რა ცვლილებები იგეგმება უმაღლეს განათლებაში – მთავრობამ პარლამენტს კანონშემოქმედებითი გეგმა წარუდგინა
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარუდგინა. გეგმა უმაღლეს განათლებაში 4 სხვადასხვა ცვლილების განხორციელებას ითვალისწინებს, საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა კი მიმდინარე საშემოდგომო სესიის ფარგლებშია დაგეგმილი.
ცვლილებები, რომლებიც უმაღლეს განათლებაში იგეგმება:
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა პოსტდოქტორანტის სტატუსსა და პოსტდოქტორანტურის განხორციელების ძირითად პირობებს სრულყოფილად არ განსაზღვრავს.
ახალი კანონპროექტით:
ა) ზუსტდება „პოსტდოქტორანტის“ ცნება და განისაზღვრება პოსტდოქტორანტურის მიზანი, როგორც მკვლევრის კვლევითი კომპეტენციების, პროფესიული უნარებისა და კვლევითი დამოუკიდებლობის განვითარება და დამოუკიდებელი კვლევითი კარიერისთვის მომზადება; ასევე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, პოსტდოქტორანტურა შემოფარგლულია სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, პოსტდოქტორანტურას სამეცნიერო-კვლევით კომპონენტთან ერთად ემატება აკადემიური/სასწავლო მიმართულებაც, რაც უზრუნველყოფს კვლევისა და სწავლების ეფექტიან ინტეგრაციას. კერძოდ, პოსტდოქტორანტი ჩაერთვება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესში და განახორციელებს როგორც სალექციო და სასემინარო, ისე კვლევით საქმიანობას;
ბ) განისაზღვრება, რომ პოსტდოქტორანტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ის პირი, რომელსაც დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი კონკურსის გამოცხადების დღისთვის დადგენილი ვადის ფარგლებში აქვს მინიჭებული;
გ) განისაზღვრება პოსტდოქტორანტურის სამართლებრივი ბუნება, როგორც დოქტორის ხარისხის შემდგომი პროფესიული განვითარების დროებითი და გარდამავალი ეტაპი;
დ) დგინდება პოსტდოქტორანტურის კვლევით პროექტთან ან კვლევით პროგრამასთან კავშირის და ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მისი განხორციელების პრინციპი;
ე) განისაზღვრება პოსტდოქტორანტად პირის ღია კონკურსის საფუძველზე შერჩევის მოთხოვნა, ამასთან პოსტდოქტორანტის არჩევა განხორციელდება კანონით განსაზღვრული ფიქსირებული ვადით;
ვ) დგინდება პოსტდოქტორანტად შერჩევის ძირითადი საკვალიფიკაციო კრიტერიუმი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მიღებიდან არაუმეტეს 8 წლის კვლევითი გამოცდილება, კანონითა და დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი გამონაკლისების შესაძლებლობით;
ზ) განისაზღვრება დაწესებულების ვალდებულება პოსტდოქტორანტის კვლევითი და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
თ) დგინდება პოსტდოქტორანტურის განხორციელებისას აკადემიური თავისუფლების, კვლევითი კეთილსინდისიერების, კვლევის ეთიკის, თანაბარი შესაძლებლობებისა და არადისკრიმინაციული მოპყრობის პრინციპების დაცვის მოთხოვნა;
ი) განისაზღვრება პოსტდოქტორანტის საქმიანობის შეფასების გამჭვირვალე, ობიექტურ და წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაფუძნების პრინციპი;
კ) დაწესებულებას ენიჭება უფლებამოსილება, წესდებით განსაზღვროს პოსტდოქტორანტურის განხორციელების, შერჩევის, საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული განვითარების კონკრეტული პროცედურები, კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება რეგულაციები „ციფრულ სწავლებასთან“ დაკავშირებით.
კერძოდ, კანონში გაჩნდება „ციფრული სწავლების“ დეფინიცია და მუხლი, რომელიც „ციფრული სწავლების“ საკითხს დაარეგულირებს. ახალი სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებასთან ერთად, სისტემური შესაბამისობისა და ტერმინოლოგიური უნიფიცირების უზრუნველსაყოფად, შესაბამისად დარედაქტირდება კანონის ყველა ის მოქმედი ნორმა, რომელიც ამჟამად არეგულირებს ელექტრონულ და დისტანციურ სწავლებას.
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონს დაემატება მიკროკრედიტის/ მიკროკვალიფიკაციის დეფინიცია და შესაბამისად, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში შემდგომში შემოღებულ იქნება აღნიშნული ინსტიტუტი.
მიკროკრედიტების სამართლებრივი რეგულირება ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფად მორგებული, მოქნილი და მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, უწყვეტი განათლების ხელშეწყობას, წინარე სწავლის აღიარებას და მათ ინტეგრირებას ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და ეროვნული კვალიფიკაციების ელექტრონულ რეესტრში.
მიზანშეწონილია, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონს დაემატოს უმაღლესი განათლების მიმართულებით დუალური განათლების დეფინიცია. დუალური უმაღლესი განათლება გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ისეთ ფორმას, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელებული თეორიული და აკადემიური სწავლება ინტეგრირებულია შესაბამის ორგანიზაციაში/დამსაქმებელთან განხორციელებულ პრაქტიკულ სწავლებასთან და სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან.
დუალური უმაღლესი განათლების ფარგლებში სტუდენტი სწავლის შედეგებს აღწევს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ისე პროგრამის განხორციელებაში ჩართულ ორგანიზაციაში, მათ შორის რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების გზით, მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული პირობებისა და განსაზღვრული პასუხისმგებლობების შესაბამისად.
კანონში აღნიშნული ცვლილების განხორციელება შექმნის დუალური უმაღლესი განათლების პროგრამების დანერგვის, განხორციელებისა და ხარისხის უზრუნველყოფის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს, რაც ხელს შეუწყობს აკადემიური განათლებისა და პრაქტიკული სწავლების ინტეგრაციას, დასაქმებულთა აქტიურ ჩართულობას და კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის ზრდას.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა
-
განათლების მინისტრი: „მასწავლებლებს ვთხოვეთ… ტელეფონი ყუთში პირველი თვითონ განათავსონ – მისცენ მაგალითი მოსწავლეებს“
by ARIS.GE-განათლება
-
სასკოლო ფორმის შეძენა ნაღდი ანგარიშსწორებით შესაძლებელი არ იქნება – შეხსენება მშობლებს
by ARIS.GE-განათლება
-
მოდულური დროებითი სკოლები მთელ საქართველოში – ახალი გამოსავალი
by ARIS.GE-განათლება