GE

რა წავიკითხოთ სასკოლო არდადეგებზე? 10 წიგნი, რომელიც ზაფხულს გაგიხალისებთ

ზაფხული საუკეთესო დროა წიგნების საკითხავად და ზღაპრული თავგადასავლების საძიებლად. ეს სია თავგადასავლების მაძიებელ ბავშვებსა და მათ მშობლებს არდადეგებზე წასაკითხი ლიტერატურის მომარაგებაში დაეხმარება:

1. საიდუმლო შვიდეული: გაიცანით საიდუმლო შვიდეული (წიგნი 1) -ენიდ ბლაიტონი

მთარგმნელი: გიორგი რობაქიძე
რედაქტორი: ლელა ტუღუში
ასაკი: 7-10

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია და თაობებს სწორედ იმით დაამახსოვრა თავი, რომ თითქმის ყველა მისი წიგნი სასკოლო არდადეგებზე მომხდარ თავგადასავლებს ეხება. „საიდუმლო შვიდეული“ პირველად დიდ ბრიტანეთში 1949 წელს გამოიცა, ხოლო ქართული თარგმანი სულ ახლახანს გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში.

„ს.შ.“ – ეს საიდუმლო შვიდეულის ინიციალებია, მათ საკუთარი ემბლემა და პაროლიც აქვთ. ბარბარას, პემს, ჯეკს, კოლინს, ჯორჯს, ჯანეტსა და ორგანიზაციის მეთაურ პიტერს საგამოძიებო საქმეები არასოდეს ელევათ. საიდუმლო დაჯგუფებაც ხომ სწორედ ამისთვისაა!

ცნობილი სერია „საიდუმლო შვიდეული“ პატარა მკითხველს დაუვიწყარ თავგადასავლებს ჰპირდება.

2. ცნობილი ხუთეული: ხუთეული განძის კუნძულზე (წიგნი 1) – ენიდ ბლაიტონი

მთარგმნელი: ანი კოპალიანი
რედაქტორი: ლელა ტუღუში
ასაკი 8-12

„ცნობილი ხუთეული“ 1942 წელს გამოიცა დიდ ბრიტანეთში და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველში. ქართულ ენაზე სერიის ხუთი წიგნია უკვე თარგმნილი.

„ცნობილი ხუთეულის“ სერია გვიამბობს ოთხი ბავშვისა და მათი ერთგული ძაღლის, ტიმის თავგადასავალს. ჯულიანი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი სკოლის არდადეგებს სულ ერთად ატარებენ და ყოველ ჯერზე საოცარ თავგადასავლებში ეხვევიან. ისინი არ უშინდებიან ჩახლართულ და იდუმალებით მოცულ ისტორიებს. ხან საიდუმლო კუნძულზე იკვლევენ ძველისძველ სასახლეს, ხან სახლიდან გარბიან და ხანაც ფურგონით მოგზაურობენ. საკუთარი მოხერხებულობითა და გამჭრიახობით უამრავ გასაიდუმლოებულ ამბავს ახდიან ფარდას. ვფიქრობთ, ცნობილ ხუთეულთან ერთად საზაფხულო თავგადასავლების ძიება ნამდვილად სახალისო და საინტერესო იქნება.

3. ექიმ დულიტლის თავგადასავალიჰიუ ლოფტინგი

მთარგმნელი: მაია წითაძე
რედაქტორი: ლელა ტუღუში
ილუსტრატორი: ვარლამ ჯმუხაძე

ექიმ დულიტლს უზომოდ უყვარდა ცხოველები და მრავლადაც ჰყავდა სახლსა თუ ეზოში. რა ცხოველსა და ფრინველს აღარ შეხვდებოდით მასთან, მაგრამ იხვი დებ-დები, ძაღლი ჯიპი, გოჭი გაბ-გაბი, თუთიყუში პოლინეზია და ბუ ტუ-ტუ მაინც განსაკუთრებულად უყვარდა.

ექიმ დულიტლის პერსონაჟი ბევრს კინოფილმიდან ახსოვს, თუმცა ეს ცნობილი და კეთილი ექიმი ბავშვებმა პირველად 1920 წელს გაიცნეს, როცა ჰიუ ლოფტინგის საბავშვო კლასიკად აღიარებული წიგნი გამოიცა. საქართველოში დულიტლზე მეტად „ექიმი აიბოლიტი“ გახდა ცნობილი, რომელიც 1936 წელს სწორედ „დულიტლის“ მიხედვით დაწერა კორნეი ჩუკოვსკიმ. თუმცა ჰიუ ლოფტინგის „ექიმ დულიტლის თავგადასავალი“ მაინც ორიგინალური ვერსიაა და ის დიდ მხიარულებას ჰპირდება პატარებსა და მათ მშობლებს.

4. კომეტა მუმინების ხეობაში – ტუვე იანსონი

მთარგმნელი: დავით გაბუნია
რედაქტორები: ლოლა ქადაგიშვილი, თამარ გავაშელიშვილი

ტუვე იანსონის „კომეტა მუმინების ხეობაში“ პირველი წიგნია, რომელიც მკითხველს მუმინების ხეობასა და იქ მობინადრე მუმინების ოჯახს აცნობს.

სერიის თითოეულ წიგნში ტექსტი და ავტორისეული ილუსტრაციები ერთ მომაჯადოებელ მთლიანობას ქმნის. მუმინტროლი, სნუსმუმრიკი, ჰემული, სნიფი და უამრავი სხვა არსება, რომლებიც მუმინების ზღაპრულ ხეობაში ცხოვრობენ, უკვე რამდენიმე ათწლეულია, მილიონობით ბავშვს ხიბლავენ მთელ მსოფლიოში.

ამ წიგნში მოგზაურობა ნამდვილად დაუვიწყარ ემოციებს გპირდებათ.

5. დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა – ანე-კატარინე ვესტლი

მთარგმნელი: ლია გოგიშვილი
რედაქტორები: თამარ გავაშელიშვილი, ლელა ტუღუში
ილუსტრატორი: ნინო ჩაკვეტაძე

ეს არის ამბავი ერთი მხიარული ოჯახისა, რომელიც ნორვეგიის ერთი უშველებელი ქალაქის ცენტრში, ქვითკირის მაღალი სახლის ციცქნა ბინაში ცხოვრობს.

ნორვეგიელმა საბავშვო მწერალმა ანე-კატარინე ვესტლიმ, რომელსაც თანამემამულეები „მთელი ნორვეგიის ბებიას“ უწოდებენ, წიგნების მთელი სერია შექმნა ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და ხალისიან ოჯახზე. ქართულ ენაზე უკვე შვიდივე წიგნის შეძენა შეგიძლიათ, ეს კი ამ სერიის პირველი წიგნია და არ გვეგულება ბავშვი, რომელსაც ამ დიდი ოჯახის საოცარი თავგადასავალი არ აინტერესებდეს.

6. ავრორა Z კორპუსიდან – ანე-კატარინე ვესტლი

მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე
რედაქტორი: ლელა ტუღუში
ილუსტრატორი: ელენე ჭიჭაშვილი

ანე-კატარინე ვესტლის წიგნი „ავრორა Z კორპუსიდან“ გვიყვება ძალიან ჭკვიან, კეთილ, საქმიან, გოგონა ავრორასა და მისი გამორჩეული ოჯახის შესახებ.

ავრორას დედა მთელი დღე სამსახურშია, მამა კი ავრორას პატარა ძმას უვლის და სახლის საქმეებს უძღვება. ეს ამბავი, როგორც ხშირად ხდება, მეზობლების მთავარ საჭორაო თემად იქცა, თუმცა ავრორა ძალიანაც სახალისოდ ატარებს დღეებს მზრუნველ მამასთან ერთად – ეხმარება კიდეც და მშვენივრადაც ერთობა; თუ როგორ, ამას წიგნიდან შეიტყობთ.

7. ცირკი მირანდუსი – ქესი ბიზლი

მთარგმნელი: ნინო გოგალაძე
რედაქტორი: ლელა ტუღუში

მიკას საყვარელი ბაბუა ცუდად არის, მაგრამ ჯერ ყველაფერი არაა დაკარგული.

წლების წინ მისი ბაბუა ჯადოსნურ ცირკს ესტუმრა, რომლის კარიბჭესაც უჩინარი ვეფხვი იცავდა და იქ სინათლის მომთვინიერებელი ჯადოსანი ცხოვრობდა, რომელიც ბაბუას ერთ სასწაულს დაჰპირდა. ახლა კი დროა, ჯადოსანმა დანაპირები შეასრულოს და მიკაც თავის მეგობარ ჯენისთან ერთად საოცარი ცირკის ძებნას იწყებს.

მაგრამ, ნუთუ შეიძლება მართლა არსებობდეს ცირკი, რომელიც უხსოვარი დროიდან დღემდე უცვლელი სახით მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ გამონაგონია?

8. მატილდა – როალდ დალი

მთარგმნელი: ნინო ძამუკაშვილი
რედაქტორი: ლელა ტუღუში

წარმოიდგინეთ, სულ რაღაც შვიდი წლის რომ ხარ და განა მარტო წერა-კითხვა იცი, სქელტანიან რომანებსაც კითხულობ, მაგრამ ვერავინ ამჩნევს.

მატილდა სწორედ ასეთი ბავშვია. მისი მშობლები უგულო და უყურადღებო ხალხია; არც გოგონას სწავლა-განათლებაზე ზრუნვით იკლავენ თავს და მის განსაკუთრებულ ნიჭსაც ეჭვით უყურებენ, უფრო სწორად, საერთოდ ვერ ამჩნევენ…

როგორც იქნა, მშობლებმა მისი სკოლაში მიყვანა მოიფიქრეს.იქ მატილდას მოუწევს ბოროტ და უსულგულო დირექტორს ასწავლოს ჭკუა, ამაში კი კეთილი და გულისხმიერი მეგობრები დაეხმარებიან.

9. წრიპა ბიჭის დღიური (წიგნი 1)–  ჯეფ კინი

მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
რედაქტორი: ნინო ილაშვილი

„წრიპა ბიჭი დღიური“ ილუსტრირებული წიგნების სერიაა, რომლის ავტორიცა და ილუსტრატორიც ჯეფ კინია. პირველი წიგნი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2007 წელს გამოვიდა და გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. გრეგ ჰეფლის კომიკურ ისტორიებს თითქმის ყველა ქვეყანაში ინტერესით კითხულობენ ბიჭებიცა და გოგონებიც, უმეტესად, 8-12 წლის ასაკში. წრიპა ბიჭის ამბები განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც კითხვა ნაკლებად აინტერესებთ; სერია ეხმარება მშობლებს, დააახლოონ შვილები წიგნებთან.

ქართულ ენაზე სერიის 9 წიგნია გამოცემული.

10. ყაჩაღის ასული რონია – ასტრიდ ლინდგრენი

მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი
რედაქტორები: მაკა ელბაქიძე, ლეილა ბერიშვილი, თამარ გავაშელიშვილი

„მოსწავლის ბიბლიოთეკას“ ასტრიდ ლინდგრენის კიდევ ერთი წიგნი შეემატა.

როგორია შენი ცხოვრება, როდესაც ძლევამოსილი ყაჩაღის შვილი ხარ და თანაც ჭექა-ქუხილის ღამეს დაიბადე?

წიგნი გვიყვება მამაც გოგონა რონიაზე, რომელიც მამის მოსისხლე მტრის შვილთან, ბირკთან მეგობრობს. ეს წიგნი დიდსა თუ პატარას დააფიქრებს სიყვარულზე, თავდადებაზე, მორალზე, ბუნების ამოუცნობ ძალაზე და დავანახვებს, როგორ ცვლის სიკეთე ადამიანთა ცხოვრებას.

p.s.

ილუსტრატორი: ელენე ჭიჭაშვილი

ბოლოს კი გირჩევთ, წიგნებთან ერთად „მკითხველის დღიურიც“ შეიძინოთ. დღიურში შეძლებთ, საიმედოდ შეინახოთ მოგონებები წიგნებზე, პერსონაჟებზე და საგულდაგულოდ ჩაინიშნოთ დასამახსოვრებელი ციტატები. „მკითხველის დღიური“ ნამდვილად საჭირო თანამგზავრია ლიტერატურული ზაფხულისთვის.

 

 

R

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური