როცა ქართულის გამოცდაზე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები გვხვდება – სპეციალისტის ინსტრუქციები აბიტურიენტებს ტექსტის ათვისებისა და დამუშავებისთვის
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში, გასული წლების მსგავსად, წელსაც შეტანილია ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები.
პედაგოგები ამბობენ, რომ ამ ტიპის ნაწარმოებების დამუშავება აბიტურიენტებს ხშირად უჭირთ და ათვისებისთვის დროც მეტი სჭირდებათ.
ჩვენი მკითხველი აბიტურიენტების ამ საკითხში დახმარების მიზნით, EDU.ARIS.GE ესაუბრა ფილოლოგს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელსა და რეპეტიტორს, მაკა ტოკლიკიშვილს. პედაგოგმა აბიტურიენტებს რჩევები და ინსტრუქციები მისცა როგორც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ათვისების, ისე მისი სწორად დამუშავებისთვის.
– ქალბატონო მაკა, თავდაპირველად გვითხარით, რომელი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები შედის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში?
– 2005 წლიდან დღემდე, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და ისევ სამი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია ეროვნული გამოცდების პროგრამაში. ესენია: იაკობ ხუცესის (ცურტაველი) „შუშანიკის წამება“, იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“ და გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.
– რა კონკრეტული გამოწვევები აქვთ აბიტურიენტებს, რომლებიც ამ ტიპის ნაწარმოებებს ამუშავებენ?
– ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებთა შესწავლა-დამუშავების დროს მთავარი გამოწვევა, სირთულე მაინც არქაული ენაა. ძველი, ხმარებიდან გამოსული სიტყვები და ამ ლექსიკით დაწერილი ტექსტი ერთგვარად აბნევს ხოლმე მკითხველს. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტს ეს ტექსტები მეათე კლასში უკვე შესწავლილი აქვს, მოცემულობა მაინც სხვაგვარია ხოლმე. კერძოდ, სწორად ვერ გადმოსცემენ ამა თუ იმ ფრაზის შინაარსს. უჭირთ ძველქართული ზმნების გაგება, მათი უღლების ფორმები და ა. შ.
გარდა ამისა, ხშირად ერევათ პერსონაჟთა საკუთარი სახელები და ტოპონიმიკური ადგილები. ამიტომ, გეთანხმებით, ამ ტიპის ნაწარმოებებზე მუშაობა მართლაც მოითხოვს განსხვავებულ მეთოდებს და, რაც მთავარია, დროსა და ნებისყოფას.
– რა რესურსი ჭირდებათ სამუშაოდ, დამხმარე სახელმძღვანელოს შეძენა თუ უწევთ?
– ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით გეტყვით, რომ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს აბიტურიენტები ყველაზე უკეთ მაშინ იგებენ, როცა ტექსტებს მასწავლებელთან ან რეპეტიტორთან ერთად აშინაარსებენ. ყველა სასკოლო სახელმძღვანელოს, ტექსტების პარალელურად, დართული აქვს სქოლიო, რომლის დახმარებითა და გამოყენებით, ახალგაზრდებს შეუძლიათ, სწორად გაიგონ ტექსტის ნებისმიერი ფრაზა. ამრიგად, პირველი რესურსი სასკოლო სახელმძღვანელოა, რომელიც სქოლიოს დახმარებით ტექსტის გაგებას გიადვილებს. თუმცა, ჰაგიოგრაფიას სრულფასოვნად ვერასდროს გაიაზრებენ და ვერც სწორ შეფასებაზე გავლენ, თუ არ იციან ეპოქა, რომელშიც თავად ტექსტი შეიქმნა-ისტორიული, სოციალური, კულტურული კონტექსტი. სწორედ ამიტომ, აბიტურიენტები ნაწარმოების შესწავლის პარალელურად ან მანამდე უნდა გაეცნონ ამ ეპოქის ამსახველ ისტორიულ მასალებს, ისტორიის სახელმძღვანელოში, სხვა დამატებითი სახელმძღვანელოს შეძენა საჭირო არ არის.
– ქალბატონო მაკა, როგორ უნდა დაამუშაონ აბიტურიენტებმა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, ნაბიჯ-ნაბიჯ რომ აუხსნათ…
– ტექსტთან მისვლამდე გაეცნონ ეპოქას. რა ისტორიული ვითარებაა, როგორია სოციალური და კულტურული მდგომარეობა;
– ტექსტი წაიკითხონ ნელა, დაკვირვებით, სათითაო ფრაზა სქოლიოს დახმარებით გააპერიფრაზონ და მას მერე, როცა დარწმუნდებიან, რომ ყველაფერი გაიგეს, გადავიდნენ შემდეგ ნაწილზე;
– ტექსტებზე მუშაობის დროს ცხრილების გამოყენებით დაახარისხონ პერსონაჟები თავიანთი ფსიქოპორტრეტებით, ქმედებებით, ვინაობით;
– ასევე, ცხრილების დახმარებით დაალაგონ ტოპონიმიკური (გეოგრაფიული) ადგილები;
– უკეთესია, იმუშაონ წყვილებად ან ჯგუფურად. თუ სამუშაო პროცესს მასწავლებელი აკონტროლებს და ეხმარება მათ, ტექსტის სრულფასოვანი გაგება გარანტირებულია;
– ხშირად იკამათონ ამა თუ იმ პერსონაჟის ქცევის მოტივებზე, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და მოუსმინონ ჯგუფის სხვა წევრებს;
– არ მოსწყდნენ დროის კონტექსტს და ნუ განიხილავენ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების გმირების დღევანდელი ადამიანის მსოფლმხედველობის გათვალისწინებით. ისინი იმ ეპოქაში ცხოვრობდნენ და მათი ხედვა, უფლებები, ცხოვრების წესი სხვაგვარი იყო. ინტერპრეტირება, რა თქმა უნდა, შეიძლება, აუცილებელიც კია;
– გამოიყენონ T დიაგრამები. მაგ.:პერსონაჟი-ვინაობა. პერსონაჟი-ქმედება, ქმედება-ქმედების მოტივი და ა. შ;
– რა შეცდომები არ უნდა დაუშვან, როცა ამ ტიპის მასალაზე მუშაობენ და გამოცდაზე მაღალი შედეგის დადება სურთ?
– გულისყურით მოეკიდონ ტექსტის დამუშავებას. არ დაზოგონ დრო და ენერგია მათი სრულფასოვანი გააზრებისთვის. აქ ერთი არასწორად გაგებული ფრაზა ან სიტყვა შეიძლება, მთლიანი ტექსტის არევის მიზეზი გახდეს.
– და ბოლოს, ჩამოგვითვალეთ, რას უნდა მიაქციოს აბიტურიენტმა ყურადღება, როცა გამოცდაზე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები შეხვდებათ?
– თუ გამოცდაზე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები მოვიდა, ჯერ გადახედონ ტექსტს, საკუთარ თავს ჰკითხონ, ნამდვილად კარგად აქვთ ეს ეპიზოდი გაგებული თუ ეჭვი ეპარებათ, რადგან გამოცდის ტექსტებს სქოლიო არ ახლავს და აბიტურიენტი არქაულ ტექსტთან პირისპირ განმარტებების გარეშე უნდა დარჩეს.
– ტექსტის ცოდნაში თუ ეჭვი შეეპარათ, ჯობია აირჩიონ მეორე დავალება, რომელიც არანაირად აღარ იქნება ძველქართული ტექსტი;
– თუ მაინც ჰაგიოგრაფიულ ტექსტს აირჩევენ, იმუშაონ დაკვირვებით, ციტირების დროს ზედმიწევნითი სიზუსტით ჩასვან სასურველი ციტატა, არ დაავიწყდეთ ბრჭყალები;
– არ იღელვონ, დებულების მოცემულობა ამოიცნონ ტექსტში, გაშალონ მსჯელობა და არ დაავიწყდეთ დღევანდელობასთან დაკავშირება;
– ეცადონ, გაიხსენონ ლიტერატურული პარალელები, ფილმები, ისტორიული გმირები თუ მოვლენები საკითხთან შესაბამისობაში. ეს მათ ერუდიციასა და ზოგად განათლებას გაუსვამს ხაზს;
– არ წერონ შაბლონებით, თამამად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტირებულად შეძლონ ამ მოსაზრებების დაცვა და გამყარება;
– არ შეეშინდეთ პუნქტუაციური შეცდომების, ეს კრიტერიუმი საკმაოდ ლოიალურია მათ მიმართ. 10 შეცდომის შემთხვევაშიც კი შეუძლიათ, 1 ქულა მაინც აიღონ;
– გამოცდებამდე დარჩენილი დრო ნაყოფიერად გამოიყენონ, სწორად გადაანაწილონ და ახსოვდეთ, აბიტურიენტობა არც ღამეების თენებას ნიშნავს, არც ცხოვრებაზე უარის თქმას, არც სტრესს… ეს აქტიური წელი ბოლოს იმხელა სიხარულს გჩუქნით, ლამის თავიდან მოგანდომებთ აბიტურიენტობას, მთავარია, დრო სწორად გადაანაწილოთ.
ასევე იხილეთ:
როგორ დავაკონსპექტოთ სასწავლი მასალა შედეგიანად – მეთოდები, რომლებიც აბიტურიენტებმაც უნდა იცოდნენ
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება
- „ნახეთ მეთორმეტეკლასელების ცხრილი? სრული კატასტროფა! როგორ უნდა მოასწრონ ბავშვებმა მეცადინეობა!“ by ARIS.GE-განათლება
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება