GE

„როდესაც შენი პროფესორები მსოფლიო მეცნიერების ტოპ სიაში ხვდებიან, ნამდვილად დიდი მიღწევაა“ – ნინო დობორჯგინიძე, ილიაუნის ვიცე-რექტორი

„დღესდღეობით, წარმოუდგენელია დროს გაუძლოს უნივერსიტეტმა, რომელშიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ახალი ცოდნა არ იქმნება“ – ეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის სამეცნიერო მიმართულებით, პროფესორ ნინო დობორჯგინიძის სიტყვებია, რომელმაც EDU.ARIS.GE-სთან კვლევისა და მეცნიერების კუთხით უნივერსიტეტის ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა.

ერთ ინტერვიუში ყველა იმ მიღწევისა და აღიარების ჩატევა, რომელიც ილიაუნის, მის პროფესორებს, სტუდენტებსა და კვლევით ცენტრებს ბოლო დროს ჰქონდათ, რთულია, თუმცა ერთი რამ ცალსახაა – ქვეყანაში ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო უნივერსიტეტი, დამწყები თუ გამოცდილი მკვლევრებისა და მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების ხელშესაწყობად, ოპტიმალურ რესურსებს პოულობს და სწორედ ამის შედეგია ის, რომ უნივერსიტეტი სხვადასხვა დარგში წამყვანი პროფესორ-მეცნიერების სიმრავლით იწონებს თავს.

– როგორ გამოიყურება ილიაუნი საერთაშორისო რეიტინგებში? რა განაპირობებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიდერობას საერთაშორისო რეიტინგებში? აქვთ თუ არა სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კვლევით პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა?

ნინო დობორჯგინიძე: ზოგადად, რეიტინგებში სხვადასხვა კრიტერიუმია. რაც შეეხება კვლევის რეიტინგს, ილიაუნი მართლაც ლიდერია ამ მიმართულებით. ამისთვის ნამდვილად ბევრს ვაკეთებთ. ილიაუნი ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც სადოქტორო საფეხური უფასოა. ჩვენ მცირე რესურსების ქვეყანა ვართ და დოქტორანტურაზე სწავლის შესაძლებლობა ყველას არ აქვს. ეს ჩვენი წვლილია მეცნიერების განვითარებაში და განსაკუთრებით საუკეთესო სტუდენტების მოზიდვაში. მართალია, სადოქტორო საფეხური უფასოა, მაგრამ ყველაზე მაღალი სტანდარტები გვაქვს. სანამ დოქტორანტი სწავლას დაასრულებს, მან აუცილებლად უნდა დაბეჭდოს სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების დოქტორანტებმა კი ორი სტატია უნდა გამოაქვეყნონ ისეთ ჟურნალში, რომლის იმპაქტფაქტორი 0,5-ზე მაღალია. ანუ, ჩვენმა დოქტორანტმა საკმაოდ მაღალი შედეგი უნდა აჩვენოს სადოქტოროს დასრულებამდე.

გარდა ამისა, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად, ან პირველი ავტორობით გამოაქვეყნებენ სტატიას და მაღალრეიტინგულ ჟურნალში, დაწესებული გვაქვს პასკალის პრემია, რომელიც ისეთი მწირი რესურსის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მეცნიერებისათვის ნამდვილად სტიმულია.

გვაქვს ინსტიტუტები, რომელთაც თავად უნივერსიტეტი აფინანსებს. ზოგადად, კვლევის ბიუჯეტი ილიაუნიში საკმაოდ მაღალია. უნივერსიტეტის საერთო შემოსავლების 3-5% ყოველწლიურად კვლევისა და კვლევითი ინფრასტრუქტურის დაფინანსებას ხმარდება. 5 წელიწადში ერთხელ გვაქვს დიდი ინსტიტუციური გრანტები სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით, რადგან სამეცნიერო აპარატები ძველდება და ცვდება. მაგალითად, 2019 წელს 700 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დავაფინანსეთ სამეცნიერო ინსტრუმენტებისა და ლაბორატორიების გასაახლებლად. უამრავი რამ გადავახალისეთ და შევიძინეთ.

– რამდენად მზარდია თანამედროვე ახალგაზრდების ინტერესი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებისადმი?

– ინტერესი ნამდვილად მზარდია, თუმცა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ხარისხის შენარჩუნება. ჩვენი მიზანი სადოქტორო საფეხურის სრული ინტერნაციონალიზაციაა და სწორედ აქეთკენ მივდივართ. 2018 წელს საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ძალიან დიდი პროექტი დავიწყეთ. ფოლკსვაგენის ფონდმა, შოთა რუსთაველის ფონდთან ერთად, საქართველოში 5 სადოქტორო პროგრამა დააფინანსა და აქედან ორი გრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო. ჩვენ მიერ მომზადებული ორივე სადოქტორო პროგრამა საერთაშორისოა და ორმაგი სადოქტორო ხარისხის მიღებას გულისხმობს: საქართველოს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და გერმანიის (გიოტინგენის უნივერსიტეტი, მიუნსტერის უნივერსიტეტი). ამ მიმართულებით ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ სადოქტორო საფეხური მთლიანად საერთაშორისო იყოს.

– გაგვაცანით რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმდინარე კვლევითი პროექტი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით და მსოფლიოში აღიარებული სხვადასხვა ინსტიტუციების ჩართულობით. კვლევების განხორციელებისთვის არსებობს თუ არა უნივერსიტეტში შესაბამისი ინფრასტრუქტურა?

– ილიას უნივერსიტეტს ეკოლოგიის, ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერების ძალიან ძლიერი ჯგუფები და შესაბამისი ლაბორატორიები აქვს. 2018 წლიდან ჩვენთან სამი დიდი სამეცნიერო გრანტის მოსამზადებელი პროექტი განხორციელდა გერმანელებთან ერთად და სწორედ შარშან დამტკიცდა გერმანიის მეცნიერებათა და განათლების სამინისტროს დიდი გრანტი რეგიონალური პროექტისთვის, რომლის მთლიანი მოცულობა 2,5 მილიონი ევროა. ჩვენ ამ პროექტის რეგიონალური კოორდინატორი ვართ და პროექტის გერმანელი წარმომადგენელიც სწორედ ილიაუნიში მუშაობს. პროექტი კავკასიის ბიომრავალფეროვნების ბარკოდირებას ეხება და იგი ნამდვილად საუკუნის პროექტია. მისი სახელია “სიცოცხლის ბარკოდირება კავკასიაში“. ეს ცნობილი გერმანული პროექტის „სიცოცხლის ბარკოდირება“ რეგიონული ანალოგია, რომელიც კავკასიაში ხორციელდება, რადგან კავკასია თავისი ბიომრავალფეროვნებით მართლაც გამორჩეულია. ამ პროექტის ფარგლებში მთელი ჩვენი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლება იგეგმება; ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით ილიას უნივერსიტეტში კავკასიის გენეტიკური ლაბორატორია იქმნება, რომელიც ყველაზე თანამედროვე ინსტრუმენტებითა და აპარატურით აღიჭურვება. რაც ყველაზე მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში ახალი თაობის ეკოლოგები გაიზრდებიან, რომელთაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ცოდნა ექნებათ. ამ პროექტში იგულისხმება ექსპედიციები მთელი კავკასიის მასშტაბით, რათა მთელი ცოცხალი სამყაროს თანამედროვე ბარკოდირება მოხერხდეს.

გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ვახსენო ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი გრანტი, დაახლოებით 700 ათასი დოლარის ღირებულების, რომელსაც ილიას უნივერსიტეტი ახორციელებს საქართველოს სკოლებში, მათ შორის რეგიონებში. ამ პროექტს კოორდინირებას უწევს ილიაუნის ვიცე-რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, პროფ. ნანა დიხამინჯია. პროექტი სკოლებში ტექნოლოგიური ლაბების შექმნას გულისხმობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სკოლისა და უნივერსიტეტის ბმის გარეშე, დღეს ვერც უნივერსიტეტი განვითარდება და ვერც სხვადასხვა დარგი. ილიაუნი სკოლისთვის მართლაც ძალიან ბევრს აკეთებს, განსაკუთრებით სტემის საგნების მხარდაჭერის მიზნით. ილიაუნის საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია „სალისი“ ყოველწლიურად სკოლებთან ერთად ახორციელებს არაერთ საერთაშორისო პროექტს.

ილიაუნის ყველაზე წარმატებული მეცნიერები ჰყავს კოსმოლოგიისა და ასტროფიზიკის მიმართულებით. შარშან დასრულდა “ჰორიზონტი 2020”-ის უდიდესი კვლევითი პროექტი, რომელსაც ჩვენი მხრიდან პროფესორი თემურ ზაქარაშვილი ხელმძღვანელობდა. “ჰორიზონტი 2020”-ის მიმდინარე გრანტებიც გვაქვს, რომლებშიც ასტროფიზიკის მიმართულების არაერთი კვლევითი ჯგუფი მონაწილეობს.

ადრეული კოსმოლოგიის მიმართულებით განსაკუთრებული წარმატებები აქვს ილიაუნის პროფესორს, თინა კახნიაშვილს, რომელიც ამერიკისა და ევროპის, მათ შორის ნასას მიერ დაფინანსებული არაერთი კვლევითი პროექტის ხელმძღვანელია, ილიაუნის საპატიო პროფესორთან, აქსელ ბრანდენბურგთან ერთად.

სწორედ ასეთი საერთაშორისო გამოცდილების პროფესორები არიან ჩართულები საერთაშორისო სადოქტორო სკოლის პროგრამებში. შესაბამისად, ამ სკოლის პროგრამაზე მოხვედრილ სტუდენტებს თავადაც აქვთ შესაძლებლობა, ინტენსიურად ჩაერთონ დიდ საერთაშორისო კოლაბორაციებში. ჩვენი არაერთი კურსდამთავრებული მუშაობს საზღვარგარეთ წარმატებით, ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან კონტაქტს არ კარგავენ, ილიაუნის აფილიაციით ახორციელებენ დიდ საერთაშორისო პროექტებს.

კვლევაში განსაკუთრებული წარმატებისთვის უნივერსიტეტში დავაარსეთ ილიას მედალი. 2019 წელს ეს მედალი პროფესორ თემურ ზაქარაშვილს გადაეცა. ბატონმა თემურმა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო გამოცემაში – „nature astrophysics“ გამოაქვეყნა სტატია, რომელსაც დარგში ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. წელს კი ილიას მედლით სტენფორდის რეიტინგში გამარჯვებული სამი მეცნიერი დაჯილდოვდა, რომლებზეც დეტალურად გიამბობთ.

ძალიან წარმატებულია დედამიწის ატმოსფერო-იონოსფეროსა და ახლო კოსმოსის კვლევითი ჯგუფი (ხელ.ლი. პროფ. გოდერძი დიდებულიძე). ამ მიმართულების პროფესორები რამდენიმე საერთაშორისო კონსორციუმში მონაწილეობენ. ძალიან მნიშვნელოვან კვლევებს ატარებენ, როგორც ილიას უნივერსიტეტის, ისე ასტროფიზიკის ობსერვატორიის ბაზაზე.

თანამედროვე საუნივერსიტეტო კვლევა წარმოუდგენელია დიდი მონაცემთა ცენტრების გარეშე. ამ მიმართულებითაც ილიას უნივერსიტეტი პირველი გახლდათ, სადაც მონაცემთა ცენტრი გაიხსნა. 2018 წლიდან ჩვენს უნივერსიტეტს ძალიან ძლიერი სპეციალისტები შემოემატნენ გერმანიიდან, ესპანეთიდან, ბატონი ერეკლე მაღრაძისა და შოთა ცისკარიძის ხელმძღვანელობით. დღეს ამ მონაცემთა ცენტრში ბიოინფორმატიკის, ლინგვისტიკის, ასტროფიზიკის, ადრეული კოსმოლოგიის, მზის ფიზიკის მიმართულების პროფესორები თავიანთ მონაცემებს ამუშავებენ.

ილიაუნის ჰყავს ძალიან ძლიერი კვლევითი ჯგუფები კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და თანამედროვე მონიტორინგის სისტემების დანერგვის მიმართულებით. ამასთან ერთად, ილიაუნის პროფესორთა და სტუდენტთა ჯგუფები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შეფასებასა და გამოვლენაზეც მუშაობენ. ძალიან საინტერესო პროექტები გვქონდა ფარავნისა და მესხეთის ტბებზე, რომლის ფარგლებშიც მკვლევრები გაყინული ტბების ტურისტულ პოტენციალს სწავლობდნენ.

წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს მრავალფეროვანი ენობრივი მემკვიდრეობის კვლევისა და ქართული ენის ტექნოლოგიზების პროექტები. 2020 წელს ჩვენთან გაიხსნა „ელექტრონული ლექსიკოგრაფიისა და ენის ტექნოლოგიების ცენტრი (ხელ.ლი პროფ. თინათინ მარგალიტაძე), რომელიც ინტენსიურად მუშაობს თანამედროვე ორენოვანი და განმარტებითი ელექტრონული ლექსიკონების, ონლაინრესურსების შექმნაზე. 14 აპრილს ეს ცენტრი წარადგენს სასკოლო ინგლისურ-ქართულ ონლაინლექსიკონს, რომელიც ღია წვდომით განთავსდება.

მსოფლიო ბანკისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, ერეკლე მაღრაძე (ხელმძღვანელი) ახორციელებს გამოყენებითი კვლევების პროექტს, რომლის ფარგლებში იქმნება პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს API-ის საშუალებით დიდი მოცულობის ქართული ტექსტის ავტომატური დამუშავების, ან საკუთარ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შექმნის შესაძლებლობებს მისცემს. მაისში დაგეგმილია ამ მიმართულებით საერთაშორისო კონფერენცია: ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები.

2010 წლიდან წარმატებით მუშაობს ილიას უნივერსიტეტისა და გერმანიის ჰალეს უნივერსიტეტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია, რომლის ფარგლებში კახეთში, დედოფლისწყაროს კვლევით ბაზაზე ხორციელდება საერთაშორისო ექსპედიცია: „კავკასიაში სახელმწიფოებრიობის სათავეებთან“. აღნიშნული ექსპედიცია წინაქრისტიანული პერიოდის ძეგლებს სწავლობს და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით მათი გამაგრებისა და მონიტორინგის პროექტებს ახორციელებს.

– სტენფორდის უნივერსიტეტის რეიტინგი და მასში მოხვედრილი პროფესორები – მოგვიყევით უფრო ვრცლად ამ აღიარების შესახებ.

– სტენფორდის უნივერსიტეტის მეტაკვლევების ცენტრი ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს მეცნიერთა კვლევით რეიტინგს: ყველა სამეცნიერო დარგის მიმართულებით გამოყოფს მსოფლიო მეცნიერების ტოპ ორ პროცენტს. შესაბამისად, ამ რეიტინგის მიხედვით, ყოველწლიურად სახელდება მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ მეცნიერთა ჯგუფი, რომელთაც თავიანთ დარგში პროგრესის განვითარებას ყველაზე მეტად შეუწყეს ხელი და მსოფლიო მეცნიერების პირველ 2%-ში შევიდნენ.

2020 წლის მონაცემების მიხედვით, ამ რეიტინგში საქართველოდან სულ 5 მეცნიერი მოხვდა და აქედან სამი ილიაუნელია. ეს ჩვენნაირი ახალგაზრდა უნივერსიტეტისთვის უდავოდ დიდი წარმატებაა. ესენი არიან: სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების პროფესორი ოზგურ ქიში, რომელიც თავის დარგში მსოფლიო რეიტინგში მეშვიდეა, ცნობილი მათემატიკოსი, პროფესორი მერაბ სვანაძე და პროფესორი, ილიას უნივერსიტეტში ეთნობოტანიკის კვლევითი ცენტრის დამაარსებელი, რაინერ ბუსმანი. მან 2017 წელს ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტში დააარსა საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი, რომელიც 2017 წლიდანვე, საერთაშორისო ჟურნალების სკოპუსის ნუსხაშია შესული. საქართველოდან ამ ნუსხაში სულ რამდენიმე ჟურნალია და ჩვენს ჟურნალს ყველაზე მაღალი ინდექსი აქვს -1,6.

როდესაც შენი მეცნიერები ყველაზე თანამედროვე, წამყვან, ინოვაციურ ცოდნას ქმნიან და მსოფლიო მეცნიერების ტოპ სიაში ხვდებიან, ეს, ჩვენნაირი შესაძლებლობების ქვეყნისთვის, რომელსაც კვლევისთვის შედარებით ნაკლები სახსრები აქვს, ნამდვილად დიდი შედეგია.

– რას ნიშნავს უნივერსიტეტისთვის, სტუდენტებისთვის, რომ მისი რექტორი დიდი ქარტიის ობსერვატორიის მმართველი საბჭოს წევრია?

– ის, რომ ილიაუნის რექტორი უნივერსიტეტების დიდი ქარტიის მმართველი საბჭოს წევრია, ჩვენთვის, ილიაუნის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, არის გარანტი იმისა, რომ ილიაუნის რექტორი, მსოფლიოს ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად, თავად შეიმუშავებს თანამედროვე უნივერსიტეტის საუკეთესო მოწყობისა და მართვის მოდელს და თავის გუნდთან ერთად წარმატებით დანერგავს ილიაუნიში. დღეს მეცნიერებისა და უნივერსიტეტის წარმატებას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავს: ა) საუკეთესო პროფესიონალები – ილიაუნიმ მიუკერძოებელი საერთაშორისო კვლევითი რეიტინგებით დაამტკიცა, რომ მართლაც საუკეთესოა; ბ) უნივერსიტეტის მოწყობისა და მართვის წარმატებული მოდელი. ილიაუნის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია სწორედ იმ ჯგუფში მუშაობს, რომელიც ამ საუკეთესო მოდელებს ქმნის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამდენად, ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური