პროფსასწავლებელი – „ცუდი“ მოსწავლეების თავშესაფარი თუ გარანტირებული კარიერის საწყისი?
„თუ სწავლა არ გინდა, წადი პროფსასწავლებელში, რატომ მაკარგვინებ დროს?!” – მასწავლებლის ეს ფრაზა სათავეს საბჭოთა კავშირიდან იღებს და აქტუალობას ამ დრომდე არ კარგავს. სასკოლო საზოგადოების ერთ ნაწილს პროფესიული კოლეჯები ჩამორჩენილი მოსწავლეების თავშესაფრად წარმოუდგენია, რაც ბავშვების თვალსაწიერში პროფესიული განათლების მნიშვნელობას აკნინებს.
“სკოლებში პრეზენტაციის ჩასატარებლად რომ მივდივართ, პედაგოგებისა და დირექტორების უმეტესობა ქილიკობს პროფესიულ განათლებაზე. ეს მიდგომები უნდა შეიცვალოს. როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ბავშვებს პროფსასწავლებლებით რომ ემუქრებოდნენ და აშინებდნენ, ასე აღარ უნდა გრძელდებოდეს“ – აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში პროფსასწავლებელ “სპექტრის” დირექტორი მათე ტაკიძე, – “პედაგოგი უნდა ჩაერთოს პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლებაში, მას უნდა ქონდეს სწორი პროფ.ორიენტაცია. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება. როდესაც კოლეჯი ახერხებს იმას რომ თანამედროვე ლაბორატორიები დაამონტაჟოს, ფაბლაბები შექმნას, ამას მაღალი IQ ჭირდება. ეს არ არის ჩამორჩენილების, “ცუდი” მოსწავლეების ადგილი. პროფსასწავლებლები ინტელექტუალური, პრაგმატული ადამიანებისთვის არსებობს, რომელთაც სურთ სწავლა მოკლე დროში დაამთავრონ და დასაქმდნენ”.
უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, პროფესიული განათლება საქართველოში პოპულარული არ არის. მოსწავლეების დაახლოებით 75% უპირატესობას უმაღლეს განათლებას ანიჭებს. მაშინ, როცა შრომის ბაზარზე სახელობო პროფესიებით დასაქმების შანსი უფრო მეტია, ვიდრე უმაღლესის დიპლომით. “პროფესიული განათლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევის” შედეგების მიხედვით, მოქალაქეების დიდი ნაწილი თვლის, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირებთან შედარებით პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულებს დასაქმების უფრო ნაკლები შანსი აქვთ.
“გერმანიის გარდა, პროფესიული განათლება პრესტიჟული არსად არის. ყველგან არის აუცილებელი, საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნისთვის, ასევე თვითონ ამ ადამიანებისთვის. ჩვენთანაც დაახლოებით ისეთი სურათია, როგორც მთელ მსოფლიოში. სან-ტექნიკოსობა რომ ასწავლონ, ინგლისშიც აგროვებენ ქუჩაში მცხოვრებ და მზრუნველობა მოკლებულ მოსწავლეებს და ჩვენთანაც უნდა მოაგროვო, რომ ეს საქმე ასწავლო. ხელობას იმიტომ ასწავლიან, რომ ადამიანი არ დატოვონ პირისპირ ამ ცხოვრების წინ. პარალელურად მის გვერდით სწავლობს ვიღაც, ვისაც სულ არ უნდა უმაღლესი, ან უკვე დაამთავრა უმაღლესი, ძალიანაც წარმატებულია და სურს კონკრეტულ პროფესიას დაეუფლოს. ასე რომ, ვერ გამოვყოფთ თავშესაფარი უფროა თუ წარმატების საწინდარი. მე ვფიქრობ, სლოგანი, პროფესიული განათლება დასაქმებისთვის, არ არის სწორი. რატომ გამოვყოფთ პროფესიულ განათლებას, როცა ყველანაირი განათლება არის დასაქმებისთვის? იქნებ სხვა აქცენტები უნდა დავსვათ, მაგალითად, ღირსეულ ცხოვრებაზე, პროფესიონალიზმზე. სამწუხაროდ, კოლეჯებს ფული არ აქვთ პიარ კამპანიისთვის, საიმიჯო ფილმების გასაკეთებლად, სარეკლამო ბუკლეტებისთვის, ფლაერებისთვის. მწირი რესურსებით ამუშავებენ პროფორიენტაციის სამსახურებს. ამასთან, საბჭოეთიდან ტრადიციად მოგვდევს, რომ პროფ.ტექნიკუმი საშინელებაა. ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს სისტემის იმიჯზე“, – განუცხადა EDU.ARIS.GE – ს კოლეჯ “იკარუსის” ყოფილმა დირექტორმა თამარ ტაბიძემ.
პროფესიული განათლების პრესტიჟულობის აღქმა რეგიონების მიხედვით განსხვავდება. პროფესასწავლებლებს პრესტიჟულად მიიჩნევენ გურიაში (88%), აჭარაში (79%), რაჭა-ლეჩხუმში / ქვემო-სვანეთში (76%), კახეთში (74%) და მცხეთა-მთიანეთში (73%). ხოლო პროფესიული განათლების შედარებით ნეგატიური შეფასებები თბილისში (37%), იმერეთში (35%), შიდა ქართლსა (32%) და სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა. (მონაცემები ეყრდნობა “პროფესიული განათლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევას”).
აბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს – ინტერვიუ მინისტრთან
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება