GE

შამქორის ბრძოლა – რა საკითხებზე უნდა ჰქონდეს აბიტურიენტს მყარი ცოდნა

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ისტორიის წამყვანი პედაგოგი ნანა სოლოღაშვილი EDU.ARIS.GE-ს მკითხველი აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნად ისტორიას აბარებენ, შამქორის ბრძოლის შესახებ საუბრობს და შამქორის ბრძოლის თაობაზე იმ საკითხებსაც ასახელებს, რომელთა გარშემოც გამოსაცდელებს მყარი ცოდნა უნდა გააჩნდეთ.

1195 წლისთვის თამარ მეფე ცდილობს გააგრძელოს მამის, გიორგი III -ისა და დიდი პაპის, დავით აღმაშენებლის პოლიტიკა – ჰყავდეს ძლიერი და მოქნილი სამხედრო ძალა, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს ხელთ ჰქონდეს ინიციატივა და საკადრისად გაუმკლავდეს თურქ – სელჩუკებს. ამ პერიოდში, ქართველებმა დაიმორჩილეს და ყმადნაფიცად აქციეს საქართველოს ყველა მეზობელი მაჰმადიანი მმართველი. ამის გამო შეშფოთებულმა თურქებმა ერთიანი ძალით გადაწყვიტეს საქართველოზე გამოლაშქრება. ამ მზადებას სათავეში უდგება ადარბადაგანის ათაბაგი აბუ – ბექრი. მან დახმარებისათვის მაჰმადიანური მსოფლიოს სულიერ მეთაურს -ბაღდადის ხალიფას მიმართა, რომელმაც ენერგიულად დაუჭირა მხარი ამ ლაშქრობას.

ადარბადაგანის ამირა აბუ-ბექრი ამიერკავკასიაში იჭრება. მას განზრახული აქვს ჯერ საქართველოს ყმადნაფიცი შირვანის ხანი აღსართანი დასჯა, რომელიც საქართველოს ერთგულია და შემდეგ კი საქართველოზე გამოლაშქრება. საქართველოს სამეფო დარბაზმა კი ამ დროს გადაწყვეტილება მიიღო დაუყონებლივ გაელაშქრა კარს მომდგარი მტრის წინააღმდეგ, ჯარს სათავეში დავით სოსლანი უდგება. ეს ბრძოლა მოხდა 1195 წ. 1 ივნისს შამქორის ველზე. ქართველებმა ამ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

შამქორის ბრძოლის შესახებ აბიტურიენტების ცოდნა, უნდა შემოწმდეს შემდეგი კითხვებით:

1. როგორი იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკა შამქორის ბრძოლის წინ?

XII ს-ის 90 -იანი წლებიდან საქართველოს ლაშქარი ძალიან გააქტიურდა. 1192 წელს თამარს ვაჟი შეეძინა და ტახტის მემკვიდრის დაბადების აღსანიშნავად ქართველებმა ბარდავის მიმართულებით დიდი ლაშქრობა მოაწყვეს. დიდი ლაშქრობები მოეწყო სხვა მიმართულებითაც. ამ დროს თურქ-სელჩუკთა იმპერია უკვე დაშლილი იყო ცალკეულ სასულთნოებად, საემიროებად თუ საათაბეგოებად და საქართველოს ძლიერი ლაშქარი ადვილად ამარცხებდა ამ შედარებით მცირე პოლიტიკურ ერთეულებს.

2. რა დახმარება გაუწია ბაღდადის ხალიფამ ადარბადაგანის ათაბაგს აბუ-ბექრს?

ბაღდადის ხალიფა დიდ ფულად დახმარებას და ლოცვა-კურთხევას იღებს აბუ-ბექრის დასახმარებლად. ახლო და შორეულ მუსლიმანურ მფლობელებს ბრძანებები დაუგზავნა, რომ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს წინააღმდეგ განზრახულ კოალიციურ ლაშქრობაში და უძლეველობის სიმბოლოდ თავისი ხალიფური დროშაც კი გამოაგზავნა, რომელიც ,,მორწმუნეთა ლაშქარს“ წინ უნდა წასძღოლოდა ქრისტიანი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში.

წყაროს ანალიზის წერის მაგალითი ისტორიაში – ნიმუში, სწორი პასუხები და შესრულების ინსტრუქცია სპეციალისტისგან

3. რა შედეგით დამთავრდა შამქორის ბრძოლა?

ქართველებმა შამქორის ველზე თურქები სასტიკად დაამარცხეს. თვითონ აბუ -ბექრმა თავს გაქცევით უშველა. ქართველთა ლაშქარს 12 ათასი ტყვე და დიდძალი ნადავლი დარჩათ ხელთ. მათ შორის იყო ხალიფას მიერ გამოგზავნილი ღაზო დროშაც. გამარჯვებულ ქართველებს დანებდა შამქორიცა და განძაც.

4. რა მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისთვის შამქორთან გამარჯვებას?

შამქორის ომში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს გავლენა და ავტორიტეტი მეზობელ ქვეყნებში. ქართველები დაუბრკოლებლივ უტევდნენ მოსაზღვრე მაჰმადიანურ სამფლობელოებს და ზედიზედ იმორჩილებდნენ მათ. მალე ქართველებმა საბოლოოდ მოშალეს შედადიანთა მმართველობა ანისში და ეს სომხური ქალაქი 1199 წელს საქართველოს შემოუერთეს. ქართველებმა სამხედრო მოქმედებები უფრო სამხრეთით გადაიტანეს და მალე სომხეთის ძველი დედაქალაქი დვინიც გაათავისუფლეს თურქებისაგან და საქართველოს შემოუერთეს. თურქთა წინააღმდეგ შეტევა წარმატებით გრძელდებოდა სამხრეთ- დასავლეთითაც. საქართველომ დაიბრუნა ძველი ქართული თემები და ადგილები: ოშკი, ხახული, ბანა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური