GE

რას მიექცევა მეტი ყურადღება, გრამატიკას თუ ლიტერატურის ცოდნას – გამოცდები 2021, კითხვა-პასუხი

ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა ლოლაძემ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შესახებ აბიტურიენტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

მსგავსი ტიპის შეხვედრა აბიტურიენტებთან რამდენჯერმე ჩატარდა. აქამდე წამოჭრილი საკითხები 2021 წლის გამოცდების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ას კითხვასა და ას პასუხში.

წარმოგიდგენთ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შესახებ წამოჭრილ ძირითად კითხვებსა და მათზე პასუხებს:

წელს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს თუ შეეხება სიახლე და რაზე გავამახვილოთ ყურადღება?

არც ქართული ენისა და ლიტერატურის და არც არჩევითი საგნის – ლიტერატურის ტესტში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. აბიტურიენტებს შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კრებულს „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის“. ამ კრებულში დეტალურადაა მოცემული გამოსაცდელებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია. აბიტურიენტებს ვურჩევდი, ყურადღებით გაეცნონ მას. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, ამიტომ გამოცდაზე დრო ისე უნდა გაანაწილოთ, რომ თითოეული დავალების გადასატანად საკმარისი იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დავალება საგანგებოდ მისთვის გამოყოფილ ადგილას იყოს გადატანილი. რაც შეეხება მხატვრული ტექსტის ანალიზს, აბიტურიენტმა გამოცდაზე შემოთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი და ამ ტექსტის ანალიზი უნდა დაწეროს. ხშირად აბიტურიენტები ვერ იღებენ სათანადო შეფასებას იმის გამო, რომ გულდასმით არ ეცნობიან ინსტრუქციებს. პირობის ზედმიწევნით დაცვა კი უმნიშვნელოვანესია თქვენთვის სასურველი შეფასების მიღებისათვის.

რა შემთხვევაში ფასდება ნაშრომი ნული ქულით?

სხვადასხვა დავალების შეფასებისათვის განსხვავებული კრიტერიუმები გამოიყენება. ამ კრიტერიუმებით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში იწერება 0 როგორც ცალკეული კომპონენტის, ისე მთელი ნაშრომის შეფასებისას. გარდა კრიტერიუმებისა, როგორც ტესტის, ასევე ცალკეულ დავალებათა ინსტრუქციებში მითითებულია ის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის დავალება ფასდება ნული ქულით. ასე მაგალითად, ნაშრომში დაუშვებელია აბიტურიენტის სახელისა და გვარის ან იდენტიფიკაციის სხვა საშუალების მითითება. ის დავალება, რომელშიც ამგვარი მითითება იქნება, შეფასდება ნული ქულით.

მხატვრული ტექსტის ანალიზში პროგრამიდან მოვა ტექსტები თუ არა და ისევ პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს შორის მოგვიწევს არჩევანის გაკეთება?

თქვენ უნდა აირჩიოთ პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს შორის ერთ-ერთი და მასზე იმუშაოთ. ამავე დროს შემოთავაზებული ტექსტებიდან ერთი იქნება საგამოცდო პროგრამაში მითითებული, მეორე – არასაპროგრამო.

რამდენადაა შესაძლებელი, რომ გამსწორებელმა სუბიექტურად შეაფასოს ნაშრომი?

სუბიექტურობის თავიდან ასაცილებლად თითოეული დავალება სწორდება ამ კონკრეტული დავალების შეფასებისათვის შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. გამსწორებლები საგანგებოდ არიან მომზადებული, რომ რაც შეიძლება თანამიმდევრულად დაიცვან კრიტერიუმების მოთხოვნები. ერთ დავალებას ასწორებს მინიმუმ ორი გამსწორებელი, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აფასებენ ნაშრომს და თუ მათი შეფასება არ დაემთხვა ერთმანეთს თუნდაც ერთი ქულით, ნამუშევარი მიდის მესამე გამსწორებელთან და ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

ბარიერთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გვითხრათ?

ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ეთვლება თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის (70) 25 %-ზე მეტს. თუმცა ზოგიერთ პროგრამაზე ზღვარი გაზრდილია და პროგრამის არჩევის დროს ამ დეტალს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.

გრამატიკას უფრო მეტი ყურადღება ექცევა თუ ლიტერატურის ცოდნას?

ჩვენი ტესტური დავალებები არ ამოწმებს გრამატიკის თეორიულ საკითხებს, მაგრამ სამივე დავალების შეფასებისას გათვალისწინებულია ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და მართლწერის წესების პრაქტიკულად გამოყენების უნარი. რაც შეეხება ლიტერატურის ცოდნას, მხატვრული ტექსტის გააზრების უნარს, საგანგებოდ ის მოწმდება მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასებისას, თუმცა ლიტერატურის ცოდნა ასევე მნიშვნელოვანია არგუმენტირებული ესეს დავალების კარგად შესასრულებლად.

არგუმენტირებული ესე რამდენი სიტყვისგან უნდა იყოს შემდგარი, რას გვირჩევთ?

როგორც ამ დავალებების ინსტრუქციებშია მითითებული, ჩვენ ვზღუდავთ მხოლოდ მინიმალურ რაოდენობას, კერძოდ, თუ თქვენი ნამუშევარი, როგორც არგუმენტირებული ესე, ისე მხატვრული ტექსტის ანალიზი, 120 სიტყვაზე ნაკლებია, ნამუშევრის ენობრივი მხარე არ შეფასდება და ბოლო სამი კრიტერიუმით დაიწერება ნული ქულა. რაც შეეხება მაქსიმალურ რაოდენობას, ნაშრომი არ უნდა სცდებოდეს პასუხების ფურცელში ამ კონკრეტული დავალებისათვის გამოყოფილი ადგილის საზღვრებს.

ქართულის ტესტის რედაქტირებაში რამდენი შეცდომა უნდა იპოვოს აბიტურიენტმა და რამდენ ქულიანია ეს დავალება?

ამ დავალების მაქსიმალური შეფასებაა 16 ქულა. აბიტურიენტმა ყველა შეცდომა და ხარვეზი იპოვოს და გაასწოროს. ამ შემთხვევაში მიიღებს მაქსიმალურ – 16 ქულას, ყოველ ცალკეულ შეცდომაში კი დააკლდება თითო ქულა.

კალიგრაფიას თუ ექცევა ყურადღება?

აბიტურიენტის ნაშრომის შეფასებისას კალიგრაფიას საგანგებო ყურადღება არ ექცევა, თუმცა ის ნაშრომი ან ნაშრომის ის მონაკვეთი, რომლის წაკითხვაც გაურკვეველი ხელწერის გამო გაძნელდება, არ შეფასდება.

არგუმენტირებული ესე შეიძლება თუ არა დავიწყო დასკვნით და შემდეგ მოვიყვანო არგუმენტები, ამის გამო ქულა ხომ არ დაგვაკლდება?

დიახ, შეგიძლიათ ასეც ააგოთ ტექსტი, რაც ცხადია შეფასებაზე არანაირად არ იმოქმედებს.

არგუმენტირებულ ესეში შესაძლებელია თუ არა ნაწილობრივ დავეთანხმო და ნაწილობრივ არა?

ჩვენ ვცდილობთ სამსჯელოდ ისეთი პრობლემები შემოგვთავაზოთ, რომელთა შესახებაც საზოგადოებაში ცალსახა, ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს, ამდენად, განსახილველი საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩვენება მეტ დამაჯერებლობას შესძენს თქვენს ნაშრომს.

ასი კითხვა და ასი პასუხი აბიტურიენტებისთვის საინტერესო თემებზე

უცხოურ ენაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

ღია კარის დღეებზე დასმული კითხვები

რა განსხვავებაა ღია და დახურულ დავალებებს შორის?

შეუძლია თუ არა სხვა პირს 2021 წლის გამოცდებზე თქვენი შედეგის ნახვა

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური