GE

რატომ არ იზრდება სკოლის მანდატურის ხელფასი გაზრდილი უფლება-მოვალეობების ფონზე?!

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც მანდატურის სამსახურის გაძლიერება/დახვეწას მოიაზრებს, მანდატურებს არაერთი სერიოზული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ და არაერთი დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრებათ. მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და შს სამინისტროების მიერ მომზადებულ კანონპროექტში ამ მიმართულებით 2 წლის განმავლობაში 10.6 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, დოკუმენტში არასად არის ნახსენები მანდატურის ხელფასის ცვლილება.

იმის გათვალისიწნებით, რომ მანდატურის ყოველთვიური ხელფასი დღეს მხოლოდ 400 ლარია, EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რატომ არ არის არც ერთი სიტყვა ნათქვამი მანდატურებისთვის ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით, როგორ უყურებს ამ საკითხს განათლების სამინისტრო და განიხილება თუ არა 2018-2019 წლებში სახელფასო პოლიტიკის გადახედვა? – ჩვენს კითხვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა უპასუხა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ 2018 წლისთვის მანდატურების ანაზღაურების გაზრდა დაგეგმილი არ არის, თუმცა იმ მანდატურებს, რომლებიც ყველა დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობას მაღალ დონეზე შეასრულებენ, გარკვეული დამატებითი ანაზღაურება ექნებათ.

„მანდატურის სამსახურის გაძლიერება გულისხმობს ძალიან მრავალფეროვან აქტივობებს მანდატურების პროფესიული განვითარებისთვის არამხოლოდ მომზადების, არამედ გადამზადების და მათი რეგიონალური დაფარვის თვალსაზრისითაც.  რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მანდატურების ანაზღაურება იყოს ღირსეული.

„წელს ბიუჯეტში ამ მიმართულებით არ იგეგმება ღონისძიებები, თუმცა ის მანდატურები, რომლებიც იქნებიან უფრო აქტიურები და ყველა იმ მოთხოვნებს შეასრულებენ მაღალ დონეზე რომელთაც ვუყენებთ, მათთვის განსაზღვრული იქნება გარკვეული დამატებითი ანაზღაურება.

„გარკვული სისტემა უკვე არსებობს, რომლის გადახედვას და განვითარებასაც ვაპირებთ. წელს დავიწყეთ პირველად და დაიგეგმება მომავლისთვის. 2019 წლიდან უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება და მერე უკვე ნამდვილად გადაიხედება ეს საკითხი“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის 2018 და 2019 წლებში ჯამურად 10.6 მილიონი ლარი იქნება აუცილებელი.

ამავე თემაზე:

მანდატურის სამსახურის ფუნქციების დახვეწა 2018-2019 წლებში 10,6 მილიონი ლარი დაჯდება

რა შემთხვევებში გამოიყენებს მანდატური ფიზიკურ ძალას სკოლაში – რა წერია კანონპროექტში

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური