რა მიზეზით უჩივლეს განათლების მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში – სასამართლოს პოზიცია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს.
როგორც საქმის (“ანა ხაჭაპურიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ”) სამოტივაციო ნაწილში ვკითხულობთ, დავის საგანია:
„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით – დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს“.
“გასაჩივრებული ნორმის თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ კვლევით პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს”.
სხდომის ოქმის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს აქვს უვადოდ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა და იგი 2022 წლიდან ირიცხება საქართველოში აკრედიტებული ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამაზე. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი, რომლის თანახმადაც, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტის მოპოვება დამოკიდებულია სსიპ „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის“ (შემდგომში „ფონდი“) წარდგენილი საკონკურსო პროექტისთვის საჭირო საბიუჯეტო ხარჯების სიმცირეზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული რეგულირება არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და ინტერესებს, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ზრუნვის კონსტიტუციური ვალდებულება.
კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოველდღიურობა დამატებით მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დოქტორანტის მიერ წარდგენილი საკონკურსო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო მოცულობა, თავისთავად, აღმატებული იქნება იმ პირის მიერ წარდგენილ ბიუჯეტზე, რომელსაც შესაძლებლობები არ აქვს შეზღუდული. ამდენად, მოსარჩელის მტკიცებით, დაბალბიუჯეტიანი კვლევითი პროექტის წარდგენის ნაწილში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა დოქტორანტები არ არიან არსებითად თანასწორი პირები და, შესაბამისად, სახელმწიფოს მათ მიმართ უჩნდება დიფერენცირებული მოპყრობის საჭიროება. აღნიშნულისგან განსხვავებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა არსებითად უთანასწორო პირების მიმართ ადგენს ერთგვაროვან მოპყრობას.
მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, ფონდისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გადაცემულია გარკვეული რაოდენობის საგრანტო პროექტთა დასაფინანსებლად საჭირო ფინანსები, შესაბამისად, სადავო რეგულირება, რომელიც ორიენტირებულია, შეარჩიოს დაბალბიუჯეტიანი პროექტები, ახდენს არა ზოგადად სახელმწიფოს ბიუჯეტის ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არამედ უშუალოდ ფონდისთვის გადაცემული რესურსების დაზოგვას, რომელთა ხვედრითი წილი განსაკუთრებით მცირეა. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მარტოოდენ ფონდის საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის ინტერესი ვერ გამოდგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უფლების შეზღუდვის გასამართლებლად საკმარის ლეგიტიმურ მიზნად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, რის გამოც, იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, მოსარჩელე მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
რა დაადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რა მიიღო და რა არა არსებითად განსახილველად:
ანა ხაჭაპურიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ
განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე 2024 წლის 27 დეკემბერს გაიმართა, მომდევნო სხდომის თარიღი კი ოქმით განსაზღვრული არ არის.
- „ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობა“ – ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხარვეზები სახელმწიფო კვლევამაც აჩვენა by ARIS.GE-განათლება
- სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა ახალი სქემის შექმნის სხვა ვადა დაასახელა – „კომისიამ რამდენიმე ვერსია შეიმუშავა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო