რატომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი?
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმსხვილესი და უმთავრესი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. ეს არის საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სწავლების, სწავლის, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის მაღალი ხარისხით. უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. წელს მას 90 წელი შეუსრულდა, თუმცა ცნობილია, რომ რეალურად სასწავლებლის სათავეები რამდენიმე წლით ადრე იწყება. ისტორიას 1917 წლამდე მივყავართ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის სახელთანაა დაკავშირებული განვლილი წლების განმავლობაში ქვეყნის აღმშენებლობა: მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც უმაღლესი რანგის სპეციალისტებს ჩანაფიქრის გენიალურობით აკვირვებდა. ეს ჰესი დღესაც მიიჩნევა იმ ქმნილებად, რომელიც მსოფლიო ინჟინრული აზრის მონაპოვარია. კიდევ უამრავის ჩამოთვლა შეიძლება: პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ანტენა ”რეფლექტორი”, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა, რომელიც შეტანილია არაერთ საერთაშორისო გამოცემაში, როგორც არქიტექტურის გამორჩეული ნაგებობა და მსოფლიოს საოცარი ნაგებობებიდან ერთ-ერთი და მრავალი სხვა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი სამშობლოს საგანმანათლებლო სივრცეში ყველაზე ძველი და, ამავდროულად, ყველაზე თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრია, დაარსების დღიდან – 1917 წლიდან – იგი განათლების, კულტურის დიდი მსახური და პროპაგანდისტი იყო, მუდამ საკუთარი დანიშნულების გაცნობიერებით ამკვიდრებდა ცოდნის, განათლების, მოქალაქეობრიობის იდეალებს და დროის სულისკვეთევის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს უზრდიდა ქვეყანას. დღესაც ძნელად მოიძებნება საქართველოში ოჯახი, ერთ წევრს რომ მაინც არ ჰქონდეს დამთავრებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ძველი ”გეპეი”.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ცხადია, მხოლოდ თავისი წარსულით არ არის გამორჩეული თანამედროვე ქართულ უნივერსიტეტებს შორის. გამორჩეულობისა და მეწინავეობის საფუძველია სიახლის, ინოვაციის გამუდმებული ძიება, დროის მოთხოვნათა შეგრძნება, გაცნობიერება და პროგნოზირება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართულ უნივერსიტეტებს შორის გამოირჩევა პრინციპულად ახალი, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელთაგან არაერთი დისციპლინათაშორისი ხასიათისაა. მაგალითად, კომუნიკატივისტიკისა და სიძველეთა ინჟინერინგის საბაკალავრო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ინფორმატიკის, ჟურნალისტიკის, მასკომუნიკაციის, სიძველეთა ტექნიკური ექსპერტიზის, კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციულ მიმართულებათა შესატყვისი ცოდნა და სასწავლო კურსები.
თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია სასწავლო პროცესის ყველა მდგენელი. სწავლების ინოვაციური შინაარსი სრულ საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, წესით, არანაირად არ უნდა გაუჭირდეს ადგილის პოვნა თანამედროვე რთულსა და წინააღმდეგობრივ რეალობაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართულ უნივერსიტეტებს შორის სხვა მხრივაც გამოირჩევა: მისი საგანმანათლებლო კონცეფცია მოიცავს იმგვარი განათლების შეთავაზებას, რომელიც ემყარება უკვე ცოდნის გარკვეული დონის არსებობას, ანუ თანამედროვე სტანდარტების და, რაც მთავარია, მოთხოვნადი განათლების შეთავაზებას მათთვის, ვინც თავის დროზე ისეთი ცოდნა შეიძინა, რომელიც შრომის ბაზარზე აღარ იყიდება, ან აღარ არის საკმარისი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები დროისა და შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად პროფესიულ გადამზადებასა და სპეციალისტის მაღალ კონკურენტულობას უზრუნველყოფს. ყოველივე ეს კი ცხადყოფს, რომ ვისაც თანამედროვეობის გამოწვევათა ფარდი განათლების შეძენა სურს, სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უნდა მომართოს, უნდა მომართოს იმიტომაც, რომ კონკურენტუნარიანი ცოდნის შეძენა აქ სწავლების ნებისმიერ საფეხურზე, მთელი სიცოცხლის განმავლობაშია შესაძლებელი.
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოში საინჟინრო-ტექნიკური უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევების ლიდერი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრია;
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროპული ტიპის საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ცოდნით მომსახურებას სთავაზობს;
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციის, ინფორმაციული სისტემების, კომუნიკაციური არხების, ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის, ინფორმაციების მართვის ავტომატიზებული სისტემების სწავლების ლიდერია საქართველოში;
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კულტურისა და განათლების აღიარებული ცენტრია, რომელიც დაარსების დღიდან წარმატების ასრულებს სტუდენტების ეროვნულ კულტურულ ცნობიერებასთან იდენტიფიცირების საპატიო მისიას.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტთან აქვს დამყარებული პარტნიორული ურთიერთობები, საერთაშორისო კონტაქტები კი სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დამუშავების ფართო შესაძლებლობებს უქმნის. ამ მხრივ, მრავალი პროექტი ხორციელდება დიდი წარმატებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზოგადად ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიურ პარკებს. სტუ-ში უკვე გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის (IT ტექნოპარკის) პრეზენტაცია. სტუ-ის IT-ინკუბატორი წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში არსებული იდეების გენერირებისა და განხორციელების ხელისშემწყობ ორგანიზაციას. მისი საშუალებით ინკუბატორის საქმიანობაში ჩართულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მოიგონონ, განახორციელონ იდეები და გახდნენ კომერციულად წარმატებული IT- პროექტის მფლობელები. სტუ-ის IT- ინკუბატორის საქმიანობა მოიცავს შემდეგ ასპექტებს: უზრუნველყოფს ინკუბატორის მონაწილეებს IT- პროდუქტების შექმნის პრაქტიკული ჩვევებითა და ცოდნით – რთავს მათ კონკრეტული კომეციული დაკვეთის შესრულების პროცესში; წელიწადში ორჯერ ხდება იდეათა გენერირება, საუკეთესო 2 იდეა ხორციელდება და გადაეცემა ინკუბატორის წევრებს საკუთრებაში პროექტის კომეციალიზაციისთვის. საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა და კონკრეტულად, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ნოვაციური ტექნოპარკების ამოქმედების ინიციატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. ეტაპობრივად, ტექნოპარკები ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული მიმართულებების პრაქტიკულად 80%-ს დაფარავს, რაც ავტომატურად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ტექნიკური უნივერსიტეტის დაახლოებით 10 ათასმდე სტუდენტის დასაქმებას ნიშნავს. თავისი ანაზღაურებით, სტუდენტს შესაძლებლობა მიეცემა, თავისივე სწავლის საფასურზე გაცილებით მეტი გამოიმუშაოს, პარალელურად, პრაქტიკა გაიაროს. ტექნოპარკების ამოქმედებით საქართველოში ათობით საწარმო ამუშავდება.
ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების თანამედროვე ეტაპზე უდიდესი როლი ენიჭება სტუდენტთა აქტიურ ჩართვას უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში. მაგალითად, უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტების შეფასებისას ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენს ამ სამუშაოებში მაღალი კურსის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მონაწილეობა. გარდა ნათქვამისა, დავუმატებთ: რამდენიმე დოქტორანტი დღეისთვის ამზადებს დისერტაციას იულიხის სამეცნიერო ცენტრში და სტუ-ში მოღვაწე პროფესორების ერთობლივი ხელმძღვანელობით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დაფინასების დიდი ნაწილი ტექნიკურ და საინჟინრო სპეციალობებზე მოდის. ამას გარდა, როგორც ცნობილია, სახელმწიფო სრულად აფინანსებს რამდენიმე დარგს, ესენია: მათემატიკა, საინჟინრო ფიზიკა, მშენებლობა, არქიტექტურა, ინჟინერია (ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია).
უნივერსიტეტში არის 8 ფაკულტეტი:
სამშენებლო ფაკულტეტი;
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი;
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი;
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი;
არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი;
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი;
სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი;
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესთაგანია. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უნიკალურია და მოიცავს როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო და მხატვრულ ერთეულებს, რომელთა რაოდენობა 1 721 906-ია, მათ შორის 500 000 ეგზემპლარი პერიოდული გამოცემაა. ბიბლიოთეკის კომპიუტერული ცენტრის საშუალებით ხელმისაწვდომია ქვეყნის მსხვილ ბიბლიოთეკებთან შეღწევადობა სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ასევე, ონლაინხაზებით ნებისმიერ მკითხველს შეუძლია ინგლისისა და ამერიკის ცნობილ საბიბლიოთეკო საცავებში არსებული სასურველი ინფორმაციის მოპოვება და მიღება.
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბოლო 80 წლის განმავლობაში საქართველოს ინჟინერთა, ქიმიკოსთა და მეცნიერული ინდუსტრიის სპეციალისტთა 60 % გამოუშვა. ბოლო წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა რამდენიმე დამატებითი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის „კავკასიის ბიზნეს სკოლა“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჯორჯია სტეიტ უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი), გერმანული სწავლების ფაკულტეტი, ფრანკო-ქართული სწავლების ფაკულტეტი და სისკოს ქსელების აკადემია. სტუ-ს ქვეყნის მასშტაბით 14 ფილიალი და დაქვემდებარებული დაწესებულება, 64 სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი აქვს. უნივერსიტეტს ყოველწლიურად 12000-მდე სტუდენტი ჰყავს.
უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური პროგრამების განხორციელება;
პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვა;
საპროექტო, საძიებო და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობა;
საექსპერტო, დიაგნოსტიკური და საკონსულტაციო საქმიანობა;
საგამომცემლო საქმიანობა.
სტუ-ში მოქმედებს სტუდენტური გაერთიანება – არჩევითი ორგანო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია ტურისტული კლუბი, რომელიც აერთიანებს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ტურიზმის მენეჯმენტის სტუდენტებსა და სპეციალისტებს, ასევე სხვა მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებს. ტურისტული კლუბი 2005 წლის დეკემბერში შეიქმნა. მასში 80 სტუდენტია გაწევრიანებული.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იმთავითვე გამორჩეულია თავისი კულტურული ცხოვრებით. ჯერ კიდევ ათეულობით წლის წინ ყოფილ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არსებობდა ისეთი მხატვრული კოლექტივები, რომელთა სახელი და მნიშვნელობა სასწავლებლის ფარგლებსაც სცილდებოდა და ქვეყნისასაც. ასეთი იყო, მაგალითად, საესტრადო ორკესტრი. სტუ-ის ახლად აღდგენილი ორკესტრის პრეზენტაცია სულ ახლახან გაიმართა. ხელოვნების მოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია “მოდი-ნახე”, ვაჟთა სახალხო კაპელა , ქორეოგრაფიული ანსამბლი “მერანი”, ჯგუფი “ურსა”, ანსამბლები “ქართველო” და “ჩელა”,გოგონათა ანსამბლი. სტუ-ში სტუ-ში ფუნქციონირებს 6 სპორტული კლუბი, კალათბურთის (სუპერლიგა და ოცწლამდელები), ფეხბურთის I ლიგის გუნდი, ფრენბურთისა და ხელბურთის გუნდები, რომლებიც ასპარეზობენ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და სარაგბო კლუბი “სტუ”.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.
სტუ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრია, ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპებით.
უნივერსიტეტში აკადემიური განათლება სამსაფეხურიანია: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ყოველი საფეხურის დასრულების შემდეგ სტუდენტს შესაბამისად ენიჭება ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხი.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მოცულობის ორგანიზება ხდება ბოლონიის პროცესით განსაზღვრული ნორმებით.
პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაიცემა პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის დიპლომი. უნივერსიტეტში სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიანეროვნულგამოცდებგავლილ აბიტურიენტს.
ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებიც საფუძვლიანად ფლობენ თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიებს, წარმატების საქმდებიან სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებით და მოკლე ხანში გადიან მეტად პერსპექტიულ პოზიციებზე. ერთი სიტყვით, სრულფასოვნად მოქმედებს პრინციპი: იქ, სადაც არის ცოდნა, არის დასაქმებაც.
ის, ვინც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიას, მის დღევანდელობას კარგად გაეცნობა, დაათვალიერებს სასწავლო კორპუსებსა და სიახლეებს, უეჭველად გააკეთებს მართებულ არჩევანს საინჟინრო-ტექნიკური სპეციალობის დაუფლების სასარგებლოდ. “სტუდენტებისთვის და სტუდენტებისკენ”, – ასეთია ჩვენი სკოლის დევიზი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობით ახალგაზრდას ეძლევა შანსი – შეიძინოს ცოდნასა და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლება, მიიღოს აქტიური მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და იცხოვროს ერთიან, ძლიერ და მსოფლიოსთვის სამაგალითო საქართველოში.