რამდენად აისახება პანდემიით გამოწვეული ვითარება ეროვნულ გამოცდებზე – „ნაეკის“ პასუხი
კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, უფროსკლასელების დიდი ნაწილი, ბოლო ორი სასწავლო სემესტრი, ონლაინ რეჟიმში სწავლობს. ტექნიკური, ჯანმრთელობის, თუ სხვადასხვა პრობლემის გამო, აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას ისეთი ხარისხით ვეღარ ახერხებენ, როგორც ამას წინა წლებში შეძლებდნენ.
საინტერესოა შექმნილი ვითარების გამო, გეგმავს თუ არა გარკვეულ ცვლილებებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრი?
ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ ცენტრი პანდემიამდე და ახლაც, გამოცდების ეროვნული ცენტრი, ტესტებში ყოველთვის ითვალისწინებდა სხვადასხვა სახელმძღვანელოში მოცემულ მასალას და ეს პრინციპი არ იცვლება, ასევე არ იგეგმება ცვლილება გამოცდის ფორმატთან დაკავშირებით.
„ეროვნული გამოცდების მიზანია, რომ შეაფასოს რამდენად მზადაა აბიტურიენტი გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენ გვაქვს ყველა საგანში გარკვეული პროგრამა, რომელიც უნდა დავფაროთ და რომლის მიხედვითაც უნდა გამოვცადოთ აბიტურიენტი, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ პროგრამის მიხედვით მოვამზადოთ თითოეული ტესტი. როდესაც სპეციალისტები ადგენენ ტესტებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ითვალისწინებენ იმას, რომ არსებობს ბევრი სხვადასხვა სახელმძღვანელო და დავუშვათ, თუ რომელიმე მათგანში რაღაც საკითხზე არ იყო ყურადღება გამახვილებული, მაქსიმალურად ვცდილობთ ასეთი საკითხი არ შევიტანოთ. ასე ხდებოდა პანდემიამდეც. რამდენადაც შესაძლებელია ჩვენ ამას ვითვალისწინებთ, რასაც თუნდაც 2020 წლის ეროვნული გამოცდების მონაცემები მიუთითებს. შარშან მაგალითად არ გვყოლია იმაზე მეტი ჩაჭრილი აბიტურიენტი, ვიდრე ეს წინა წლებში იყო“, – ამბობს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ გამოცდების შინაარსობრივი ან ფორმატის ცვლილება აბიტურიენტებისთვის დამატებითი სტრესი იქნებოდა, ამ კუთხით ცვლილებები დაგეგმილი არ არის.
„წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელში ცვლილებები არ არის დაგეგმილი. ერთადერთი, რასაც ცვლილება შეეხო, არის რამდენიმე საგანში გამოცდის ხანგრძლივობის შემცირება, სადაც შესაძლებელი იყო, რაც თავისთავად ამ საგნებში უფრო გაუმარტივებს აბიტურიენტს საქმეს, უფრო ნაკლებად გადაიღლებიან. ნახევარი საათით შემცირდა სამი საგნის გამოცდა ეს არის მათემატიკა ფიზიკა და ქიმია, დანარჩენი ამ ეტაპზე იგივეა. აბიტურიენტებისთვის უფრო მეტი სტრესი იქნებოდა, რომ გარკვეულწილად გამოცდის ფორმატი ან შინაარსობრივი მხარე შეგვეცვალა, თითოეულ ცვლილებაზე ისინი ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ. თუნდაც ნახევარი საათით შემცირებაზეც კი, ჩვენ რომ ვფიქრობდით, რომ გაუხარდებოდათ, შიშობენ. მიუხედავად იმისა, რომ დავალებებიც შემცირდა, მალე დაამთავრებენ და ნაკლებად გადაიღლებიან, ეს ცვლილებაც კი ნაკლებად მოეწონათ. ვინაიდან წინა წლების ტესტების მიხედით ემზადებიან, ყველა ცვლილებას უფრთხიან, ამიტომ ვცდილობთ, რომ ბევრი სიურპრიზი არ დავახვედროთ. რაც შეეხება ზაფხულზე რა და როგორ იქნება, ამას უკვე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განსაზღვრავს და თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს უკვე შემდეგი თვეების საკითხია“, – აცხადებს სოფიო გორგოძე.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება