რჩევები აბიტურიენტებს – რა ნივთების შეტანის უფლება აქვთ და რისი არა გამოცდაზე
აბიტურიენტების დაძაბულობა და ემოციური ფონი პიკს წელიწადის ყველაზე ცხელი თვის დასაწყისში მიაღწევს. როგორც ცნობილია, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისის პირველ რიცხვებში დაიწყება.
ყველაზე საინტერესო დეტალები: რისი შეტანის უფლება აქვთ აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში და რა ნივთებია აკრძალული, როგორ უნდა მოიქცნენ გამოცდის დღეს, რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა – ამ საკითხებზე Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე დეტალურად ესაუბრა.
– ბატონო ივა, რა საბუთები უნდა იქონიონ თან აბიტურიენტმა გამოცდაზე შესასვლელად?
– აუცილებელია პირადობის მოწმობა და მოსაწვევი ბარათი, იგივე საგამოცდო ბარათი. ამ საბუთების წარდგენის შემდეგ შედის აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში.
– რა ნივთები არ უნდა იქონიონ აბიტურიენტებმა თან, რა ნივთების შეტანაა აკრძალული საგამოცდო ცენტრში?
– აკრძალულია მობილური ტელეფონის შეტანა, ასევე, დამხმარე მასალა, ანუ ე.წ. შპარგალკა, წიგნები. თუ აბიტურიენტს თან აქვს მობილური ან წიგნები, მას შეუძლია, ყველაფერი ცენტრში შემოსვლისას ჩააბაროს, რისთვისაც სპეციალური კუთხეა გამოყოფილი. შემდეგ ხდება შტრიხკოდის საშუალებით აბიტურიენტის მონაცემების წაკითხვა და პროგრამა განსაზღვრავს ადგილს და სექტორს თითოეული აპლიკანტისთვის.
– რისი შეტანა შეუძლიათ აბიტურიენტებს საგამოცდო სექტორში, მაგალითისთვის, შარშან ჩვენ გადავიღეთ სპეციალურად გამოყოფილ კუთხეში განთავსებული ნივთები და მათში აღმოჩნდა ხელსახოცები, საღეჭი რეზინი, სიგარეტი და სხვა მრავალი საინტერესო ნივთი..
– ქალბატონებს შუეძლიათ შეიტანონ პირადი ჰიგიენის ნივთები. ნებადართულია წყლის შეტანაც. საღეჭი რეზინი არ არის დაშვებული.
– წყლის ბოთლს მნიშვნელობა აქვს?
– კი ნამდვილად, შუშის ბოთლის შეტანა პროზაული მიზეზის გამო არ შეიძლება. შუშის ბოთლი შეიძლება გატყდეს, აბიტურიენტი დაშავდეს. ეს ხშირად მშობლებს არ ესმით და აპროტესტებენ. შუშის ბოთლი პოტენციური რისკია, ამიტომაც მოვუწოდებთ, წყალი მხოლოდ პლასტმასის ბოთლით შემოიტანონ.
– შოკოლადის შეტანა თუ არის შესაძლებელი?
– თუკი ადამიანს აქვს პრობლემა და შაქარი უნდა მიიღოს, ან შოკოლადის მიღება ესაჭიროება (არის დიაბეტის ასეთი ფორმა) მშობლებმა წინასწარ უნდა მოგვმართონ. მოიტანონ ჯანმრთელობის ცნობა, ფორმა 100. ხშირად ერიდებათ ხოლმე და ბოლო წუთს ვიგებთ, რომ აბიტურიენტს ესაჭიროება გარკვეული შუალედით შოკოლადის მიღება. ამიტომაც, ვთხოვ ყველა მშობელს, წინასწარ გაგვაგებინონ ასეთი აუცილებლობის შესახებ.
– წელსაც, როგორც წინა წლებში, მაღალია ინტერესი, შეეძლებათ თუ არა აბიტურიენტებს ტესტის შევსება საკუთარი კალმებით?
– არ არის საჭირო გამოცდაზე აბიტურიენტები თავიანთი კალმებით მოვიდნენ, რადგან მათ ცენტრი სპეციალურ ე.წ. გელიან კალმისტრებს დაახვედრებთ. ავხსნი რატომ – დავალებების ნაწილი სწორდება სკანერით. საჭიროა, მანქანამ უწყვეტი ხაზი დაინახოს. შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია, მაგრამ მანქანა ხედავს, რომ ე.წ გელიანი კამისტარი გამოტოვებების გარეშე წერს, ჩვეულებრივი ბურთულიანი კალმისტარი კი უწყვეტ ხაზს ვერ უზრუნველყოფს. აი სწორედ ამიტომ, ჩვენ თავად უზრუნველვყოფთ აბიტურიენტებს კალმისტრებით.
– თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტები ჩივიან, რომ კალმისტარი ცუდად წერდა – თხაპნიდა..
– შეიძლება ასეთი შემთხვევა მოხდეს, მითუმეტეს სიცხეში. თუმცა კალმისტრები სექტორებში შეზღუდული რაოდენობით არ არის და ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია კალამი იმდენჯერ შეცვალოს რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლის.
– ერთჯერად ხელსახოცებზე რას გვეტყვით, მათი შეტანა თუ არის შესაძლებელი?
– ერთჯერადი ხელსახოცები რისკის შემცველია, ხშირად მასზე დამხმარე მასალა აქვთ ხოლმე გადატანილი, ამიტომაც, მათი შეტანა ნებადართული არ არის. თუმცა თუ შემოწმებელი დარწმუნდა რომ ხელსახოცები სუფთაა შეიძლება ერთი ორი ცალი გაატანოს კიდეც.
– რამდენად ნებადართულია გამოცდაზე მედიკამენტების შეტანა?
– თუ აბიტურიენტს ვალიდოლოს ტიპის წამლების სჭირდება, ვურჩევ წამოღებისგან თავი შეიკავოს, რადაგნ საგამოცდო ცენტრებში ისედაც არის წამლები და პირველივე მოთხოვნაზე გადაეცემათ. ჯანდაცვის სამინისტრო გვაწვდის ძალიან დიდ სიას და პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტებს. თუმცა, თუ აბიტურიენტს რაიმე განსაკუთრებული სახის წამალი ესაჭიროება, და იმ შუალედში უწევს დალევა, როდესაც საგამოცდო ცენტრშია, ჩვენ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას – შევატანინოთ, თუ არა. აღნიშნული წამალი ჩაბარდება მეთვალყურეს და მეთვალყურე დანიშნულ დროს მიაწვდის მას მედიკამენტს. ზოგადად, ყველა საგამოცდო ცენტრში არის ექიმი, მედპერსონალი და სასწრაფო დახმარების მანქანა საგამოცდო ცენტრთან, ისევე, როგორც პატრულის ეკიპაჟი და სახანძრო ბრიგადები.
– სპეციალურ საგამოცდო სექტორებზე მინდა გკითხოთ – ვისთვის არის ასეთი სექტორები გამოყოფილი?
– პირველ რიგში უსინათლებისთვის, რადგან ისინი ბრაილის შრიფტით წერენ და ეს საკმაოდ ხმაურიანი პროცესია, რადგან ფურცელი რკინის ფირფიტაზე იდება. მათთვის საგამოცდო დროც განსხვავებულია. წელს 4 უსინათლო გვყავს. ასევე, ცალკე სექტორია მოტორიკა დარღვეული აბიტურიენტებისთვის (არავერბალური კომუნიკაციის და აკადემიური პრობლემები); ცალკე სექტორი გვაქვს ჩუტყვავილა, წითელა და სხვა ინფექციური დაავადებების მქონე აბიტურიენტებისთვის. მშობლებს ვთხოვთ, ერთი დღით ადრე მაინც შეგვატყობინონ, თუ მათ შვილებს ჩუტყვავილა ან წითელა აღმოაჩნდებათ, რათა ისინი ცალკე სექტორში განვათავსოთ. თუმცა ფორსმაჟორისთვისაც გვაქვს სექტორები.
– რამდენად მნიშვნელოვანია დროის მართვის პროცესი?
– არსებითი მნიშვნელობა აქვს. ყველა საგამოცდო სექტორში არის საათი. დამკვირვებელიც ათი წუთით ადრე აფრთხილებს აპლიკანტებს, რომ მათი დრო იწურება.
– და ბოლოს, რას ურჩევდით აბიტურიენტებს?
– პირველ რიგში ძალიან ვთხოვ ყველას დაიცვან წესრიგი, ნუ შეეცდებიან ტელეფონების შემოტანას და გადაწერას. ნუ იხმაურებენ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოცდიდანაც კი მოიხსნან. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვეტყვი, რომ საგამოცდო ცენტრთან ძალიან ადრე ნუ გამოცხადდებიან. ეს ძირითადად მშობლების ნერვიულობის ბრალია. ზოგჯერ გამოდის, რომ ერთიი საათი აბიტურიენტი გზაშია, ერთი საათი რეგისტრაციის დაწყებას ელოდება, რეგისტრაცია კიდევ ერთი საათი გრძელდება და საგამოცდო ცენტრში უკვე დაღლილი შედის. ამიტომაც, ვურჩევდი, ნურც ძალიან ადრე მოვლენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დააგვიანონ.
ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში
ეკა არის© წივწივაძე
- როცა პროფესიას ირჩევ – რეკომენდაციები პროფესიისა და სასწავლებლის შერჩევისთვის by რჩევები
- როგორ დავალაგოთ უნივერსიტეტები წარმატებით – 5 ეტაპი რჩევის სახით და მთავარი გაფრთხილება აბიტურიენტებს by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- „სანამ წერას და არგუმენტებზე ფიქრს დაიწყებთ, ეს გააკეთეთ“ – 7 რეკომენდაცია აბიტურიენტებს ლიტერატურის გამოცდის წინ by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე