რა ძირითადი „საფრთხეები“ ელის სკოლაში ყველა პირველკლასელს – სწორი მიდგომები მშობლისა და პედაგოგისგან
დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელი და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი ნანა ბურძენიძე კოლეგებს პირველკლასელთა სკოლაში ადაპტაციისთვის მოსწავლეთა მშობლებისა და კოლეგებისათვის საინტერესო, პრაქტიკულ დამხმარე საშუალებას აქვეყნებს, სადაც მშობლებისთვის განკუთვნილ კითხვარებთან ერთად, მოცემულია ფსიქოლოგების რჩევები, რომლებიც პირველ კლასში მოსწავლის სკოლასთან ადაპტაციას გააიოლებს.
10 ძირითადი „საფრთხე“, რომელიც ყველა პირველკლასელს ელის
1. საშინაო დავალების ჩანიშვნა – პირველკლასელების 70% სხვადასხვა მიზეზით არ ინიშნავს მასწავლებლის დავალებას, ზოგი წერა-კითხვის არამყარი ცოდნის გამო, ზოგიც ვერ ასწრებს, ზოგიც იმიტომ, რომ გაკვეთილზე გონებაგაფანტული ზის. მშობელმა ბავშვი სახლში უნდა „ავარჯიშოს”. მას შეუძლია ხშირად შეადგენინოს მაღაზიის საყიდლების სია ან ტელევიზორში მისთვის საინტერესო გადაცემების ჩამონათვალი ამოანიშნინოს ხოლმე.
2. გაკვეთილის მომზადება – მოელაპარაკეთ ბავშვს, რომ საშინაო დავალების ნაწილს დამოუკიდებლად მოამზადებს. რასაკვირველია, მას თქვენ გადაამოწმებთ. შემოწმების დრო ნელ-ნელა შეამცირეთ. არასოდეს დაადგეთ ბავშვს თავზე და მასთან ერთად ყველა გაკვეთილს ნუ მოამზადებთ!
3. გამოძინება – თუ პირველი გაკვეთილი ბავშვს დილის ცხრის ნახევარზე ეწყება, საღამოს ათის ნახევარზე ის ლოგინში უნდა იყოს. გამოუძინარი პირველკლასელი თავს სუსტად გრძნობს, „თავში არაფერი შესდის”.
4. ეჩქარება, კარგავს – ბავშვი კლასში შედის. ქურთუკი უნდა გაიხადოს, ჩანთიდან საჭირო ნივთები ამოალაგოს, მერე ისევ უკან ჩაალაგოს, ქურთუკი ჩაიცვას… პირველკლასელები ძალიან ხშირად კარგავენ პირად ნივთებს: ქუდებს, კალმებს, რვეულებს, სიჩქარეში აფუჭებენ ქურთუკის ღილებს, ჩანთის შესაკრავებს. ბავშვის ტანსაცმელი მარტივი და მოხერხებული უნდა იყოს, რომ დამოუკიდებლად შეძლოს მისი გახდა-ჩაცმა. ღილების ნაცვლად უკეთესია ქურთუკს ელვაშესაკრავი ჰქონდეს. ნუ გაატანთ სკოლაში ძვირადღირებულ კალმებს. ჩანთაც ისეთი უნდა იყოს, რომ სწრაფად გახსნას და დახუროს, ზედმეტი წვალების გარეშე. თუ ბავშვი ზედმეტად დაბნეულია, დააწერეთ მის ნივთებს ინიციალები.
5. სკოლაში აღარ უნდა – თუ ერთ მშვნიერ დღეს განაცხადა, რომ სკოლაში წასვლა აღარ უნდა, ნუ გაიკვირვებთ, ნუ გაუბრაზდებით. შესაძლოა რომელიმე გაკვეთილის სირთულემ დააფრთხო, მასწავლებელმა შენიშვნა მისცა, თანატოლებთან იჩხუბა ან ცოტა გადაიქანცა. აუხსენით, რომ „უფროსები სამსახურში დადიან, ბავშვებმა კი მას მერე, რაც 6 წელი უსრულდებათ, სკოლაში უნდა იარონ. ახლა მათი სამსახურია გაკვეთილებზე სიარული და ახალი ინფორმაციის მიღება”. დაარწმუნეთ, რომ ამაყობთ მისი მოსწავლეობით. უთხრათ, რომ თქვენი პატარაობისას პირველ ხანებში სკოლა ნაკლებად მოგწონდათ, მაგრამ მერე შეგიყვარდათ. სკოლიდან მოსულ ბავშვს ნუ ჰკითხავთ, ცუდად იქცეოდა თუ არა და ვინმეს რამე ხომ არ აწყენინა. ჰკითხეთ, ახალი რა ისწავლა, რა მოხდა საინტერესო. თუ რაიმეს მოგიყვებათ, გაოცდით, აღფრთოვანდით, უფრო დეტალურად გამოკითხეთ და აუცილებლად შეაქეთ.
6. ვერ მეგობრობს თანაკლასელებთან – ეცადეთ თავად დაუმეგობრდეთ მისი თანაკლასელების მშობლებს. მოაწყეთ საბავშვო დღესასწაულები, ბავშვებთან ერთად წადით კაფეში, გაისეირნეთ ქალაქში, დაპატიჟეთ სახლში, შეკრიბეთ მცირე ჯგუფებად, რომ დამეგობრების საშუალება ჰქონდეთ. მხოლოდ მასწავლებლის იმედი ნუ გექნებათ, მასწავლებელს ბევრი სხვა საქმე აქვს.
7. „მასწავლებელს არ ვუყვარვარ” – ბევრი ბავშვი ფიქრობს, რომ მასწავლებელი მშობელივით უნდა მოექცეს. მშობელმა ბავშვს კარგად უნდა აუხსნას, რომ მასწვლებელი დედა არ არის, ის ცოდნას აძლევს და მას ყურადღებით უნდა უსმინოს. დაიმსახურეთ ბავშვის ნდობა, რათა მან ნებისმიერი პრობლემა გაგიზიაროთ. დაპირდით, რომ დაეხმარებით. თუ მასწავლებელს შეხვდებით, პრეტენზიით ნუ მიმართავს. უთხარით, რომ თქვენ პედაგოგი არ ხართ, ის კი პედაგოგია და იქნებ, ამ სიტუაციაში რამე გირჩიოთ… ამ დროს მშობელმა ბავშვისა და მასწავლებლის დაახლოებაზე უნდა იზრუნოს.
8. ადრე ადგომა – სასურველია ბავშვმა დილის შვიდ საათზე გაიღვიძოს. უფროსებისგან განსხვავებით, მას არ შეუძლია ლოგინიდან წამოხტომა, კბილების სწრაფად გახეხვა, ბუტერბროდის გზადაგზა ჭამა და ლიფტში ჩაცმა. ამისათვის დრო და სიმშვიდე სჭირდება. არასოდეს გააღვიძოთ ბავშვი ყვირილით, ხმამაღალი შეძახილით, ჩხუბით. ლოგინში 5-წუთიანი ნავარდობის შანსიც მიეცით, მადლიერი დაგრჩებათ. კარგი იქნება, თუ დილის გამამხნევებელ ვარჯიშს მიაჩვევთ და თუ მის საყვარელ მელოდიასაც ჩართავთ, უფრო ეყვარებით.
9. სკოლაში არ საუზმობს – პირველ ხანებზე ბავშვების უმრავლესობა სკოლაში არ საუზმობს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, მორიდება, უმადობა ან ბავშვის შეუგუებლობა იმ ახალი გარემოში, სადაც კვებას სთავაზობენ. შიმშილის ნიადაგზე 12 საათამდე ბავშვს წესით არაფერი დაემართება. ამიტომ ამაზე ნერვიულობაც არ ღირს. სამაგიეროდ, სახლში კარგად ისადილებს.
10. საპირფარეშო – საპირფარეშოს შესახებ ბავშვი კარგად გამოჰკითხეთ, თავადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ. ბავშვთა საპირფარეშოში აუცილებლად უნდა იყოს ქაღალდი, საპონი და ხელსახოცები. თუ მსგავს რამეს ვერ ნახავთ, სკოლის ადმინისტრაციას პასუხი მოთხოვეთ. უარის შემთხვევაში, თავად მოამარაგეთ თქვენი პატარა ჰიგიენის საშუალებებით. მათ მასწავლებელი კლასში შეინახავს.
როგორ მოვიქცეთ, რომ ახალ სოციალურ სტატუსთან შეგუება ბავშვისთვის სასიამოვნო და ნაკლებად სტრესის მომგვრელი იყოს?
– ბავშვი მშვიდად გააღვიძეთ. სასურველია, გაღვიძებისას მან თქვენი ღიმილი დაინახოს.
– საუბრეთ მშვიდი, კეთილგანწყობილი კილოთი.
– არ ააჩქაროთ დილის პროცედურების შესრულებისას. დროის განაწილება თქვენი პრეროგატივაა.
– არ გაუშვათ სკოლაში საუზმის გარეშე.
– თუ სკოლიდან უგუნებოდ დაბრუნდა, არ გაუწყრეთ, გაამხნევეთ.
– ბავშვის სირთულეების შესახებ მასწავლებელს მის გარეშე ელაპარაკეთ.
– სკოლიდან დაბრუნებულს მიეცით დრო დასასვენებლად; დრო ისე გაანაწილეთ, რომ 17:00 საათის შემდეგ მას აღარ ჰქონდეს სამეცადინო.
– მეცადინეობისას შეასვენეთ. ერთი ამოსუნთქვით დავალებების შესრულებას, სჯობს, რომ იმუშაოთ 15-20 წუთი, 10 წუთი კი შეისვენოთ.
– იყავით ყურადღებით – თუ ბავშვი უჩივის თავის ტკივილს, დაღლილობას, ეს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემების, გადაღლის ან სწავლაში/სკოლაში არსებული სირთულეების მაუწყებელი იყოს.
– მოუსმინეთ ყურადღებით.
– იყავით მომთმენი.
– სანამ კითხვას ისწავლის, უკითხეთ სახალისო, საბავშვო ლიტერატურა.
– ხშირად შეაქეთ, აქცენტი დასვით მის საქციელზე და არა პიროვნებაზე.
– წაახალისეთ მისი ცნობისმოყვარეობა, შეკითხვების დასმის სურვილი.
– წაახალისეთ სხვა ბავშვებთან თამაშის, ურთიერთობის სურვილი.
– ეცადეთ, შეძლებისდაგვარად ჩართოთ ერთობლივ საქმიანობაში – ოთახის დალაგებაში, ყვავილების ან შინაური ცხოველების მოვლაში.
– ასწავლეთ საკუთარი მისამართი, ტელეფონი, დაბადების დღის თარიღი.
– ეთამაშეთ ბავშვს. თაობათა შორის კონფლიქტები ნაკლებია იმ ოჯახებში, სადაც ბავშვები და მშობლები მეგობრობენ და ერთობლივ საქმიანობაში არიან ჩართულნი.
– ბავშვის მიღწევები შეადარეთ მხოლოდ მის ადრინდელ მიღწევებს. მაგ., „დღეს უკეთ გამოგივიდა, ვიდრე გუშინ”.
რა არ უნდა გააკეთოთ:
– არ დატუქსოთ ასე: „აი, წახვალ სკოლაში და ნახავ რაც მოგივა!”
– არ შეაწყვეტინოთ ბავშვს სიტყვა, როდესაც დღის შთაბეჭდილებებს გიზიარებთ.
– არ მოითხოვოთ მისგან ერთბაშად ბევრი რამ. ამოირჩიეთ კონკრეტული საქმიანობა, ჩვევა, რომელსაც, გინდათ, დაეუფლოს.
– გამუდმებით არ აკრიტიკოთ მისი ინიციატივა: „ასე კი არა, ასე…”
– არ აკრიტიკოთ სხვების თანდასწრებით.
– არ შეადაროთ სხვა ბავშვებს: და-ძმას, მეზობლებს, თანაკლასელებს;
რეკომენდაციები მშობლებისთვის სკოლასთან ადაპტაციის ხელშესაწყობად
– ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ვაჩუქოთ შვილს, ჩვენი ყურადღებაა;
მშობლების დადებითი დამოკიდებულება სკოლასთან, მასწავლებლებთან, გაუიოლებს ბავშვს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს;
– აუცილებელია, სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებში დავეხმაროთ ბავშვს, ირწმუნოს საკუთარი ძალების, საკუთარი შესაძლებლობების;
– სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღის რეჟიმის სწორად შედგენა. დატვირთვის შესამცირებლად და გადაღლის თავიდან ასაცილებლად სასურველია დღის ძილის ორგანიზება. საშინაო დავალებები უნდა შესრულდეს არა გვიან საღამოს, ძილის წინ, არამედ შუადღისას. გარდა ამისა, ბავშვს უნდა რჩებოდეს დრო მულტფილმების საყურებლად, სასეირნოდ და ა.შ.
– განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშებს. პატარები ყველაზე დიდი გატაცებით მოძრაობით თამაშებს თამაშობენ. შემთხვევითი არ არის, რომ პირველკლასელებისთვის საგაკვეთილო პროცესში ყველაზე სასიამოვნოა წუთშესვენებები, როდესაც ისინი სხვადასხვაგვარ ფიზიკურ ვარჯიშს ასრულებენ. ერთხელ, როდესაც გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა ბავშვებს სთხოვა ეთქვათ, რა მოეწონათ გაკვეთილზე ყველაზე მეტად, პატარა ლუკამ დაუფიქრებლად წამოიყვირა: „წუთშესვენება, მასწავლებელო!” თუმცა, სკოლაში სწავლის დაწყებასთან ერთად, გაკვეთილებზე დამკვიდრებული წუთშესვენებების მიუხედავად, ბავშვის მოძრაობითი აქტივობა შესამჩნევად მცირდება, რაც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მისი ზრდისა და განვითარებისთვის, უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის იმუნიტეტსა და გუნება-განწყობაზეც. ფიზკულტურის გაკვეთილები, რომლებიც სასკოლო პროგრამით არის გათვალისწინებული, ამ ასაკის ბავშვისთვის საჭირო მოძრაობითი აქტივობის 10%-საც კი ვერ ანაზღაურებს. ამდენად, აუცილებელია, ბავშვი სკოლის გარეთაც იყოს დაკავებული მოტორული აქტივობებით და თამაშებით. განვავითაროთ ბავშვის მოძრაობითი აქტივობა, ვინაიდან ამტანი ბავშვი, რომელიც შეჩვეულია ფიზიკურ დატვირთვას, ადაპტაციას უფრო იოლად ახერხებს, ვიდრე სუსტი და ნაკლებად მოძრავი ბავშვი;
– სასკოლო ცხოვრების დაწყებით ეტაპზე სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. აუცილებელია შევამციროთ თვალის დატვირთვა – ბავშვმა რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გაატაროს ტელევიზორსა და კომპიუტერთან. საწერი მაგიდა დავუდგათ ფანჯარასთან. ოთახი, რომელშიც ბავშვს უწევს მუშაობა, კარგად უნდა იყოს განათებული. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, როგორ ზის ბავშვი – მანძილი თვალსა და წიგნს ან რვეულს შორის მკაცრად უნდა იყოს დაცული;
– ანგარიში გავუწიოთ სათამაშოებისადმი ბავშვის დამოკიდებულებას. ხშირად პირველკლასელები სათამაშოს სკოლაში წაღებას ითხოვენ. ამის აკრძალვა ნამდვილად არ ღირს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება დიდი ზომის სათამაშოებს, კონსტრუქტორებს, ბარბის სახლებს; თუ სათამაშო პატარაა, შეიძლება, დავრთოთ ბავშვს მისი სკოლაში წაღების ნება, მაგრამ უნდა ავუხსნათ, რომ გაკვეთილზე სათამაშოს ადგილი არ არის და თამაში მხოლოდ შესვენებაზე შეიძლება. გავითვალისწინოთ, რომ სათამაშო იმ კომფორტული და ნაცნობი გარემოს ნაწილია, რომელსაც ბავშვი სახლში ტოვებს. ამდენად, სათამაშოს გვერდით ყოფნა პატარას უსაფრთხოდ და დაცულად აგრძნობინებს თავს;
– ხელი შევუწყოთ ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და ვასწავლოთ მას სასკოლო სირთულეებისთვის დამოუკიდებლად თავის გართმევა;
– ეცადეთ უპასუხოთ ბავშვის ყველა კითხვას, ვინაიდან ცნობისმოყვარეობას ამ ასაკში საზღვრები არ გააჩნია;
– ნუ გაგაღიზიანებთ ბავშვის წარუმატებლობა. ეცადეთ, მისი სასწავლო საქმიანობა მხოლოდ დადებითად შეაფასოთ, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ მიღწეული წარმატება საკმარისი არ არის. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ მის მარცხს, რადგან პატარა მტკივნეულად განიცდის მშობლის განაწყენებას. ნუ ეჩხუბებით იმის გამო, რომ რაღაც კარგად ვერ გაიგო ან ვერ გააკეთა;
– დაეხმარეთ ბავშვს თანატოლებთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. გამოიჩინეთ ინტერესი სკოლისა და კლასის მიმართ, რომელშიც სწავლობს თქვენი შვილი. კარგი იქნება, თუ მას უბრალოდ მოუსმენთ. ეს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს;
– ნუ გააკრიტიკებთ თქვენს პატარას, მაშინაც კი, თუ ცუდად წერს, ნელა ითვლის, აკლია სიფაქიზე. კრიტიკა, განსაკუთრებით – უცხოს თანდასწრებით, მხოლოდ გაამწვავებს მის პრობლემებს;
– გაითვალისწინეთ თქვენი შვილის ტემპერამენტი. აქტიურ ბავშვებს უჭირთ ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა, დინჯი ბავშვებისთვის კი რთულია სასკოლო რიტმთან შეგუება;
– წაახალისეთ ბავშვი დადებითი კომენტარებით, გამოხმაურებებით, და არამხოლოდ სასწავლო წარმატებების გამო. უფროსების მხრივ მორალური სტიმულირება, მხარდაჭერა ეხმარება ბავშვს, ამა თუ იმ საქმიანობაში თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს;
– არასოდეს არავის შეადაროთ საკუთარი შვილი. ასეთი შედარებებით შეიძლება საკუთარი თავის რწმენა დავაკარგვინოთ და თვითშეფასებაც დავუქვეითოთ. შეიძლება მხოლოდ ბავშვის დღევანდელი მდგომარეობის შედარება მის წარსულ მიღწევებთან;
– გვახსოვდეს, რომ ბავშვების პრობლემები უფროსების პრობლემებზე მარტივი არ არის. კონფლიქტი მასწავლებელთან ან თანატოლთან ემოციური დაძაბულობითა და შედეგებით შესაძლოა უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ოჯახის უფროსი წევრების კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან სამსახურში.
და ბოლოს, სკოლასთან ადაპტაციის პროცესში ბავშვის ქცევაში აღმოჩენილი სირთულეების გამო მშობლებს ხშირად უჩნდებათ უკმაყოფილების განცდა და ამას არც ბავშვთან მალავენ, რაც პატარას შფოთვას და შიშს უძლიერებს – იმის შიშს, რომ მშობლებს ის ადრინდელივით აღარ უყვართ, ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ართულებს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს.
მუდამ გვახსოვდეს აღზრდის ოქროს წესი: ბავშვს ჩვენი სიყვარული ყველაზე მეტად მაშინ სჭირდება, როცა ყველაზე ნაკლებად იმსახურებს!!!
იხილეთ დამხმარე რესურსი: დანართი
პრეზენტაცია: როგორ დავეხმაროთ პირველკლასელ მოსწავლეებს ახალ სასწავლო გარემოსთან ადაპტაციაში