GE

2026 წლის აბიტურიენტების 96% ინგლისურ ენას აბარებს – რომელი დავალება რამდენ ქულიანია

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტების არჩევანის მიხედვით, უცხოურ ენებში უპირობო ლიდერი ინგლისურია.

როგორც 18 ივნისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ მემანიშვილმა პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, წელს აბიტურიენტების 96% ინგლისურ ენას აბარებს.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელს არ დაუზუსტებია სხვა უცხოური ენების სტატისტიკა, თუმცა ფრანგული, რუსული და გერმანული ენა ჯამში, აბიტურიენტების მხოლოდ 4-მა პროცენტმა აირჩია და გამოცდების განრიგის თანახმად, სამივე ენას მხოლოდ ერთი საგამოცდო დღის ერთი სესია ეთმობა. ინგლისურ ენას კი აბიტურიენტები 4 სესიად, 2 დღის განმავლობაში ჩააბარებენ.

იხილეთ, რომელ დავალებაში რამდენ ქულას მიიღებენ აბიტურიენტები უცხოური ენის ტესტში და რა შემოწმდება მოცემული დავალებებით:

-ტესტი შედგება ექვსი არჩევითპასუხიანი და ერთი ღია დავალებისაგან.

-არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში მოცემულ ტექსტთან დაკავშირებით დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი ან მეტი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. არის ასევე „მრავალჯერადი არჩევანის“ დავალებები. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

-ღია დავალება (თხზულება) ფასდება სპეციალური შეფასების სქემით, რომელიც შედგება ორი კრიტერიუმისაგან. თითოეული კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა არის 8, დავალების მაქსიმალური ქულა არის 16.

უცხოური ენების ტესტებით შემოწმდება:

მოსმენის უნარი, კერძოდ, აბიტურიენტმა უნდა მოუსმინოს B1 სირთულის ერთ ტექსტს და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ისე ფაქტობრივი ინფორმაცია.

კითხვის უნარი, კერძოდ, აბიტურიენტმა უნდა წაიკითხოს B1 სირთულის სხვადასხვა შინაარსის, ზომის და ფორმატის ინფორმაციული ან შემეცნებითი ხასიათის ტექსტები და გაიგოს მათში მოცემული როგორც ფაქტობრივი ინფორმაცია, ისე ძირითადი აზრი.

გრამატიკული მხარე: აბიტურიენტმა, კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ჩასვას გამოტოვებულ ადგილებში საჭირო ლექსიკური ერთეულები; სწორი პასუხი აირჩიოს სიტყვების მოცემული ჩამონათვალიდან; კონტექსტის გათვალისწინებით გამოტოვებულ ადგილებში ჩასვას გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელი სიტყვები (არტიკლი, კავშირი და ა.შ.). სწორი პასუხი აირჩიოს სიტყვების მოცემული ჩამონათვალიდან; დიალოგში გამოტოვებული ადგილები შეავსოს წინადადებებით. სწორი პასუხი აირჩიოს წინადადებების მოცემული ჩამონათვალიდან;

თხზულების ზომა: აბიტურიენტმა უნდა დაწეროს 120-170 სიტყვიანი თხზულება მოცემულ თემასთან დაკავშირებით. აზრი გადმოსცეს გასაგებად და თანმიმდევრულად. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკა და გრამატიკა, დაიცვას მართლწერისა და პუნქტუაციის წესები.

2026 წლის აბიტურიენტებისთვის უცხოურ ენებში გამოცდები 6, 7 და 8 ივლისს ჩატარდება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური