GE

„დისკუსია“, „დებატები“ და არარსებული განათლების რეფორმის კონცეფცია!

ავტორი: ზურაბ ცუცქირიძე; პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; სტატია მომზადებულია EDU.ARIS.GE-ს პროექტის – „ჩემი სათქმელი განათლებაზე“ ფარგლებში.

განათლების სისტემის (როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე უმაღლესი პროფესიული განათლების) კრიზისზე არაერთხელ გამომითქვამს ღრმა შეშფოთება და შიშიც კი ამ ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში, როგორც პრესაში, ისე საჯარო გამოსვლებისას. 1997 წელს, როდესაც გამოიცა „ცნობარი“ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების შესახებ, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ინსტიტუტებთან ერთად, დასახელებული იყო 240 (ორასორმოცი!) არასახელმწიფო უნივერსიტეტი და ინსტიტუტი, ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში „ვიწინასწარმეტყველე“ _ მალე საქართველოში უმაღლესი განათლების დიპლომს ჩალის ფასიც აღარ ექნება-მეთქი. ამგვარ „წინასწარმეტყველებას“ ნათელმხილველობის ნიჭი არ სჭირდებოდა. ამისათვის საკმარისი იყო განათლების მეცნიერების ზერელე ცოდნაც კი და ელემენტარული დაკვირვების უნარი.

ისე აუხდა ჩვენს მტერს ის „წინასწარმეტყველება“, როგორც ჩვენ აგვიხდა! მალე ჩვენში ყველა „დიპლომიანი“ გახდა, ხოლო კვალიფიციური კალატოზი და დურგალი, ხარატი და ზეინკალი, მემონტაჟე და შემდუღებელი, ავტოშემკეთებელი და პარკეტის დამგები სანთლით საძებარი გახდა! სამაგიეროდ გამრავლდნენ უმაღლესი განათლების დიპლომიანი და სამეცნიერო ხარისხის მქონე ტაქსის შოფრები… (მძღოლები კი არა, შოფრები! შოფერი ფრანგული სიტყვაა და ავტომანქანის მართვის მცოდნეს ნიშნავს!).

2011, თუ 2012 წელს, ისე, რომ არავის დაუვალებია, ჩავატარე პატარა გამოკვლევა სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთან. თბილისის სკოლების ორასზე მეტი მოსწავლე გამოვკითხე. ერთადერთი შეკითხვა დავუსვი მათ: „რას აპირებთ სკოლის დამთავრების შემდეგ?“ ფირმაში წასვლასო, _ მიპასუხა გამოკითხულთა 82-მა (ოთხმოცდაორმა!) პროცენტმა. („ფირმა“ მათ ენაზე განვითარებულ ევროპულ ქვეყანას ნიშნავს).

აი, მაშინ გამოვაქვეყნე დიდი გულისტკივილით გაჟღენთილი წერილი, სადაც ერთი დასკვნა გავაკეთე: ქართული განათლების სისტემა განათლების კი არა, დაბნელების სისტემად გადაიქცა-მეთქი.

ასეთი განცხადება „თავხედობის“ ელემენტებსაც ჭარბად შეიცავდა და მივიღე კიდეც „ხორკლიანი“ საყვედურები, ხოლო, როდესაც საქართველოს პედაგოგიკის აკადემია დავტოვე და საგაზეთო სტატიაში, რომლის სათაური იყო „პედაგოგიკის მკვლელობა“, იმით გავამართლე ჩემი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში პედაგოგიკას, როგორც მეცნიერებას კლავენ-მეთქი, ისეთი ადამიანების რისხვა დავიმსახურე, რომელსაც სწორედ მათგან არ მოველოდი.

ახლა მინდა მივმართო მათ, ვინც მანამდე მეგობრად მთვლიდნენ და მას შემდეგ ჩემს სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობენ: პედაგოგიკის მეცნიერება მკვდარი რომ არ იყოს ჩვენში, განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის შემუშავებას პოლიციის პოლკოვნიკებს კი არ შეუკვეთავდნენ, ხოლო რა „კონცეფცია“ შეიმუშავეს მათ, თვითონ განსაჯეთ, ღვთის მადლით, განსჯის უნარი თუ შეგრჩათ!

არ იფიქროთ, რომ იმათგან, ვისაც ახლა მივმართე, რაიმე პასუხს ველოდები, ეს ისე, რიტორიკული მიმართვაა…

ტელევიზიიდან, ამ ცოტა ხნის წინ, ის რომ გავიგე, ჩვენი ხელისუფლება განათლების სისტემის რეფორმას აპირებს-მეთქი, ვიფიქრე, ბარაქალა, ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვედრილა ხელისუფლება, რომ საქართველოს აღორძინება მხოლოდ განათლების სისტემის აღდგენით შეიძლება დაიწყოს-მეთქი, თორემ იერუსალიმის მასონური დროშების ფრიალი სასიკეთოს ვერაფერს მოუტანს ვერც ხელისუფლებას და ვერც ოპოზიციას, ანუ ქართველ ხალხსა და მის სახელმწიფოს.

„კონცეფცია“ ბეჭდურ პრესაში არ გამოქვეყნებულა, მხოლოდ პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის სატელევიზიო გამოსვლებში თუ ამოვიკითხავდი რაიმეს, ან საგაზეთო ჟურნალისტური ინფორმაციის მიხედვით ვივარაუდებდი რაღაცას, მაგრამ „კონცეფციის“ შესახებ ვარაუდებითა თუ მინიშნებებით მსჯელობა ისეთივე უაზრობაა, როგორც ღვინის შესახებ სხვისი მონაყოლით დასკვნების გაკეთება. ვერც გავაკეთე, მაგრამ ეჭვი კი შემიჩნდა, განათლების სამინისტროს, ალბათ, ის ჰგონია „კონცეფცია“, რასაც ტელევიზიით ლაპარაკობენ-მეთქი.

მე სოციალური ქსელების მომხმარებელი არ ვარ, რადგან იქ გამოქვეყნებული ინფორმაცია ჩემთვის საყურადღებო და საიმედო მასალას არ წარმოადგენს. რატომ, იცით? იმიტომ, რომ სოციალურ ქსელებს, ძირითადად, ის ადამიანები იყენებენ საკუთარი, თუ კოლექტიური მოსაზრებების გამოსაქვეყნებლად, რომელთა დიდმა ნაწილმა ქართული ანბანის ოცდაცამეტი ასო იცის და თავი მეცნიერი, მწერალი, ან, უკიდურეს შემთხვევაში, პუბლიცისტი მაინც ჰგონია და თანაც იმის შანსი აქვს, რომ თუ თავისი უვიცობის გამო რაიმე თავისმომჭრელ შეცდომას დაუშვებს, შეუძლია მარტივად წაშალოს თავისი ნაბჟუტურევი მთლიანად, ან ნაწილობრივ (აქ იმ რანგის კალმოსნებს არ ვგულისხმობ, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი რომ არის, მაგრამ მისთანანი იქ სანთლით საძებარია!). ბეჭდურ მედიაში რაც დაიბეჭდება, იმას ნაჯახითაც ვერ ამოჭრი.

იმის შემდეგ, რაც პრემიერი და მისი განათლების მინისტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოლექტივს შეხვდნენ, რის შემდეგაც პრემიერმა გამოაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ მოხდება, მაგრამ რეფორმის კონცეფციაზე დებატები ღია სატელევიზიო ეთერში მაინც გაიმართებაო, ვიფიქრე, ახლა კი გავიგებ, რა წერია იმ „კონცეფციაში“, რომლის მიხედვითაც საგანმანათლებლო რეფორმის განხორციელებას აპირებენ-მეთქი.

დაანონსებული სატელევიზიო შეხვედრა მართლა შედგა. ცალ მხარეს ისხდნენ პრემიერი ირაკლი კობახიძე და საქართველოს განათლების მინისტრი გიორგი მიქანაძე, მეორე მხარეს მათი ოპონენტები _ ორი ქალბატონი და ორი მამაკაცი. ისე, კი გამიკვირდა, საგანმანათლებლო რეფორმის კონცეფციის განხილვაში საპაექროდ პრემიერ-მინისტრი რატომ მოვიდა-მეთქი, მით უფრო, რამდენადაც ვიცი, იგი ერთობ განათლებული იურისტია, მაგრამ განათლების თეორიასა და პრაქტიკაში მისი გვარი არსად შემხვედრია. არც გიორგი მიქანაძის გვარ-სახელი შემხვედრია განათლების დარგის ცნობილ სპეციალისტთა შორის, მაგრამ ბოლო ათწლეულებში იმდენი სანტექნიკოსი, ციხის ზედამხედველი, ნაპროკურორალი, ნაბუღალტრალი იყო განათლების მინისტრის პოსტზე, რომ რაღა მიქანაძის გვარი გამიკვირდებოდა, თანაც იგი, ნამდვილად უნდა ყოფილიყო ძირითადი სარეფორმო დოკუმენტის განხილვაზე.

იმ ოთხ ოპონენტს შორის ერთი ქალბატონი მგონი ილიაუნის(!), ანუ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორია, რომელიც იმით მახსოვდა, რომ ოპოზიციის მიტინგებს არ აცდენდა, თურმე; დანარჩენი ორი არ ვიცოდი, „რა მოხელე ჩიქვანები“ იყვნენ განათლებაში, მხოლოდ ერთს ვიცნობდი კარგად (ასე მეგონა, იმ სატელევიზიო შეხვედრამდე!), სიმონ ჯანაშიას. ამ ოთხი ათეული წლის წინ სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალის „სკოლა და ცხოვრების“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ ვმუშაობდი, პარალელურად იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ერთ შენობაში იყო ორივე!) და ამიტომ, ხშირად მიხდებოდა ყოფნა განათლების სამინისტროში. სწორედ იქ გავაცანი ერთობ განათლებული ნიჭიერი და ერუდირებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც დიდი სიმონ ჯანაშიას შვილიშვილია. იმედი მომეცა, ახლა კი გავიგებ ბოლოსდაბოლოს რა წერია აქ განსახილველ „კონცეფციაში“ და რა მეცნიერულ ღირებულებას წარმოადგენს-მეთქი იგი.

საუბარი ბატონმა პრემიერმა დაიწყო. მან ილაპარაკა განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე, რადგან ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი განათლების მიღებისათვის სათანადო პირობების შექმნა, რათა ჩვენთან მომზადებული კადრები კონკურენტუნარიანები იყვნენო. „კონცეფციაში“ ჩვენ წარმოვადგინეთ შვიდი გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშე დგას და მიგვაჩნია, რომ ამ გამოწვევებთან გამკლავებაზე დამოკიდებულია ჩვენი წარმატებაო. თქვენ მოგიწვიეთ საიმისოდ, რომ ვიმსჯელოთ და ვიპაექროთ იმაზე, რა საჭირო და სასარგებლო შესწორებები შევიტანოთ ამ კონცეფციაში და რაზე შეიძლება კონსენსუსის მიღწევაო.

ამის შემდეგ ოპონენტებმა, ანუ კონცეფციის „პატრონებთან“ მოპაექრებმა დაიწყეს ლაპარაკი. პირველი სიტყვა ილიაუნის (ვავა ჩქიმ ცოდა!), როგორც ყური მოვკარი, რექტორმა, დობორჯგინიძემ დაიწყო ლაპარაკი. კონცეფცია არ უხსენებია, ალბათ, არც იცოდა რა იყო (ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა!), მაგრამ ის კი გავიგონე _ ამ სამგვერდიან ფურცელზე რა კვლევის შედეგები წარმოადგინეთო, ნეტავი. მერე ერთი შედარებით ახალგაზრდა ქალი ჩაერთო, რომელსაც პრემიერმა ექსპერტი უწოდა და ბევრიც ილაპარაკა, ხელისუფლებას ბევრი ნამოქმედარი დაუწუნა, მაგრამ ვერც მისგან გავიგე რამე განათლების კონცეფციაზე. მერე ჯერი ჩემს ძველ ნაცნობ და ნაქებარ სიმონ ჯანაშიაზე მიდგა. მან ჩანთა გახსნა… და შვებით ამოვისუნთქე, ახლა დააძრობს კონცეფციის ტექსტს და ბოლოსდაბოლოს გავიგებ ამ იდუმალებით მოცული „განათლების კონცეფციის“ ტექსტს და სიმონ ჯანაშიას მსჯელობიდან აუცილებლად მივხვდები მის ღირსება-ნაკლოვანებებს-მეთქი. ეს ჩემთვის ადვილია, რადგან განათლების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაგმენტებიდანაც მივხვდები, რა ძირითად საგანმანათლებლო იდეოლოგიას ეფუძნება იგი.

ბატონმა სიმონმა „კონცეფციის“ ნაცვლად ჩანთიდან რა ამოიღო იცით? გადიდებული ფოტოსურათების დასტა და გვითხრა: ეს არის მშვიდობიან მიტინგზე, ძირითადად ტროტუარებზე მდგომი ჩვენი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ჟურნალისტები და მისთანანი, რომლებიც ამ ხელისუფლებამ დააპატიმრა და ახლა საპყრობილეში ელიან განაჩენსო… ყველაფერს მოველოდი ამ ე. წ. დებატებში, ანუ დისკუსიაში, მაგრამ ამ კაცისაგან აქ ამგვარი განცხადებით გამოსვლას არა! აქ პრემიერსა და ბატონ სიმონს (იგივე სიკოს) შორის პატარა, სრულიად უსაგნო შეკამათება შედგა. არ ღირს, მაგრამ ვიტყვი მაინც: პრემიერმა რომელიღაც კონტექსტში „დებატები“ და „დისკუსია“ ერთი და იმავე მნიშვნელობით იხმარა, ბატონმა სიმონმა ამაზე ჩვენს გასაგონად თქვა: ამ ბატონებმა „დებატებისა“ და „დისკუსიის“ შინაარსი არ იციან და ერთი და იგივე ჰგონიათო.

მე პრემიერის ადვოკატობას არ ვაპირებ. იგი იურისტია და ადვოკატობა სწორედ მისი პროფესიაა, მაგრამ იმათთვის, ვინც არ იცის ეს, პრემიერის მაგივრად, თუნდაც საწყენად დარჩეს მას, განვმარტავ: „დებატები“ და „დისკუსია“ ზუსტად ერთნაირი შინაარსისაა, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ „დებატები“ ფრანგული ტერმინია, ხოლო „დისკუსია“ _ ლათინური და ორივე გამოიყენება, როგორც საერთაშორისო მოხმარების ცნება. ისე, რომ სიმონ ჯანაშიასა და ირაკლი კობახიძეს შორის ამ ცნება-ტერმინის შინაარსზე დებატები, ანუ დისკუსია არ შედგა.

სამაგიეროდ კამათი (აი, ეს კი წმინდაწყლის ქართული სიტყვაა!) კი მწვავედ წარიმართა. ბატონი პრემიერი საყვედურობდა ოპონენტებს, რომ თქვენ არცერთი არგუმენტი არ წარმოგიდგენიათ, მხოლოდ დასკვნები (უარყოფითი, ცხადია!) გაგვაცანითო, ჩვენ კი იმიტომ მოგიწვიეთ, რომ აქ რაიმე არგუმენტი მაინც წარმოგედგინათ იმისა, თუ რას უწუნებთ ჩვენს მიერ შემუშავებულ კონცეფციასო. ოპონენტები მაინც საკუთარ პოზიციებზე დარჩნენ, ხელისუფლების მხარეც არ ცვლიდა პირველ ჩვენებას.

ამ კამათს რომ ვუცქერდი, ვ. მაიაკოვსკის ერთი საბავშვო ლექსის ფრაგმენტი გამახსენდა, რასაც აქვე მოვიტან, საინტერესოა ამ სიტუაციაში და იმიტომ. ლექსს ჰქვია „დაბნეული კაცი“. აი, ეს ფრაგმენტი:

„დილით ადრე კაცმა,
იწყო ტანზე ჩაცმა,
არ მოერგო პალტო,
წყევლის პალტოს პატრონს
და არ მოსდის თავში
რომ პალტოა ბავშვის“.

აი, ასე იყო აქაც. ბატონ პრემიერს (რატომ იყო იქ, მაინც ვერ გავიგე!) და მის განათლების მინისტრს, პოლიციის პოლკოვნიკს გიორგი მიქანაძეს „კონცეფცია“ არ ჰქონდათ მაგიდაზე (მგონი, არც ჯიბეში!), რაც ოპონენტებმა არ იცოდნენ. მათ, ანუ „კონცეფციოლოგებს“ ჰქონდათ სურვილები, რომ უნდათ კარგი და ეფექტიანი განათლების სისტემა (მადლობა მათ ამისათვის!) და ეს სურვილები მათ დაულაგებიათ შვიდ ე. წ. გამოწვევაში.

ახლა ორივე მხარისა და ბევრი სხვის გასაგონად ვამბობ: ოდესღაც, მასუკან რაც ენის პალატა ჩაკლეს და ქართულ ენას ოფიციალურ დონეზე პატრონი აღარ ჰყავს, ვიღაცამ რუსული ტერმინი „вызов“ თარგმნა როგორც „გამოწვევა“. რუსულ ენაში „вызов“ პრობლემის, სიძნელის, გადასაჭრელი ამოცანის შინაარსის არის. ქართულად „გამოწვევის“ შინაარსი ბებიაჩემს ოლღა არევაძესაც კარგად ესმოდა, თუმცა წერა-კითხვა არ იცოდა და ამით ხანდახან ტრაბახობდა კიდეც (ახლა, ვფიქრობ, მართალი ყოფილა ის ცხონებული!). შეიძლება ბიჭმა გოგო გამოიწვიოს საცეკვაოდ, ბიჭმა ბიჭი გამოიწვიოს საჭიდაოდ ან საჩხუბრად, პეტრემ პავლე გამოიწვიოს კამათში, უღირსი დეპუტატი შეიძლება მისმა ამომრჩევლებმა გამოიწვიონ პარლამენტიდან. რა შუაშია აქ განათლების სისტემის წინაშე მდგომი პრობლემები, სიძნელეები თუ ამოცანები?

ეს, ისე, ქართული ენის ცოდნის გავრცელების სურვილით!

ახლა ისევ „პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ!“ „გამოწვევა“ კონცეფციასთან დაკავშირებით რომ არაფერს ნიშნავს, ეს არც ოპონენტებმა იცოდნენ, ამიტომ ვერც არგუმენტები ექნებოდათ, ცხადია. მე მხოლოდ სიმონ ჯანაშიასაგან გამიკვირდა ეს, მაგრამ მას მაინც მოვუნახე გამართლება.

იმ ცნობილი ე. წ. „დებატების“ (უფრო სწორად, კამათის) შემდეგ გავიგე, რომ ის ჩემი ნაცნობი კაცი ახლახან დაარსებულ პარტიაში, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ჰქვია და მისი დამაარსებელი და ბელადი ჩემი მოგვარე აღმოჩნდა, ე, იქ შესულა და მისი მეტამორფოზის მიზეზიც ეს არის, ალბათ. იმ ჩემს მოგვარეს რაღა დაემართა, ნეტავი, პარტიას თუ ქმნიდა, რაღა „თავისუფლების მოედანს“ არქმევდა, ცხონებული ბებიაჩემი ოლღა არევაძე გვარიგებდა ხოლმე, იცოდეთო, გიჟი თავისუფალიაო, არა და მოედანზე ერთად თავმოყრილი პარტიელები რა სანახავები იქნებიან, ჰა! იმ დალოცვილისშვილს „გმირთა მოედანი“ დაერქმია, არ სჯობდა? მაგრამ ბელადია და იფიქრა, ალბათ. ეს მოედანი რომ გაავსონ, იმდენი გმირობის მოწადინე სად უნდა შევკრიბოო.

ეს, რაც ახლა გითხარით, მართლა ანეკდოტი კი არ არის, იგავ-არაკია, აი, იმ ტიპისა სულხან-საბამ რომ შეკრიბა თავის წიგნში და ამ წიგნს გენიალური სახელი რომ დაარქვა _ „სიბრძნე სიცრუისა“. სიცრუის სიბრძნეს ვინც ჩასწვდება, კონცეფციის არსსა და დანიშნულებასაც გაიგებს მაშინ!

P.S. ეს წერილი დაწერილი მქონდა, როდესაც ტელევიზიით განათლების მინისტრის, პოლიციის პოლკოვნიკის გამოსვლა-განცხადება მოვისმინე და საბოლოოდ დავრწმუნდი არავითარი განათლების კონცეფცია ჩვენს „განათლების“ სამინისტროს არ გააჩნია და არც ის იცის ვინმემ იმ შენობაში, კონცეფცია რა არის საერთოდ!

გეცოდინებათ, მაგრამ მაინც გავიმეორებ პოლკოვნიკი მინისტრის ნათქვამს: ბატონი პრემიერის ინიციატივით (თუ რჩევითო) გადავწყვიტეთ მიმდინარე წელს, სკოლის პირველ კლასში მივიღებთ არა მარტო იმ ბავშვებს, რომლებსაც ექვსი წლის ასაკი უსრულდებათ თხუთმეტი სექტემბრის ჩათვლით, არამედ ყველას, ვისაც ექვსი წელი უსრულდება მიმდინარე წლის ოცდათერთმეტ დეკემბერსო.

ვაშაა! _ ვიყვირე ამის გამგონემ, მართალია არც კონცეფცია გაქვთ და არც ის იცით „კონცეფცია“ რას ნიშნავს, მაგრამ ვიღაცის ჭკვიანური აზრი რომ გაგითვალისწინებიათ, ყოჩაღ თქვენ-მეთქი. ეს იყო და „განმინის“ (განათლების მინისტრის!) მომდევნო განცხადებამ ისევ მათ შესახებ ჩემს ძველ შეხედულებასთან დამაბრუნა. ეს ჩვენი გადაწყვეტილებაო, _ მინისტრმა, _ ერთჯერადია, მხოლოდ წელს შესრულდება, რადგან მშობლების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინეთო. რა ინტერესები იყო ასეთი, ნეტავი?

თქვენ თუ წარმოდგენა გაქვთ სწავლისათვის ბავშვის მზაობა რა არის, მაშინ ამიხსენით 15 სექტემბერს დაბადებულ ბავშვს სწავლის მზაობა აქვს, ხოლო მასზე ერთი დღით გვიან დაბადებულს _ ანუ 16 სექტემბერს დაბადებულს არა? შეიძლება 15 სექტემბრის 23 საათსა და 50 წუთზე დაიბადა ბავშვი, ხოლო მისი ტყუპისცალი კი 15 წუთით გვიან ანუ 16 სექტემბერს, ერთს მიიღებთ სკოლაში და მეორეს არა? ვავა ჩქიმ, თუ სკან ცოდა!

თქვენ არაფერს კითხულობთ, რაც უკანასკნელ ხანს გამოქვეყნდა გაზეთებში განათლების კონცეფციასთან დაკავშირებით, თორემ გეცოდინებოდათ რომ ექვსწლიან ბავშვთა სწავლისათვის მზაობის პრობლემა ქართველ პედაგოგ-მეცნიერთა და ფსიქოლოგიის ცნობილ სპეციალისტთა ჯგუფმა სამი წლის განმავლობაში იკვლიეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ორასზე მეტ სკოლაში და დაადგინეს: ექვსწლიანების სკოლაში მიღებისათვის მზაობა დადასტურებულიაო. საამისოდ შესაბამისი მეთოდიკაც შემუშავდა და გამოიცა უამრავი მასალა ექვსწლიანთა სასკოლო სწავლების შესახებ. ის კი არავის უთქვამს 1 სექტემბერს დაბადებულ ბავშვს აქვს სწავლის მზაობა, ხოლო იმავე წლის 2 სექტემბერს არაო. ამნაირი სისულელე მეცნიერებს აზრად არ მოუვიდოდათ. ამიტომ სკოლაში იღებდნენ ერთსა და იმავე წელს დაბადებულ ყველა ბავშვს.

ის რომ იცოდეთ, რას ნიშნავს სწავლისათვის ინტელექტუალური, ფიზიკური და სოციალური მზაობა, ისიც გეცოდინებოდათ, რომ ბევრ ზრდასრულსაც არ აქვს იგი, მაგრამ რომ ვაკვირდები ამ ბოლო წლებში, ამნაირი „ზრდასრულები“ დიდ-დიდ თანამდებობებზეც სხედან და სამეცნიერო ხარისხებიც აქვთ.

ისე ვურჩევ ყველას, სწავლა-განათლებასა და აღზრდაზე კომპეტენტური აზრი რომ გქონდეს, განათლების მეცნიერება ანუ პედაგოგიკა და პედაგოგიური ფსიქოლოგია უნდა იცოდეთ, პედაგოგიკა (ანუ განათლების მეცნიერება!) ინტეგრირებული მეცნიერებაა, რომელიც მოიცავს ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის, სოციოლოგიის, ანატომიის, მედიცინისა და იურისპრუდენციის ცოდნის იმ ნაწილს მაინც, რაც პედაგოგიური დასკვნების ფუნდამენტური საფუძველი და საყრდენებია. „მინდა“ და „უნდას“ პედაგოგიკა არასოდეს ყოფილა სწავლა-აღზრდის საიმედო „თეორია“.

ამაზე მეტს, ამ პატარა წერილში, ვერაფერს გეტყვით. ერთს კი დავძენ: განათლების სისტემას ტყუილად კი არ ჰქვია „სისტემა“! სისტემა გარკვეული ელემენტების კანონზომიერი ერთიანობაა და მასში ერთი ელემენტის ამოგდება, ან მიმატება მას სხვა თვისებრიობის სისტემად აქცევს. ყველასათვის გასაგები რომ იყოს, უმარტივეს მაგალითს მოვიტან: შაქრის ჭარხლის მოლეკულა (რაც სისტემაა!) და ყურძნის შაქრის მოლეკულა სხვადასხვა რაოდენობის ატომების ერთიანობაა, ამიტომ ერთი სახაროზაა, მეორე კი გლუკოზა. ამიტომ ჩვენი ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემა თერთმეტწლიანი, ან თორმეტწლიანი იქნებაო, სრული აბსურდია! სკოლა შეიძლება იყოს ათწლიანი, თერთმეტწლიანი, თორმეტწლიანი, ამაზე მეტი ან ნაკლებწლიანი, მაგრამ ის იდეა, რომ სკოლა თერთმეტწლიანია, მაგრამ თუ მსურველები იქნებიან, მათთვის შეიძლება თორმეტწლიანი იყოსო, არა მგონია ჯანსაღი გონების მოფიქრებული იყოს!

როგორი სკოლაც აქვს ქვეყანას დღეს, ისეთი იქნება ის ქვეყანა ხვალ! ბრძენი კლასიკოსის ნათქვამია ეს. ახლანდელი „უკონცეფციო“ განათლების სისტემა დასაღუპად არის განწირული!

მე არც ოპოზიციონერი ვარ, არც რომელიმე პარტიის წევრი. ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პარტიის ინტერესები, მათ შორის მმართველი პარტიისაც. ეროვნული ინტერესები პატრიოტთა ქცევებზეა დამოკიდებული, ყველაზე საიმედო პატრიოტობა კი მაღალი პროფესიონალიზმია. არ დავიღლები ამ ყველაზე მარტივი, მაგრამ ყველაზე ბრძნული შეგონებით: „რომ აშენო, უნდა იცოდე. რომ იცოდე, უნდა ისწავლო!“

ზურაბ ცუცქირიძე,

განათლების მეცნიერების მსახური
მრავალი წლის განმავლობაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური