როცა შვილი სასურველ სკოლაში დავარეგისტრირე – „დედა, ახლა ხომ წავალთ მთაწმინდაზე სასეირნოდ?!“
შეგიდარებიათ ერთმანეთთან შვილის სკოლაში რეგისტრაცია და ოსკარის მიღებით გამოწვეული ემოცია? დღეს მომავალი პირველკლასელების მშობლებს სწორედ ასეთი გამარჯვების დღე ჰქონდათ. დილის ცხრა საათზე, მოსწავლეების საყოველთაო, ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო, აი ის რეგისტრაცია, ყველაზე სწრაფების მარათონს რომ წააგავს. მარკეტინგის და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, 33 წლის ხატია ელიზბარაშვილი, რომელიც ერთი შვილის დედაა EDU.ARIS.GE-ს უყვება, რომ შვილის პირველ კლასში, სასურველ სკოლაში ელექტრონულად დარეგისტრირება მის მეხსიერებაში ერთ-ერთ მთავარ გამარჯვებად ჩაიბეჭდება.
– ხატია, რა იყო თქვენი სულ პირველი შეძახილი და ემოციები წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ? მოგვიყევით ამ დილის ქრონოლოგია…
– პირველი იყო გამარჯვების ყიჟინა, მაგრამ თან ვერ დავიჯერე, რადგან ვიცოდი რომ ამ გზაზე უზარმაზარი კონკურენცია გვქონდა დასაძლევი. ჩვენ თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში დავრეგისტრირდით, რომელზე მოთხოვნაც გამორჩეულად მაღალია.
რეგისტრაციისთვის ჩემი მეგობრები (და მათი მეგობრებიც) მობილიზებული მყავდა და გული მართლა კარგს მიგრძნობდა, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერე.
დილით, მონაცემების სწრაფად აკრეფა კიდევ ერთხელ გადავიმეორეთ და, ადრენალინი რომ საგანგაშო ნიშნულამდე ავიდა, 09:00 საათიც მოახლოვდა. 09:04-ზე, სანამ მე, ბოლო საფეხურის ერთ-ერთ ასარჩევ ველზე გაჭედილი რეგისტრაციის დასრულებას ვცდილობდი, სმს მომივიდა, რომ „რეგისტრაცია წარმატებით შესრულდა“. უდიდესი მადლობა იმ ჩემპიონთა ჩემპიონს, ვინც დღეს თავისი მოხერხებულობით ამ მარათონში გამარჯვება მოგვიტანა და უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ანამარიას სიყვარულით დღეს მხარი დაგვიჭირა და საქმის ჩვენს სასარგებლოდ დასრულებაში მონაწილეობა მიიღო (ოსკარების სიტყვას ტყუილად არ ჰგავს. დარწმუნებული ვარ, ოსკარის მიღებაც ასეთი განცდა იქნება).
– როგორია თავად ანამარიას ემოციები, ესმის რა ხდება მის თავს?
– რაც 6 წლის გახდა, მას შემდეგ ანამარია სკოლაში წასვლის მოლოდინშია. შერჩეული სკოლაც დიდი ხნის წინ, კარგად დაათვალიერა და მოიწონა. წინა დღეებში ვეცადე, არ დამესტრესა, ამიტომ დიდად ვერც გაიგო დღევანდელი მოვლენების მნიშვნელობა. დილით, რეგისტრაციით გახარებულმა, ჩემი წარმოდგენით სამოტივაციო სიტყვა შევთავაზე, რომ სადაც კი წარმოიდგენს და მოისურვებს, ყველგან შეძლებს მოხვედრას და ა.შ., რაზეც მივიღე კითხვა: „დე, ანუ დღეს მთაწმინდის პარკში მოვხვდები?“.
– როგორი იყო სასურველი სკოლის შერჩევის პროცესი? როგორ დაიწყეთ და რას ეტყვით სხვა მშობლებს, როგორ მოემზადონ ამ საპასუხისმგებლო არჩევანისთვის?
– სასურველი სკოლის შერჩევის ჩემეული გზა ასეთი იყო: ვეძებდი სკოლას შეძლებისდაგვარად ჯანსაღი გარემოთი, რომელსაც არ ექნებოდა პროცესების მართვის მოძველებული, ჩაკეტილი მეთოდები (უმნიშვნელოვანესი!). თავისთავად, უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იყო ბავშვის ფიზიკური უსაფრთხოებაც… დავესწარი მშობლების შეხვედრებს და მოვუსმინე გამოცდილი მეგობრების რეკომენდაციებს. ასევე, ვცდილობდი, მომეძებნა ამა თუ იმ სკოლის პერსონალის კვალიფიკაციის მაჩვენებლები.
საბოლოოდ, შევარჩიე სკოლა, რომლის მართვის პრაქტიკაც (ჩემი ინფორმაციით) ჩემს ინტერესებს სხვა ვარიანტებზე მეტად დაემთხვა. დანარჩენი კი პროცესში გამოჩნდება.
მშობლებს ზუსტად იმავეს ვურჩევ, – იპოვეთ სკოლა, რომელიც თქვენს მიდგომას, მეთოდებს, ღირებულებებს შეესაბამება. თუმცა ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საბოლოოდ, ჩვენი შვილების სასწავლო გარემოს სიჯანსაღის უზრუნველყოფა ჩვენი პირადი, პირდაპირი მოვალეობაა და ამის მიღწევის გზები მოიძებნება.
– რატომ გააკეთეთ არჩევანი საჯარო სკოლაზე, ფიქრობთ, რომ საჯარო სკოლას აქვს თქვენი მაღალი კმაყოფილების დამსახურების პოტენციალი?
– ვფიქრობ, რომ დაწყებითი განათლების დონეზე ბავშვის საჭიროებებს საჯარო სკოლის გარემო კერძოზე მეტად შეესაბამება. სამომავლოდ კი, ანამარიას შემდეგ ნაბიჯებს მისი გამოხატული ინტერესებისა და მიდრეკილებების მიხედვით გადავწყვეტთ.
– რა მოლოდინები გაქვთ სკოლისგან, როგორც მშობელს, რომელსაც საკუთარი შვილისთვის ხარისხიანი ზოგადი განათლების მიღების დიდი სურვილი აქვს?
– სწავლის მოტივაციის სწორად ჩამოყალიბება და ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ უსაფრთხოებაზე უნაკლოდ ზრუნვა არის ამ ეტაპზე ყველაფერზე მნიშვნელოვანი. მაქვს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი საინტერესოდ წარიმართება და ჩემი გულანთებული ანამარია მიიღებს იმას, რისთვისაც ამდენი ხანი ემზადება.
– ვიდრე განათლების სისტემას კარგად დაინახავთ, როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს მისი მთავარი დაბრკოლება, პრობლემა, სად ეშლება სახელმწიფოს და რაშია ძლიერი?
– მოდით, მსუბუქად მოგახსენებთ, ეს არის სისტემა, რომლის მთავარი პრობლემა მის ზედა და ქვედა დაბოლოებებს შორის არსებული უზარმაზარი აცდენაა. „ზემოთ“ პრიორიტეტების ცალსახა პრობლემა გვაქვს; ქვედა დონეზე (სკოლებში) კი, აქ მომუშავე ადამიანების აბსოლუტური უმეტესობის მხრიდან სიახლეების ჯიუტი მიუღებლობა, რაც თავისთავად მომავალი თაობისთვის ნიშნავს არაადეკვატურ, ვადაგასულ სწავლების მეთოდებს, შედეგად სწავლის საჭიროებაზე გაფუჭებულ წარმოდგენას და ა.შ.
– რას გვეტყვის ანამარია, ჰკითხეთ ჩვენთვის – ყველაზე მეტად რატომ უხარია სკოლაში მისვლა?
– „იმიტომ რომ ძაან ბევრი ზეიმი ექნება სკოლაში, რომ ბევრი იცეკვოს და იმღეროს“. დღეს ასეთ ხასიათზეა 🙂 თან, მთაწმინდაზე სასეირნოდ წასვლა ეჩქარება.
ასევე იხილეთ:
ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი – სპეციალისტი გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება