GE

ყოველდღიური კომუნიკაცია მოსწავლის მშობელთან – დამრიგებლების გაზრდილი მოვალეობები და გამოცდილი კადრების დაკარგვის მოლოდინი პედაგოგებში

EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო სკოლებში კლასის დამრიგებლების საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდა და სკოლებს განათლების სამინისტროსგან აქვთ დირექტივა, რომ დამრიგებელს უკვე პირდაპირი ვალდებულება აქვს, ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდეს მშობელთან. თუკი ბავშვი გაკვეთილს არ ესწრება, დამრიგებელს დაუყოვნებლივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მშობელთან და გაარკვიოს მიზეზები.

სხვადასხვა სკოლების კლასის დამრიგებლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ასეთი ვალდებულება აქამდე ყველა მოსწავლის შემთხვევაში არ ჰქონდათ.

ერთმა პედაგოგმა ასეთი კითხვაც დასვა კოლეგებთან:

„დამრიგებლის ისედაც უამრავ საქმეს ახლა მშობლებთან ყოველდღიური კონტაქტი დაემატა, გაცდენების აღრიცხვა და ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდება. ვერც ჩამოვთვლი იმდენი საქმეა შესასრულებელი. ჰოდა კითხვა მაქვს, ზარის წამოწყება 5 თეთრი რომ არის, 80 ლარი ეყოფა ინტერნეტსა და სატელეფონო კავშირს მშობელთან?… ბევრი პედაგოგი გეგმავს სადამრიგებლოს მიტოვებას…“

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და ორი კლასის დამრიგებელი, ნანა გელაშვილი, დეტალურად აღგვიწერს რას გულისხმობს მშობელთან ყოველდღიური კონტაქტი. გვიხსნის, რომ დღეს უფრო მეტი შრომა უწევს, ვიდრე როდესმე და გარდა ამისა, 50-მდე მოსწავლის მშობლებთან კომუნიკაცია ის ხარჯია, რომელსაც დამრიგებლის 80-ლარიანი დანამატი ვერ დაფარავს.

„დამრიგებლობისთვის დანამატი სულ რაღაც 80 ლარია, სწავლის პირველ დღეს კი ჩვენი ფინანსების ხარჯვა გვიწევს, სულ ცოტა 200 ლარის“

„პირველ რიგში, აღგიწერთ რას ნიშნავს მშობელთან ყოველდღიური კონტაქტი: თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში ან დაფიქსირდა დაგვიანების ფაქტი, ან ბავშვმა გვთხოვა გათავისუფლება, მოუვიდა კონფლიქტი კლასელთან, სწავლის პროცესში შეექმნა გარკვეული დაბრკოლებები… მიზეზი უამრავია და სწორედ მათი გათვალისწინებით გავდივართ პირდაპირ კომუნიკაციაზე მშობელთან. ვურეკავთ, ვიბარებთ ან ვწერთ ინტერნეტით. წარმოიდგინეთ, რომ ჯამში დღიურად მინიმუმ 20 მშობელთან მიწევს დარეკვა, მყავს ორი სადამრიგებლო კლასი, სადაც 50-მდე ბავშვი სწავლობს. ასევე მყავს სხვა კლასის მოსწავლეები, რომლებსაც საგანს ვასწავლი. ინტერნეტს ყველა მშობელი არ იყენებს, მით უფრო, როცა სამუშაო საათები აქვთ, ყველამ ვიცით, რომ 5 თეთრი ღირს ზარის განხორციელება ნებისმიერ ქსელზე და იგივეა ინტერნეტის შემთხვევაშიც, ვიცით, რომ ყოველთვიური პაკეტის აღება მინიმუმ 30 ლარს საჭიროებს. ყველა საკლასო ოთახში არ არის ინტერნეტი, შესაბამისად, ჩვენი რესურსით გვიწევს საქმიანობა“, – გვიყვება დამრიგებელი.

ნანა ამბობს, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ვერ გრძნობს, რადგან წლიდან წლამდე ხედავს გაზრდილ ვალდებულებებს, რომელშიც უცვლელ ანაზღაურებას 80 ლარს იღებს. მისი თქმით, ეს ანაზღაურება ყველა დამრიგებლისთვის დამამცირებელია.

„მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და სულით და გულით ვაკეთებ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს მხრიდან ვგრძნობდე ხელშეწყობას, ვხედავ საპირისპიროს. არ მგონია არსებობდეს კიდევ სამსახური, სადაც 7-8 საათს ატარებ სამუშაო ადგილზე და თვის ბოლოს 80 ლარს იღებ. ეს ხელფასი, რაც ჩვენ გვაქვს, ნამდვილად სიმბოლურია. პირადად მე, ჩემი სკოლისგან აბსოლუტურ მხარდაჭერას ვგრძნობ, პრობლემები უფრო სისტემურია და სახელმწიფო დონეზე სჭირდება მოგვარება“, – აცხადებს ორი კლასის დამრიგებელი, ნანა გელაშვილი.

რა ხდება, როცა სკოლაში „შატალოს“ ფაქტი ფიქსირდება – სასკოლო საზოგადოების გამოწვევები და ინიციატივები, რომელიც სკოლებში უნდა დაინერგოს

EDU.ARIS.GE-ს მეორე რესპონდენტი თამუნა გიორგაძე ინგლისური ენის პედაგოგი და დაწყებითი კლასების დამრიგებელია.

ფიქრობს, რომ მასწავლებლებს სურვილი არ აქვთ სადამრიგებლო კლასები ჰყავდეთ, რადგან არავის სურს უდიდესი პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ 80 ლარად, რომელიც ახლა უკვე მშობლებთან სატელეფონო საუბარში იხარჯება.

„წინა წლებში ვწუწუნებდით, რომ კლასის გალამაზებისთვის ვხარჯავდით ჩვენს დანამატს და ახლა მშობლებთან სატელეფონო საუბარში ვხარჯავთ. მშობელთან ყოველდღიური კონტაქტი უფრო ამძიმებს ჩვენს საქმიანობას. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მშობლებიც არ არიან კმაყოფილი. ზოგჯერ სამუშაო დროს ვურეკავთ, ზოგჯერ ვაღვიძებთ და მოსვენებას ვაკარგინებთ, როცა ვარკვევთ თუ რატომ არ არის ბავშვი სკოლაში. ასეთ დროს თავადაც არანაკლებ ღელავენ და იწყებენ გარკვევას. მით უმეტეს თუ ამ დროს სახლში არ იმყოფებიან. მშობლების ნახევარზე მეტი ემიგრაციაშია წასული და საერთოდ ვერ ვუკავშირდებით. მგონია, რომ მათაც ხელს ვუშლით და ვანერვიულებთ. პირადად მე, არანაირი სურვილი არ მქონია სადამრიგებლო კლასის ყოლის, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კარგ დამრიგებლად ვითვლები. როცა მითხრეს, მეორე კლასშიც მოგიწევს შესვლაო, დავიძაბე და სურვილი გამიჩნდა, საერთოდ წამოვსულიყავი სკოლიდან. წარმოიდგინეთ, ჩემი შვილები თუ მირეკავენ, მათაც კი არ ვპასუხობ ისეთ ქაოსში ვარ. თან ამას ემატება მუდმივი შიში, რომ რაღაც ცუდი არ შეემთხვას ბავშვს და პროფესიულთან ერთად სამართლებრივი პასუხისმგებლობაც არ დამეკისროს“, – გვეუბნება თამუნა გიორგაძე.

პედაგოგი ფიქრობს, რომ სადამრიგებლო საათი იმ მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ, რომლებსაც სამუშაო დატვირთვა მინიმალური აქვთ და სახელმწიფომ მათი ხელფასის ზრდაზე ფიქრიც დროულად უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ სკოლები კვალიფიციურ კადრებს დაკარგავენ.

„ვფიქრობ, ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უფლება, უარი თქვას დამრიგებლობაზე თუ მას ეს არ უნდა, ან არ შეუძლია. ხოლო ვინც ისურვებს, მათთვის უნდა გაიზარდოს დანამატიც. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც პირიქით, მოსწონთ კიდეც ეს საქმიანობა, მოსწონთ ასევე მშობლებთან კომუნიკააციაც. მეც მყავდა 2 მაძიებელი და სიამოვნებით იმუშავებდნენ დამრიგებლებად. ასეთი კადრისთვის კლასის კარი ღია უნდა იყოს და ჰქონდეთ დამრიგებლის საათიც. პედაგოგებს, რომლებიც საათების ნაკლებობას არ ვუჩივით, უნდა გვქონდეს თავისუფალი არჩევანი და სურვილის შემთვევაში შეგვიძლია, მენტორობა გავუწიოთ დამრიგებლებს და რჩევებიც მივცეთ. შემიძლია სიზუსტით ვთქვა, რომ თუ ასე გაგრძელდა, სკოლებს კადრების დაკარგვა მოუწევთ, გამოცდილი და კვალიფიციური კადრების“, – მიიჩნევს დაწყებითი კლასის დამრიგებელი.

ასევე იხილეთ:

„დამრიგებლობისთვის დანამატი სულ რაღაც 80 ლარია, სწავლის პირველ დღეს კი ჩვენი ფინანსების ხარჯვა გვიწევს, სულ ცოტა 200 ლარის“

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური