რა პრობლემები შეექმნათ „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ მონაწილეებს – „აღმოჩნდა, რომ მასწავლებლის სახლმა ეს ვალდებულება თავის თავზე აღარ აიღო“
გასულ წელს, მასწავლებლის სახლმა ახალი პროექტი „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ დაიწყო, რომელსაც პროფესიაში შესვლის 2000-მდე მსურველი უნდა გადაემზადებინა და მათთვის მცირეკონტინგენტიან სკოლებში შესაძლო ვაკანსიები შეეთავაზებინა. პედაგოგთა ნაწილმა გადამზადების კურსები უკვე დაასრულა, თუმცა აღმოჩნდა რომ დასაქმების კუთხით გარკვეული პრობლემები შეექმნათ.
პროექტში მონაწილე ახალგაზრდები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობენ, რომ ზოგადად მასწავლებლის ეროვნული სკოლის პროგრამა ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო იყო, თუმცა საჯარო სკოლაში დასაქმებაში ამ ეტაპზე მათ ვერ დაეხმარა.
მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ პროგრამა ძირითადად მცირეკონტინგენტიანი სკოლების საკადრო უზრუნველყოფაზე იყო ორიენტირებული.
„ჩვენი მიზანია ყველა მოსწავლეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე. ამიტომ გადაწყდა, ასეთ სკოლებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ერთმა მასწავლებელმა ორი-სამი მომიჯნავე საგანი ასწავლოს. ამ კადრის მოსამზადებლად შეიქმნა ,,მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, რომელიც ორიენტირებულია მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის მასწავლებლების მომზადებაზე, რომ მათ შეძლონ ორი-სამი მონათესავე საგნის სწავლება“, – ამბობდა მანანა რატიანი.
ნათია ბარბაქაძე პროფესიით გეოგრაფია, აღნიშნულ საგანში მასწავლებლის გამოცდაც ჩაბარებული აქვს და სურვილი ჰქონდა ,,მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსის გავლის შემდეგ, მცირეკონტინგენტიან სკოლაში ემუშავა, თუმცა ამ ეტაპზე ვაკანსია არ მოიძებნა.
“ტრენინგებით კმაყოფილი ვარ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ძირითად მასალასთან ერთად, ყურადღება გამახვილებული იყო მეთოდებზე, რომ კლასში უკეთესად წაგვემართა საგაკვეთილო პროცესი. ჩვენს ჯგუფში კომბინირებული იყო სამი საგანი: გეოგრაფია, ისტორია და სამოქალაქო განათლება. გეოგრაფიას და ისტორიას დათმობილი ჰქონდა 30-30 საათი და სამოქალაქო განათლებას -15 საათი, სულ გამოვიდა 75 საათი. ტრენინგ-კურსით, ტესტირებით, ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ და ჩემი მოლოდინი გაამართლა, მაგრამ რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, ჯერჯერობით ვერსად ვერ დავსაქმდი და ამ კუთხით უფრო მეტ ხელშეწყობას ველოდი.
„ჩემი აზრით ეს იმანაც განაპირობა, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს გაუხანგრძლივეს სკოლაში ყოფნის ვადა და შესაბამისად ვაკანსიები აღარ გამოჩნდა. როდესაც „მასწავლებლის ეროვნული სკოლაში“ რეგისტრაცია გავიარეთ, იქ მითითებული იყო რას მოიცავდა ეს პროექტი და ეწერა, რომ კონკრეტული მუნიციპალიტეტის კონკრეტული სკოლისთვის გვამზადებდნენ. აღმოჩნდა, რომ მასწავლებლის სახლმა ეს ვალდებულება თავის თავზე აღარ აიღო და გამოცხადებული ვაკანსიების მიხედვით ჩვენ თავად უნდა გვეზრუნა დასაქმებაზე“, – ამბობს ნათია ბარბაქაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
ახალგაზრდა პედაგოგი აცხადებს, რომ ახალ ვაკანსიებს სექტემბრის თვიდან ელოდება, როცა მასწავლებელთა გამოცდები დასრულებული იქნება და პრაქტიკოსი პედაგოგები სკოლებიდან გავლენ.
„გვითხრეს, რომ სანამ გაივლით ამ კურსს, მითითებულ რეგიონში, ჩვენ უკვე ვაკანტური ადგილებს შემოგთავაზებთო, მე მქონდა მითითებული ტყიბული და მისი მეზობელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი, შესაბამისად, ველოდებოდი რომ ვაკანსიები რასაც შემოგვთავაზებდა მასწავლებლის სახლი ამ რაიონებში იქნებოდა, არ შემოგვთავაზეს არაფერი. უბრალოდ, ვაკანსიების საიტზე მე თავად გავგზავნე მოთხოვნა, თუმცა არც ტყიბულის და რაც თერჯოლის მუნიციპალიტეტებში გეოგრაფია არ იყო ვაკანტური. რაც შეხება ისტორიას და სამოქალაქო განათლებას, ამ საგნებში არ მაქვს გამოცდა ჩაბარებული, მაქვს მხოლოდ გეოგრაფიაში. განცხადებებზე მივიღე ასეთი პასუხები, რომ ვერ დავაკმაყოფილე დოკუმენტების გადარჩევის ეტაპი, ეს იყო ისტორიის და სამოქალაქოს შემთხვევაში. არც ველოდი, საგანი არ მქონდა ჩაბარებული.
„შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნულ სკოლას აკლდა პოპულარიზაცია. სკოლებში სადაც მოგვიხდა მე და ჩემ მეგობრებს, ეროვნული სკოლის მონაწილეებს, ურთიერთობა ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ კომისიის წევრებს, რას მოიცავდა ეს ეროვნული სკოლა და რა უპირატესობას, ან რა პრივილეგიას გვანიჭებდა ჩვენ. ცოტა აკლდა პროექტს ინფორმაციის მასობრივი გავრცელება. მე მაინც ველოდები სექტემბერს, რადგან ვფიქრობ, მასწავლებელთა ზაფხულის გამოცდის შემდეგ, ვაკანსიები გაჩნდება. პრაქტიკოსები დატოვებენ სკოლას და საპენსიო ასაკის პედაგოგები ჯილდოზე გავლენ“, – ამბობს ნათია ბარბაქაძე.
საჯარო სკოლაში დასაქმება ამ ეტაპზე ვერ შეძლო „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კიდევ ერთმა მონაწილე ხატია ჯალაღონიამ. მისი თქმით, ტრენინგ-კურსები მისთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა და სწავლის დროც ხელსაყრელი იყო. კურსის დასრულების შემდეგ მის შემთხვევაშიც პრობლემა გახდა საჯარო სკოლაში შესვლა, თუმცა მაინც კმაყოფილია, რადგან მუშაობა კერძო სკოლაში დაიწყო.
„დასაქმებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, ვფიქრობ, „მასწავლებლის ეროვნული სკოლა არ იყო ისეთი პოპულარული, რომ მხოლოდ ამ სტატუსით ჩვენ უპირატესობა გვქონოდა. რამდენიმე სკოლაში ვიყავი გასაუბრებაზე, მაგრამ უარი მივიღე, კონკურენციაც მაღალი იყო. მთელი სულით და გულით მინდოდა მაღალმთიან რეგიონში მცირეკონტინგენტიან სკოლაში მემუშავა, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო ვაკანსია. საბოლოოდ გამიმართლა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, სადაც მქონდა ურთიერთობა, გამიწია რეკომენდაცია და დავიწყე კერძო სკოლაში მუშაობა. „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ეფექტური იყო იმით, რომ ცოდნა და პრაქტიკა მოგვცა და მისი დახმარებით შევედი პირველად სკოლაში. ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება ჩემთვის. ისტორიკოსი ვარ და გამოცდა ამ საგანში მაქვს ჩაბარებული. უნივერსიტეტი 2019 წელს დავამთავრე და იმავე წელს გავედი გამოცდაზე. ამ სკოლამ შესაძლებლობა მომცა სამოქალაქო განათლებასა და გეოგრაფიაშიც გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები. ძალიან მომეწონა სამოქალაქო განათლება და ვაპირებ, რომ ამ საგნის გამოცდაზეც გავიდე. „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ამ მხრივ იყო ძალიან ინფორმაციული, საინტერესო და ნამდვილად ღირდა. უბრალოდ დასაქმებაში იმდენად ვერ აღმოგვიჩინეს დახმარება“, – აცხადებს „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ მონაწილე.
პროექტი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო. „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 2019 წელს პროფესიაში შესვლის 2000- მდე მსურველს უფასოდ მოამზადებს. სასწავლო კურსები ჩატარდება რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლებში კვირაში სამჯერ. სასწავლო კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. თითოეული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მენტორობით გაივლიან. პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელთა დეფიციტია. მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლად შევლენ და მაძიებლობის ფარგლებში გაივლიან დისტანციური სწავლების კურსს, ხოლო საგნის კომპეტენციის დადასტურების შემდგომ, უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებენ“, – ვკითხულობთ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება