GE

რა ცვლილებებია სამოქალაქო განათლების ტესტში და როდის შეძლებენ მასწავლებლის გამოცდის აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა საგამოცდო ტესტში განხორციელებულ ცვლილებებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელი ირმა ხომერიკი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტესტიდან ამოღებულია საკმაოდ მოცულობითი დავალება, რომელშიც ორი ტექსტი შედიოდა. ასევე ტესტში შემცირებულია იმ დავალებათა რაოდენობა, რომელიც კონკრეტულ ცოდნას ამოწმებდა.

ამის შესახებ ირმა ხომერიკმა 9 ივნისს, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ცვლილება შეეხო საგამოცდო დროს და ნაცვლად 5 საათისა ტესტის შესრულებისთვის მასწავლებლებს მიეცემათ 4 საათი. შესაბამისად შეიცვალა, რა თქმა უნდა, ტესტის ფორმატი. მაქსიმალური ქულა გახდა 55-ის ნაცვალად 60. ამოვიღეთ ორი დავალება. 2020 წლის ტესტში ეს იყო ნუმერაციით მე-19 დავალება. ეს არის შეცდომების გასწორება და ეს არის მოსწავლის ნაწერების შეფასება. ეს იყო საკამოდ მოცულობითი დავალება. ორი ტექსტი იყო მოცემული, პირობითად ვთქვათ მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება ერთი კონკრეტული თემის გარშემო. მოცემული იყო შეფასების სქემა და კრიტერიუმების საფუძველზე პედაგოგს უნდა შეეფასებინა, ანალიზი გაეკეთებინა და დაეწერა კონკრეტული ქულა. ცოტა შემცირდა იმ დავალებათ წილი, რომელიც კონკრეტულ ცოდნას ამოწმებდა და გაიზარდა ისეთი დავალებები, რომელიც უფრო უნარებს, ანალიზს და ა.შ. ამოწმებს. ტესტურ დავალებათა რაოდენობა 23 იქნება. აპლიკანტმა 34 ქულა ან მ მეტი უნდა დააგროვოს. სამოქალაქო განათლებაში შიდა ბარიერები არ გვაქვს“, – განაცხადა ირმა ხომერიკმა.

შეხვედრაზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მასწავლებლის გამოცდაზე გამსველელ აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისის შემდეგ, უკვე 21 ივნისიდან შეეძლებათ.

შეხვედრა კითხვა- პასუხის ფორმატში წარიმართა. აპლიკანტთა ძირითად ინტერესს ტესტებში განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენდა. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, მცირედი ცვლილება თითქმის ყველა საგანს შეეხო, ასევე შემცირდა საგამოცდო დრო უმეტესი საგნებისთვის და მასწავლებლებს ტესტზე მუშაობა 4 საათის განმავლობაში შეეძლებათ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური