რამდენს შეადგენს თბილისის ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება
თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 166 საბავშვო ბაგა-ბაღია, აღნიშნული ბაღების მომსახურებით სარგებლობს 58 808 აღსაზრდელი, დასაქმებულია 5 000 მდე აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ დედაქალაქის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში ჩააბარა. ახალი ბააღების მშენებლობა, ბაღში დასაქმებულთათვის ტესტირების ჩატარება, ხელფასების მატება, – ეს ის თემებია, რომელსაც თემურ თორდინავა ანგარიშში შეეხო.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა როგორ და ვინ ატარებს ტესტირებას ბაღის თანამშრომლებისთვის. რა ლიტერატურით და პროგრამებით ხელმძღვანელობენ გამოცდაზე გასვლის მსურველები. რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ, ბაღში მუშაობის დაწყება რომ შეძლონ. ასევე, როგორი ანაზღაურება აქვთ ბაღის თანამშრომლებს. ამ და სხვა საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა ესაუბრა.
–თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ გატარდა საკადრო რეფორმა, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღების პერსონალის შერჩევა სამეტაპიანი ტესტირებით ხდება. როგორია თითოეული ეტაპი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს?
–თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, დადგინდა კონკურსის ჩატარების სამი ეტაპი: განცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. ამასთანავე, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა ძირითადი და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აღმზრდელის თანაშემწის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნებია საშუალო პროფესიული განათლება, სასურველია სკოლამდელი აღზრდის სფეროში ან უმაღლესიგანათლება (არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი ან ბაკალავრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომი, სასურველია საგანმანათლებლო სფეროში). აღმზრდელის პოზიციის დასაკავებლად კი საშუალო პროფესიული განათლება სკოლამდელი აღზრდის სფეროში ან უმაღლესი განათლება. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1– წლიანი სამუშაო გამოცდილება. საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად: უმაღლესი განათლება. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2–წლიანი სამუშაო გამოცდილება; სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
განცხადების გადარჩევა გულისხმობს სააგენტოს პორტალზე რეგისტრირებულ დასაქმების მსურველთა განცხადებების გადარჩევას (იმის გათვალისწინებით, რომ განაცხადი ივსება სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმების მიზნით); ტესტირება, ზემოხსენებულ პოზიციებზე დასაქმების მსურველებს ჩაუტარდათ ტენდერში გამარჯვებული გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, ხოლო გასაუბრება ჩატარდა ტესტირებაგავლილ კანდიდატებთან, სააგენტოს კადრების განყოფილების თანამშრომლებისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით შემდგარი კომისიის მიერ.
–ტესტებს ვინ ადგენს და რის მიხედვით? ანუ რა ლიტერატურა სჭირდებათ ბაღის თანამშრომლებს მოსამზადებლად?
–სასწავლო -სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისთვის შედგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრში, თბილისის მერიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. სასკოლო მზაობის პროგრამა ,,თამაში“ შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.
–ყველა თანამდებობის დასაკავებლად ერთი სირთულის ტესტს აბარებენ მსურველები?
–საერთო ტესტირება ჩატარდა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, ხოლო შიდა ტესტირება ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ, გამოცდების ეროვნული ცენტრის შემდგარი, ერთი სირთულის მქონე ტესტებით. ტესტები შედგებოდა: ზოგადი უნარ-ჩვევების (ანალოგიები, ლოგიკა, წაკითხული ტექსტის გააზრება, რაოდენობრივი მსჯელობა, მონაცემთა ანალიზი), ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტების, (ეროვნული სასწავლო გეგმების ბიბლიოთეკა 2013), სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისთვის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2012) და გაეროს „ბავშვის უფლებების კონვენციისაგან.
–ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში მომუშავე აღმზრდელის თანაშემწის, აღმზრდელისა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტის) პოზიციებზე დაწინაურების მსურველ 850-ზე მეტ თანამშრომელს, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტომ ჩაუტარა ტესტირება. რამდენმა გადალახა ზღვარი და აქედან ყველა ბაგა-ბაღების თანამშრომელი იყო, თუ აღნიშნულ 850 მსურველს შორის სხვებიც იყვნენ? ანუ ახალი თანამშრომლობის მსურველები?
–თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, მხოლოდ საბავშვო ბაგა-ბაღებში დაწინაურების მსურველ, 850-ზე მეტ, საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომელთათვის ჩაატარა შიდა ტესტირება. ტესტირება ჩატარდა ა(ა)იპ თბილისის 205 საბავშვო ბაგა-ბაღში. ზემოხსენებულ პოზიციებზე დასაწინაურებლად აუცილებელია მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, კერძოდ 30 ქულა – აღმზრდელის თანაშემწის, 40 ქულა – აღმზრდელის პოზიციის დასაკავებლად; 50 ქულა – საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად;
აღმზრდელის პოზიციის დასაკავებლად ტესტირების ზღვარი გადალახა 294-მა, აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე – 125-მა, მეთოდისტის პოზიციაზე – 191-მა მოქმედმა თანამშრომელმა; ტესტირება ვერ გაიარა 38-მა კანდიდატმა. დანარჩენი მსურველი არ გამოცხადდა ტესტირებაზე.
კონკურსის მესამე – გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ, საკადრო რეზერვში ჩაირიცხა 507 კანდიდატი. მათგან, ამ ეტაპისთვის 450 ადამიანი უკვე დასაქმებულია. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ 2016 წლის იანვრიდან თბილისის 166 საბავშვო ბაგა-ბაღს დაემატა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც. პედაგოგის შტატი. დღეის მდგომარეობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულია 120 ლოგოპედი,150 ფსიქოლოგი და 160 სპეც. პედაგოგი. მოქმედი ლოგოპედებისა და ფსიქოლოგების ნაწილი გადამზადდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
–ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2016 წლის 1 თებერვლიდან საბავშვო ბაღების თანამშრომელებს გაეზარდათ შრომის ანაზღაურება. რომელი თანამდებობის პირს რა ოდენობის ანაზღაურება აქვს ბაღში?
–ბაგა-ბაღებში თანამდებობების მიხედვით ხელზე ასაღები ხელფასები შეადგენს: დირექტორი-800 ლარი; დირექტორის მოადგილე- 640 ლარი; საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი-462 ლარი; სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი- 484 ლარი; ჯანმრთელობის და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი -340,40 ლარი; აღმზრდელი- 528 ლარი; აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა)-440 ლარი; მუსიკისა და ცეკვის პედაგოგები – 299,60 ლარი; მზარეული -432 ლარი; მზარეულის დამხმარე- 384 ლარი; დამლაგებელი- 288 ლარი; მრეცხავი- 288 ლარი; საქმისმწარმოებელი – 414 ლარი; ფსიქოლოგი- 322 ლარი; ლოგოპედი – 308 ლარი; ასევე ბაგა-ბაღებში დასაქმებულია დარაჯი -200 ლარი; სპეციალური პედაგოგი- 320 ლარი; მუშა- 200 ლარი და მებაღე- 176 ლარი.
ცისანა არის© შერგილაშვილი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება