რას ამბობენ საერთო სამაგისტრო გამოცდიდან გამოსული მაგისტრობის კანდიდატები
საგამოცდო პროცესს დღეს მაგისტრობის მსურველებიც შეუერთდნენ. საერთო სამაგისტრო გამოცდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება, გარდა ოზურგეთისა და ხულოსი. დედაქალაქში სულ 7 საგამომცდო ცენტრია. დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე არ გამოცხადდა მაგისტობის მსურველი კანდიდატების 8%. დაფიქსირდა დაგვიანების 1 შემთხვევა.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამაგისტრო გამოცდის ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე წერეთელის მონაცემებით, წელს გამოცდაზე 12 ათასზე ოდნავ მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.
რაც შეეხება საგამოცდო ტესტს, ის 4 ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობა. გამოცდა 2 დღის განმავლობაში ტარდება. დღეს მაგისტრობის მსურველები ტესტის პირველ-ორ ნაწილს, ანალიტიკურ წერას და წაკითხულის გააზრებას წერენ, ხვალ კი გამოცდა ლოგიკურ და რაოდნებრივ მსჯელობაში ჩატარდება. ასევე, გამოცდა ჩატარდება 16 და 17 ივლისს, თუმცა აღნიშნულ რიცხვებში ტესტს ის მსურველები დაწერენ, რომლებსაცსწავლის გაგრძელება ტექნიკური, ან საბუნებისმეტყველო მიმართულებით სურთ. თითოეული ნაწილისთვის სულ 70-70 წუთია გამოყოფილი. ანუ აპლიკანტებს თითო დღეს 2 საათი და 20 წუთი აქვთ. ტესტები დაყოფილია A, B და C ნაწილებად.
„გამოცდა ნორმალურად მიმდინარეობდა. აპლიკანტები დღეს A და C ტესტებს აბარებენ, 16 და 17-ში B ტესტს. ტესტებს შორის განსხვავებაა რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში. რაც შეება წაკითხულის გააზრებას, ანალიტიკურ წერას და ლოგიკურ მსჯელობას, ჰუმანიტარი თუ არაჰუმანიტარი დაახლოებით ერთნაირად წერენ. მათემატიკურ ნაწილს კი განსხვავებულად წერენ. ჰუმანიტარების მათემატიკური ნაწილი ოდნავ უფრო ნაკლები სირთულისაა და არაჰუმანიტარებისთვის შედარებით რთული. C ტიპის ტესტს იურისტები წერენ, სადაც არის გადაწყვეტილების დასაბუთება ანალიტიკური წერის ნაწილში და ამაშია განსხვავება“, – გვითხრა სამაგისტრო გამოცდის ხელმძღვანელმა ივანე წერეთელმა.
სამაგისტრო გამოცდის პირველ დღეს გამოცდიდან გამოსული მაგისტრობის მსურველები Aris.ge-განათლებასთან აცხადებდნენ, რომ ტესტი მეტ-ნაკლები სირთულის იყო.
დიმიტრი მახარაძე: „პირველი თემა იყო დასაბუთება, უნდა მოგეყვანა შენი აზრი. მსჯელობა იყო ასეთი, ერთ-ერთ ქალაქში განახლდა მუზეუმი, რომელშიც გახსნეს მაღაზია, სადაც არქეოლოგიასთან დაკავშირებული ნივთები იყიდებოდა. მას მიბაძა სამხატვრო გალერეამ და ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზის ხარჯზე გააკეთა მაღაზია, მაგრამ ამან არ იმუშავა და წაგებაში წავიდა სამხატვრო გალერეა და დაასაბუთეთ, რატომ წავიდა წაგებაში გალერეა და არა მუზეუმიო. მე დავწერე, რომ მუზეუმს სხვა დატვირთვა აქვს და სამხატვრო გალერეას სხვა. მას არ უნდა გაეუქმებინა საგამოფენო დარბაზი, რადგან თანამედროვე მხატვრებს გამოფენის საშუალება უნდა ჰქონოდათ და ისეთი პროდუქცია ვერ შესთავაზეს მომხმარებელს, როგორც მუზეუმს ჰქონდა გათვლილი. მეორე თემა იყო ეკოლოგიაზე. მე ვემხრობი, რომ ჯარიმები არ იყოს ეკოლოგიის დაბინძურებაზე, რადგან საქართველო ისედაც ღარიბი ქვეყანაა და ჯარიმების დაწესება ისედაც დაამძიმებს ხალხის ეკონომიურ მდგომარეობას. ძალიან რთული იყო ჩემთვის ტესტები. არ ვმუშაობ ჯერ, „ჯიპაში“ მინდა ჩაბარება ჟურნალისტიკის მიმართულებით, შეიძლება უცხოეთშიც ჩავაბარო“.
თიკო ხაჩიძე: „გამოცდა ძალიან რთული არ იყო. პირველ რიგში, ცუდი ისაა, რომ აუტანელი სიცხეა აუდიტორიებში, როცა ადამიანს სააზროვნო აქვს, ასეთ დროს პირობები უნდა იყოს შექმნილი. საინტერესო ტექსტები იყო, არ იყო რთული, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ გამოცდას ემოციური ფონი ახლავს, ვერაფერსაც ვერ გააკეთებ.
მაკა ჯოხაძე ფიქრობს, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის გამოყოფილი დრო საკმარისი არ არის. მან გამოცდა თსუ-ს მაღლივ კორპუსში ჩააბარა.
„გამოცდა საშუალო სირთულის იყო. წაკითხულის გააზრება შედარებით რთული იყო, ვიდრე ანალიტიკური წერის საკითხები. თემა იყო, „სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე, ვიდრე ჯარიმების შემოღებაზე“. მე დავწერე, რომ ჩვენს ქვეყანაში ორივე ერთად არის აუცილებელი. მეორე თემა შედარებით უფრო რთული დასაწერი იყო. კმაყოფილი ბოლომდე არ ვარ. უფრო მეტი შემეძლო, რომ მოვმზადებულიყავი. ბანკში ვმუშაობ და ძალიან ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად. წაკითხულის გააზრებაში დრო არ დამრჩა. 70 წუთი საკმაოდ ცოტაა 3 ტექსტისთვის. ასევე, 2 თემის დაწერა რთულია საათსა და 10 წუთში. გარეთ ძალიან ცხელოდა, მაგრამ შიგნით იყო მოწესრიგებული მდგომარეობა. რეგისტრაცია ძალიან მალე გავიარე. პერსონალი საკმაოდ კეთილგანწყობილია, ყველაფერი აგვიხსნეს, დაგვეხმარნენ, რაშიც გვჭირდებოდა. ოღონდ ერთი რამ მინდა ვთქვა, კალმები საშინელია და ძალიან გვიშლის წერაში ხელს“, – აღნიშნა მაკა ჯოხაძემ.
ვარკეთილის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ლიზა მეტრეველიც აღნიშნავდა, რომ წაკითხულის გააზრებისთვის მოცემული ტექსტები, ძალიან რთული იყო და დრო არ ეყო:
„ისეთი ტექსტები მოვიდა, საათი მაინც გჭირდებოდა გასააზრებლად, რამდენიმე კითხვა შემოუხაზავიც კი დავტოვე. თემების წერა შედარებით გამიადვილდა“, – თქვა ლიზამ.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამაგისტრო გამოცდის ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე წერეთლის ინფორმაციით, მაგისტრობის მსურველთა ნამუშევრების გასწორების პროცესი 3-4 დღის შემდეგ დაიწყება. ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება. წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის შედეგები კი აგვისტოს შუა რიცხვებამდე გახდება ცნობილი.
„სწორდება მხოლოდ ანალიტიკური წერის ნაწილი. რაც შეეხება დანარჩენ სამ ნაწილს, მხოლოდ შემოსახაზია და სწრაფად გასწორდება, მაგრამ ანალიტიკური წერის ნაწილს დაალოებით 25 დღე დასჭირდება. 60-მდე გამსწორებელი გვყავს“, – განაცხადა წერეთელმა.
რაც შეეხება გრანტის შესახებ ინფორმაციას, ეს გვიან გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც მაგისტრობის მსურველები მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარებენ მისაღებ გამოცდას.
როგორც ცნობილია, მაგისტრატურა მხოლოდ 100%-ანი გრანტით ფინანსდება. ივანე წერეთლის თქმით, 2 მილიონი ლარია მთავრობისგან გამოყოფილი, აქედან მილიონ 800 ათასი მაგისტრანტების დასაფინანსებლადაა, დანარჩენი 200 000 ბაკალავრებისთვის გრანტის გასაუმჯობესებლად დაიხარჯება.
„1 800 000 ლარი 800-მდე მაგისტრანტს ეყოფა. ეს საკმაოდ დიდი ციფრია. სახელმწიფო მხოლოდ 2250 ლარით წელიწადში დააფინასებს მათ“, – აღნიშნა ივანე წერეთელმა.
ცისანა არის© შერგილაშვილი
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება