GE

რა შედეგი მოაქვს უმაღლესი სასწავლებლების პერსონალის ჩართვას საერთაშორისო მობილობაში – კვლევა

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პერსონალი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო მობილობაში, რაც საზღვარგარეთ პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში მათ გადამზადებასა და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობას გულისხმობს, თუმცა რა შედეგები აქვს ამ ვიზიტებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის შესწავლილი არ არის.

ამ საკითხების შესახებაა საუბარი Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ჩატარებულ კვლევაში  – “აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობა: გამოცდილება და გამოწვევები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”.

დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველო საერთაშორისო მობილობის პროგრამის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა და ის ბოლო სამი წლის მანძილზე ინარჩუნებს ადგილს პირველ ათეულში, მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არის შესწავლილი პროგრამის შედეგები, როგორც ინდივიდუალურ, ისე ინსტიტუციურ დონეზე და სისტემურად არ არის აღწერილი ის გამოწვევები, რომლებსაც უნივერსიტეტები აწყდებიან.

გარდა ამისა, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მობილობის მაჩვენებლები საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება, უნივერსიტეტების დაახლოებით მესამედი ნაკლებად კმაყოფილია საერთაშორისო მობილობის პროგრამაში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობის მაჩვენებლებით.

„უკმაყოფილოთა წილი უფრო მაღალია რეგიონალურ უნივერსიტეტებში (თბილისში მდებარე უნივერსიტეტებთან შედარებით), ასევე საჯარო უნივერსიტეტებში (კერძო უ.ს.დ-ებთან შედარებით). სამიზნე უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან დისკუსიის შედეგები აჩვენებს, რომ ორგანიზაციის შიგნით მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა არა იმდენად მობილობების საერთო რაოდენობის სიმცირე, არამედ ის, რომ მობილობის პროგრამებში, ძირითადად, „ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობს“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

კვლევის ავტორებთან ინტერვიუების დროს რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა არ ხდება.

„ხშირ შემთხვევაში მობილობის შედეგების წარდგენა მცირე აუდიტორიის წინაშე ხდება – ძირითადად, ეს არის აკადემიური ან ფაკულტეტის საბჭო. პროფესორების ნაწილი კი აღნიშნავს, რომ არასდროს არანაირი ფორმით ფაკულტეტი არ დაინტერესებულა მობილობის შედეგებით. უნივერსიტეტების ნაწილში ანგარიში მხოლოდ პროგრამის დასრულების შემდეგ ოფიციალური ონლაინ გამოკითხვით შემოიფარგლება. მობილობის პროგრამების პოტენციური მონაწილეები იშვიათად მოიაზრებიან როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჯგუფი მობილობის შედეგების პრეზენტაციისთვის“, – ვკითხულობთ კვლევაში.

Erasmus+ ევროკავშირის საგრანტო პროგრამაა. 2015 წლამდე პროგრამას ცალკეული პროექტების სახელით ვიცნობდით. 2015 წლიდან ყველა ეს პროექტი Erasmus+ საერთო ქუდის ქვეშ მოექცა, რომელიც განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარებას უჭერს მხარს და სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, თუმცა საქართველოში Erasmus+ ოფისის მანდატი მოიცავს ყველა მხარდამჭერ, საინფორმაციო და მონიტორინგის აქტივობას, რომელიც უმაღლესი განათლების სფეროს ეხება და არაა გათვალისწინებული სასკოლო და პროფესიული სასწავლებლების პროგრამები.

საქართველოში მოქმედი ავტორიზებული 55 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან Erasmus+ ის მობილობის პროგრამაში ჩართულია 32, (მათ შორის 16 საჯარო და 16 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება).

აკადემიური მობილობის შემთხვევების საერთო რაოდენობა უნივერსიტეტში დამოკიდებულია უნივერსიტეტის ზომაზე (მასში აკადემიური პერსონალის რაოდენობაზე) და იმ პერიოდის ხანგრძლივობაზე, რომლის განმავლობაში უნივერსიტეტი ახორციელებს მობილობას. კვლევის თანახმად ირკვევა, რომ აკადემიური მობილობების 70%-ს ხუთი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. პირველ სამეულში კი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (23%) ; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (23%); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (13%) არიან.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური