რა საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებს ასახელებენ პროფესიული კოლეჯები – კვლევის შედეგი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის 2021 წლის იანვარი-მარტის პერიოდში ჩატარებული კვლევის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კვლევის მიზანს საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებები და მათზე მორგებული მხარდამჭერი სერვისების განსაზღვრა წარმოადგენდა.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებთან ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის შედეგად, გამოიკვეთა კომუნიკაციის უფრო ეფექტური მექანიზმების საჭიროება.
„დაწესებულებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს ცენტრთან კომუნიკაციის კიდევ უფრო მოქნილი საშუალებები, როგორც ცენტრის მხრიდან ინფორმაციის მიწოდების, ისე ცენტრში ინფორმაციის გაგზავნის პროცესში. ანალიზის დროს გამოიკვეთა, რომ დაწესებულებები ყველაზე ეფექტური კომუნიკაციის საშუალებად ელექტრონულ ფოსტას მიიჩნევენ, თუმცა ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სატელეფონო კონსულტაციით სარგებლობა ცენტრის კვალიფიკაციის სამსახურის წარმომადგენლებთან”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
კვლევაში გამოიკვეთა, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას ახალი ჩარჩო დოკუმენტის/მოდულის შემუშავების ინიცირება (42%) წარმოადგენს. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა არსებულ პროფესიულ სტანდარტებსა და ჩარჩო დოკუმენტებში შინაარსობრივი ცვლილებების ინიცირება (33%).
„ცენტრის კვალიფიკაციების სამსახურის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით იდენტიფიცირებული მხარდაჭერის საჭიროებების შესაბამისად, დაწესებულებებს ვთხოვეთ შეეფასებინათ, თუ მხარდაჭერის რა ფორმა იქნებოდა ყველაზე მეტად სასურველი მათთვის. აღმოჩნდა, რომ დაწესებულებების 53%-ისათვის მისაღები იქნება გზამკვლევებისა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შეთავაზება, ხოლო 47% მხარს უჭერს ტრენინგების ჩატარებას“, – ვკითხულობთ კვლევაში.
როგორც კვლევის ანგარიშიდან ჩანს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი პრობლემები და საკითხები გამოიკვეთა:
1. ახალი ჩარჩო დოკუმენტის/მოდულის შემუშავების ინიცირება, ასევე არსებულ პროფესიულ სტანდარტებში და ჩარჩო დოკუმენტებში შინაარსობრივი ცვლილებების ინიცირება;
2. დაწესებულებები ცენტრის კვალიფიკაციების სამსახურისაგან ყველაზე მეტად საჭიროებენ მხარდაჭერას ახალი ჩარჩო დოკუმენტის/მოდულის ინიცირების, ჩარჩო დოკუმენტსა და პროფესიულ სტანდარტში ცვლილების ინიცირების მიმართულებით;
3. დაწესებულებები ცენტრის კვალიფიკაციების სამსახურისაგან საჭიროებენ მეთოდოლოგიურ დოკუმენტებს/გზამკვლევებსა და ტრენინგებს;
4. კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას შორის, დაწესებულებების წარმომადგენლები ყველაზე ეფექტურად მიიჩნევენ ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციას;
5. არსებობს საკონსულტაციო საათების (როგორც პირისპირ, ისე დისტანციურად) დანერგვის სურვილი, რაც გულისხმობს, რომ დაწესებულებების წარმომადგენლები წინასწარ ჩაეწერებიან კონსულტაციაზე კვალიფიკაციების სამსახურის წარმომადგენლებთან და განსაზღვრულ დროს შეძლებენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე კონსულტაციის მიღებას;
6. დაწესებულებების წარმომადგენლებს ჩარჩო დოკუმენტებსა და მოდულებში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზების შესახებ ცენტრის ინფორმირებისათვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიაჩნიათ გაზიარებული ლინკის არსებობა, რომელზედაც შეავსებენ შესაბამის ინფორმაციას და გამოაგზავნიან ცენტრში;
7. ჩარჩო დოკუმენტში ან/და მოდულში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, დაწესებულებებს სურთ მიეწოდოთ ინფორმაცია თუ კონკრეტულად დოკუმენტის რომელ კომპონენტში იქნა განხორციელებული ცვლილება.
კვლევა ორი მეთოდით ჩატარდა. თვისებრივ კვლევაში 10 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო რაოდენობრივი მიმართულებით 72 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება მონაწილეობდა.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები