„ცოდნა იმისთანა სიმდიდრე არის, კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ“ – 20 მაისი სკოლებში ბოლო ზარის დღეა
20 მაისს მე-12 კლასსის მოსწავლეებს სკოლაში ბოლო დღე ექნებათ. კურსდამთავრებულების უმრავლესობა სკოლის ბოლო ზარს სწორედ ამ დღეს აღნიშნავს.
მეთორმეტეკლასელებისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს წარმოგიდგენთ ილია ჭავჭავაძის სიტყვას ცოდნის ძალასა და მნიშვნელობაზე, რომელიც მან წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქვა:
“ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა, დედამიწას გული გადაუხსნა, შიგ აუარებელი, ულეველი სიმდიდრე ჩაუდვა და ადამიანს უანდერძა: იშრომე, გაისარჯეო და ეგ სიმდიდრე დედამიწის გულიდამ ამოიღე და შენს სადღეგრძელოდ მოიხმარეო.
თქვენში და თქვენგან ხშირად გამიგონია, რომ ქრისტე-ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში დაიბღერტაო.
ამას იმიტომ ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრს სხვა ქვეყანაზედ უფრო მდიდარია, უფრო სავსეა. არც ჩვენ თითონა ვართ უხეირონი, ღმერთი-რჯული. მკლავ-ძარღვად კარგები ვართ, ჯანი და ძალ-ღონეც მოგვდევს, არც ხალისი გვაკლია. ეს ყველაფერი გვაქვს. ეს მდიდარი, პატარძალსავით მორთული ქვეყანა, ეს ჯანიანი, მკლავ-ძლიერი ხალხი, გამრჯელი და ოფლის-მღვრელი, – მაშ რაღადა ვართ ღარიბნიო? მკითხავთ თქვენ.
იმიტომ, რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე ძევს, სად რა განძია. არ ვიცით – საიდან რა ამოვიღოთ, რა ხერხით და ოსტატობით ამოვიღოთ, რომ ჯაფაც ადვილი იყოს და ნაჯაფევიც ბლომად. აკი ვამბობთ, ყველაფერი გვაქვს, მარტო ერთი რამ გვაკლია, სახელდობრ – ისა, რაც თქვენისავე სიტყვით, თითონ ღონესაცა სჯობია, რაც ძლიერს მკლავს ხერხიანად ამოქმედებს, რაც კაცის თვალს დედამიწის გულში ჩაახედებს, რაც კაცს წინ მიუძღვება ხოლმე და უტყუარად ეუბნება: აი აქ ეს სიმდიდრეა, ღვთისაგან შენთვის მიბარებულიო, ამას ამ ხერხით, ამ ოსტატობით – უფრო ადვილად, უფრო ბლომად ამოიღებო.
მაგისთანა ღვთისნიერს წინამძღოლს ცოდნა ჰქვიან. უამისოდ დედამიწა თავის უხვს და უხარბელს გულს არ გადაგვიხსნის, ისე უხვად არ მოგვაბარებს, რამოდენადაც ჩვენთვის მიბარებული აქვს. სხვა ქვეყანაში, საცა ცოდნა აქვს ხალხსა, ოთხის დღის მიწა ისე უჭირველად აცხოვრებს მთელს ოჯახს, როგორც ჩვენში ოცისა და ორმოცის დღის პატრონი ვერა სცხოვრობს. რათა? განა იმითი, რომ ისინი მკლავ-ძარღვით ჩვენა გვჯობიან!? არა, იმათ ცოდნა აქვთ, ხერხი იციან. „ხერხი სჯობია ღონესაო“, – თქვენგანვე თქმულა და მართალიც არის.
ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თითონ, თავის-თავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ წინ გადუდგება. ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტადა სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.
ღონიერი და ჭირთა-მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია. „კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდესო“, თქვენგანვე მაქვს გაგონილი და დასწავლული. მართალიც არის: კაცი სხვის მარგეც უნდა იყოს და თავისთავისაც. კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს.
ეგ თქვენ თითონაც კარგად იცით. თქვენ თითონ ყოველდღე ჰხედავთ, რომ ეგ ეგრეა. ალოში გუთნის-დედას მეტს არგუნებთ ხოლმე, ვიდრე მეხრესა. რათა? იმიტომ რომ გუთნის-დედა – მცოდნეა და მეხრე კი არა. ურმის-მკეთებელი უფრო მეტადა ჰღირს მოჯამაგირედ რომ დგება, ვიდრე უბრალო მუშაკაცი, თუნდაც ერთი-ორად იმაზედ მეტი იყოს მკლავითაც და ჯანითაც. რათა? კიდევ იმიტომ, რომ ურმის ხელოსანი მცოდნე კაცია და უბრალო მუშა კი არა.
ამიტომ ვამბობ, რომ ცოდნა თითონ, თავის-თავადაც სიმდიდრეა მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრე, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება.
ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულს სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოვლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა.
სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნდაც ცოტად ბჟუტავდეს შორს სადმე ბნელაში, ქურდს, მპარავს, მტერს აფრთხობს, იქ სინათლეა, – სჩანს ჰღვიძავთო, და დაგვიანებულს მოყვარეს კი ახარებს კიდევ იმით, რომ იქ ღვიძილია, მღვიძარები დამხვდებიანო.
სანთელს მარტო იმაში არა ჰგავს, რომ სანთელი, როცა იქნება, ჩაიწვის და გაჰქრება ხოლმე; ერთხელ ანთებული ცოდნა კი თავის-დღეში არა: მამიდამ შვილზედ გადადის, შვილიდამ შვილის-შვილზედ, უფრო გადიდებული, უფრო გაძლიერებული.
ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თითონ ღმერთი, – ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსაც და ბუზმენტებით მორთულს თავადსაცა. ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დააშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმონდომილი და მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდისა.
ახლა სად არის ეგ კარი? როგორ შევიძინოთ ის სანატრელი განძი, რომელსაც ცოდნა ჰქვიან და რომელიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას ეგრე უჭირს? გამოვიდა ჩვენში ერთი გულმტკივნეული კაცი და გვითხრა: გზას მე გაჩვენებთო, თქვენ ოღონდ ხალისი გამოიჩინეთო.
ის კაცი მარტო თავისის თაოსნობით, დაუღალავის მცდელობით, თავგამოდებით, მხნეობით შეუდგა ამ ძნელს საქმეს და თავის სასახელოდ და ჩვენდა საბედნიეროდ აქ, ამ სოფელში, აკვანი დადგა ცოდნის გასაზრდელად და ძუძუსათვის ძიძები მოიწვია. ის კაცი ილია წინამძღვარიშვილია, ის აკვანი – აი ის პატარა შენობაა, რომელიც ასე ლამაზად უხდება ამ პატარა სოფელს, ძიძები კიდევ მისგან მოწვეულნი ოსტატები არიან.
აი, სად და ვისის ხელით აინთება აქ ის სასიხარულო სანთელი, რომლის სინათლეც მტერს დააფრთხობს და მოყვარეს გაახარებს და რომელსაც ცოდნა ჰქვიან. აი, ამ პატარა სახლიდამ გამოვა ის დიდი ღონე, ის დიდი ხერხი, ის ყოველთვის და ყოველგან გამარჯვებული ფარ-ხმალი ადამიანისა, რომელსაც ცოდნა ჰქვიან. მაგას გამოიტანენ თქვენი შვილები და მოჰფენენ ქვეყანასა ჩვენდა სადღეგრძელოდ, ჩვენდა საბედნიეროდ.
მაშ გაუმარჯოს, ხალხო, ამ სკოლას, ამ ცოდნის აკვანსა! გაუმარჯოს ილია წინამძღვარიშვილს, ამ აკვნის დამდგმელსა! გაუმარჯოს ამ სკოლის ოსტატებსაც, რომელნიც ამ აკვანს გაარწევენ დასაძინებლად კი არა, გასაზრდელად, გასაღვიძებლად!
გაუმარჯოს აი იმ პატარა კაცსაც, თავადს ბებუთაშვილს, რომელმაც დაუზოგველად, უსასყიდლოდ, მარტო ერთის საქმის სიყვარულისა გამო, თავისი დრო და ცოდნა ამ სკოლის აშენებას მოახმარა!
ღმერთმა თქვენც გამარჯვება მოგცეთ ყველგან და ყოველთვის! ღმერთმა შეგასწროთ იმ დროს, რომ აქედამ, ამ სკოლიდამ გამოსულს შვილს შეჰხაროდეთ და იმის ცოდნით ფეხზე წამოყენებულმა ოჯახმა, გამოკეთებულმა მამულმა, თქვენის თვალით დაგანახოთ, რომ მართლა „ხერხი სჯობნებია ღონესა“.
მაშინ იქნება ჩვენმა თვალმავე ისიც გვიმოწმოს, რაც გულში მამა-პაპათაგან მარტო ანდერძად ჩაგვრჩენია: „ის ურჩევნია მამულსაო, რომ შვილი სჯობდეს მამასაო“.
თქვენ იცით ხოლმე, როცა სიმღერას გაათავებთ, იტყვით: თქვენი გამარჯვებისა იყოსო. მეც გავათავე, რაც სათქმელი მქონდა და თქვენებურად, ჩვენებურად, გეუბნებით: „თქვენი გამარჯვებისა იყოს“!.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება