რა უფლებებით სარგებლობს მოსწავლე სასკოლო გამოცდების ჩატარებისას და როგორია გამოცდის ტიპები სკოლაში
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ, სკოლას მიეცა შიდა გამოცდების ჩატარების შესაძლებლობა მის მიერვე განსაზღვრული კლასების მოსწავლეთათვის. 2021 წელს განხორციელებული სხვადასხვა ცვლილების შემდეგ, დღეს მოქმედ ეროვნულ სასწავლო გეგმაში (მოწოდებული განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან მიერ წლის 28 ოქტომბერს ავტ.), სასკოლო გამოცდის ტიპები და ამ პროცესში მოსწავლეთა უფლებები დაწვრილებით ჩამოყალიბდა.
როგორია დღეს სკოლის გამოცდის ტიპები
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:
ა) სემესტრული გამოცდა;
ბ) წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;
გ) საშემოდგომო გამოცდა;
დ) ექსტერნატის გამოცდა.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს მიაჩნია, რომ მისი სემესტრული ნიშანი არადამაკმაყოფილებელია და მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის, სკოლა ვალდებულია დანიშნოს სემესტრული გამოცდა.
სად და რა ფორმით ტარდება ეს გამოცდები მოსწავლეების მუდმივი ინტერესის საგანია. როგორც EDU.ARIS.GE-ს 29 ოქტომბერს, განათლების სამინისტროში დაუზუსტეს, მოსწავლეთა ყველა ტიპის გამოცდა ტარდება სკოლის ტერიტორიაზე და არა საგანმანათლებლო რესურსცენტრში, არაელექტრონულად, თავად სკოლის ორგანიზებით, გარდა მე-12 კლასის ექსტერნი გამოცდებისა ხუთ საგანში.
“მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდაზე დარეგისტრირებული ყველა მოსწავლისთვის გამოცდა ცენტრალიზებულად ჩატარდება რისთვისაც შეირჩევა კონკრეტული სივრცე და ძირითადად ეს სკოლის შენობებია. ამასთან, სხვა სასკოლო გამოცდებისგან განსხვავებით, მე-12 კლასის ექსტერნის გამოცდა, ელექტრონულად ტარდება ხუთ საგანში. ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, უცხო ენა, მათემატიკა და სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება”, – განუმარტეს EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
რა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლემ სემესტრულ გამოცდაზე გასვლისას
სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს: პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში – მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში – სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. ამის შემდეგ, სკოლის დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, ხოლო მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით. პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა – სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.რა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლემ წლიურ გამოცდაზე გასვლისას და სკოლამ მისი დანიშვნის შემთხვევაში
- წლიური გამოცდის დანიშვნა/არდანიშვნის საკითხს წყვეტს სკოლა.
- წლიური გამოცდის დანიშვნის შესახებ ასახული უნდა იყოს სასკოლო სასწავლო გეგმაში.
- საჯარო სკოლას უფლება აქვს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კლასს დაუნიშნოს გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში. აღნიშნული არ ეხება იმ საგანს/საგნებს, რომლებშიც სკოლებს გაძლიერებული სწავლების სტატუსი აქვთ მიღებული.
- წლიური გამოცდა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე. თუ სკოლას სურს საგნის წლიური გამოცდის დანიშვნა, მან სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს, რომელ კლასში/კლასებში და რომელ საგანში/საგნებში ჩაატარებს ამ გამოცდას და ექნება თუ არა ამ გამოცდაზე მიღებულ ქულას გავლენა საგნის წლიურ ქულაზე.
- თუ სკოლა ჩაატარებს წლიურ გამოცდას, იგი ვალდებულია გამოცდაზე შემაჯამებელი დავალების მსგავსი კომპლექსური კონტექსტის მქონე დავალებები შესთავაზოს მოსწავლეებს. დაუშვებელია წლიურ გამოცდაზე არჩევითპასუხიანი ტესტების შეთავაზება.
- თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ წლიური გამოცდის ქულას გავლენა აქვს საგნის წლიურ ქულაზე, საგნის წლიური ქულის გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა სამზე. კერძო სკოლა უფლებამოსილია წლიურ გამოცდას წონა მიანიჭოს განსხვავებული წესით.
რა შემთხვევაში გადის მოსწავლე საშემოდგომო გამოცდაზე და როგორია პროცედურა
მოსწავლეები ხშირად მოიხსენიებენ ამ გამოცდას ფრაზით- “საშემოდგომო გამომყვა”. საშემოდგომო გამოცდა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს რომელიმე საგანში წლიური ქულა აქვს 5-ზე ნაკლები.
საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით და უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა და მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
მოსწავლეს საშემოდგომო გამოცდამდე უნდა მიეცეს არანაკლებ 2 კვირის ვადა მომზადებისთვის. გარდა ამისა, სკოლა ვალდებულია, გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მას დაენიშნა აღნიშნული ტიპის გამოცდა.
შედეგად, მოსწავლე, საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე და საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა.
ექსტერნატის გამოცდა და მასზე გასვლის წესი
ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით. I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდის ჩატარების ვადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს. ექსტერნატის გამოცდისთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს, ასევე საბუთების ჩაბარების ტერიტორიულ ორგანოსს/წესს განსაზღვრავს და აქვეყნებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვადების დადგენის დროისთვის.
ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომლებზედაც ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი (თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.)
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური.
ასევე იხილეთ:
რატომ არ უყვართ მოსწავლეებს მეცადინეობა – სიზარმაცე თუ უინტერესო დავალებები?
- როდის მიიღებენ სწავლის დაფინანსებაზე პასუხს სოციალური პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული სტუდენტები – განმარტება by ARIS.GE-განათლება
- „მას, ჩვენ გვესმის, ჩვენს მშობლებს აუხსენით ეს“ – ნიშანი მოსწავლისა და მშობლისთვის და ნიშნით მანიპულირება სკოლაში by ARIS.GE-განათლება
- „მთავარია, მოსწავლე შეფასდეს მრავალმხრივად, შეიტანეთ ცვლილება მიდგომებში და სსგ-ში“ – განათლების სამინისტროს რჩევა სკოლებს by ARIS.GE-განათლება