რა ფუნქციებს დამატება სურთ პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში და რა არის „დროის ფუჭი ხარჯვა“
განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2021-2022 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლები ელექტრონულ ჟურნალს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, EMIS-ის მიერ შეიქნილ ახალ პლატფორმაზე – onlineschool.emis.ge აწარმოებენ. ელექტრონულ ჟურნალს, რომლის გამოყენების ვალდებულებაც დღეს საჯარო სკოლებს აქვთ, ფართო სპექტრის მომხმარებლები ჰყავს მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სახით.
Facebook ჯგუფებსა და პირად საუბრებში პედაგოგები EMIS-ის მიერ შემოთავაზებული ჟურნალის ხარვეზებს ხშირად მიმოიხილავენ. მათი თქმით, უმჯობესია, ჟურნალი მრავალფუნქციური იყოს, რაც პედაგოგების სამუშაო დროს დაზოგავს, პროცესს კი გაამარტივებს.
EDU.ARIS.GE შეეცადა, გაერკვია ელექტონული ჟურნალის რომელი ფუნქციებით არიან კმაყოფილი პედაგოგები და რომელი ფუნქციების დამატებას ან შეცვლას ისურვებდნენ. EMIS-ის წარმომადგენელთან დაკავშირების შემდეგ კი პასუხი მივიღეთ კითხვებზე: დაემატა თუ არა ელექტრონულ ჟურნალს ახალი ფუნქციები და განახლდა თუ არა ძველი.
იზა შათირიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგია. ელექტრონული ჟურნალის ყველა ფუნქციას აქტიურად იყენებს, თუმცა ამბობს, რომ არის ფუნქციები, რომელთა დამატებასაც ისურვებდა. გარდა ამისა ის ფიქრობს, რომ უკვე არსებული ფუნქციებიდან ბევრი გასაახლებელია.
„ელექტრონული ჟურნალის ყველა ფუნქციას აქტიურადვიყენებ, განსაკუთრებით კი მოსწავლის ბარათს. ამ ფუნქციით მოსწავლის სხვა წლის შეფასებების ნახვაა შესაძლებელი და ის განსაკუთრებით მოსახერხებელია თუ საგანს სხვა მასწავლებელი ასწავლიდა, ან მოსწავლემ სკოლა შეიცვალა. თუმცა არის ბევრი ფუნქცია, რომელიც დასამატებელი და განსაახლებელია. კარგი იქნება, თუ ჟურნალს დაემატება ფუნქცია, როცა შეფასების ნახვა შესაძლებელი იქნება ისე, როგორც მატერიალური ფორმის ჟურნალში (მიმდინარე და განვლილი პერიოდის). ეს საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ, თუ რომელი მოსწავლე შეფასდა წინა გაკვეთილებზე და რომელი მოსწავლის შეფასებაა საჭირო (რათა არ მოხდეს რომელიმე მოსწავლის შეფასების გარეშე დარჩენა). შეუძლებელია, მასწავლებელს ახსოვდეს, რომელი მოსწავლეები შეაფასა წინა გაკევთილებზე“, – გვითხრა იზა შათირიშვილმა.
პედაგოგი მიიჩნევს, რომ ასევე კარგი იქნება, შეფასების ფანჯრები პერიოდულად ავტომატურად იხსნებოდეს, თვის ან სემესტრის ბოლოს. ეს სურვილი კი იმით არის გამოწვეული, რომ როგორც მასწავლებელი გვიყვება, თითოეული ცვლილების განხორციელებაზე მასწავლებლებს დირექტორთან მოთხოვნის გაგზავნა სჭირდებათ, პროცედურები კი „დროის ფუჭი ხარჯვა“.
„ვფიქრობ, სასურველი იქნება, კალსის „დეტალური რეპორტის“ ექსელის ფორმის შეცვლაც. მიმდინარეში, სიაში ერთი მოსწავლე იმდენჯერ მეორდება, რამდენი შეფასებაც აქვს. რაც ძალიან არაპრაქტიკულია. უმჯობესი იქნებოდა, მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ ჩანდეს თარიღები და შესაბამისი შეფასებები მატერიალურის მსგავსად, ან როგორ ფორმასაც იყენებდა წინამორბედი ელექტრონული ჟურნალი. კიდევ, სასურველი იქნება, მოსწავლის მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასების დაწერის დროს, არ იყოს საჭირო ცალ-ცალკე შეფასების სახეობის მითითება და შემდეგ შეფასების ჩაწერა. უკეთესი იქნებოდა, მოსწავლეთა სახელისა და გვარის გასწვრის ჩანდეს ბადე, სადაც პირდაპირ ჩაიწერება დამოუკიდებელი/საკლასო შეფასება შესაბამის გრაფაში“, – გვიხსნის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგი.
მისი თქმით, თუ აღნიშნული ფუნქციების დამატება ან განახლება მოხდება, ქალბატონ იზას და მის კოლეგებს უფრო მეტად გაუმარტივდებათ პროფესიული საქმიანობა და სამუშაო დროსაც საგრძნობლად დაზოგავენ:
„აღნიშნული ფუნქციონალის შეცვლა გაამარტივებს საქმეს და დროს დამიზოგავს ელექტრონულ ჟურნალთან მუშაობის პერიოდში. მსგავსი აზრი ხშირად მომისმენია ჩემი კოლეგებისგანაც და ნამდვილად ვიზიარებ მათ პოზიციასაც, აქვე მინდა დავამატო, რომ ელექტრონული ჟურნალი წლიდან წლამდე უფრო იხვეწება, ემატება ახალი ფუნქციებიც და მაქვს მოლოდინი, რომ მომავალი წლისთვის ჩვენთვის სასურველ სიახლეებს შემოგვთავაზებენ“.
მათემატიკის მასწავლებელი თბილისის 182-ე საჯარო სკოლიდან, ხათუნა ქათამაძე, აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ მოსწავლის ნიშნები ერთ გვერდზე გამოჩნდება, როგორც ეს ქაღალდის ჟურნალშია და რედაქტირებისთვის პედაგოგებს უფრო მეტი დრო მიეცემათ, რადგან ჟურნალი ხარვეზებით მუშაობს და ზოგჯერ მასწავლებლები სისტემაში შესვლას საერთოდ ვერ ახერხებენ.
„ვფიქრობ, ელექტრონულ ჟურნალს ქაღალდის ჟურნალისგან განსხავებით, ძალიან რთული სტრუქტურა აქვს. მაგალითად, სხვადასხვა გვერდზეა წარმოდგენილი მოსწავლის ნიშნები, აქვე დაგიკონკრეტებთ რას ვგულისხმობ: ნიშნის წერისას არის საკლასო და დამოუკიდებელი ნიშნის ველი, შემაჯამებლის არ არის. როცა შემაჯამებელი იგეგმება, ეს წინასწარ უნდა ჩანიშნო, რომ სათანადო ველი გამოჩნდეს. ცალკე ველად არ არის გამოყოფილი, ისევე როგორც სხვები. გაშლილი გვერდი რომ იყოს, როგორც ქაღალდის ჟურნალშია ისე, ბავშვის ყველა ნიშანი გამოჩნდებოდა. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ზოგს მეტჯერ არ მოუწიოს გამოძახება, ან ბავშვი საერთოდ არ დარჩეს შეუფასებელი“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან ხათუნა ქათამაძე.
პედაგოგი იმ ვითარებას გვიხსნის, როცა სისტემა ნაკლებ დროს აძლევს ჟურნალში სამუშაოდ, რაც მისი განცხადებით, უსამართლობაა, რადგან არის შემთხვევები, როცა სისტემაში შევლა საერთოდ შეუძლებელია.
„სისტემა თვითონ ითვლის საშუალო ქულას, ასევე გაცდენების რაოდენობას, განმავითარებელი შეფასების, ქულის შეტანასთან ერთად, შესაძლებელია განმავითარებელი შედეგის ატვირთვაც, მშობელთან და დამრიგებელთან კომუნიკაციაც. მშობლებს ასევე მისდით ინფორმაცია მოსწავლის გაცდენების რაოდენობაზე და თვალს ადევნებენ. პედაგოგებისთვის ყველაზე არაკომფორტული არის შემთხვევები და არც თუ ისე მცირე, როცა ჟურნალში შესვლას საერთოდ ვერ ვახერხებთ ან ვახერხებთ, მაგრამ ჟურნალი ხარვეზით მუშაობს. ასეთ დროს კი სისტემა ნაკლებ დროს გვაძლევს ჟურნალში სამუშაოდ.
„მაგალითად თუკი პედაგოგი შეფასებისა და დასწრების ველის შევსების დროს შეცდომას დაუშვებს, პროგრამა შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას გაკვეთილის ჩატარებიდან 8 დღის მანძილზე აძლევს, ერთი შეხედვით ეს დიდი დრო ჩანს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგჯერ სისტემაში ვერ შევდივართ, რადგან არ მუშაობს და ან გადატვირთულია და ხარვეზით მუშაობს, კორექტირების ვადაც მცირდება და ალბათ, ყველა პედაგოგი დამეთანხმება, რომ ეს უსამართლობაა და ასეთ დროს აუცილებელია, მეტი დრო მოგვეცეს“, – განმარტავს მათემატიკის მასწავლებელი.
EDU.ARIS.GE განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, დაემატა თუ არა 2022-2023 სასწავლო წლიდან ელექტრონულ ჟურნალს ახალი ფუნქციები, ან შეიცვალა თუ არა ძველი. როგორც EMIS-ში განგვიმარტეს, ჟურნალს ახალი ფუნქციები არ დამატებია, არსებული ფუნქციები კი ელექტრონული ჟურნალში მუდმივად ვითარდება და განიცდის პროგრამულ განახლებას.
„ამ ეტაპზე, ელექტრონულ ჟურნალს ახალი ფუნქციები არ დამატებია, ყველაფერი კვლავ ისევ უცვლელად რჩება. რაც შეეხება უკვე არსებულ ფუნქციებს, იხვეწება და განიცდის პროგრამულ განახლებას“, – უპასუხეს EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 31 ოქტომბერს.
ასევე იხილეთ:
„გაიზარდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირდაპირი დაფინანსების შესაძლებლობები“
მოამზადა მზეო შველიძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება