GE

„ბავშვებს რთულს ეძახიან იმიტომ, რომ ნაკლებად გვიჯერებენ. არადა, ნებისმიერ ბავშვთან შესაძლებელია მეგობრობა“

რთული ქცევის მოზარდები და ე.წ ქურდული მენტალიტეტი განათლების სისტემაში ახალი პრობლემა არ არის, თუმცა ეს თემა მედიაში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც განათლების სამინისტროს კადრებში, რომელიც 19 მაისს გავრცელდა, ერთ-ერთი სკოლის დაფაზე გაკეთებული კრიმინალური შინაარსის წარწერა გამოჩნდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სავარაუდოდ, ჯერ მოიკვლია, თუ ვინ იყო წარწერის ავტორი და 20 მაისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ფაქტის მიმართ მედიისა და საზოგადოების დამოკიდებულებით კონკრეტულმა მოზარდმა და ასევე მისმა კლასელებმა მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს.

ე.წ რთული ქცევის მოზარდებთან ურთიერთობა საკმაოდ პრობლემური საკითხია და განათლების სფეროს წარმომადგენლები დღემდე მსჯელობენ, რა მეთოდებია უკეთესი ამ საკითხის გადასაჭრელად.

მათემატიკის პედაგოგი დაჩი ნანობაშვილი ამბობს, რომ ე.წ მკაცრ ქცევას, დირექტორთან შეყვანის დაპირებას, მოსწავლის მიმართ მუქარას შედეგი არ მოაქვს და უფრო ეფექტური მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.

„როგორ ხარ შენ განწყობილი, როგორც მასწავლებელი და თუ გიყვარს მოსწავლე – ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბავშვის მხრიდან რთული ქცევა ხდება მაშინ, როცა კონფლიქტი უკვე არსებობს, თორემ ყველა ბავშვთან შეიძლება საერთო ენის გამონახვა. ბავშვებს “რთულს” ეძახიან იმიტომ, რომ ნაკლებად გვიჯერებენ. მათთან ურთიერთობა დასვენებაზეც კი შეიძლება დაიწყო და სხვა განწყობით შეიყვანო უკვე გაკვეთილზე, რაღაცაში დაიხმარო და ა.შ. მეგობრობა ამ ბავშვებთან შესაძლებელია, როგორც კი მასწავლებლები გამოვიყენებთ ჩვენს სტატუსს და მათ, ასე ვთქვათ, გავაჩუმებთ, დაბალი ნიშნებით შევაშინებთ, მშობელთან თუ დირექტორთან მიყვანას დავპირდებით, აუცილებლად მივიღებთ კონფლიქტს, რასაც მერე ვეღარ ვუშველით. მეგობრობის გარეშე არაფერი არ გამოდის და ნებისმიერ ბავშვთან შესაძლებელია ეს.

„მეც გამჭირვებია, იმიტომ, რომ დრო მეტი დამხარჯვია და უფრო მეტი მიფიქრია, სტანდარტული ურთიერთობა, რაც სხვასთან გამოდიოდა, ამ ბავშვთან არ გამოსულა. ეს საინტერესოც არის, ამიტომაა პედაგოგიკა მაგარი და მერე იღებ ძალიან დიდ სიამოვნებას, შედეგს რომ ნახულობ. მასწავლებლის ავტორიტეტის მოსაპოვებლად არ არის საჭირო ძახება “ჩუმად იყავით” და სახაზავის ქნევა – სხვა რაღაცით შეიძლება ავტორიტეტის მოპოვება, თუნდაც იმ სიყვარულით და დამოკიდებულებით, მისი აზრის პატივისცემით“, – ამბობს პედაგოგი.

მისივე თქმით, როდესაც მოზარდს ოჯახში გარკვეული პრობლემები აქვს, ხშირად აგრესიას მასწავლებლებისა და მეგობრების მიმართ გამოხატავს, ამ შემთხვევაშიც, მისი აზრით, გამოსავალი მეგობრული დამოკიდებულებაა.

„ნამდვილად ხდება, როცა პრობლემა მოდის სახლიდან, ბავშვი არის გაღიზიანებული, ამ ბრაზს ინაზღაურებს თავის კლასელებზე, მეგობრებზე, მასწავლებლებზე, მაგრამ ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა. მსგავსი სიტუაცია ისე უნდა გამოვიყენოთ მასწავლებლებმა, რომ ეს ბავშვი ჩვენკენ წამოვიდეს, და არა ასეთი ფორმით – “უი, შვილო, რა დაგმართნია” და ა.შ. კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით ეს ბავშვი გაკვეთილსაც უფრო მოუსმენს“, – აცხადებს დაჩი ნანობაშვილი.

„სამარცხვინოდ უტვინო ხარ!“, „გენებში გაქვს პრობლემა!“ – ფრაზები, რომლებიც მეთორმეტეკლასელებს მასწავლებლებისაგან დაამახსოვრდათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური