GE

ისტორიის ტესტის დავალებებზე რას გვირჩევთ, ინგლისურში კალიგრაფიას ექცევა ყურადღება? – ახალი კითხვა-პასუხი აბიტურინტებისთვის

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ აბიტურიენტების ახალ კითხვებს ახალი პასუხები აქვთ. გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ას კითხვასა და ას პასუხს ახალი საკითხები დაემატა.

აბიტურიენტებისთვის აქტუალურ შეკითხვებზე პასუხებს გამოცდების ცენტრის შესაბამისი საგნის ჯგუფის წარმომადგენლები ამზადებენ:

რომელია მათემატიკაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები?
ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ, ასევე ამოცანების გამოყვანის ნიმუშები და თქვენთვის მნიშვნელოვანი ყველა სხვა ინფორმაცია იხილეთ კრებულებში.

ინგლისურში ესეს წერის დროს კალიგრაფიას თუ ექცევა ყურადღება და სასვენი ნიშნების გამო თუ გვაკლდება ქულა?
კალიგრაფიას არ ექცევა ყურადღება. მთავარია, იკითხებოდეს ნაწერი და შესაძლებელი იყოს ტექსტის ამოკითხვა. სასვენ ნიშნებს ექცევა ყურადღება მინიმალურად, თუმცა წერტილის არდასმის შემთხვევა სერიოზულ შეცდომად შეიძლება იქნას განხილული.

ინგლისური ენის ტესტში ლაპარაკის ნაწილის დამატება იგეგმება?
ლაპარაკის ნაწილის დამატება უცხოური ენის არც ერთ ტესტში ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

რუსულის ტესტის ან სხვა ენების დავალებები თუ განსხვავდება ინგლისური ენის ტესტის დავალებებისაგან?
უცხოური ენის ყველა ტესტს აქვს ერთნაირი სტრუქტურა. დავალებების სახეები და ფორმატი ერთმანეთის ანალოგიურია.

გამოცდაზე პირბადე უნდა მეკეთოს?
2020 წლის რეგულაციების მიხედვით, გამოსაცდელს პირბადის მოხსნა შეეძლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამუშაო მაგიდასთან დაჯდებოდა, რადგან მაგიდებს შორის დისტანცია დაახლოებით 2 მეტრია და ისინი დამცავი ფარებითაა აღჭურვილი. 2021 წელს ცენტრი იხელმძღვანელებს იმ მითითებების შესაბამისად, რომლებსაც მას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიაწვდის.

წელს გამოცდების ფორმატს თუ შეეხება რაიმე სახის ცვლილება?
2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.

ქართული ენის ტესტის, ტექსტის ანალიზის დავალებაში, მონაკვეთის/ნაწარმოების ანალიზისთვის შესავლისა და დასკვნის გაკეთება იმ სამ მითითებასთან ერთად, შეფასებაზე დადებითად/უარყოფითად აისახება, თუ საერთოდ არ მოქმედებს? რომ დავაზუსტოთ, პირდაპირ იმ მითითებებზე უნდა დავიწყოთ მუშაობა, თუ ერთგვარი შესავალიც/დასკვნაც საჭიროა?
ზოგადი შესავლით დაწყება საჭირო არაა. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ დაწეროთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საგამოცდო დროც შეზღუდულია და ამ დავალებისათვის პასუხების ფურცელზე გამოყოფილი ადგილიც. გირჩევთ ყურადღება განსახილველ საკითხებზე გაამახვილოთ.

ქართულის რედაქტირების დავალებაში თუ სწორი ფორმა სწორითვე ჩავანაცვლე, ქულა დაგვაკლდება?
თუ მიგაჩნიათ, რომ ესა თუ ის ფორმა სწორია, მის შეცვლაზე დროს ნუ დაკარგავთ, რადგან შეცვლის შემთხვევაში შეიძლება დაუშვათ გრამატიკული შეცდომა ან სტილისტიკური ხარვეზი, ანდა შესაძლოა ამ ცვლილებამ აზრის გაბუნდოვანება გამოიწვიოს, რის გამოც ქულას დაკარგავთ.

ვაბარებ სასულიერო სემინარიაში. პროგრამა მთხოვს მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგს, რომ დავწერო სხვა საგნები არ შეიძლება? თუ ვალდებული ვარ 3 გამოცდაზე გავიდე?
თქვენ არ ხართ ვალდებული, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის გარდა კიდევ რომელიმე გამოცდა ჩააბაროთ. თუ სურვილი გექნებათ, რომ დამატებით სხვა პროგრამაც აირჩიოთ, მხოლოდ იმ პროგრამის მოთხოვნის შესაბამისად შეგიძლიათ ჩააბაროთ სხვა გამოცდებიც.

ყველა პროგრამაზე თანაბრად გაიცემა გრანტი, თუ სამართალზე მხოლოდ 100%-იანი გრანტის მიღება შეუძლია აბიტურიენტს?
2021 წელსაც გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%- იანი სასწავლო გრანტები, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პროგრამაზე ჩაირიცხება აბიტურიენტი.

ქიმიაში გარდაქმნები რამდენ ქულიანია და არითმეტიკული შეცდომების გამო თუ დაგვაკლდება ქულა?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარდაქმნაა მოცემული დავალებაში. საერთოდ, ამ ტიპის ცალკეული დავალებები 1 ან 2 ქულით ფასდება. რაც შეეხება არითმეტიკულ შეცდომებს, თუ არასწორი პასუხის მიღება გამოწვეულია მხოლოდ 1 არითმეტიკული შეცდომით, მაშინ შეფასებისას მხოლოდ ერთი ქულა დააკლდება. ამ კითხვებზე უფრო ზუსტ პასუხს მიიღებთ, თუ ნახავთ გასული წლის ტესტს და შეფასების სქემას.

ბიოლოგიაში ამოცანები მონოჰიბრიდულ შეჯვარებაზე თუ შედის ტესტში?
დიახ, ტესტში შეგხვდებათ ამოცანები როგორც მონოჰიბრიდული, ისე დიჰიბრიდული შეჯვარების საკითხებზე, ასევე კითხვები, რომლებიც შეეხება სრულ და არასრულ დომინირებას.

როგორ მივხვდე, რომ ნამდვილად დავრეგისტრირდი?
შენახვის ღილაკის გამოყენების შემდეგ ეკრანზე დაინახავთ წარწერას: შეინახეთ ან ამობეჭდეთ თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი, ასევე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მითითებულ ტელეფონის ნომერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია. არ გადასცეთ სხვას თქვენი პაროლი, ის არაერთხელ დაგჭირდებათ პროგრამების შეცვლის, დამატებისა თუ შედეგების ნახვის დროს.

რეგისტრაციის დროს მოვნიშნე სპეციალური პირობა, რა შეღავათი მექნება გამოცდაზე?
ზოგიერთი ჯანმრთელობის პრობლემის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა გამოსაცდელს დრო დაემატოს ან შეექმნას მისთვის აუცილებელი სპეციფიკური საგამოცდო გარემო. გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური კომისია ფორმა N100-ის საფუძველზე (დაავადების სიმძიმის შესაბამისად).

თუ გამოცდაზე გასვლა გადავიფიქრე, თანხა უკან დამიბრუნდება?
თუ აბიტურიენტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 31 მარტის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. თანხის დაბრუნების თაობაზე დეტალური ინფორმაცია ქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.

მათემატიკაში ყველა დავალებას ერთი გამსწორებელი ასწორებს?
დასკანერების შემდეგ ნაშრომი იჭრება დავალებების მიხედვით და ნაწილდება. თითოეულ ნაწილს გამსწორებელთა ერთი ჯგუფი ასწორებს – ერთ ნამუშევარს მინიმუმ ორი ადამიანი. თუ მათი შეფასება არ დაემთხვა ერთმანეთს, ამ შემთხვევაში მესამე გამსწორებელიც აფასებს ნაშრომს.

მათემატიკის 35-ე დავალების სირთულე რაში მდგომარეობს და რა რჩევას მოგვცემთ?
35-ე დავალება (გასული წლის ტესტის მე-40 დავალება) არის კომპლექსური დავალება მომატებული სირთულით. მისი დანიშნულებაა საშუალოზე მაღალი მომზადების აბიტურიენტების ცოდნისა და მათემატიკური უნარების რანჟირება.

რომელი წიგნებით მოვემზადოთ მათემატიკის გამოცდისათვის?
რომელიმე წიგნს განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფთ. გამოგადგებათ ყველა გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელო, ამოცანათა კრებულები და ჩვენი ცენტრის მიერ მომზადებული კრებული „როგორ მოვემზადოთ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – მათემატიკა.“

უცხოურ ენაში ესე რამდენ სიტყვიანი სჯობს რომ იყოს და მაღალი ქულა როგორ მივიღოთ ამ დავალებაში, რას გვირჩევთ?
ესეში სიტყვების რეკომენდებული რაოდენობაა 120 – 150. შეგიძლიათ ამაზე ცოტა მეტიც დაწეროთ, მთავარია, არ გადასცდეთ ამ დავალებისათვის გამოყოფილ სივრცეს, რადგან შესაძლოა დასკანერების დროს თქვენი ნაწერი მოიჭრას. შინაარსის მხრივ ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად ზუსტად და პირდაპირ პასუხობთ მოცემულ დავალებას. არ არის საჭირო ზოგადი დაზეპირებული ფრაზების ხშირად გამოყენება. მთავარია, პირადი აზრი გასაგებად და არგუმენტირებულად გადმოსცეთ.

ინგლისურ ენაში მეორე მოსმენის დავალება რის ხარჯზე დაემატა და რატომ?
სწორია/არასწორია დავალება ტესტიდან ამოვიღეთ 2020 წელს, რის ნაცვლადაც დაემატა მოსმენის მეორე დავალება, რამაც უცხოური ენების ტესტი უფრო მეტად დაბალანსებული გახადა. ახლა ტესტი შედგება სამი მეტნაკლებად თანაბარი წონის დავალებისაგან. ესენია: მოსმენა, კითხვა და წერა.

რეგისტრაციის დროს არ არის მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ჩატარდება გამოცდა. მესიჯის სახით მივიღებთ?
ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად და რომელ რიცხვში ჩატარდება გამოცდა, ასევე რეგისტრაციის დაწყების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც აბიტურიენტები გამოცდის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეძლებენ.

ვცხოვრობ გორში და საგამოცდო ქალაქად ბათუმი შემიძლია ავირჩიო?
გამოსაცდელს უფლება აქვს აირჩიოს ნებისმიერი საგამოცდო ქალაქი.

დაბადების მოწმობით თუ არის შესაძლებელი დარეგისტრირება?
დიახ, რეგისტრაციის დროს აბიტურიენტს პირადი მონაცემებიდან მხოლოდ თერთმეტნიშნა პირადი ნომრის შეყვანა სჭირდება შესაბამის ველში, რომელიც მითითებულია მის დაბადების მოწმობაზე და არ იცვლება.

ისტორიაში თარიღების ზედმიწევნით ცოდნა თუ არის სავალდებულო?
ისტორიის ტესტში თარიღების ზედმიწევნით ცოდნა არაა სავალდებულო. აბიტურიენტმა უნდა იცოდეს ესა თუ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა რომელი საუკუნის რომელ მონაკვეთში მოხდა, თუმცა ზუსტი თარიღების ცოდნა არ არის აუცილებელი.

ისტორიაში არგუმენტების მითითებისას რაიმე სახის შეზღუდვა ხომ არ გვაქვს?
დავალებაში – ისტორიული პრობლემის ანალიზი – აბიტურიენტმა არგუმენტები უნდა მოიტანოს ორი განსხვავებული მოსაზრების სასარგებლოდ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით ის საკუთარ მსჯელობაში თავისუფალია, არაფრითაა შეზღუდული.

გამოცდაზე არგამოცხადება საპატიოდ რა შემთხვევაში ითვლება?
აბიტურიენტი ვალდებულია გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას. დაგვიანების შემთხვევაში, ის გამოცდაზე აღარ დაიშვება და სხვა დროს შესაბამის გამოცდას ვერ ჩააბარებს.

გამოცდა სად უნდა ჩავაბარო და რომელ საათზე როდის მეცოდინება?
ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად და რომელ რიცხვში ჩატარდება გამოცდა, ასევე რეგისტრაციის დაწყების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც აბიტურიენტები გამოცდის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეძლებენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი რომელ უნარებსა და რის ცოდნას ამოწმებს?
ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი ამოწმებს საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ცოდნასა და ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარს. ასევე: არგუმენტირების უნარს; ინფორმაციის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და დასკვნის გამოტანის უნარს; დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარს; თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით წერითი მეტყველების უნარს.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში რა ზომის უნდა იყოს წერითი დავალებების ტექსტები?
როგორც არგუმენტირებული ესეს, ისე მხატვრული ტექსტის ანალიზის შემთხვევაში ნაშრომი, რომლის მოცულობაც 120 სიტყვას არ აღემატება, ლექსიკა-სტილის, გრამატიკისა და პუნქტუაციის თვალსაზრისით არ სწორდება. ამდენად, ბოლო სამი კრიტერიუმის მიხედვით ფასდება 0 ქულით. რაც შეეხება მაქსიმალურ მოცულობას, ის არ უნდა გასცდეს პასუხების ფურცელზე თითოეული ამ დავალებისათვის გამოყოფილი ადგილის ფარგლებს.

რა შემთხვევაში ვერ ირჩევს აბიტურიენტი პროგრამას?
პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ რამდენად სწორად გაქვთ არჩეული სავალდებულო საგამოცდო საგნები. გარდა ამისა, ქართულ ენაში მოსამზადებელ პროგრამას ვერ აირჩევენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სხვა პრობლემის არსებობის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ოპერატორს ნომერზე: 032 2473333.

უცხოური ენის გამოცდაში მოსმენისა და წერის დავალებები თანაბარი სირთულისაა?
დიახ, თანაბარი სირთულისაა. ტესტის სირთულის დონე ზოგადად შეესატყვისება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით არის B1.

რას ნიშნავს ცნობარის ცხრილებში პროგრამის გასწვრივ მინაწერი – „ფინანსდება“?
ეს ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია და ჩარიცხვის შემთხვევაში გაიცემა 50%-იანი, 70%-იანი ან 100%-იანი დაფინანსება.

პროგრამის არჩევისას რას მივაქციოთ ყურადღება?
საგანმანათლებლო პროგრამის არჩევისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს:
– აკრედიტებულია თუ არა პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
– აკრედიტაციის ვადები;
– გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
– მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);
– საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
– საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
– საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა;
– თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით და სხვ.

რა განსხვავებაა პრიორიტეტსა და კოეფიციენტს შორის?
კოეფიციენტებზე მრავლდება აბიტურიენტის სკალირებული ქულა საკონკურსო ქულის გამოთვლის დროს. პრიორიტეტით კი განისაზღვრება, თუ რომელ საგანს ენიჭება უპირატესობა აღნიშნულ პროგრამაზე.

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამებზე, ე.წ. „უფასო ფაკულტეტებზე“ ჩარიცხვის შემთხვევაში ყოველგვარი გადასახადის გარეშე აგრძელებს სწავლას აბიტურიენტი?
ამ პროგრამებზე შესაძლოა ყველა ადგილი არ ფინანსდებოდეს. თუ რეიტინგული სიით შესაბამის ადგილას მოხვდებით, რა თქმა უნდა, ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებთ სწავლის გაგრძელებას. დეტალური ინფორმაციისათვის უნდა მიმართოთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

რა სპეციალური პირობები ექმნება აბიტურიენტს, თუ ის რეგისტრაციის დროს მონიშნავს სპეციალურ პირობებს და წარმოადგენს ფორმა N100-ს.
ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე სპეციალური კომისია იღებს გადაწყვეტილებას, საჭიროებს თუ არა გამოსაცდელი დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე სპეციალური გარემოს შექმნას ან დროის დამატებას. დეტალური ინფორმაცია ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე საგამოცდო პროცესის დაწყებამდე.

ისტორიაში მოვლენის შეფასებისა და პრობლემის ანალიზის დავალებებზე რა რჩევას მოგვცემთ?
დავალებაში – ისტორიული მოვლენის შეფასება – აბიტურიენტმა უნდა გააანალიზოს, განიხილოს და საკუთარი შეფასება მისცეს ამა თუ იმ ისტორიული პროცესს თუ მოვლენას ან პიროვნების მოღვაწეობას არგუმენტირებული მსჯელობისა და ანალიზის საფუძველზე. დავალებაში – ისტორიული პრობლემის ანალიზი – მოცემულია მოკლე ტექსტი, რომელშიც საუბარია ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისზე კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით. აბიტურიენტმა საკუთარი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს ორი განსხვავებული თვალსაზრისის შეფასებისას. ორივე დავალებაზე მუშაობისას კონკრეტულად და ლაკონურად უნდა უპასუხოთ დავალებებს.

ბიოლოგიაში პენეტის ცხრილის შედგენა აუცილებელია თუ არა?
პენეტის ცხრილის ცოდნის გარეშე დავალებებს ვერ შეასრულებთ, თუმცა მისი შედგენა საჭირო არ არის. თუ დაგჭირდათ, შეგიძლიათ შავ ფურცელზე შეადგინოთ და პასუხების ფურცელზე მხოლოდ მიღებული შედეგები გადაიტანოთ.

100 კითხვა და 100 პასუხი აბიტურიენტებისთვის საინტერესო თემებზე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური