„ჩემი ინტერესია, Erasmus+ -ის შესაძლებლობები რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ“ – ეროვნულო ოფისის ახალი ხელმძღვანელი
გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა – Erasmus+ -ის ეროვნულმა ოფისმა, გაუქმებიდან თითქმის ორი წლის თავზე, მუშაობა ახალი ხელმძღვანელით განაახლა. მარიამ სულაშვილი, რომელიც ვაკანტურ პოზიციაზე მეორედ გამოცხადებული ხანგრძლივი კონკურსის შედეგად შეირჩა, პოსტზე უკვე ოფიციალურად დაინიშნა. მისი ამჟამინდელი საქმიანობა, ძირითადად, ოფისის გუნდის ხელახლა დაკომპლექტებას მოიცავს და იმედოვნებს, რომ ერთ-ორ თვეში უკვე სრულყოფილად ჩამოყალიბებული შემადგენლობით შეუდგებიან საქმეს, რაც ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროგრამიდან მეტი სარგებლის მიღებაში მხარდაჭერასა და ოფისის ხანგრძლივი უფუნქციობით გაჩენილი დანაკლისის შევსებას გულისხმობს.
ხელმძღვანელის შერჩევამდე და მის საჯარო გამოჩენამდე საკმაოდ გრძელი, ბუნდოვანი და პასუხგაუცემელი კითხვებით სავსე თითქმის ორ წლიანი გზა იყო. ბუნდოვანი იყო მიზეზიც, რის გამოც წინა ხელმძღვანელთან, რომელიც პოსტს 12 წლის განმავლობაში იკავებდა, ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა და იგი თანამდებობიდან ავტომატურად გათავისუფლდა. ავტომატურადვე შეწყვიტა ფუნქციონირება ეროვნულმა ოფისმაც და ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. პირველი კონკურსი კრახით დასრულდა – შერჩეულმა კანდიდატმა, ლელა რუხაძემ, პოზიციის დაკავებაზე, საბოლოოდ, უარი განაცხადა. მეორე კონკურსი პირველის ჩავარდნიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოცხადდა და, წესით, ორიოდე კვირაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ახალი ხელმძღვანელის შერჩევის შესახებ ჯერ კულუარულად, მოგვიანებით კი ოფიციალურადაც მხოლოდ ერთი წლისა და 4 თვის შემდეგ გახდა ცნობილი.
რატომ გართულდა შესაფერისი კანდიდატურის შერჩევა, რატომ დარჩა ყველაზე პოპულარული და საჭირო საერთაშორისო პროგრამა ქვეყანაში წარმომადგენლობის გარეშე ამდენი ხნით, რა გაფუჭდა ამით და როგორ უნდა ანაზღაურდეს დანაკლისი – ეს ის მთავარი კითხვებია, რომლებიც თემის გარშემო არსებობს, თუმცა, ოფისის ახალი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საჭირო პროცედურების გათვალისწინებით, შერჩევის ეტაპი არც ისე ხანგრძლივად უნდა მივიჩნიოთ.
მარიამ სულაშვილი პროფესიით ფინანსისტია. ამბობს, რომ მისი წარსული საქმიანობა განათლების სფეროსთან მჭიდრო კავშირში იყო და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რამაც კონკურსში მონაწილეობის მიღება გადააწყვეტინა:
მარიამ სულაშვილი: განათლების სფეროსთან მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მაკავშირებს. განსაკუთრებით, უმაღლეს განათლებასთან. მიმუშავია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში. მათ შორის, მოწვეული ლექტორის პოზიციაზე, ასევე, სამეცნიერო, სტუდენტთა მხარდაჭერის პროექტების მიმართულებით.
– როდიდან დაინიშნეთ Erasmus+-ის ნაციონალური ოფისის ხელმძღვანელად? როდის დასრულდა შერჩევის პროცესი და რატომ დასჭირდა კანდიდატის შერჩევას ერთ წელზე მეტი?
– შერჩევა რამდენიმე თვის წინ, ფორმალური, იურიდიული პროცედურები კი ოქტომბერში დასრულდა. საკმაოდ არასტანდარტული პროცესია და ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ შერჩევას დაეთმო. ეს უშუალოდ ოფისის მომზადების პროცესი გახლდათ, რაც გულისხმობს სამუშაო გეგმის დასახვას, მიზნების ჩამოყალიბებას, პოტენციური აქტივობების გაწერას. ყველაფერი წინასწარ დამუშავდა და ბუნებრივია, დიდი დრო წაიღო.
– რაც შეეხება ოფისის თანამშრომლების შერჩევას, როგორც ვიცით, ახალი ხელმძღვანელი თავიდან აყალიბებს გუნდს ძველი, ან ახალი თანამშრომლების შემადგენლობით. თქვენ როგორ გეგმავთ გუნდის ჩამოყალიბებას?
– ვერ ვიტყოდი, რომ ეს პროცესი სურვილზეა დამოკიდებული. იგი სრულიად გამჭვირვალეა – ვაკანსიებს გამოვაცხადებთ, შეიქმნება შესაბამისი კომისია. აპლიკანტები მათი კვალიფიკაციის, მოტივაციის, უნარების მიხედვით გადარჩევიან. ყველაზე მისაღები კანდიდატები კი აღნიშნულ პოზიციებზე დასაქმდებიან.
– ანუ, ძველი გუნდის წევრებთან თანამშრომლობის გაგრძელება არ განიხილება?
– თუ განაცხადი შემოიტანეს, შესაძლოა, განხილულიც იყოს. დათქმული კრიტერიუმი, რომ ძველი გუნდის წევრის კანდიდატურა არ განიხილება, არ არსებობს. ვაკანსიებზე განაცხადის შემოტანა ნებისმიერ პირს შეუძლია, ვისაც შესაბამისი უნარი და მოტივაცია აქვს ის ფუნქცია-მოვალეობები შეასრულოს, რაც ვაკანსიითაა განსაზღვრული.
– როგორია პროგრამის თქვენეული ხედვა, რა მთავარი მიზანი ექნება ეროვნულ ოფისს თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში?
– Erasmus+-ის ოფისის მთავარი სტრატეგია ყოველთვის თავად პროგრამის მიზნებიდან გამომდინარეობს. ამ შემთხვევაში, იგივე მიზნების ერთგული ვრჩებით – ხელი შევუწყოთ ადამიანების პროფესიულ და პერსონალურ განვითარებას, იქნება ეს განათლების, ახალგაზრდობისა თუ სპორტის მიმართულებით. ჩემი ინტერესია, Erasmus+-ის შესაძლებლობები რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ, რადგან ეს პროგრამა მართლაც სასურველ შესაძლებლობებს ქმნის. მინდა მეტმა ადამიანმა გაიგოს, დაინტერესდეს, გადალახოს დაბრკოლებები და მიიღოს მონაწილეობა. მეორეს მხრივ კი, გავხადოთ ეს პროცესი უფრო ინკლუზიური იმ თვალსაზრისით, რომ მასში ჩართვა ნაკლები გამოცდილების მქონე აქტორებსაც შეეძლოთ. მაგალითად, ვიცით, რომ უმაღლესი განათლების სფერო, Erasmus+-ის პროგრამებში, საბედნიეროდ, საკმაოდ აქტიურია. თუმცა, არიან უნივერსიტეტები, რომლებიც წინა პერიოდის განმავლობაში ნაკლებად იყვნენ ჩართულები. ჩვენი მიზანია ამ შესაძლებლობების გამოყენების შანსი ყველა სტუდენტს მიეცეს.
– უკვე გაქვთ განსაზღვრული პირველი ნაბიჯები ამ მიზნის მისაღწევად?
– დეკემბრიდან, მოსამზადებელი პროცესის გავლის შემდგომ, რაც ოფისის ადმინისტრაციული თვალსაზრისით გამართულად მუშაობისთვისაა საჭირო, აქტიური საინფორმაციო კამპანიების ჩაშვებას დავიწყებთ. ასევე, ბენეფიციარებთან ტრენინგ- სესიების გამართვას. ეს, გარკვეული საჭიროებებიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში უნივერსიტეტებისა თუ პროფესიული განათლების წარმომადგენლებთან პირისპირ კომუნიკაციასაც მოიაზრებს.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად დააზარალა ორი წლის განმავლობაში ეროვნული ოფისის არარსებობამ პროგრამა, ქვეყნის პოზიციები როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე და მასში უკვე ჩართული თუ პოტენციური ბენეფიციარები?
– ვერ ვიტყოდი რომ დააზარალა, იმ თვალსაზრისით, რომ უნივერსიტეტებს, პროფესიული განათლების წარმომადგენლებს Erasmus+-ის შესაძლებლობების შესახებ ზოგადი ინფორმაცია ჰქონდათ. მათ პროგრამებში მონაწილეობა განაგრძეს. თუმცა, ოფისის არსებობა, ზრდის ინკლუზიურობას და ბენეფიციარების ჩართულობას ახალისებს. რომ ყოფილიყო ოფისი, დარწმუნებული ვარ, მეტი ბენეფიციარი ეყოლებოდა. თუმცა, მიმდინარე სტატისტიკით ცუდი მდგომარეობა მაინც არ გვაქვს.
– რამდენად შეიძლება იმავეს თქმა პროფესიულ განათლებაზე, რომლის კომპონენტიც, საერთაშორისო პროგრამას სულ ახლახან შეუერთდა და პირველი შედეგები, გასულ წელს, არცთუ სახარბიელო იყო – საქართველოდან სულ სამი განაცხადი შევიდა და მიღებული დაფინანსებით რეგიონში ბოლო ადგილი დავიკავეთ. როდესაც ამ თემაზე სტატიას ვამზადებდით, აღმოჩნდა, რომ კოლეჯები აბსოლუტურ ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ. მათ ამ შესაძლებლობის შესახებაც კი არაფერი იცოდნენ. ფიქრობთ, რომ პროფესიული განათლება მეტად დაზარალდა?
– ბუნებრივია, ოფისის, კოორდინატორის არსებობა, რომელთან მიმართვაც გარკვეული საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, მეტად დაეხმარებოდა ნებისმიერ ბენეფიციარს ნებისმიერ სექტორში. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება, ნაკლებად ათვისებული სექტორები დავფაროთ. პროფესიული განათლების მიმართულებით რომ მეტი სამუშაო იქნება, ვიდრე უმაღლესი განათლების მიმართულებით, ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით.
ოფისი, ძირითადად, ინფორმაციის გამავრცელებლის როლს ასრულებს. დეკემბერ-იანვრიდან აქტიურადაა დაგეგმილი ტრენინგების ჩატარება, საინფორმაციო კამპანიები, პუბლიკაციების მომზადება, რათა საჭირო ინფორმაციაზე წვდომა ონლაინ რეჟიმშიც ჰქონდეთ. დაგეგმილია რამდენიმე რეგიონში არსებული სასწავლებლების დაფარვა და მათთვის ინფორმაციის მიწოდებაც. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ბენეფიციარი გვყავდეს საქართველოდან, რადგან რესურსი ნამდვილად დიდია.
– თქვენ, როგორც ოფისის ახალ ხელმძღვანელს რა ტიპის მხარდაჭერა, რა პირობები გჭირდებათ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ და ყველა ის ამოცანა, რომელსაც ახლა ისახავთ, ვადის ამოწურვის შემდეგ შესრულებულად ჩათვალოთ?
– ვიტყოდი, რომ დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, ბუნებრივია, ფუნდამენტური წინაპირობაა იმისთვის, რომ ოფისმა თავისი ფუნქცია შეასრულოს. გარდა ამისა, ძალიან კარგი იქნება უშუალოდ ბენეფიციარების ღიაობა და მათი სურვილი. როგორც არ უნდა დაიხარჯოს ოფისი ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, თუ ბენეფიციარებს თვითმოტივაცია არ ექნებათ, რომ განვითარებისთვის მეტი გააკეთონ, თავიანთ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში სიახლე დანერგონ, მიზნების მიღწევა, ალბათ, გართულდება.
ასევე იხილეთ:
Erasmus+-ის პროგრამის ოფისი საქართველოში უკვე მერვე თვეა არ ფუნქციონირებს – მიზეზები და შედეგები
თითქმის ორწლიანი უმოქმედობის შემდეგ Erasmus+ -ის ეროვნულმა ოფისმა საქართველოში მუშაობა განაახლა
- „შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები“ – ზოგადი განათლება 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- როცა სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე საქმდებით – დამატებითი მოთხოვნა და გამოცდის ჩაბარების ვადები by ARIS.GE-განათლება
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება