„გაიზარდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირდაპირი დაფინანსების შესაძლებლობები“
„გადაიხედოს უნივერსიტეტების დაფინანსების არსებული ვაუჩერული მოდელი და გაიზარდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირდაპირი დაფინანსების შესაძლებლობები“, – ასეთ რეკომენდაციას აძლევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფრიდრიხ ებერტის ფონდი კვლევაში „უმაღლესი განათლება და სოციალური სამართლიანობა – სტუდენტთა სოციალური საჭიროებების კვლევა“.
ხუთ ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშში ერთ-ერთი თავი საქართველოში არსებული უმაღლესი დაფინანსების მოდელს გლობალურ კონტექსტში მიმოიხილავს და საბოლოოდ იკვეთება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემა მიეკუთვნება სწავლის მაღალი საფასურისა და დაბალი სახელმწიფო სუბსიდიების მოდელს; უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში ძირითადად დამოკიდებულია შინამეურნეობების შენატანებზე და განათლების ხელმისაწვდომობის არსებული მაჩვენებლები ეწინააღმდეგება ადგილობრივ უფლებრივ და სამართლებრივ ინსტრუმენტებს, სადაც განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა აღიარებულია საკანონმდებლო დონეზე.
ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ფრიდრიხ ებერტის ფონდი ასკვნის, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებს, რაც უმთავრესად დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან განათლების უფლებით სარგებლობის პროცესში სტუდენტების სოციალური საჭიროებების და კეთილდღეობის როლის გააზრებასთან.
„საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი მუშაობით უნდა გადაიდგას სისტემური ნაბიჯები უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებისთვის. ხელმისაწვდომობის პოლიტიკა და შესაბამისად, განათლების უფლება, აქ დანახული უნდა იყოს ფართოდ, როგორც სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილად, ხოლო მისი რეალიზებისთვის შემუშავებული უნდა იყოს ადეკვატური სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონიმიკური და სოციალური გზები. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ უნდა იყოს ფრაგმენტირებული, არამედ ის სისტემურად უნდა ხედავდეს უმაღლესი განათლების როლს საზოგადოების კეთილდღეობის და სოციალური გაძლიერების გზაზე“, – ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.
ანგარიშში, სხვა უფლებრივ მოცემულობებთან ერთად, მოცემულია საქართველოში სწავლის საფასურის სუბსიდირების არსებული პოლიტიკა და ასევე უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელების მიმოხილვა ქვეყნების მიხედვით.
უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელების მიმოხილვა: საჯარო და უმაღლესი განათლების პოლიტიკა გლობალურ კონტექსტში
უმაღლესი განათლების დაფინანსების პოლიტიკის კვლევა, როგორც წესი, მინიუმ ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს. პირველი ჯგუფი უმაღლესი განათლების დაფინანსებას განიხილავს სტრუქტურულ და ეკონომიკურ ფაქტორებზე ფოკუსირებით, მაშინ როდესაც მეორე კატეგორია, თავდაპირველად, მხედველობაში პოლიტიკურ ფაქტორებს იღებს და მისგან გამომდინარე მსჯელობს უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზეც.
უმაღლესი განათლების დაფინანსება კავშირშია ისეთ ფაქტორებთან, როგორებიცაა სწავლის გადასახადის ოდენობა, საარსებო მინიმუმი, განათლებაზე დახარჯული საერთო დაფინანსება და მასში საჯარო თუ კერძო სუბსიდირების, ასევე, სტუდენების მხრიდან გადახდილი (ე.წ შინამეურნეობების) გადასახადები.
იმის მიხედვით, თუ როგორია უნივერსიტეტებში სწავლის საშუალო გადასახადი და საჯარო სუბსიდირების რა წილი მოდის სტუდენტებზე, მკვლევრები უმაღლესი განათლების დაფინანსების სულ მცირე ოთხ მოდელს გვთავაზობენ:
I – სწავლის დაბალი გადასახადი – საჯარო სუბსიდირების დაბალი მოცულობა;
II – სწავლის დაბალი გადასახადები და საჯარო სუბსიდირების მაღალი მოცულობა;
III – სწავლის მაღალი გადასახადი, საჯარო სუბსიდირების მაღალი მოცულობა;
IV-სწავლის მაღალი გადასახადი, საჯარო სუბსიდირების დაბალი მოცულობა.
უნივერსიტეტების მიერ დაწესებული სწავლის საფასური ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. სტუდენტთა უმრავლესობას, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ირლანდია და სხვ., უწევთ სწავლის საფასურის თავიანთი ჯიბეებიდან, ე.წ ,,შინამეურნეობებიდან” გადახდა. მაშინ, როცა კონტინენტური ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ფინეთში, გერმანიასა თუ შვედეთში, უმაღლესი განათლების სწავლის საფასურისგან სტუდენტთა დიდი ნაწილი ან სრული უმრავლესობა გათავისუფლებულია. ქვეყნები, რომლებიც სწავლის მაღალი გადასახადის სისტემაზე მუშაობდნენ, 2009 წლამდე მნიშვნელოვნად გაზარდეს არსებული გადასახადი, მაშინ, როდესაც უსდ-ის სწავლის დაბალი გადასახადის მქონე ქვეყნებში შენარჩუნდა ან კიდევ უფრო შემცირდა აღნიშნული გადასახადები.
სწავლის საშუალო გასახადისა და უმაღლესი განათლების სფეროში შინამეურნეობის დანახარჯების გვიჩვენებს, რომ სწავლის გადასახადის მოცულობის მიხედვით, შესაძლებელია ქვეყნების სამ ჯგუფად დანაწილება. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ქვეყნები, სადაც სწავლის გადასახადი არ არის დაწესებული და შესაბამისად, სტუდენტების შენატანები ნულოვანია. მეორე ჯგუფში ერთიანდება ქვეყნები, სადაც სტუდენტებს სწავლის საფასურის დიდი ოდენობის გადახდა უწევთ (მაგ. ავსტრალია, კანადა, სლოვენია, ბრიტანეთი, ირლანდია, საბერძნეთი), ხოლო, მესამე ჯგუფს მიაკუთვნებს ქვეყნებს, სადაც ძალიან მცირეა სტუდენტების შენატანი უმაღლესი განათლების დაფინანსებაში (მაგ. ბელგია, იტალია, ესპანეთი, თურქეთი).
სახელმწიფო სუბსიდირების მოცულობის და პროპორციულობის განსასაზღვრად, მკვლევრები სუბსიდირების სისტემას განიხილავენ, ერთი მხრივ, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ), ხოლო, მეორე მხრივ, უმაღლესი განათლების მთლიან დანახარჯებთან მიმართებით. სუბსიდირების სისტემის აღნიშნულ ცვლადებთან მიმართება საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, თუ რეალურად სახელმწიფო ბიუჯეტის რა წილი მოდის უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე. ამავდროულად, სახელმწიფო შეიძლება რაოდენობრივად დიდი მოცულობის თანხას ხარჯავდეს სუბსიდირებაში, მაგრამ ეს არ წარმოადგენდეს უმაღლესი განათლების საერთო დანახარჯში დიდ მოცულობას და პირიქით, შეიძლება უმაღლესი განათლების საერთო დანახარჯში დიდი იყოს სახელმწიფო დანახარჯების წილი, მაგრამ მთლიანობაში ამ სფეროზე მიმართული სუბსიდიის მოცულობა იყოს მცირე. დიაგრამა 1.2-ზე დეტალურად არის წარმოდგენილი სუბსიდიების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან და უმაღლესი განათლების დანახარჯებთან ქვეყნების მიხედვით.
ქვემოთ მოცემული დიაგრამის მიხედვით სოციალ-დემოკრატიული და ლიბერალური, კეთილდღეობის ეკონომიკის მქონე ქვეყნები უფრო მეტს ხარჯავენ უმაღლესი განათლების სუბსიდირებაზე, ვიდრე ის ქვეყნები, სადაც ნეოლიბერალური, ან ავტორიტარული ნეოლიბერალიზმის ფორმა არის გავრცელებული:
საქართველოში სწავლის საფასურის და სუბსიდირების პოლიტიკის მიმოხილვას და კვლევის სხვა მიგნებებს, ასევე, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პოლიტიკის შეფასებას უფლებრივი პერსპექტივიდან გაეცანით ბმულზე.
ასევე იხილეთ:
„გადავდივართ ახალ ფაზაზე“ – რა ეტაპზეა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დამტკიცება
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება