GE

რაზე მიანიშნებს აგრესია ბავშვებში, როგორ გამოიხატება და როგორ ავიცილოთ თავიდან

ბავშვების მხრიდან აგრესიული ქცევა საკმაოდ ხშირი მოვლენაა; ბევრი მშობლისთვის ეს პრობლემა ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე. ბავშვთა კიბერუსაფრთხოების სერვისი, UniSafeKids ცდილობს გაგვარკვიოს, თუ რა იწვევს ბავშვებში აგრესიულ ქცევას და რა გზებით შეიძლება მასთან გამკლავება.

ბავშვთა აგრესიული ქცევის შემდეგი სახეობები არსებობს:

  • ვერბალური – ხმის ამაღლება, ყვირილი, შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება.
  • ფიზიკური – გამოიხატება უშალოდ შეხებით, მაგალითად, ნივთების დაზიანებით, ხელის კვრით, დარტყმით და ა.შ.
  • პირდაპირი – მიმართულია კონკრეტული ადამიანის ან საგნის მიმართ.
  • ირიბი – გამოიხატება ფარული სახით, მაგრამ მაინც შესამჩნევი ფორმით. მაგალითად, სხვაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ბოროტი ხუმრობებით, პროვოკაციებითა და ა.შ.
  • თვითაგრესია – აგრესიის განსხვავებული ფორმაა, იგი მიმართულია საკუთარ თავზე. გამოიხატება საკუთარი თავის დაზიანებით, თმის გლეჯით და ა.შ.

აგრესიული ქცევის მქონე ბავშვის პორტრეტი

აგრესიული ქცევის მქონე ბავშვის შემჩნევა ადვილია. ხშირად ასეთი ბავშვები უხეშები არიან, მუშტებზე იყურებიან, თანატოლებს ესხმიან თავს, ზიანი მოქვთ მათთვისაც და ხანდახან მშობლებისთვისაც. ისინი მიზანმიმართულად, ხანდახან თითქოს, ჯიბრითაც იყენებენ უხეშ, მიუღებელ ლექსიკას.

ბავშვს, რომელსაც ხშირი აგრესიული ქცევა ახასიათებს, შეუძლია პრობლემა შექმნას მშობლებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც. ასეთ ბავშვებს რთულად უგებენ და რთულად იღებენ. მაგრამ მსგავსი ქცევის უკან ყოველთვის მისი გამომწვევი მიზეზები დგას.

პუნქტები, რომელთა მეშვეობით მშობელს შეუძლია აგრესიული ქცევა ამოიცნოს:

  • საკუთარ სიტყვებზე, ქცევაზე, ემოციაზე კონტროლის არქონა
  • შეურაცხმყოფელი სიტყვების ხშირი გამოყენება
  • სათამაშოების, ნივთების გაფუჭება, სხვისი თამაშის ან გართობის ჩაშლა
  • ძახილის იგნორირება, მიღებული წესების დარღვევა
  • მიზანმიმართულად ზიანის მოტანა, სხვებში ნეგატიური რეაქციის პროვოცირება
  • წყენის გამო შურისძიება
  • ჩადენილი შეცდომების არაღიარება, სხვების დადანაშაულება

ბავშვებში აგრესიული ქცევის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზები:

  1. ემოციური არასტაბილურობა – როდესაც ბავშვი ვერ განიცდის დადებით ემოციებს, მასში ჩნდება აგრესია.
  2. ბავშვისადმი უპატივცემლობა – როდესაც ბავშვს ამცირებენ, შეურაცხმყოფლად მიმართავენ, ასეთი ქცევა ბავშვში კომპლექსებს აჩენს.
  3. დაბალი თვითშეფასება – როდესაც ბავშვს დაბალი თვითშეფასება აქვს, იგი კარგავს ნნდობას გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. ამიტომ დაცულობის განცდის შესაქმნელად თავდასხმას მიმართავს.
  4. ზედმეტი მზრუნველობა, კონტროლი ან პირიქით, მზრუნველობის ნაკლებობა – ორივე ნეგატიურად მოქმედებს ბავშვზე; ბადებს შიშს, შფოთვას და ამასთან, პროტესტს არსებული წესების მიმართ.
  5. სურვილი იყოს სხვაზე უკეთესი – ნეგატიური ქცევის გამოვლინება მათ სასურველის მიღებაში ეხმარება.
  6. სურვილი, რომ გახდეს ერთ-ერთი რიგითი – უარყოფით გარემოში მოხვედრისას ბავშვი ადაპტაციას ცდილობს და ხდება ისეთი, როგორიც სხვები არიან.

გავრცელებული შეცდომები, რომელიც მშობლებს მოსდით:

  • აღზრდის არაორდინარული წესი – გადაჭარბებული ყურადღება, ან ყურადღების ნაკლებობა.
  • აგრესიული ქცევის ნიმუშის ჩვენება ბავშვისთვის (მაგალითად, როდესაც მშობელი აგრესიულად იქცევა ოჯახის სხვა წევრის მიმართ)
  • უყურადღებობა, ბავშვის წარმატებების იგნორირება
  • ოჯახური ურთიერთობებისა და ზრუნვის დეფიციტი
  • სხვადასხვა პროგრამის უკონტროლოდ ყურება, გაჯეტების გადაჭარბებულად, ხანგრძლივად გამოყენება.

UniSafeKids მიუთითებს მშობელთა შეცდომებზე, მათ როლზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ქცევა ჩამოუყალიბდება მოზარდს.

აგრესიას ბავშვები ყველა ასაკში ავლენენ, მათ შორის, ჩვილობაშიც, როცა შიათ ან დიდხანს არ აიყვანენ ხელში. სკოლამდელ ასაკში აგრესიის გამოვლინება უფრო მრავალფეროვანია: ჩაბჟირება, კბენა, ხელის კვრა, ნივთების სროლა, გაფუჭება, ბილწსიტყვაობა, კაწვრა, ფიზიკური ძალის გამოყენება.

აგრესიული ქცევა მოზარდებში

მოზარდის ქცევა ხშირად შეიძლება განსაკუთრებით სასტიკი იყოს და არსებულ წესებს სრულიად ეწინააღმდეგებოდეს. ხშირად ასეთ ქცევას მოზარდისთვის ცუდი შედეგები მოაქვს. მოზარდის აგრესიული ქცევის დროულად ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დროულად გავუმკლავდეთ მას.

ყველა მშობელს აქვს კითხვა, თუ რით უნდა დაიწყოს მოქმედება. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ქცევის კორექციას არა ეპიზოდური მიხედვა, არამედ თანმიმდევრული, ხანგრძლივი და კომპლექსური მიდგომა სჭირდება. საფუძველი კი, ესაა ბავშვისა და მოზარდის მიღება.

რეკომენდაციები მშობლებს:

  1. ნუ აუკრძალავთ ბავშვებს ემოციების გამოხატვას, თუნდაც ეს ემოციები ნეგატიური იყოს. შეუქმენით ბავშვს ისეთი განწყობა, რომ ემოციების გამოხატვა ჩვეულებრივი ამბავი და ნორმაა.
  2. მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ დაგროვილი აგრესიისგან ოპტიმალურად დაიცალოს, მაგალითად, სპორტულ წრეებზე სიარულით ან ისეთი თამაშებით, რაც მისგან ბევრ მოძრაობას მოითხოვს.
  3. გახსოვდეთ, რომ ბავშვებთან მუდმივად აუცილებელია საუბარი. მშობელი სისტემატურად საქმის კურსში უნდა იყოს, რა აწუხებს და რა აშფოთებს ბავშვს.
  4. არ დაგავიწყდეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც იგი საკუთარ თავში დარწმუნებულ, ძლიერ პიროვნებად განვითარდება და ჩამოყალიბდება. დაუნანებლად აღნიშნეთ მისი წარმატებები და აქცენტი ყოველთვის ღირსებებზე გააკეთეთ.
  5. შეამცირეთ კრიტიკა, მაგრამ ნურც იმას დაივიწყებთ, რომ მნიშვნელოვანია პერიოდულად რბილად, ტაქტიანად მიუთითოთ იმაზე, რაც გამოსწორებასა და გაუმჯობესებას საჭიროებს.
  6. მინიმუმამდე დაიყვანეთ ან საერთოდ მოსპეთ გარეგანი აგრესიის ჩვენება ბავშვისთვის (დასჯა, ისეთი თამაშები, პროგრამები და ფილმები, სადაც აქცენტი აგრესიაზეა).
  7. შვილთან თქვენი ურთიერთობა დაამყარეთ თანასწორობის პრინციპზე. მოეპყარით მას, როგორც ტოლსწორს.
  8. შეასრულეთ მიცემული პირობები და დაიცავით წესები, რომელიც ოჯახში მოქმედებს (თუ შეთანხმდით და მისგან მოითხოვთ, რომ არ გამოიყენოს უცენზურო სიტყვები, კეთილი ინებეთ და ნურც თავად გამოიყენებთ მათ).
  9. იზრუნეთ თქვენი შვილის საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

UniSafeKids გვთავაზობს, ასევე, სხვადასხვა ტიპის თერაპიას, რომელიც ეფექტურია ბავშვისა და მოზარდის აგრესიული ქცევის კორექციის თვალსაზრისით. თერაპიული ეფექტი აქვს ისეთ თამაშებსა თუ საქმიანობას, რაც მათ შემოქმედებით აქტივობას მოიცავს. ძალიან დიდი როლი აქვს პრობლემის მოგვარებაში ფსიქოთერაპიას. არსებობს რაღაც ზღვარი, როცა აგრესიული ქცევა კონტროლს აღარ ექვემდებარება და პროფესიონალის ჩარევაა საჭირო. მაგალითად, როდესაც აგრესიის შეტევის ეპიზოდები უფრო ხშირი, უკონტროლო და ხანგრძლივი ხდება, გადაიზრდება ისტერიკაში და ქმნის ჯანმრთელობისთვის საფრთხესაც კი. აგრესიული ქცევის დროულად შემჩნევა მნიშვნელოვანია. მასთან გამკლავება ადრეულ ასაკში უფრო ადვილია, თუმცა არასდროს არის გვიანი. მშობელთა როლი კი განუზომლად დიდია აგრესიული ქცევის გამოწვევაშიც და მისგან გათავისუფლებაშიც.

„ბავშვებს რთულს ეძახიან იმიტომ, რომ ნაკლებად გვიჯერებენ. არადა, ნებისმიერ ბავშვთან შესაძლებელია მეგობრობა“

სწავლის გაუარესების მიზეზები ბავშვებში და მათი გამოსწორების გზები

მოამზადა მარიამ დათაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური