“რაში გვჭირდება 12 ცენტრალიზებული გამოცდა?!- საზოგადოება ამ კითხვას მალე დასვამს”
“მოსწავლეების დღეს არსებული შეფასების სისტემის რღვევა ხალხიდან დაიწყება და ეს არ მოხდება ხუთასი წლის შემდეგ. ისევე, როგორც დღეს საზოგადოება სვამს კითხვას – რაში იხარჯება ბიუჯეტი?, ძალიან მალე, აუცილებლად დასვამს კითხვას – რაში გვჭირდება 12 ცენტრალიზებული გამოცდა?” – ასეთია განათლების ექსპერტ თამარ მოსიაშვილის ვერდიქტი.
განათლების მიმართულებით ყველაზე ცხელი სეზონი სწორედ ახლაა. სკოლის მოსწავლეებს უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად 12 ცენტრალიზებული გამოცდის ჩაბარება უწევთ. (8 სკოლაში და 4 მისაღები). გამართლებულია თუ არა გამოცდების ეს რაოდენობა და მოწმდება თუ არა რეალურად მოსწავლის ცოდნის დონე დღეს არსებული მოდელით?! ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ARIS.GE-განათლებას ექსპერტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი თამარ მოსიაშვილი ესაუბრა.
– ქალბატონო თამარ, როგორ აფასებთ “კატის” პროგრამას?
– “კატის” პროგრამის ფარგლებში გამოყენებულ ნიმუშზე დაყრდნობით, რომელიც “naec”-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, შემიძლია ვთქვა, რომ ტესტები ამოწმებს მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას და არა 21–ე საუკუნის ახალგაზრდისთვის საჭირო უნარებს. ეს ყველაფერი ისეთი საგანგაშო არ იქნებოდა, ტესტების რაოდენობა ოდნავ მცირე რომ იყოს, მაგრამ რაოდენობა ძალიან დიდია. სწავლების მესამე საფეხურზე მოსწავლეები ორიენტირებულები არიან, გაიხსენონ წლების მანძილზე ნასწავლი მასალა, ეს ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის სეიროზული ხარვეზია. ამასთან, ჩემი ახლობლებისგან და სხვა აბიტურიენტებისგანაც მსმენია პროგრამის გაუმართაობის შესახებ: ხშირი გათიშვა, სწორი პასუხის არ დაფიქსირება… თუმცა მე ვთვლი, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მომავალ წელს ამ საკითხს გამოასწორებს, მაგრამ პრობლემას, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში არებობს, ვერსად გავექცევით. ჩვენ ვაიძულებთ ახალგაზრდა ადამიანებს, გაიხსენონ მთელი პროგრამა და სწავლების ბოლო საფეხურზე სერიოზულ პრობლემებს ვუქმნით.
– რამდენად დამაკმაყოფილებელად მიიჩნევთ “კატის” გამოცდით შეფასებულ ცოდნის დონეს?
– “კატის” შედეგებზე დაყრდნობით ჩვენი განათლების სისტემის შეფასება შეუძლებელია. ანუ, არასერიოზულია ვთქვათ: ბავშვებმა რაღაც იციან კარგად, ან არ იციან. “კატის” მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რა ახსოვთ მოსწავლეებს, ან რა არ ახსოვთ. ეს არ არის შეფასების ინსტრუმენტი.
– სოციალურ ქსელში თქვენი მოსაზრება დააფიქსირეთ, რომ “გამოცდების დღევანდელი მოდელი აბიტურიენტებს არათანაბარ პირობებში აყენებს”.. რას გულისხმობდით?
– დიახ, ეს მოდელი უთანასწოროა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ იმ ოჯახებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან დამატებით ხარჯები გაიღონ იმისთვის, რომ მოსწავლეს დამხმარე ადამიანი, რეპეტიტორი აუყვანონ. ეს კიდევ უფრო უთანასწოროს ხდის ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას, რადგან ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი ქვეყანა. შემოსავლების მიხედვით განსხვავდება დედაქალაქი, რაიონი და სოფლები. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის გამოცდებით ჩვენ ბავშვებს არათანაბარ პირობებში ვაყენებთ. რაიონებსა და სოფლებში ოჯახებს ძალიან უჭირთ, 12 გამოცდა კი დამატებითი ტვირთია.
– წელს ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე რთული ბავშვებისთვის ფიზიკის გამოცდაა, როგორ ფიქრობთ, რატომ დგას იმის აუცილებლობა, რომ საგანში, რომელიც შესაძლოა, მომავალში საერთოდ არ დაგჭირდეს, ასეთი რთული ტესტები იყოს?
– ამ საკითხში ცალსახად გეთანხმებით. ადამიანს, რომელსაც გარკვეული აქვს მომავალი პროფესია, მისთვის შეიძლება, ზედმეტი იყოს ფიზიკა და იმ მასალის გახსენება, რაც წლების მანძილზე ისწავლა. მაგალითად ქიმიის ტესტებში მოსწავლისგან არომატული ამინდის ფორმულას ითხოვენ. ჩემთვის კი, როგორც ქიმიკოსისთვის, ამ ფორმულის ცოდნას არანაირი ღირებულება არ აქვს.
– რაში ხედავთ გამოსავალს, რა უნდა შეიცვალოს, როგორია თამარ მოსიაშვილის განათლების დონის შეფასების მოდელი?
– პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გამოცდა აუცილებელია. ჩემი მოდელის მიხედვით, ყველა აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ზოგადი უნარების გამოცდა და ერთი მაპროფილებელი საგანი. ამასთან, სკოლამ თავად უნდა გასცეს ატესტატი და თუ როგორ, ეს თავად უნდა გადაწყვიტოს. მთავარია, სკოლას ატესტატის გაცემის უფლება დაუბრუდეს. შევხედოთ, რა ვითარება გვაქვს დღეს, 12 წელი მოსწავლე სწავლობს სკოლაში, მაგრამ ატესტას “კატის” გამოცდის ჩაბარების შემდეგ “ნაეკი” აძლევს – განათლების სამინისტროს ავტონომიური ორგანიზაცია, ეს კარგი არაა. საზოგადოებამ ერთხელ და საბოლოოდ უნდა თქვას: ჩვენ გვინდა სუსტი სკოლები, გვინდა რომ სწავლა იყოს ტესტირებისთვის, გვინდა ძლიერი რეპეტიტორთა ჯგუფი; ან თქვას პირიქით, გვინდა განვითარებული სწავლა–სწავლების პროცესი. ეს არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია. მე მხარს ძლიერ სკოლას ვუჭერ, სადაც აზროვნების უნარების განვითარება ხდება.
– როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა დღეს უმაღლესში მოხვედრა რეპეტიტორის გარეშე, და არის თუ არა მოსწავლის დაბალი აკადემიური მოსწრება მასწავლებლის კვალიფიკაციის განმსაზღვრელი?
– დღევანდელი სკოლა ვერ იძლევა იმ საჭირო ცოდნას, რაც უნივერსიტეტში მოსახვედრად არის აუცილებელი. ჩვენი წარჩინებული მოსწავლეები წარმატებით ახერხებენ უცხოეთის სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას, მაგრამ საკმარისია საქართველოში მოინდომონ ჩაბარება, რომ გამოცდას რეპეტიტორის გარეშე ვერ აბარებენ. იმიტომ, რომ ჩვენი სისტემა ტესტირებაზეა ორიენტირებული. თორმეტი ტესტი ეს არ არის ცოტა. ეს ძალიან დიდი სტრესია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
რაც შეეხება მასწავლებლის კვალიფიკაციის განსაზღვრას მოსწავლის აკადემიური მოსწრებით – პირდაპირი კავშირი მათ შორის არ არის. მოსწავლის წარმატებაში, განმსაზღვრელია, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა, მშობლების განათლების დონე, თუმცა ამით იმის თქმა ნამდვილად არ მსურს, რომ ქვეყანაში პროფესიონალი პედაგოგების დეფიციტი გვაქვს.
– როგორია თქვენი პროგნოზი? შეიცვლება არსებული სისტემა მომავალში?
– იცით, შეიძლება, ვიღაცას ეს არარეალურად მოეჩვენოს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ აუცილებლად შეიცვლება. ეს მოდელი რამდენიმე მოცემულობაზეა დაფუძნებული: 1.პრაქტიკულად ეს მოდელი ეკონომიკურად აზარალებს ოჯახებს. 2. ამდენი ტესტის მომზადება ერთი ორგანიზაციის მიერ არ არის მარტივი საქმე და 3. თუ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუდმივად მოამზადებს და ადმინისტრირებას გაუკეთებს გამოცდებს, ის მონოპოლისტად ჩამოყალიბდება. სამწუხაროდ, არ მოხდა დამოუკიდებელი ჯგუფების განვითარება, რომლებიც იგივე საქმიანობით დაკავდებოდნენ. ყველა პროფესიონალი დღეს “ნაეკში” მუშაობს. თუ ჩვენ გვინდა, განათლების სექტორში ჩრდილოვანი ეკონომიკა იყოს, თუ გვინდა, რომ ოჯახებმა ძალიან ბევრ ფული იხადონ, თუ გვინდა, საგანმანათლებლო მონოპოლიები, მაშინ ეს სისტემა შენარჩუნდება, მაგრამ ასეთ სურვილებს ხალხი ვერ იტევს ხოლმე. ამ შეფასების სისტემის რღვევა ხალხიდან დაიწყება და ეს არ მოხდება ხუთასი წლის შემდეგ. ისევე, როგორც დღეს საზოგადოება სვამს კითხვას – რაში იხარჯება ბიუჯეტი?, ძალიან მალე, აუცილებლად დასვამს კითხვას – რაში გვჭირდება 12 გამოცდა?. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, ხალხი დაუჭერს მხარს რეალურ ცოდნას და არა სწავლას ტესტისთვის. მოკლედ, რომ შევაჯამო: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სკოლები და აბიტურიენტებმა მხოლოდ 2 გამოცდა უნდა ჩააბარონ.
ეკა არის© წივწივაძე
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება