GE

როგორ აფასებენ იუნკერები ონლაინ სწავლებას და რას ამბობენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია სწავლების დისტანციურ ფორმაზე გადავიდა. აკადემიაში გამოიყენება პლატფორმა – Ilias, სადაც სასწავლო მასალა იტვირთება. გარდა ამისა, ეროვნული თავდაცვის აკადემია სარგებლობს Zoom-ის ვიდეო კონფერენციების აპლიკაციით, რაც ლექციების დისტანციურად ჩატარების საშუალებას იძლევა.

რამდენად იყო მზად თავდაცვის აკადემია სწავლების ახალი მოდელის განსახორციელებლად ხომ არ შეეშალა ხელი სასწავლო პროცესს, ამასთან დაკავშირებით კითხვები მესამე და მეორე კურსის იუნკერებს დავუსვით. ეთა-ში არსებულ მდგომარეობაზე მარიამ ელიკაშვილი, მარიამ ჭკადუა და ხათუნა ჩაგუნავა გვესაუბრნენ.

– როგორ მიმდინარეობს ონლაინ სწავლება და რამდენად მაღალია სტუდენტების ჩართულობა?

მარიამ ელიკაშვილი: გარკვეული პრობლემების მიუხედავად ონლაინ სწავლება მიმდინარეობს კარგად. ვცდილობთ ვიყოთ აქტიურები, როგორც სტუდენტები ასევე ლექტორები არ ვიშურვებთ მონდომებას.

– იყო თუ არა აკადემიაში ამ რეჟიმზე გადასვლის მზაობა?

მარიამ ელიკაშვილი: აკადემიას ჰქონდა ამ ყველაფრისთვის მზაობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ დროის უმოკლეს პერიოდში მოხდა ყველა ჩვენგანის ინფორმირებულობა აღნიშნულ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. ყველაფერი მაღალ დონეზეა მოწყობილი და პრობლემაც არაფერია.

– სწავლების ამგვარი მეთოდი რამდენად ხარისხიან შედეგ მოგვცემს? როგორ ხდება/მოხდება სტუდენტთა შეფასება?

ხათუნა ჩაგუნავა: ისეთივე შედეგს ვერ მოგვცემს როგორც სტანდარტული სალექციო პროცესი, თუმცა ვფიქრობ, ონლაინ სწავლებითაც შეიძლება მასალის ათვისება. ვფიქრობ, რომ შედეგის მიღწევა არ გაგვიჭირდება, რადგან ამ ფორმატშიც ისეთივე ხარისხიანი და მაღალი დონის სწავლება მიმდინარეობს, როგორც სტანდარტული რეჟიმის დროს. რაც შეეხება შეფასების სისტემას, ისევ ისეთია, როგორიც მანამდე იყო.

– თუ აქვთ იუნკერებს წვდომა ინტერნეტთან და ხომ არ აქვთ ტექნიკური პრობლემები? 

მარიამ ჭკადუა: ინტერნეტზე წვდომა ყველას აქვს, თუმცა მოგეხსენებათ ზოგიერთი სტუდენტი ცხოვრობს რეგიონში და ხშირად ექმნებათ ტექნიკური ხარვეზი ამინდის ცვლილებიდან გამომდინარე.

– სამომავლოდ, ხომ არ გეგმავს აკადემია რაიმე სიახლის დანერგვას ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით – ვთქვათ ამ მეთოდოლოგიის მეტად გამოყენება სასწავლო პროცესში?

მარიამ ჭკადუა: არამგონია ჩვენი აკადემიისთვის ეს შესაფერისი რეჟიმი იყოს. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება და ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდებით.

– რას ურჩევთ ამ სიტუაციაში სტუდენტებს?

მარიამ ჭკადუა: ამ შემთხვევაში უფრო მეტი მონდომებაა საჭირო რომ ისწავლონ, რადგან პრაქტიკული ლექციების დროს უფრო მეტი საშუალება გვაქვს ერთმანეთს დავეხმაროთ ვიდრე ონლაინ.

როგორც ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აცხადებენ, ონლაინ სწავლების სრულყოფილად და სტანდარტების შესაბამისად განხორციელების მიზნით, პროფესორ-მასწავლებლებს გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები, ხოლო იუნკერთა ჩართულობა სასწავლო პროცესში მაღალია.

ეროვნული თავდაცვის აკადემია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური