Erasmus+-ის პროგრამის ოფისი საქართველოში უკვე მერვე თვეა არ ფუნქციონირებს – მიზეზები და შედეგები
ბოლო რვა თვის განმავლობაში, საერთაშორისო პროგრამის Erasmus+-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი უკვე მეორედ გამოცხადდა. პირველ ჯერზე გამარჯვებულმა კანდიდატმა, საბოლოოდ, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა აღარ ისურვა და მიუხედავად სოლიდური ანაზღაურებისა, შეთავაზებაზე უარი თქვა.
მეორე კონკურსი ჯერ არ დასრულებულა. პროგრამაში ჩართული ადამიანები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე არც დასრულდება. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საგრანტო პროგრამა, საქართველოში, ძველი თუ ახალი პროექტებით გრძელდება, თუმცა წარმომადგენლობა და ოფისი არ გააჩნია. ამ ყველაფრის შესაძლო შედეგებზე კი ქვემოთ მოგახსენებთ.
პრეისტორია
EDU.ARIS.GE ამ თემაზე უკვე მესამე თვეა მუშაობს. ამ მუშაობის შედეგად გაურკვევლობებით სავსე საქმეზე მნიშვნელოვანი დეტალები გავარკვიეთ. ნაწილი ოფიციალური, ნაწილიც – არაოფიციალური წყაროებიდან. შეგახსენებთ, რომ Erasmus++-ის ეროვნულმა ოფისმა (NEO) ფუნქციონირება 2021 წლის დეკემბრიდან შეწყვიტა. ანუ, იმ დროიდან, როცა მაშინდელი ხელმძღვანელთან, რომელიც ამ პოზიციას 12 წლის განმავლობაში იკავებდა, ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა და იგი, ავტომატურად, თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შემდეგ ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, თუმცა აღარსად ფიქსირდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგით დასრულდა ეს კონკურსი. თემა ყველამ მიივიწყა და დიდი ალბათობით, ასეც გაგრძელდებოდა, აპრილის ბოლოს EDU.ARIS.GE-ს ახალ ხელმძღვანელთან ინტერვიუს ჩაწერა რომ არ მოენდომებინა. აღმოჩნდა, რომ ახალი ხელმძღვანელის ვინაობა არსად იძებნებოდა – არც სამინისტროს და არც ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე. აღარ იძებნებოდა თავად Erasmus+ ეროვნული ოფისის გვერდი ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებშიც. ხელმძღვანელის ვინაობა უცნობი იყო იმ ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც ეროვნულ ოფისთან წლების განმავლობაში თანამშრომლობენ. ჩვენ განათლების სამინისტროს მივმართეთ, მათ დაგვიდასტურეს ახალი ხელმძღვანელის არჩევა, თუმცა ვინაობა არ გაგვიმხილეს და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გადაგვამისამართეს. საკმაოდ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობისგან გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ და რაც ყველაზე მთავარია, გავიგეთ, რომ ახალი ხელმძღვანელი, რომელიც, მუშაობას, წესით, რამდენიმე თვით ადრე უნდა შესდგომოდა, ჯერ ისევ არ იყო არჩეული.
ამ მოულოდნელი ინფორმაციის მიღებიდან მალევე აღდგა პროგრამის ოფიციალური ვებ და ფეისბუქ გვერდებიც, თუმცა მათზე ინფორმაცია არ განახლებულა. მიმდინარე წლის 17 ივნისს კი, განათლების სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ გვერდებზე პროგრამის ეროვნული კოორდინატორის შესარჩევად ვაკანსია ხელახლა გამოქვეყნდა. განაცხადების მიღების ბოლო ვადად კი 4 ივლისი იყო მითითებული. ერთსა და იმავე პოზიციაზე რამდენიმე თვიანი შუალედით ორჯერ გამოცხადებული კონკურსის მიზეზებზე კითხვები გავუგზავნეთ ევროკავშირის წარმომადგენლობასაც და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც. სამინისტროსგან პასუხები, ამ დრომდე, არ მიგვიღია. ევროკავშირის წარმომადგენლობისგან კი ყველაფერი ვერა, მაგრამ მცირეოდენი ინფორმაცია მაინც მივიღეთ.
რა გაარკვია EDU.ARIS.GE-მ
მანამ, სანამ ევროკავშირის პასუხებს მივიღებდით, EDU.ARIS.GE-მ საკუთარი ძალებით გაარკვია, რომ კონკურსის ხელახალი გამოცხადების მიზეზი პირველ ჯერზე გამარჯვებული კანდიდატის უარი იყო. მოგვიანებით, ეს, ევროკავშირის წარმომადგენლობამაც დაგვიდასტურა. ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებზე პასუხად მათ მოგვწერეს, რომ „კონკურსში შერჩეული კანდიდატი თანამდებობას არ დათანხმდა“.
ჩვენს კითხვაზე ვინ ასრულებდა ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობებს ამ თვეების განმავლობაში, ევროკავშირის წარმომადგენლობიდან გვპასუხობენ, რომ ახალი პროგრამის ამოქმედებამდე მიმდინარე საკითხების მოგვარებაზე, ისევე როგორც ინტერნეტ-გვერდების მართვაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავს, ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოსა და ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით. ისიც ვიკითხეთ, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი გამარჯვებული ამჯერადაც ვერ გამოვლინდება, ვინ უხელმძღვანელებს NEO-ს. მათ გვიპასუხეს, რომ: „შერჩევა მიზნად ისახავს ამ საკვანძო როლის შესასრულებლად ყველაზე შესაფერისი კანდიდატების მოზიდვასა და საქართველოში Erasmus+-ის წარმატების შემდგომ უზრუნველყოფას. EACEA მოელის, რომ ის ნაყოფიერი იქნება“.
EDU.ARIS.GE-მ იმ ადამიანსაც მიაკვლია, ვინც პირველ კონკურსში გაიმარჯვა – ლელა რუხაძეს. ვკითხეთ თუ რა მიზეზით თქვა უარი საქართველოს პირობებში საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამუშაოზე (თვიური სარგო – 2 067 ევრო), თუმცა მან კომენტარზე უარი განგვიცხადა და ამ თემაზე მარად მდუმარე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გადაგვამისამართა.
როგორია NEO-ს ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურა
ორიოდე სიტყვით იმ წესებზეც მოგახსენებთ, რომლებიც პროგრამის ადგილობრივი ხელმძღვანელის შეცვლისა და არჩევისას მოქმედებს. საგრანტო პროექტი 3 წლიანია და ადგილობრივი კოორდინატორიც თანამდებობას 3 წლის ვადით იკავებს. თუკი ვადის გასვლის შემდეგ პროგრამის სათაო ოფისი (ბრიუსელი) და ამა თუ იმ ქვეყნის განათლების სამინისტრო შეთანხმდებიან, ძველ ხელმძღვანელს კონტრაქტს ახალი ვადით – სამი წლით უხანგრძლივებენ. თუკი განათლების სამინისტრო ცენტრალურ ოფისს აცნობებს, რომ პროგრამაზე ხელმძღვანელის შეცვლის საჭიროებაა, კონკურსი ცხადდება.
საქართველოს ეროვნული ოფისის ახალი ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურებს კი შესარჩევი კომიტეტი ატარებს, რომელიც დაკომპლექტებულია ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA), საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხმის უფლების მქონე წევრებით. დამკვირვებლის სახით მონაწილეობს ევროკომისიის წარმომადგენელიც.
„ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. შერჩევა ხდება გამჭვირვალე და სამართლიანად დადგენილი პროცედურებით, რომლის მიზანია NEO-ის კოორდინატორის დანიშვნა ვაკანსიით განსაზღვრული კრიტერიუმების სრული დაცვით“, – განმარტავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
შერჩევის შემდეგ, NEO კოორდინატორი თავის საქმიანობას შეუდგება ან უკვე არსებულ ორგანიზაციაში, ან იგი თავად დააფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იმოქმედებს როგორც იურიდიული პირი და მიიღებს დაფინანსებას სათაო ოფისიდან.
რა ზიანი მიადგა პროგრამასა და ბენეფიციარებს
როგორც უკვე გითხარით, Erasmus+-ს საქართველოში, ამ ეტაპისთვის არც ხელმძღვანელი ჰყავს და აღარც გუნდი. წლების განმავლობაში არსებული პროგრამები გრძელდება და უნივერსიტეტები ახალ პროექტებშიც ახერხებენ ჩართვას, თუმცა, ოფისის არარსებობა პროგრამით მოსარგებლე დაწესებულებებისთვის ლოგიკურ შედეგს იწვევს.
აღნიშნულ თემაზე EDU.ARIS.GE-ს Erasmus+-ის სხვადასხვა პროექტის მონაწილე პირი ესაუბრა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის სტატიაში გამოქვეყნებისაგან თავის შეკავება გვთხოვა. მისი ვარაუდით, ოფისი ქვეყანაში 2023 წლამდე აღარც ამოქმედდება. ამის თქმის საფუძველს კი ის გარემოებები აძლევს, რომ კონკურსის მეორედ გამოცხადება ზაფხულის პერიოდს დაემთხვა, რაც სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია, რადგან სათაო ოფისში, ბრიუსელში, ამ დროს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ფერხდება. ჩვენი რესპონდენტი ვარაუდობს, რომ საკონკურსო პროცესი შემოდგომაზე განახლდება. ახალ ხელმძღვანელს ორგანიზაციის დაარსებისთვის საჭირო პროცედურების, გუნდის შერჩევისა და დამტკიცებისთვისაც დასჭირდება დრო. ეს ყველაფერი კი დრო წლის ბოლომდე გაგრძელდება. შესაბამისად, იგი ფიქრობს, რომ ახალი ხელმძღვანელი, თავისი გუნდით, საქმიანობას მომდევნო წლის იანვრიდან შეუდგება. ანუ, გამოდის, რომ ოფისს, ჩვენს ქვეყანაში, 1 წლიანი შეფერხება ექნება.
ჩვენი რესპონდენტი დეტალურად განგვიმარტავს რა და როგორ ზარალდება. პირველი ზიანი, რაც, მისი თქმით, ქვეყანას შეიძლება მიადგეს, ისაა, რომ ნაკლებმა უნივერსიტეტმა მიიღო კონსულტაცია პროექტების მომზადების პროცესში და ეს ახალბედა უნივერსიტეტებისთვის პრობლემაა. ამბობს იმასაც, რომ „ცალსახად დიდი ზიანი მიადგება“ საგრანტო განაცხადებს პროფესიული განათლების მიმართულებით, ვინაიდან წელს საქართველო პირველად შეუერთდა საგრანტო კონკურსს, რომელიც პროფესიულ განათლებას შეეხებოდა. გარდა ამისა, ოფისის შეფერხება იმიჯის თვალსაზრისითაც წამგებიანია.
„ქვეყანა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, ფაქტობრივად, კვალიფიციური კონსულტაციის, მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე დარჩნენ. ვფიქრობ, ეს ზიანი ცალსახაა. ბუნებრივია, საინფორმაციო კამპანიაც ვერ იქნება სათანადოდ წარმოებული, ვინაიდან როცა კამპანია პიკში უნდა ყოფილიყო, ერასმუსის ოფისი უკვე აღარ არსებობდა. რაც შეეხებათ სტუდენტებს, მართალია, ეროვნულ ოფისსა და სტუდენტებს შორის პირდაპირი კავშირი არაა, მაგრამ სტუდენტები იმ თვალსაზრისით ზარალდებიან, რომ ნაკლები უნივერსიტეტი მიიღებდა ინფორმაციას და შესაძლოა, ნაკლები პროექტი იყოს დაფინანსებული. ეს სტუდენტებზე ირიბად, მაგრამ მაინც უარყოფითად აისახება. საინტერესო იქნება სტატისტიკა – პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოდან წარდგენილი განაცხადების შედარება აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან, რადგან როგორც ვიცი, განაცხადების წარდგენა, ომის მიუხედავად, უკრაინამაც კი შეძლო. საინტერესო იქნება სომხეთთან, აზერბაიჯანთან, მოლდოვასთან შედარება – რამდენი წარვადგინეთ და რამდენი დაფინანსდა“, – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.
თუ როგორ იმოქმედა გასული თვეების განმავლობაში პროგრამის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა თავად იმ დაწესებულებებს ვკითხეთ, რომლებიც Erasmus+-ის უშუალო ბენეფიციარებად მოიაზრებიან – უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებს. პასუხები თავშეკავებულია, თუმცა ეროვნული ოფისის არარსებობით გამოწვეული დანაკლისი მაინც იგრძნობა.
Erasmus Student Network Tbilisi – ESN Tbilisi ახალგაზრდული, მოხალისეობრივი ორგანიზაციაა, რომელიც 2011 წლიდან ფუნქციონირებს და ადგილობრივ თუ უცხოელ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობაში ეხმარება. ორგანიზიაცია დაარსების დღიდან ურთიერთობდა Erasmus+-ის ნაციონალურ ოფისთან. ეროვნული ოფისი მას დროდადრო გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერას, უწევდა. თავის მხრივ, ორგანიზაციაც ეხმარებოდა ოფისს, მოხალისეობრივი ძალით, სხვადასხვა ღონისძიების დროს. იმ ურთიერთობაზე, რაც ორგანიზაციასა და NEO-ს შორის წლების განმავლობაში არსებობდა EDU.ARIS.GE სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენელს, სალომე ქეშელაშვილს ესაუბრა. ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენად მოქმედებს ეროვნული ოფისის არარსებობა პროექტსა და ბენეფიციარებზე, ახალი წამოწყებების კუთხით, შემდეგნაირი პასუხი მივიღეთ:
„ჩვენ არ ვართ პირდაპირი ბენეფიციარები, ამიტომ რადიკალურად არ შეგვშლია ხელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ოფისის არსებობა მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და უფრო მეტად, უმაღლესი სასწავლებლებისთვის. ჩვენი გადმოსახედიდან ვერ ვიტყვი, რომ საინფორმაციო ნაწილი არ სრულდება. საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციას ჩვენც ვავრცელებთ და უნივერსიტეტების საერთაშორისო დეპარტამენტებიც. რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებდა“, – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში სალომე ქეშელაშვილი.
იგივე კითხვებით, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებსაც მივმართეთ. კონკრეტულად კი თავისუფალ უნივერსიტეტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს. პასუხის მიღება კი მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისგან შევძელით. უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ თავხელიძე ამბობს, რომ მრავალწლიანი გამოცდილებისა და ეროვნულ ოფისთან წლების განმავლობაში არსებული აქტიური ურთიერთობის წყალობით მათ შეძლეს საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ, თუმცა, არ მალავს, რომ ოფისი მათთვის საიმედო საყრდენის როლს ასრულებდა, რომელსაც ნებისმიერი საჭიროების დროს თამამად მიმართავდნენ და დროულ მხარდაჭერასაც იღებდნენ.
„Erasmus-ის პროგრამაში აქტიურად ვართ ჩართულები და წელსაც შეგვაქვს პროექტები. ოფისის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრებზე, ტრენინგებზე სულ დავდიოდით. თუ რაიმე კითხვა გვქონდა, რასაც ჩვენს დონეზე ვერ ვწყვეტდით, აუცილებლად მივმართავდით. ბევრს ვსწავლობდით იმ ტრენინგებითაც, რომელთაც ოფისი ატარებდა ევროკავშირის სხვადასხვა პროექტზე. ბევრ სიახლეს ვიგებდით და ამის მერე ორიენტირება მარტივი იყო. ყველაფერში გვეხმარებოდნენ. ახალ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციას გვაძლევდნენ. ამ თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ უკვე დამოუკიდებლად შეგვიძლია გავერკვეთ პროექტებსა და პროგრამებში, ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ხელი განსაკუთრებულად შეგვეშალა. თუმცა, ხანდახან არის საკითხი, რომელიც რთულია დაწესებულებამ თავად გადაჭრას. როცა გყავს უფრო ჩახედული პარტნიორი, რომელსაც მეტი კონტაქტი აქვს და გეხმარება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ოფისით თუ მის გარეშე მაქსიმუმს ვცდილობთ, თუმცა ოფისი ნამდვილად გვადგებოდა და გამოგვადგება, თუკი ფუნქციონირებას გააგრძელებს. მისი არსებობის პლუსია ის, რომ მხარდამჭერი გყავს, რომელსაც მიმართავ და დაგეხმარება. ასე რომ, ოფისი ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა და მათთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვქონდა“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს თამარ თავხელიძემ.
ფაქტია, რომ ეროვნული ოფისი და მის მიერ შესრულებული სამუშაო კარგ როლს ასრულებს ქვეყანაში პროგრამის განვითარებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების სულ უფრო აქტიურად ჩართვის საქმეში. იმედია, უახლოეს მომავალში გაირკვევა ვინ გახდება NEO-ს ახალი ხელმძღვანელი და ოფისი ისევე აქტიურად ამოქმედდება, როგორც მანამდე. ველით, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროგრამას ქართული სასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მეტი შეთავაზება ექნება და იმაზე მეტ პროექტს განახორციელებს, ვიდრე აქამდე, რადგან Erasmus+-ს ახალგაზრდობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია.
ამავე თემაზე:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება