GE

„სახელმწიფო არღვევს საკუთარ კანონმდებლობას და აცხადებს, რომ ამას განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აკეთებს!“ – ქეთევან ჭკუასელის ანალიზი

ავტორი: ქეთევან ჭკუასელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი; სტატია მომზადებულია EDU.ARIS.GE-ს პროექტის – „ჩემი სათქმელი განათლებაზე“ ფარგლებში.

განათლების სისტემის რეფორმაზე მსჯელობა შეუძლებელია გარკვეული საკითხების კარგად გააზრების გარეშე, კერძოდ, რა არის განათლების არსი და როგორია მისი მნიშვნელობა ადამიანის და საზოგადოების განვითარებისთვის. მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნები უდიდეს რესურსებს დებენ განათლებაში, რათა საბაზო განათლება საყოველთაო და სავალდებულო გახდეს, ხოლო ზოგად განათლებას სრულად აფინანსებენ. ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები უმაღლეს განათლებასაც აფინანსებენ და, ცხადია, რომ ამის მიზეზი არის ის სოციალური, ეკონომიკური და ღირებულებითი სარგებელი, რომელიც განათლებულ საზოგადოებას მოაქვს.

ზოგადი გაგებით განათლება ცოდნის შეძენის პროცესი და შედეგია. ნათელია, რომ სწორედ შედეგია ის მახასიათებელი, რაზეც მსოფლიოს საზოგადოება ორიენტაციას აკეთებს. შედეგი კი თავისუფალი პიროვნების, მოქალაქის ფორმირებაა, ადამიანის ინტელექტუალური, ემოციური და სოციალური განვითარებაა, იმ უნარების ფორმირებაა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის სოციუმში არსებობას და თავად ამ სოციუმის განვითარების პირობებს. სწორედ განათლება ქმნის ადამიანს ადამიანად, თავისუფალ, აქტიურ, შემოქმედ პიროვნებად, რომელიც არის მეცნიერებისა და კულტურის, საზოგადოების განვითარების საფუძველი. სწორედ ამიტომ განათლებისა და სწავლების პროცესების ხარისხიანად წარმართვა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ინტერესის და პრიორიტეტების სფეროში შედის.

ამგვარი ხედვის საფუძველზე, ცხადია, დგება საკითხი, თუ როგორია საქართველოში განათლების პოლიტიკა, კერძოდ, როგორ ხედავს ხელისუფლება განათლების უწყვეტი სისტემის – სკოლამდელი აღზრდიდან უმაღლესი და ზრდასრულთა განათლების ჩათვლით – ფუნქციონირების საკითხს, როგორია ბმა სისტემის რგოლებს შორის როგორც განათლების მიზნის, ისე შინაარსისა და მოწყობის თვალსაზრისით. განათლების სისტემის ამგვარ რგოლებად დაყოფას თავისი მიზეზები აქვს: ისინი კვალდაკვალ მისდევს თავად ადამიანის ფიზიკური და ფსიქოსოციალური განვითარების დინამიკას ადრეული ბავშვობიდან ზრდასრულობამდე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ხედავს სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი განათლების სისტემის რეფორმა, ერთი მხრივ, მოსწავლის ასაკობრივი შესაძლებლობების შესაბამისობას ზოგადი განათლების მიზანსა და შინაარსთან და, მეორე მხრივ, ზოგადი განათლების მიზნისა და შინაარსის ბმას უმაღლესი განათლების მიზანსა და შინაარსთან, სტუდენტის ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

საქართველოში 2024 წელს შემუშავებულ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების (პოლიტიკის ნაწილი) დოკუმენტში ვკითხულობთ – „სკოლამ, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს ისეთი მოქალაქის აღზრდა, რომელიც უპასუხებს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყაროს გამოწვევებს“, ხოლო პრიორიტეტები, რომლებსაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ეფუძნება, შემდეგია: „ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და გადაცემის უზრუნველყოფა; სახელმწიფო ენის, კულტურისა და ისტორიის ღრმა ცოდნა და პატივისცემა; კულტურული მრავალფეროვნების აღქმა, პატივისცემა და ინტეგრაციის უნარი გლობალური სივრცის პირობებში; სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი ცნობიერების მქონე პიროვნების ჩამოყალიბება, რომელსაც გათავისებული აქვს როგორც უფლებები, ისე პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე; საკვანძო კომპეტენციებისა და უნარების განვითარება, რაც გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, კომუნიკაციას, პრობლემის გადაჭრის უნარსა და შემოქმედებითობას; მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების ხელშეწყობა – ემოციური ინტელექტის, თანამშრომლობის უნარისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განმტკიცება; ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება“.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის მიხედვით, ქართველი მოზარდი 17 წლის ასაკში (შედის, როგორც წესი, 6 წლის ასაკში და სწავლობს 11 წელი) ასრულებს სკოლას. და, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო, მე-11 კლასი ე.წ. „რეპეტიტორიუმი“ გულისხმობს მის ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებას მხოლოდ რამდენიმე საგანში, უმეტესწილად 3 საგანში, ფაქტობრივად, ზოგად განათლებას ასრულებს 17 წლის ასაკში და თანაც იმ პირობით, რომ 16 წლის მოზარდმა მომავალი პროფესიის არჩევანი უნდა გააკეთოს! ახლა თავად განსაჯეთ, რამდენად შესაძლებელია ამ ასაკში და სკოლის მოწყობის ამ სტრუქტურით იმ მიზნის მიღწევა, რომელსაც თავად სახელმწიფო გვიწესებს. ეს ხომ შეუიარაღებელი თვალითაც კი, თეორიაშივე მცდარია, მისი განხორციელება შეუძლებელია და უბრალოდ თვალის ასახვევი დეკლარირებული ტყუილია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ქართული სკოლის პრაქტიკულ რეალობაში არსებულ ობიექტურ თუ სუბიექტურ პრობლემებს. სახელმწიფომ შეამცირა სწავლის ხანგრძლივობა და გეგმავს უკეთეს ხარისხს?

აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ რეფორმის ავტორთა განაცხადი, რომ სურვილის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია, აირჩიოს 12-წლიანი სასწავლო პროგრამა. მოქალაქემ შეიძლება გააკეთოს არჩევანი და დაასრულოს 12-წლიანი სკოლა. კი მაგრამ, სად არსებობს ამ რეალობის სამართლებრივი საფუძველი, სად არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა 11 (10) კლასისა და სასწავლო გეგმა 12 (11) კლასისთვის? ზოგადი განათლების მე-3 საფეხური საგნობრივი დატვირთვით სახელმწიფომ, სამწუხაროდ, ერთი სასწავლო წლით – მე-10 კლასით განსაზღვრა. როგორ მოხდება ერთწლიანი მესამე საფეხურის განსხვავებული შინაარსობრივი თემატიკით დატვირთვა? გამოდის, ის, ვისაც მე-12 კლასის დასრულება სურს, განსხვავებულ სასწავლო პირობებშია სასწავლო მასალის შინაარსისა და რაოდენობის თვალსაზრისით. თუ ასეა, მაშინ როგორი იქნება ატესტატების განსხვავება ან რა პრივილეგიები ექნება 12-კლასიან ატესტატს? ვინმემ იფიქრა ამ საკითხებზე, როდესაც სექტემბრიდან უკვე იწყება ამ ცვლილებების განხორციელება? ინფორმირებულია მშობელი ან მოსწავლე ამ განსხვავებების შესახებ? ქართულ რეალობაში, სადაც ისედაც დიდია კერძო სკოლების პროცენტული რაოდენობა და ისედაც უკვე დისკრიმინირებულია მოზარდი კერძო და საჯარო სკოლებში სწავლის თვალსაზრისით, ეს ხომ კიდევ ერთი დამატებითი საბაბია საზოგადოების ფენების გახლეჩისა მატერიალურ საფუძველზე და საზოგადოების განვითარების თვალსაზრისთ უკან გადადგმული ნაბიჯია?

და ბოლოს, საყურადღებოა განცხადება, რომ ვისაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, შეუძლია 12 წელი ისწავლოს. 12-წლიანი ზოგადი განათლება ევროპაში სწავლის გასაგრძელებლად არის საჭირო? თუკი საერთაშორისო სტანდარტები 12-13 წლიანი ზოგადი განათლების საჭიროებაზე მიუთითებს და ამ საჭიროებას კვლევის შედეგებით ადასტურებს, მაშინ რა დონის და სტანდარტების იქნება მათი განათლება ვინც აქ, საქართველოში სწავლობს? ხარისხიანი განათლება სხვა ქვეყანაში წასასვლელადაა საჭირო, თუ ქვეყნის წინსვლის და განვითარების საფუძველია?

არ დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოს მოთხოვნების მიხედვით მოზარდს უწევს – ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა, კვალიფიკაციის ეროვნული ჩარჩოს მიხედვით სწავლის შედეგის მიღწევა, ესგ-ში გაწერილი სწავლის შედეგების მიღწევა. მაშასადამე, ამ შედეგებს შესაბამისი ასაკობრივი თავისებურებები და სწავლის ხანგრძლივობა ესაჭიროება.

პედაგოგიკის მეცნიერების პოზიციიდან, ზოგადი განათლების მიზანია თავისუფალი პიროვნების მომზადება, რომელსაც ექნება მეცნიერებათა საფუძვლების ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული უნარები, მოქალაქისათვის აუცილებელი საჭირო სოციალური უნარები (ფუნქციები და როლები) და ღირებულებათა სისტემა. ასაკობრივად, სწავლების მესამე საფეხურზე ხდება მაღალი სააზროვნო უნარების – აბსტრაქტული და განყენებული აზროვნების, მეცნიერულ-პრობლემური აზროვნების, ჰიპოთეტური აზროვნების, დამოუკიდებელი კრიტიკული აზროვნების, ინდუქცია-დედუქციის და სხვა უნარების სრულფასოვნად ფორმირება და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება. მესამე საფეხური მოზარდის სასწავლო ცხოვრებაში წარმოადგენს მანამდე არსებული ცოდნის განზოგადებისა და სრულყოფის, მისი აზროვნების თვისებრივი ცვლილებების საფეხურს და ამას შესაბამისი ასაკი, კერძოდ, 18-19 წელი სჭირდება.

სწორედ ამ ცოდნისა და უნარების მიღწევას და გაზომვას ემსახურება მთელ მსოფლიოში საატესტატო გამოცდები, რომლის ვითომ დროებით გაუქმებითა და შემდგომი დაპირებებით, რომ მიმდინარეობს მსჯელობა საატესტატო გამოცდების აღდგენაზე, სახელმწიფომ რამდენიმე წლით ადრე დაიწყო იმ პროცესების მომზადება, რომელსაც ახლა რეფორმა დაარქვა, ვითომდა ხარისხის გაუმჯობესების ეგიდით. სინამდვილეში ქართველი მოზარდი ზოგად განათლებას 3 სასწავლო საგნით ასრულებს და ისიც იმ დონის მომზადებით, რომელიც სააბიტურიენტო გამოცდის ჩაბარებისთვისაა საჭირო. სწორედ აქ გაჟღერებული თეორიული არგუმენტებისდა გამო, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ზოგადი განათლების ხანგრძლივობა 12, 13 წელია, რომ მოზარდი ასაკობრივად მომზადებული შეხვდეს იმ ურთულეს პროცესებს, რომლებსაც სოციალური და პროფესიული ცხოვრება ჰქვია. ზოგადი განათლება თვითკმარი უნდა იყოს მოქალაქის ფორმირების თვალსაზრისით, ვინაიდან ყველა არ აბარებს უმაღლეს სკოლაში. ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის მოზარდს ვეუბნებით, რომ უკეთეს შემთხვევაში, 16 წლისა იყოს სოციალური და პროფესიული ცხოვრებისათვის მზად. ნუ დაგვავიწყდება, რომ სრული ზოგადი განათლება სწავლის დასრულების სერიოზული და ყველაზე ხშირად გავრცელებული საფეხურია, ათვლის წერტილია ადამიანის მომავალი საქმიანობისათვის.

რაც ეხება ზოგადი და უმაღლესი განათლების მიზანმიმართული ბმის საკითხს, აქაც ურთულეს ვითარებასთან გვაქვს საქმე. უმაღლესი განათლების მიზანია მოქალაქის მომზადება სერიოზული პროფესიული საქმიანობისათვის, რასაც შინაარსობრივად მეცნიერებების დაუფლება ეთანადება. მეცნიერების დაუფლებას სერიოზული თეორიული და შესაბამისი პრაქტიკული უნარების, სოციალური უნარების საფუძვლები ესაჭიროება, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს მოქალაქის ინტერესებსა და შესაძლებლობებს აღნიშნული დარგის მიმართულებით. ამ ფონზე აქამდეც არავის უფიქრია, როგორი იყო ჩვენი კურსდამთავრებულის მზაობა უნივერსიტეტში სწავლის, მეცნიერების დაუფლების თვალსაზრისით და, წარმოიდგინეთ, როგორი იქნება მომავალში, როცა სახელმწიფომ ამ ხარვეზების გამოსწორება მხოლოდ სწავლების ხანგრძლივობის შემცირებით, მოსწავლის შესაძლებლობებისათვის სრულიად შეუსაბამო მოთხოვნების გაწერით დაგეგმა. მაშინ, როცა კვლევების მიხედვით, „განათლების დონის ზრდა (მაგალითად, ერთი დამატებითი სასწავლო წლით) აუმჯობესებს შრომის პროდუქტიულობას და აჩქარებს ეროვნული ეკონომიკის ზრდის ტემპს. (განათლების სოციალური უკუგება).

მოთხოვნები უმაღლესი განათლების მიმართ სახელმწიფოს გაწერილი აქვს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში. საკმარისია, ჩავიხედოთ ამ ჩარჩოს სრული ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებრივ სწავლის შედეგებში, რათა ნათელი გახდეს, რომ 17 წლის მოზარდის ცოდნისა და უნარების ათვლის წერტილი სრულ შეუსაბამობაშია უმაღლესი განათლების მოთხოვნებთან. წლებია, საქართველოს უნივერსიტეტების დისციპლინური დარგები, მთელ პირველ სასწავლო წელს ზოგადი განათლების ხარვეზების გასწორებას ვუთმობთ 12-წლიანი განათლების პირობებშიც კი. წარმოიდგინეთ, რა ვითარება გვექნება მომავალში, როცა აბიტურიენტი 11-წლიანი განათლებით მოხვდება უნივერსიტეტში. და ასეთ ვითარებაში, უნივერსიტეტებში საბაკალავრო განათლება 3-წლიანი ვადით, ხოლო სამაგისტრო განათლება 1-წლიანი ვადით განისაზღვრა და მაგისტრატურას ქართველი სტუდენტი 21 წლის ასაკში დაასრულებს. როგორი იქნება ასეთი სტუდენტის პროფესიული კომპეტენციები, დასაქმების შესაძლებლობები და რა სარგებლის მოტანა შეეძლება მას საზოგადოებისა და ქვეყნისათვის? აქვე დაიშვა გამონაკლისები ზოგიერთი მიმართულებებისთვის ყოველგვარი განმარტებებისა კრიტერიუმების გარეშე. მაშასადამე, კვლავ ორმაგობასთან გვაქვს საქმე, მაშინ როცა უმაღლესი განათლების რეფორმის დოკუმენტში ვკითხულობთ – „მიუხედავად იმისა, რომ ყველა უნივერსიტეტი გასცემს თანაბარი რანგის დიპლომს საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გაცემული განათლების და კვალიფიკაციის ხარისხი, შინაარსობრივი თვალსაზრისით, თვისებრივად არათანაბარია, რაც უმაღლესი განათლების სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად უნდა შეფასდეს“.

რაც მთავარია, სახელმწიფოში არ არსებოს ამ პროცესების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა, უფრო სწორად, არსებობს 2 სამართალი, ერთი მხრივ, არგაუქმებული ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ მიღებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები და, მეორე მხრივ, პროგრამებისთვის აკრედიტაციის ვადების გაუქმების გარეშე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, სახელმწიფოს მიერ ერთპიროვნულად შეცვლილი სტრუქტურა, შესაბამისად, შინაარსიც და კვოტების რაოდენობაც. უფრო მეტიც, ზოგიერთი პროგრამა სახელმწიფომ საერთოდ გააუქმა კანონში, მაგ. „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული 300-კრედიტიანი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა“ – მასწავლებლის მომზადების პროგრამა, რომელიც სახელმწიფოსთვის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს! და, სავარაუდოდ, ალბათ იმიტომ, რომ ამ პროგრამის ხანგრძლივობა 5-წლიანი ვადით განისაზღვრებოდა. ეს იყო ერთადერთი პროგრამა, რომელიც მასწავლებელს, საერთაშორისო სივრცის შესაბამისად, სამაგისტრო დონეზე ამზადებდა. ამგვარი ქმედებით სახელმწიფო ხომ პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლს, სადაც გარკვევით წერია, რომ „აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია“.

როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ განათლების ხარისხზე, როცა ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში ოფიციალურად ეზღუდება დარგს სადოქტორო საფეხურის არსებობა. ეს არის ხარისხიანი განათლება და ქვეყნის განვითარება? რა ტიპის სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, საკუთარ კანონმდებლობას და აცხადებს, რომ ამას ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აკეთებს! ან, თუნდაც, აკადემიური საზოგადოების პროტესტის შედეგად მაგისტრატურის 2 საფეხურის დაშვება – 60 + 60. ე.ი. გასაგებია, ვიღაც 60 კრედიტს იკმარებს და ვიღაცას 120 მოუნდება, მაგრამ ასე დგება პროგრამა? იმ მიზანდასახულობით, რომ 1 წელი შედარებით დაბალი საფეხურია და შემდეგ მიბმული კიდევ ერთი წელი მაღალი საფეხური.

მაგრამ ეს რომ ასე არ არის? ის პირველი წელი სხვა ცოდნისა და უნარების მქონე აბიტურიენტისთვისაა და იქ მისაღები გამოცდებიც სხვა დონისა უნდა იყოს, ხოლო 2-წლიანი მაგისტრატურა სხვა თვისებრივი ცოდნაა და დასაწყისიდანვე სხვა განაცხადი და სხვა პროგრამა უნდა ჰქონდეს, პირველივე წლიდან შესაბამისი დონის უნდა იყოს. სხვაგვარად, სტუდენტი მეორე 60 კრედიტში, შინაარსობრივად და თვისებრივად ვერაფრით გაძლიერდება მაგისტრატურის შესაბამის საფეხურამდე. რატომ არ შეძლება თავიდანვე არსებობდეს მაგისტრატურა 60-კრედიტიანი, 90-კრედიტიანი და 120 კრედიტიანი და ადამიანმა, თავისი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით აირჩიოს ესა-თუ ის მოდელი, როგორც არის საერთაშორისო სივრცის ბევრ ქვეყანაში. თანაც იმ შემთხვევაში, რომ 60-კრედიტიან მაგისტრატურას ამ ქვეყანაში არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი საფუძველი, არსად არის გაწერილი 1-წლიანი მაგისტრატურის სწავლის შედეგი. ეს ყველაფერი, ასეთი მოუმზადებელი, სამართლებრივი ბაზის არმქონე ცვლილებები, სრული განსვლა საერთაშორისო სტანდარტებიდან, საერთაშორისო სივრცეში საქართველოს უმაღლესი განათლებისა და ხარისხის განვითარების ინსტიტუციებს რეპუტაციულ ზიანს აყენებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ევროპული საგანმანათლებლო სივრცესთან შესაბამისობის საკითხი, ENQA-ს წევრობის საკითხი.

კონცეფციაში ვკითხულობთ, „თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით“. ამ განცხადების ფონზე გაურკვეველია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელსაც მასწავლებლის მომზადების 107 წლის ისტორია აქვს და ქვეყნის მასშტაბით იგი პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც მისი რექტორისა და დამფუძნებლების უდიდესი ძალისხმევა ჩადო საქართველოში მასწავლებლის მომზადების პროგრამის ქართული, ორიგინალური მოდელის შექმნისა და განხორციელებისათვის, და რომლითაც მზადდებოდა მასწავლებელი საქართველოში 1930-იან წლებამდე, მასწავლებლის მომზადების პროგრამის 300-კრედიტიანი პროგრამის გატანა სხვა უნივერსიტეტში. აბა, ვისი ტრადიცია და პროფილია მასწავლებელი საქართველოში, თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის?

ფაქტობრივად, უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების მიმართულებით კარგავს 107-წლიან “მისიასა და სტატუსს” და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი “ტრადიციული პროფილი”.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში მასწავლებლის მომზადება, როგორც წესი, სამაგისტრო დონეზე ხორციელდება. ჩვენს შემთხვევაში კი 2026-2027 სასწავლო წლიდან შეწყდება 300-კრედიტიან ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე მიღება, რადგან ,,უმაღლესი განათლების“ შესახებ კანონიდან ამოღებულია შესაბამისი მუხლები. მასწავლებლის პროფესია მხოლოდ საბაკალავრო კვალიფიკაციის იმედად არის დარჩენილი. ეს პრობლემა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკუთარ დარგში დიდაქტიკის მიმართულებით კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა ქართველ მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის არქონის გამო. ამ ხარვეზის გასწორების გარეშე განათლების სფერო უახლეს მომავალში დარგობრივი მეთოდიკის/პედაგოგიკის მკვლევრების გარეშე დარჩება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზულად დააზიანებს ზოგად განათლებას და სკოლას.

თანამედროვე მეცნიერება ინტერდისციპლინურია, არსებითი მნიშვნელობა აქვს დარგთაშორის ურთიერთობებს, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად პროგრამაში არჩევითი საგნების არსებობით გამოიხატებოდა. ამას გარდა, არჩევითი საგნები სერიოზულად უწყობდა ხელს სტუდენტის ინტერესების გათვალისწინებასა და სხვადასხვა სფეროში დასაქმების საჭიროებების შევსებას. რეფორმის შედეგად წარმოდგენილი 180-200 კრედიტიანი პროგრამები ქმნის წინაპირობას ამ ურთიერთობების გაუქმებისა, ვინაიდან 3-წლიან პირობებში თავად დარგის ათვისებას ექმნება საფრთხე. ამასთან, რატომ უნდა შევზღუდოთ სტუდენტი 75-კრედიტიანი წლიური დატვირთვით, ეს ხომ გამონაკლისი შემთხვევები უნდა იყოს სტუდენტის საჭიროებების გათვალისწინებით და არა ტიპური შემთხვევები და სტუდენტის ასეთი დატვირთვით მუშაობა ხომ აუცილებლად აისახება სწავლის ხარისხზე?

და ბოლოს, რეფორმა ნამდვილად სჭირდება საქართველოს განათლების სისტემას, მაგრამ რეფორმის მომზადებას ამ სფეროში სერიოზული ფიქრი, სერიოზული დრო და, რაც მთავარია, პროფესიონალთა სერიოზული ჩართულობა ესაჭიროება და მაშინაც კი, ძალზე სარისკოა მომავალ თაობაზე ექსპერიმენტების ჩატარება. მომავალ თაობაზე, ბავშვზე ექსპერიმენტის ჩატარება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ თეორიული, ძალზე მყარი არგუმენტაციით და გაანგარიშებით ექსპერიმენტის წარმატება 90 პროცენტამდეა გათვლილი. სხვა შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილებების მიღება დანაშაულია ქვეყნისა და ერის წინაშე, და ეს პროცესი აუცილებლად ჰპოვეს ანარეკლს მომავალ თაობებში. რატომ ეჩქარება ასე ხელისუფლებას, რატომ არ შეიძლება ჯერ მომზადდეს საფუძვლიანი ანალიზი, საკანონმდებლო ბაზა და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ ასეთი რადიკალური ცვლილებების გატარება? იქნებ, 30-წლიანი ასეთი დაუფიქრებელი ცვლილებების შედეგია ის სავალალო მდგომარეობა ქართული განათლების სისტემისა, რომელსაც დღეს ვაკრიტიკებთ. ამაზე ღირს დაფიქრება!

ასევე იხილეთ:

„დისკუსია“, „დებატები“ და არარსებული განათლების რეფორმის კონცეფცია!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური