რატომ ვერ გახდა მიმზიდველი პროფესიული განათლება?
პროფესიული კოლეჯების და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არათანაბარ მდგომარეობაში არიან. პროფსასწავლებლის კურსანტები არ სარგებლობენ სტიპენდიებით, სამგზავრო შეღავათებით (დევნილების და შშმ პირების გარდა); არ შეუძლიათ საკუთარი ვაუჩერის კერძო კოლეჯში გამოყენება; პროფსასწავლებელში მიღებული განათლება არ ეთვლებათ კრედიტებად, არ აქვთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა; პროფსასწავლებელი დროებითაც ვერ ათავისუფლებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან და ა.შ.
„თუ უმაღლესი განათლების შემთხვევაში, სტუდენტი იღებს დაფინანსებას სახელმწიფოსგან და მას იყენებს უნდა სახელმწიფო და უნდა კერძო სასწავლებელში, პროფსასწავლებლებში ეს შეზღუდულია. სახელმწიფო კოლეჯები არავისთან კონკურენციაში არ არიან, გარანტირებულად იციან, რომ მიიღებენ დაფინანსებას, შესაბამისად, ისინი არ არიან ორენტირებულნი ხარისხზე და მათი პროდუქტიც საკმაოდ მდარე ხარისხისაა. ეს ეხება პროფსასწავლებლების დაახლოებით 70%-ს. შესაბამისად, ახლგაზრდა, რომელიც განათლების მიღების თვალსაზრისით თავისი დროის და რესურსის სწორად გამოყენების შესაძლებლობას ხედავს, არც მიდის პროფსასწავლებელში“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს კადრების შერჩევისა და კონსულტაციის სააგენტო Kms Georgia-ს დირექტორმა მაია წერეთელმა.
აღნიშნული კომპანია წლებია პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულებს ტურიზმის სფეროში ასაქმებს და მათი კვალიფიკაციის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ფლობს.
„სწავლის ხარისხი და კურსდამთავრებულთა ცოდნა არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. ჩემდა სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულები ვერ აკმაყოფილებენ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის იმ საჭირო მინიმუმს, რაც ჭირდება დამსაქმებელს. ვისაც უნდა გაესაუბროთ, დიდი თუ მცირე სასტუმროს კადრების მენეჯერს, ყველა გეტყვით, რომ პროფსასწავლებლიდან მიღებულ კურსდამთავრებულს მაინც ჭირდება გადამზადება, ვინაიდან არ აქვთ საკმარისი პროფესიული უნარები, ასევე საკმარისად არ იციან უცხო ენა“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მაია წერეთელმა.
პროფსასწავლებელში სწავლის უფლების მოსაპოვებლად საბაზისო განათლების დამადასტურებელი ატესტატია საჭირო, თუმცა შეზღუდვები ამით არ შემოიფარგლება. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პროფესიულ კოლეჯებში ჩარიცხვა გამოცდით ხდება. ერთიანი პროფესიული ტესტირება, რაც საჯარო კოლეჯებში სწავლის დაწყების წინაპირობაა, ერთ-ერთ მთავარ ბარიერად მოიაზრება.
„ერთიანი პროფესიული ტესტირების შემოღების შედეგად ცხრა კლასდამთავრებული სტუდენტების კატეგორია შეიზღუდა, იმიტომ რომ ისინი კონკურენციას ვერ უწევენ უმაღლეს განათლებამიღებულ პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალი ბარიერებია დაწესებული, საერთოდ რამდენად ღირს ასეთი ძვირადღირებული მექანიზმის შემოღება არ ვიცი. ფაქტია, რომ მივიღეთ ძალიან არასწორი შედეგი“, – განუცხადა EDU.ARIS.GE -ს აზიის განვითარების ბანკის პროფესიული განათლების კონსულტანტმა ყირგიზეთში, თეა სიფრაშვილმა.
ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რასაც პროფსასწავლებელი უნდა ასრულებდეს, სტუდენტების საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფაა. დედაქალაქში მდებარე კოლეჯებიდან ამ შესაძლებლობას ვერც ერთი იძლევა. უფასო სასწავლო კურსების მიუხედავად, ხელმოკლე ოჯახის წევრებს რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსვლა უსახსრობის გამო არ შეუძლიათ. კვლევები ადასტურებს, რომ რეგიონებში კოლეჯების განაწილებისას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა დარღვეულია. იმ ჯგუფების ეკონომიკური მდგომარეობა კი ვისთვისაც პროფესიული განათლება ხსნა უნდა იყოს, იმდენად სავალალოა, მათ სატრანსპორტო ხარჯების გაღებაც არ შეუძლიათ.
პროფსასწავლებელი – „ცუდი“ მოსწავლეების თავშესაფარი თუ გარანტირებული კარიერის საწყისი?
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები