რეგიონის უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლებაში ამერიკელი მასწავლებლები ჩაერთვებიან
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც აშშ-ში გამართულ შეხვედრებს და USAID -ის მიერ 7 მილიონიანი გრანტის გამოყოფას ეხება, ასევე საუბარია საქართველოში Fulbright-ის პროგრამის გაფართოებაზე. პროგრამა უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლებაში დახმარებას გულისხმობს.
„შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება, რომლის ფარგლებში Fulbright-ის ახალ პროექტს სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორციელებს. შედეგად, 2020 წლის გაზაფხულიდან, საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისურ ენას ასწავლიან“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა კონკრეტულად რას მოიცავს „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) პროგრამა და რა თანხა დაიხარჯება მის განხორციელებაზე, USAID -ის მიერ გამოყოფილი 7 მილიონი დოლარიდან.
როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პროგრამა 7 მილიონიან პროექტს არ ეხება და ის თანაბრად ამერიკული და ქართული მხარეების მიერ დაფინანსდება. Fulbright-ის ხელშეკრულება საქართველოში 2017 წლიდან არსებობს, თუმცა აქამდე ის მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებს ეხებოდა.
„2017 წელს გაფორმდა დიდი ხელშეკრულება რომელსაც ჩვენ Fulbright-ის ხელშეკრულებას ვუწოდებთ. ჩვენს რეალობაში ეს არის ორ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც აკადემიურ სივრცეში Fulbright-ის სქემის დანერგვას გულისხმობს. ეს სქემა ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის მუშაობს. ახალგაზრდებს შეუძლიათ იმ ერთობლივ თანადაფინანსებულ პროგრამაში, სადაც 50% ფინანსდება ამერიკის მხრიდან, ხოლო დანარჩენი სახელმწიფოს მხრიდან, მიიღონ მონაწილეობა და ერთი ან ორი წლით, სრული სამაგისტრო კურსით, წავიდნენ სასწავლებლად ამერიკაში. შემდეგში კი ისინი უნდა დაუბრუნდნენ ქვეყანას და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნისთვის იმუშაონ“-ამბობს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
Fulbright-ის პროგრამას ჯამში 35-ზე მეტი სქემა აქვს, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA), მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ სქემის დანერგვაზე ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობდა, რაც წარმატებით დასრულდა.
„ინგლისური ენის თანამასწავლებლების პროგრამა ETA, განსაკუთრებულია იმით, რომ ახალგაზრდა მასწავლებლები ჩამოდიან საქართველოში. ფოკუსი მხოლოდ და მხოლოდ რეგიონულ უნივერსიტეტებზე გვექნება, ყოველ შემთხვევაში ასე იქნება პროგრამის დაწყებიდან რამდენიმე წელი. საქართველოში შეირჩევა პარტნიორი უნივერსიტეტები, ჩვენს თანამასწავლებლებს ეყოლებათ ქართველი თანამასწავლებლები, ისინი ერთად ასწავლიან და ასევე გაუზიარებენ თავიანთ სამასწავლებლო გამოცდილებას. გარდა ამისა, ETA იქნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ ისინი რეგიონალურ პროექტებშიც ჩაერთონ და თემში არსებული პრობლემების გადაჭრაში გაუწიონ დახმარება რეგიონულ უნივერსიტეტებს, თუ ქალაქებს. საერთო ქარგაში ეს არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის, ან ერთი კონკრეტული სტუდენტური ჯგუფის თუ მასწავლებლის დახმარება, არამედ ეს არის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა ჩვენი მუდმივი და დიდი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან“, – ამბობს ნინო ჭელიძე.
მისივე თქმით, ხელშეკრულებას ხელი გაზაფხულზე უნდა მოეწეროს და სავარაუდოდ სექტემბრის თვეში ქვეყანა მასწავლებლების პირველ ნაკადს მიიღებს.
„ETA-ს 9 თვიანი კონტრაქტი აქვს უნივერსიტეტთან, რაც ნიშნავს, რომ ამ 9 თვის განმავლობაში ის კურიკულუმის გაუმჯობესებაში, ახალი სასწავლო მეთოდების შემოტანაში და ასევე თითონ სწავლაში იღებს მონაწილეობას. ეს ცალკე პროექტია არ ეხება 7 მილიონიან გრანტს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ნაწილი დაფინანსებული იქნება პარტნიორების მიერ, ნაწილს გადაიხდის სახელმწიფო, პროექტი როგორც წესი 5 წლიანი არის ხოლმე, გაზაფხულზე ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას და იმედი გვაქვს სექტემბერში პირველ კოჰორტას მივიღებთ“,-აცხადებს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება