ კონტექსტში სახელმწიფო უმაღლესის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები…

და რა იციან კერძო უნივერსიტეტებმა?

საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მისმა მოადგილემ უმაღლესი განათლების მიმართულებით, ზვიად გაბისონიამ სახელმწიფო უნივერსიტეტების ადმინისტრაციებთან არაერთი შეხვედრა გამართეს თბილისსა და რეგიონებში. როგორც პოსტფაქტუმ გამოქვეყნებული ინფორმაციებიდან ვიგებდით, შეხვედრების თემატიკა უმაღლესი განათლების რეფორმას და უკვე გადადგმული, გაკრიტიკებული ნაბიჯების უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ახსნას შეეხებოდა…

კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში მსგავსი გასაჯაროებული შეხვედრა არავის უნახავს. კერძო უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ან რექტორები მხოლოდ იმ პრეზენტაციაზე დავინახეთ, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შრომის ბაზრის კვლევის ანალიზი წარმოადგინა, აქ კი სახელმწიფო უნივერსიტეტებიც მონაწილეობდნენ. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციებს უთხრა, რომ საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზს შესაბამისად, უნივერსიტეტებში ყოველწლიურად სულ 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს, რასაც სამომავლოდ მივიღებთ კიდეც, მაგრამ არა ახლა.

ამ ფონზე, ექნებათ თუ არა წელს კერძო უნივერსიტეტებს შესაძლებლობა, უკვე აკრედიტებულ ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე იმდენი ქართველი სტუდენტი მიიღონ, როგორც ეს გასულ წლებში იყო და როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, ამაზე ისინი არ საუბრობენ.

EDU.ARIS.GE-სთვის კი ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ამოქმედების შემდეგ, კერძო უნივერსიტეტებში ქართულენოვანი სტუდენტების მიღება რაოდენობრივად მკვეთრად იზღუდება და ყველა კერძო უმაღლესისთვის სულ რამდენიმე ათას ქართულენოვან პირველკურსელ სტუდენტზეა საუბარი. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სულ 4000 ათასი ადიგილია განსაზღვრული, კერძო უნივერსიტეტი კი საქართველოში 45 გვაქვს (საქსტატის მონაცემები 2025-2026).

კითხვები არაერთია:

არღვევს თუ არა ამით სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტრუქტურას? ერევა თუ არა ის კერძო საგანმანათლებლო ბიზნესში ასეთი ფორმით? ელიან თუ არა უნივერსიტეტები უცხოელების ხარჯზე ქართულენოვანი სტუდენტების კლების დაბალანსებას და რამდენად იმოქმედებს ეს მათი საგანმანათლებლო დაწესებულების იმიჯზე საქართველოში? – ამ საკითხებზე კერძო უნივერსიტეტებს საუბარი არ სურთ. შესაძლოა იმიტომ, რომ მოლაპარაკებები უნივერსიტეტებსა და სახელმწიფოს შორის, ვის რამდენი შეხვდება დასახელებული რამდენიმე ათასიდან, ჯერ ისევ გრძელდება და თითოეული საგანმანათლებლო ბიზნესი ამ ხმამაღალი დუმილით სათავისო შედეგს ელის…

საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ასეთი ქცევა უფრო საკუთარ თავზე და ბიზნესზე ზრუნვას ადასტურებს თუ სტუდენტებზე, თავად განსაზღვრეთ…

მით უფრო, რომ ისიც უცნობი და გაურკვეველია, რა მექანიზმით შეიძლება შეივსონ კერძო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტების კვოტები, და შესაბამისად ფინანსები ისე, რომ მათი ბიზნესი კვლავ მოგებული დარჩეს. იქნებ უცხოელების მიღების მხრივ უკვე ძალიან შეზღუდული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი „აჩუქებს“ საკუთარ, უკვე მოზიდულ უცხოელებს, თუ რამე სხვა მიდგომა იქნება?! ნამდვილ სიგიჟედ ჟღერს, არა? განა ასეთივე გიჟური რეალობა არ არის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს რომ მოპოვებული უცხოელი სტუდენტების მიღება აუკრძალეს, გარდა ხუთი პროცენტისა?

EDU.ARIS.GE-მ უპირატესად სწორედ სტატიის პირველ ნაწილში დასმული კითხვებით მიმართა საქართველოში ავტორიზებულ ექვს კერძო უნივერსიტეტს: კავკასიის უნივერსიტეტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს (ამ უკანასკნელში სწავლება მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობს და ბალანსი უცხოელი სტუდენტებით, ალბათ, ვერც მოხერხდება).

ჩვენ პასუხად ექვსი მდუმარე უნივერსიტეტი მივიღეთ. ზოგიერთი სიჩუმის განმარტებასაც შეეცადა, მათ შორის ინფორმაციების არქონაც დაასახელეს და edu.aris.ge-სთან თანამშრომლობის სურვილის არქონაც.

ცხადია, კითხვები დავუსვით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაც.
მიიღებენ თუ არა აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად განსაზღვრული რაოდენობის ქართულენოვან, ასევე უცხოელ პირველკურსელებს კერძო უნივერსიტეტები, როგორც ეს გასულ წლებში ხორციელდებოდა, გივი მიქანაძის უწყება პასუხს აგვიანებს.

იმიტომ ხომ არა, რომ თუკი სამინისტრო დაადასტურებს კერძო უნივერსიტეტების შეზღუდვას ქართულენოვან სტუდენტებზე, ამით ბიზნესში ჩარევა დადასტურდება. ხოლო თუ იტყვის, რომ ყველაფერი ძველებურად რჩება, შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რომელიც თავადვე დააწესეს უნივერსიტეტში ჩარიცხვების ბარიერად, უპირობოდ აცდება.

და რა გავლენა ექნება ზემოთქმულს ერთ კონკრეტულ აბიტურიენტზე? – თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა უფასოა და იქ ყველა ვერ ჩაირიცხება, რა გამოდის, კერძოში წასვლის პერსპექტივასაც ვზღუდავთ? ან იქნებ არც ვზღუდავთ და უკვე გაცხადებული ჭარბი პროფილის სტუდენტებით ვბერავთ კერძო უნივერსიტეტებს, ამით ხომ შრომის ბაზრის კვლევა, უფრო სწორედ ანალიზი, ისევ გვერდით ჩაგვივლის?

ჩვენ ნებისმიერ დროს მოთმინებით ველით მდუმარე კერძო უნივერსიტეტების ხმას და გივი მიქანაძის უწყების განმარტებას, რომელსაც შეუძლია ნათელი შეიტანოს ამ სიბნელეში.

ასევე იხილეთ:

„შეუძლებელია, ეს შრომის ბაზარს ეკარნახა“ – არგუმენტები უნივერსიტეტებში პროგრამების განაწილებაზე განათლების მკვლევრისგან

აბიტურიენტის მშობელი: „ნაკუწ-ნაკუწ გადმოგდებული სიახლეებით უკვე ირკვევა, რომ პირადად ჩემს ოჯახს სწავლის გადასახადი უძვირდება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური