რამდენად ახლოს არის მინისტრის ინტერპრეტაცია უცხოელების შეფასებებთან განათლების სისტემის მიღწევებთან დაკავშირებით?
პანდემიის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაზე დაყრდნობით (Organization for Economic Co-operation and Development — OECD), სხვადასხვა ვარიაციით, მაგრამ ერთსა და იმავე თემაზე ინფორმაციას ავრცელებს:
2020 წლის 6 აპრილს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ანგარიშზე (A framework to guide an education response to the COVID-19) დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ OECD-ს მიერ საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის შეფასებული.
იხილეთ ანგარიში და თუ სურვილი გაქვთ, სცადეთ დოკუმენტში მსგავსი შეფასების მოძიება.
2020 წლის 7 მაისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სამიტის მოდერატორმა, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა მიხელ ჩხენკელის გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს წარმატებულ მაგალითზე და COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა“.
EDU.ARIS.GE OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელს, ანდრეას შლაიხერს დაუკავშირდა.
ჩვენ განვუმარტეთ ბ-ნ შლაიხერს, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან გვახარებს თუ მას ასეთი პოზიცია აქვს და აღნიშნულის გათვალისწინებით, მადლობლები ვიქნებოდით, თუ კიდევ ერთხელ გაგვიზიარებდა, როგორც მედიასაშუალებას, მის შეფასებას საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ COVID-19-თან ბრძოლაში განათლებაში გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
ჩვენ ასევე ვკითხეთ, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით დაასახელა მან საქართველო ლიდერ ქვეყანად, ფინეთთან ერთად, COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით.
ბატონი შლაიხერის პასუხი ლაკონური იყო, მან ორი საკუთარი პრეზენტაცია გამოგვიგზავნა ასეთი მინაწერით:
„გთხოვთ, იხილეთ ჩვენი შედარებითი მონაცემები დანართებში, რომლებიც OECD–ს PISA–სა და TALIS–ის შედარებიდან გამომდინარეობს. თქვენ ხედავთ, რომ სკოლაში ციფრული ინსტრუმენტების, მასწავლებლების შესაძლებლობებისა და მასწავლებლების მომზადებასთან დაკავშირებული ინდიკატორების უმეტესობის მიხედვით, საქართველოს მაღალი მაჩვენებელი აქვს“.
დიახ, 2018 წლის PISA–ს და TALIS-ის მონაცემებით.
მინისტრის გადასაწყვეტია გააგრძელებს თუ არა COVID-19-თან ბრძოლაში განათლების სამინისტროს მიღწევებთან დაკავშირებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის – OECD-ს ხსენებას, თუ სხვა უცხოურ ორგანიზაციას მოძებნის.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება