როგორ ელიან საქართველოს სკოლებში უფასო კვების შეტანას – სამ კვირაში ოპტიმალური მოდელი პრემიერს უნდა წარუდგინონ
საქართველოში სასკოლო კვების პროგრამა ამოქმედდება – ასეთია ის ოპტიმისტური განწყობა, რომელიც მოსწავლეთა უფასო კვების იდეის გაჟღერებიდან ორი წლისთავზე, ამ იდეის ავტორებს აქვთ.
საუბარი სასკოლო კვების შესახებ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდმა, რომელთან თანამშრომლობითაც აღნიშნული პროგრამა უნდა განხორციელდეს, ჯერ მთავრობის მეთაურთან, შემდეგ კი, განათლების მინისტრთან შეხვედრები გამართა.
UNICEF – ის წარმომადგენლის, ღასან ხალილის მიერ 17 ნოემბერს მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ პროგრამის დასანერგად, მზაობაა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან. გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჩართულობით კი, განათლების სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები განაგრძობენ მუშაობას და მთავრობას, კვების მოდელის დასრულებულ, ოპტიმალურ ვარიანტს წარუდგენენ.
EDU.ARIS.GE შეეცადა მიმდინარე სამუშაოების შესახებ მეტი დეტალი შეეტყო პროცესში მონაწილე მხარის – UNICEF-სგან, რომლის ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტი თაკო უგულავა გვეუბნება, რომ შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც დაახლოებით, სამი კვირის ვადაში, უკვე შექმნილი სადისკუსიო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე, შეიმუშავებს მთავრობის მეთაურისთვის წარსადგენ მოდელს და შემდეგ აღნიშნული მოდელის განხილვა, საბოლოო კონცეფციის ჩამოყალიბება და პროგრამის დასანერგად კონკრეტული ღონისძიებები დაიწყება.
„დღეს არის ის საწყისი წერტილი, როდესაც ჩვენ ამ თემაზე უფრო ფორმალიზებულ რეჟიმში ვიწყებთ მუშაობას. თუ აქამდე ეს იყო ცალ-ცალკე სამუშაო ჯგუფები – ტექნიკური ჯგუფები, ნუტრიციონისტები, განათლების სისტემის წარმომადგენლები, ჯანდაცვა – ახლა, ყველამ ერთად, ერთ სამუშაო ჯგუფში მოიყარა თავი… სამუშაო ჯგუფი, ჩავთვალოთ, რომ მინისტრთა კაბინეტია იმიტომ, რომ მასში შედის ყველა სამინისტრო, თუმცა რომელიღაც სამინისტროები, თავისი მანდატიდან გამომდინარე, უფრო წინა პლანზე არიან… პირველი შეხვედრა გაიმართა.
“აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, დავალება მიიღო სამუშაო ჯგუფის საკოორდინაციო კომიტეტმა, რომ ეს თემა ასულიყო პრემიერ-მინისტრის დონეზე. შესრულდა ეს დავალება და ადვოკატირება მოხდა უკვე პრემიერ-მინისტრის დონეზე. მასთან ეს თემა, რა თქმა უნდა, გაჟღერებული იყო, მაგრამ ის, რომ ჯგუფი უკვე მზად არის, კონკრეტული პროდუქტი აჩვენოს, არ იყო ნათქვამი. პრემიერ-მინისტრმა უკვე პირდაპირ დაიწყო კომუნიკაცია განათლების მინისტრთან და ითხოვა, რომ მიგვეწოდებინა კონკრეტული მოდელი. საორიენტაციო ვადად მოცემული გვაქვს სამი კვირა, რომ პირველი მონახაზი – პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც სადისკუსიოა, დაიხვეწოს და მასში გამოჩნდეს არა საერთაშორისო პრაქტიკა და იუნისეფის შეთავაზება, არამედ ის, თუ რას იღებს ამ ყველაფრიდან ქართული მხარე. გაფილტრული მოდელი უნდა მიაწოდოს სამუშაო ჯგუფმა პრემიერს“, – ამბობს უგულავა.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რა ვადებში შეიძლება მოხდეს სრული სამუშაოების შესრულება და როდიდან შეძლებენ მოსწავლეები სკოლაში უფასოდ კვებას, თუმცა, დარწმუნებულია, რომ პროცესი უკან აღარ დაბრუნდება და პროგრამა განხორციელდება.
„ძალიან დიდი წინსვლა არის იმიტომ, რომ სულ ეჭვი ჩნდებოდა – რამდენად რეალური იყო – ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ყველას გაუჩნდეს განცდა, რომ პროცესი უკან არ დაბრუნდება და რომ სასკოლო კვების პროგრამა იქნება. აქ შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი ვარიაცია, შეიძლება იყოს ეტაპობრივი მიდგომა – ამაზე პასუხი ჯერ არ არის, მაგრამ სასკოლო კვების პროგრამა საქართველოში დაიწყება. ვადასაც ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ნამდვილად დაიწყება“, – დასძენს უგულავა.
ვიდრე საქართველოში სასკოლო კვების სისტემა ჩამოყალიბდება და ამოქმედდება – პროგრამის დაწყების დაანონსებამ მოლოდინები გააჩინა. როგორი განწყობით ელიან სკოლებში უფასო კვების შემოტანას? – აღნიშნულ შეკითხვაზე EDU.ARIS.GE–მ საქართველოს მასშტაბით, გეოგრაფიულად საკმაოდ დაშორებულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების მშობლების მოსაზრებები მოისმინა.
ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობელი ბაქარ ფუტკარაძე ფიქრობს, რომ პროგრამის დანერგვა კორუფციის რისკს გააჩენს და გარდა ამისა, პროდუქტის ხარისხს კონტროლის პრობლემაც ექნება.
„არ მომწონს უფასო კვება საჯარო სკოლებში. ჩემი აზრით, საჯარო სკოლაც არ უნდა არსებობდეს. ყველაფრის პრივატიზაცია უნდა მოხდეს, რის შემდეგაც, იქნება ყველა ტიპის სკოლა შესაბამისი ფასით. საჯარო სკოლას ვაფინანსებ მე – გადასახადების გადამხდელი. და მე, როგორც გადასახადების გადამხდელს, არ მინდა, რომ სკოლები იყოს საჯარო. პროგრამის დანერგვა აჩენს კორუფციის რისკს და გარდა ამისა, პროდუქტის ხარისხის კონტროლის პრობლემაც იქნება. როცა ხარჯავ იმ ფულს, რომელიც შენ არ გამოგიმუშავებია, ყოველთვის არსებობს რისკი ამ ფულის ცუდად დახარჯვის. როგორ ისწავლიან კერძო სკოლებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვები? სკოლების კერძო მფლობელობაში გადასვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ბევრი სხვა ნაბიჯიც არის გადასადგმელი. გადასახადებს რომ არ წაგართმევ და ჯობეში დაგიტოვებ, შემდეგ თუ გსურს გაერთე ამ ფულით და თუ გსურს ბავშვი ატარე სკოლაში”, – უთხრა ბაქარ ფუტკარაძემ EDU.ARIS.GE-ს.
ქეთევან მაღრაძე კი, რომლის შვილებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლაში სწავლობენ, მოსწავლეთა კვებითი უზრუნველყოფის იდეას იწონებს და ამბობს, რომ პროგრამა ხელს ბავშვებისა და მათი ოჯახების სოციალურ დაცვას შეუწყობს.
„სკოლაში უფასო კვების შემოტანა კარგი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჰიგიენა და საკვები პროდუქტები იქნება გაკონტროლებული და ბავშვების ჯანმრთელობა დაცული. პროგრამა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ყველა ბავშვს და მშობელს არ აქვს საშუალება ყოველდღიურად შეიძინოს ან გაატანოს საკვები. და თუკი, უფასო კვება შემოვა სკოლაში, ყველა ბავშვი კვების მხრივ თანასწორი იქნება”, – აცხადებს ქეთევან მაღრაძე.
თბილისის 180-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობელი ლანა გრძელიძე EDU.ARIS.GE-ს ეუბნება, რომ სასკოლო კვების პროგრამის საქართველოს სკოლებში დანერგვა, მოსწავლეთა ეკონომიკური უთანასწორობის დაბალანსების კუთხით, ეფექტური ნაბიჯი იქნება.
„პანდემიის პირობებში, ერთადერთი რაზეც ვფიქრობ არის ის, რომ დასწრებითი ფორმით იყოს სწავლა-სწავლება და შემდეგ ვიზრუნოთ კვებასა და თუ სხვა საკითხებზე. იმდენად პრობლემური გახდა სკოლაში გაკვეთილის ჩატარება, რომ მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ისე კი, ზოგადად, მივესალმები მსგავსი პროგრამის დანერგვას. არ მინდა, ჩემი შვილი სხვას უყურებდეს ხელებში ან პირიქით. გარდა ამისა, ძალიან მომწონს სასკოლო ფორმები და ჩემი აზრით, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ეკონომიკური განსხვავება ვერ იგრძნონ, კარგი იქნება, თუ კვების საკითხის მოწესრიგებასთან ერთად, ყველას ერთნაირი სასკოლო ფორმა ეცმევა, ამით თავიდან ავიცილებთ ბულინგს”, – ამბობს ლანა გრძელიძე.
მარიამ როკაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტიდან, კვების საკითხს განათლების სფეროს ნომერ პირველ პრობლემად არ მიიჩნევს, თუმცა, ფიქრობს, რომ თუკი, სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება, სასკოლო კვების საკითხის მოწესრიგებაც არ იქნება ურიგო. როკაშვილი, რომლის შვილიც სოფელ ნაქალაქრის საჯარო სკოლის მოსწავლეა, გვეუბნება, რომ პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, სკოლების უსაფრთხო პროდუქტით მომარაგება მოხდეს.
„სკოლაში უფასო კვების შემოტანა მშვენიერი ინიციატივაა, თუმცა საკითხავია, რამდენად სანდო და უსაფრთხო იქნება ბავშვებისთვის პროდუქტი, რომლითაც სკოლები მომარაგდება. ჩემი შვილი დადის სოფლის სკოლაში, სადაც არც ბუფეტია, არც მაღაზია. მას საჭმელს სახლიდან ვატანთ და აქედან გამომდინარე, ხარჯს ნაკლებად ვგრძნობთ. მირჩევნია, ჩემი გამომცხვარი ხაჭაპური გავატანო, ვიდრე იქ რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის საკვები ჭამოს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ პრობლემების იდენტიფიცირება უნდა შევძლოთ და ვიცოდეთ, რომ ნომერ პირველი პრობლემა სწავლების ხარისხია და მთელი რესურსი მის გასაუმჯობესებლად უნდა იყოს მიმართული”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მარიამ როკაშვილმა.
ვიდრე საქართველოში სასკოლო კვების სისტემა ჩამოყალიბდება და ამოქმედდება – ბავშვთა კვების გლობალური ფონდი (GCNF) აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, კვლევაში მონაწილე 103 ქვეყნიდან 85 ქვეყანა, მოსწავლეთა კვების უზრუნველსაყოფად, სკოლებში ერთ ან რამდენიმე მასშტაბურ პროგრამას ახორციელებს. საქართველოში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის 189 690 ბავშვი ცხოვრობს. კვების დეფიციტი კი, ყველა ფორმით ყველაზე მძიმე ტვირთად აწვება იმ ბავშვებს, ვინც უღარიბეს და მარგინალიზებულ თემებში ცხოვრობენ(UNICEF, 2019).
და კვლავ, ვიდრე საქართველოში სასკოლო კვების სისტემა ჩამოყალიბდება და ამოქმედდება – ქვეყანაში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე(NAEC, 2019).
ასევე იხილეთ:
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება